”ცოლი მთელი დღე იწვა, ქმარი თავს ევლებოდა, მე - ბავშვს ვზრდიდი...” - ძიძის გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება
”ცოლი მთელი დღე იწვა, ქმარი თავს ევლებოდა, მე - ბავშვს ვზრდიდი...” - ძიძის გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება
როგორც უკვე იცით, ცოტა ხნის წინ ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის, რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც
მთავარია, ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით... დღეს ამ ქალბატონს უკვე ძიძის ამპლუაში გავიცნობთ:

გაგრძელება. იხილეთ მესამე ნაწილი. (იხილეთ დასაწყისი)
როგორც უკვე გითხარით, საბავშვო ბაღთან ერთწლიანი ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული და სამსახურიდან უფრო ადრე ვერ წამოვიდოდი. ისე ველოდი ამ ერთი წლის გასვლას, როგორც სასჯელაღსრულების კოლონიაში ელიან თავისუფლებას. პარალელურ რეჟიმში ვცდილობდი, ახალი სამსახური მომეძებნა, რაც, მოგეხსენებათ, ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. გითხრათ სიმართლე, არც ვიცოდი რას ვეძებდი, მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით - სამსახური უნდა მეშოვა. სწორედ ამ დროს ახლობელმა შემთხვევით მითხრა, უცხოელების ოჯახია საქართველოში ჩამოსული, ცოლ-ქმარი 6 წლის ბავშვით და პატარას ელოდებიანო. ძიძას ეძებენო, ინგლისური რომ იცოდეს,
ისეთსო, რადან ქართული საერთოდ არ იციანო, კარგად იხდიან და ხომ არავინ იციო?

იმ წუთას საკუთარ თავზე ნამდვილად არ მიფიქრია. ჯერ ერთი, რომ ძიძობაზე არ ვფიქრობდი და მეორე - ინგლისური კი ვიცი ძალიან საშუალო დონეზე, მაგრამ არა ისე, რომ ამ ენის კარგად ცოდნა დავიბრალო.
ისე მოხდა, რომ თვითონ ამ ახლობელმა იფიქრა ჩემს ნაცვლად და არ მომეშვა, კარგად გადაგიხდიან და იქნებ გეცადა, შეხვედრას და დალაპარაკებას წინ რა უდგასო. მეც, რატომღაც, დავეთანხმე. თან იმანაც გამაბედინა, რომ მითხრა, აზიელების ოჯახია და ინგლისური არც მათთვის არის მშობლიური ენა, ასე რომ, ყველაფერს კარგად გაიგებო...

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი შეხვედრაც შედგა. უნდა გითხრათ, თავიდან ამ განმარტება "აზიელებმა" ცოტა შემაშინა, ვიფიქრე, რომ საერთოდ ვერ გავუგებდი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისე თბილად შემხვდა ცოლ-ქმარი, განსაკუთრებით - ცოლი, რომ მეგონა, დიდი ხანია ვიცნობდი. კომუნიკაციაც, ჩემდა გასაკვირად, დამყარდა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არც ერთ მხარეს არ დარჩენია და გოგომ ბედნიერი სახით გამომიცხადა, მინდა ჩენი შვილის ძიძა იყო, ძალიან მომეწონე და სამ თვეში, როდესაც ბავშვი დაიბადება, ჩემ გვერდით იყავიო. თან წინასწარ პირობა ჩამომართვა, რომ 2 წელიწადი მათთან ვიქნებოდი და სანამ საქართველოში ყოფნის კონტრაქტი არ ამოეწურებოდათ, არ მივატოვებდი.
ქმარმა ხაზგასმით დამიკონკრეტა, რომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ ახალშობილის მოვლა იქნებოდა, სხვა არაფერი შემეხებოდა.
ერთი სიტყვით, შეთანმხმება შედგა.

გავიდა სამი თვეც და ბავშვიც დაიბადა, მშვენიერი ბიჭი. როდესაც ეს პატარა არსება დავინახე, შეიძლება არ დამიჯეროთ, იმ დღესვე შემიყვარდა - ძალიან საყვარელი, ფუმფულა შავი ბიჭი. ეს ბავშვი დღითი დღე მიყვარდება და ვერ წარმომიდგენია, სამშობლოში რომ დაბრუნდება, როგორ გავძლებ მის გარეშე...

