მერე რა, თუ იავნანაში ცრემლსაც აქსოვს და ეს ხმა ტირილს უფრო ჰგავს... თუ ეშინია - რწმენა არ წაართვან, რჯული არ შეულახონ! "ჩემი იავნანა"
უკვე სახლში ვარ, მამისეულ კერაზე. როგორც კი გული ვიჯერე ახლობლების მოკითხვა-მოფერებით, ჩვეულებისამებრ, პაპაჩემის ძველ, ბოქლომდადებულ სახლს მივადექი. ერთხანს დარდიანმა ვუტრიალე ჩამორღვეულ კედლებს, ჭინჭარმოდებულ ღობეს, ჩამომხმარ პაპისეულ მსხალს გადავუსვი ხელები-ჩავიხუტე და გავირინდე... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი ასე, წარსულ-აწმყოს ზღვარზე... უცებ მომესმა: "დაჲ ქენ, შვილო, დაჲ... დუშმან ბევრ გოქ, დაჲ...’’ - - ეს ხომ ჰერული იავნანაა... მთელ სხეულში გამიჩერდა სისხლი, უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, წინაპარი მეძახდა წარსულში... ავძვერი სხვენზე და ფიცრის ჭრილიდან ჩავხედე კერას... სიცარიელემ, სიცივემ, მარტოობამ, მიტოვებამ და სინანულმა ამომხედა ჩამქრალი ბუხრიდან. ისევ მომესმა: "დაჲ-დაჲ, შვილო, დაჲ, კოხტა ჟანი დაჲ“... თვალები დავხუჭე და მოვწყდი აწმყოს:
იღიმის, მეტი რა გზაა, წყალზე იყო წასული, კალოს სალეწად მყოფ ოჯახის კაცებს სადილი უნდა დაახვედროს, არადა, მთელი ღამე ლამფის ციმციმზე წინდას ქსოვდა, პატარა წინდას, მალე მეხუთე შვილი ეყოლება და ფეხები ხომ უნდა გაუთბოს. ბევრი საქმე აქვს, დარდიც ბევრი, დიდი სევდა აწევს გულზე, მტერი აქვეა, მთებში ჩასაფრებული, შეიძლება დღეს ღამითაც ააწიკონ და გააუბედურონ სოფელი... ხვალაც, ზეგაც... მაგრამ ღვთის და თავისი რწმენის იმედადაა, თავისი ვაჟკაცი ქმრის და ათასი გმირის იმედად. იქნებ... იქნებ ახლა აკვანში იმ პატარა ინგილო გოგოს სძინავს, რომელმაც მერე ქლიავი უნდა დააყაროს ბრძოლაგამარჯვებულ ერეკლე მეფეს სპარსულ ქუდზე, ყოველი დღე ფიქრია, ყოველი დღე დარდი, მაგრამ მღერის... დიდი ბებია უმღეროდა ამ იავნანას, ჟამმა და დრომ ვერ დაამუნჯა, ვერ დაავიწყა. აქ არც ერთ ოჯახში არ ჩამქრალა ქართული კერა და არც ერთ დედას არ დაურწევია აკვანი იავნანის გარეშე. მერე რა, თუ მთებში მტერია, თუ ოჯახის კაცები თავით - ფეხებამდე შეიარაღებულნი დადიან!.. მერე რა, თუ ლამფის ციმციმზე მიმქრალ ბუხართან ხელგათოშილი წინდას ქსოვს... მერე რა, თუ იავნანაში ცრემლსაც აქსოვს და ეს ხმა ტირილს უფრო ჰგავს... თუ ეშინია - რწმენა არ წაართვან, რჯული არ შეულახონ! - ის ზის აკვანთან, ხუთ შვილს უზრდის საქართველოს და კიდევ ხუთსაც გაუზრდის -გაზრდის თამარს, დემეტრეს, დავითს, თევდორეს, ნინოს... ზის კერიასთან დედა, ზის ისევ ისეთი იმედიანი, ზის და უმღერის აკვანს იავნანას - ჩემს გასაგონად, ჩვენს გასაგონად, ჩემი შვილების, შვილთაშვილების გასაგონად....
ვახელ თვალებს, ბინდი შემოჰპარვიათ კაკის მთებს, ღამდება... ვდგები ფეხზე, ვიმართები წელში და ეზოში ჩავდივარ... ვუყურებ პაპის ხელით დარგულ მსხალს და თითქოს აღარ მტკივა მისი ჩამომხმარი ტოტები, ვიმუხლები მის ფესვებთან და მთელი გულით, მთელი სხეულით ვიღიმები - ორი პაწაწინა ნერგი ამოუყრია წარსულიდან აწმყოში. ფრთხილად ვეხები ნორჩ ყლორტებს და ვგრძნობ სითბოს, ვგრძნობ წინაპრის გულის ფეთქვას - ფესვებთან ერთად - ნერგებად ქცეულს. შორიდან კი ისევ მესმის: "დაჲ ქენ, შვილო, დაჲ, ბება მაგიკდეს, დაჲ, დუშმან ბევრ გოქ, დაჲ, ჟანი ჭირიმე, დაჲ..." და მეც ღიღინით ვიმახსოვრებ დიდი ბებიის ნამღერ დარდიან, მაგრამ იმედიან იავნანას...
შორენა თამაზაშვილი
(ფოტო თამაზ ფოლადაშვილის საოჯახო ალბომიდან - ფოტოზეა ეკატერინე (ნაბათი) ხუციშვილი)