ვფიქრობ, საინტერესო იქნება მოგიყვეთ ჩემი პირველი დღე ამ ოჯახში. შევედი თუ არა სახლში, მივხვდი, რომ ფეხს ადვილად ვერსად დავადგამდი, რადგან თუკი რამე ჰქონდათ - სათამაშო, საჭმელი, ნაგავი თუ ჩასაცმელი, ყველაფერი იატაკზე ეყარა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ოჯახი არის საკმაოზე მეტად შეძლებული, საკმაოზე მეტად განათლებული და ყველანაირად უზრუნველყოფილი. ცხოვრობენ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში...

ახალნამშობიარები ქალი საძინებელში იწვა ბავშვთან ერთად, დაბნეული და აღელვებული ქმარი კი ისე მელოდა, თავი ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი. ჩქარაო, მითხრა და სასწრაფო წესით საძინებელში შემიყვანა. ცოლს რაღაც უთხრა თავიანთ მშობლიურ ენაზე და აბა, ბავშვი აიყვანეო - მე მომმართა. ავიყვანე. შევატყვე, რომ აყვანის პროცესმა აშკარად დააკმაყოფილა ორივე. ცოლს ისევ რაღაც გადაულაპარაკა და ახლა ბოთლი მომაჩეჩა ხელში -აბა, ახლა აჭამე, როგორ აჭმევო.
ხელებს დავიბან-მეთქი, - დაბნეულმა ვუპასუხე და მივხვდი, რომ ეს ფრაზაც ძალიან ესიამოვნა, - რა თქმა უნდაო.
დავიბანე ხელები, ვაჭამე ბავშვს და დავაძინე კიდეც. წყვილი აშკარად კმაყოფილი ჩანდა.
- ახლა ჩემმა ცოლმა უნდა დაიძინოს და გავიდეთო, - მითხრა.

უნდა გენახათ, როგორ იწვა ცოლი. როდესაც დავინახე, გითხრათ სიმართლე, თან გამეცინა, თან ქართველი ქალები შემეცოდნენ. გოგონა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ ინძრეოდა, ქმარი კი ყირაზე იდგა, რას არ აკეთებდა, დარბოდა წინ და უკან... მივხვდი, რომ უნდა მივხმარებოდი.

დავიწყე ნელ-ნელა იატაკიდან ზედმეტი ნივთების ალაგება, ჭურჭელიც დავურეცხე, იატაკიც გამოვწმინდე. ამასობაში ბავშვმა გაიღვიძა, კიდევ ვაჭამე, დავაძინე... ახლა უფროსს შიოდა, მამამ კი ასადილა, მაგრამ ჩემი დალაგებული სამზარეული კვლავ ყირაზე იდგა. ისიც თავიდან დავალაგე და შევატყვე, რომ კაცი გაოცებით შემომყურებდა. დაჯექი, გეხვეწები, დაისვენეო. ჩამოვჯექი.
გამომკითხა ჩემი ოჯახის ამბები. რომ გაიგო, ორი შვილი მყავდა, გაუკვირდა, როგორ ზრდი დამხმარეს გარეშე, თან მუშაობო? მერე დაინტერესდა, სახლს ვინ მილაგებდა და საჭმელს ვინ მიკეთებდა? რომ ვუთხარი, თავად ვაკეთებ-მეთქი, კი მაგრამ, როდისო?
დილით ადრე-მეთქი, და - რომელ საათზე დგებიო?
5 ან 6-ზე-მეთქი...
- და რომელ საათზე იძინებო?
- 12-1-ზე-მეთქი... - და შევატყვე, რომ სახე შეეცვალა.

ძალიან დიდი თანაგრძნობა ვიგრძენი, თან გაოცება და მეუბნება, ბავშვი რომ დაიძინებს, შეგიძლია შენც დაიძინოო... გამეცინა, როგორ გეკადრებათ-მეთქი. არ გშიაო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ისაუზმეო და არა-მეთქი... და - წყალს სვამო? კი-მეთქი... და - კიდევ კარგი, თორემ ვიფიქრე, უცხოპლანეტელი შემხვდაო.

ავუხსენი, რომ საქართველოში ქალების უმრავლესობა ამ გრაფიკით ცხოვრობს და არც ახალნამშობიარები კოტრიალობს ერთი თვე ლოგინში... მე მგონი, არ დამიჯერა.

გეხვეწები, მითხარი, ასე კარგ ხასიათზე და ასე ენერგიული როგორ ხარო? - ეს დააყოლა მხოლოდ...

ამასობაში "ახალნამშობიარები" ცოლი ზედმიწევნით იცავდა ექიმის დანიშნულებას და საერთოდ არ დგებოდა საწოლიდან. მხოლოდ ძუძუს თუ აჭმევდა ბავშვს დღეში ერთხელ ან ორჯერ, მკერდთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ექთანი მოდიოდა, რომელიც მკერდის მასაჟებს უკეთებდა
უნდა გენახათ ეს ექთანიც, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც საერთოდ ვერ საუბრობდა ინგლისურად. შემოვიდოდა ენერგიულად, ჰელოუო, ერთი კი დაიძახებდა, რა ჯიშის ხართ, ვინ ხართ, დაწექი ერთი დაგამასაჟოო... გოგო მადლიერებით შეყურებდა, მადლობას უხდიდა. ექთანი კი მომღიმარი სახით უკეთებდა მასაჟს და თან მე მელაპარაკებოდა:
- რომ იცოდე, რა ჩაატარა მშობიარობის დროს, გაგიჟდებოდი. ქმარი რომ არ ჰყოლოდა, ალბათ ვერც იმშობიარებდა, მე მგონი საერთოდ ეპილეფსია სჭირსო... 
ამას მე მიყვება, თან მასაჟს უკეთებს და თან იმ გოგოს თავაზიანად უღიმის.

- ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ ამ ანგელოზივით ქალს ამათთან რა გინდაო.
გამეცინა, რატომ-მეთქი და - მენანებიო...
თვითონ ძალიან მაგარი ქალი იყო, მრავალშვილიანი...

როგორც მიხვდით, ამ ოჯახს კომუნიკაციის პრობლემა ხშირად ექმნებოდა და დამხმარედ ყოველთვის მე მიხმობდნენ.
ერთხელ ახალნამშობიარებს ორი ცოცხალი ქათამი აჩუქეს. მივედი და აივანზე დამხვდნენ ეს ქათმები დაბმულები. გოგო საწოლიდან მიყვირის, მიშველე, სად შეიძლება, რომ დავაკვლევინოთო. ერთი საათი ვუხსნიდი, რომ დიღომში იყო სპეციალური ცხოველების ბაზარი, სადაც მიიყვანდა ამ ქათმებს, დაუკლავდნენ და გაუსუფთავებდნენ. ახლა დიღომი უნდა ამეხსნა სად იყო.
კიდევ კარგი, ნავიგაცია აქვთ და იმან გვიხსნა... ქმარმა - წავალ, ვიპოვი, იქიდან დაგირეკავ და ძალიან გთხოვ, იმათ ქართულად უთხარი, რა მინდაო.
მართლაც, ერთ საათში რეკავს ტელეფონი, ვიღებ ყურმილს და აბა, მიდი, აუხსენიო. იქიდან მესმის ასაკოვანი ქალბატონის ხმა:
- გამარჯობა, გენაცვალე, ამიხსენი ერთი, რა უნდა ამ გადამთიელს, ვერაფერი გავიგე, უნდა მამყიდოს ეს ქათმები თუ უნდა დავუკლაო?
ავუხსენი, რომ დაკვლა და კარგად გასუფთავება უნდოდა, ასევე დაჭრა. - უი, მეხი კი დავაყარე, დაჭრაც არ იცისო? ჩაილაპარაკა ქალმა, - გაიხარე, შვილო, რომ გამაგებინე რა უნდა, თორემ წამიღო ყურებიო, და დამემშვიდობა.

ჩემი უცხოელი კი სახლში აღფრთოვანებული დაბრუნდა - რა მაგარი ბაზარი იყო, იმდენი ცხოველი ვნახე, გოჭებიც კი ჰყავდათო. თევზებიც იყიდა და მოკლედ, ძალიან კამყოფილი დაბრუნდა სახლში და თან უხაროდა, ორი ქათამი 10 ლარად გამისუფთავესო.

ამის მერე ასე მირეკავდა და დღესაც მირეკავს აფთიაქიდან, სუპერმარკეტიდან და მალაპარაკებს კონსულტანტებს, მიგდებს ფოტოებს, რომ დავრწმუნდე, სწორად ყიდულობს თუ არა ამა თუ იმ ნივთს. მაგალითად, მწვანე ხახვი ვერაფრით რომ დაიმახსვრა, ჩემი ნათქვამი ჩაიწერა ტელეფონში და როდესაც მიდის საყიდლად, ჩართავს და ასმენინებს, რა უნდა. რა კარგია, რამდენი პრობლემა მოვაგვარე, თორემ იმდენ არასაჭირო ნივთს ვყიდულობდიო. ასევე ეშველა პიცის შეკვეთის დროს, უფრო მალე მოაქვთ, რადგან ზუსტ მისამართს ვაწერინებ და კარგად ვუხსნი, სად უნდა მოიტანონ და რა ზომის...
გაგრძელება
41754
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?