რძალ-დედამთილის, მულის და უსიყვარულოდ მოყვანილი ცოლის ტრაგედია - ამბის დასასრული
Prev
2 / 2

***

ერთ ყმაწვილ კაცს, ჯერანის ახლო მეზობელს, ძლიერ მოსწონდა მელანია. „რაცხა იმფერი ეშხიანია, იმისთანაი საყვარელი ენა აქ, რომ მისი გულიზა დადნებიო”, - ფიქრობდა მელანიას შესახებ ეს ყმაწვილი და თან ძლიერ ემდურებოდა ბედს, რომ მელანია მას არ შეახვედრა ცოლად. ერთ საღამოს მელანია ძროხების მოსადენათ წავიდა. მაისის იაკამა დარი იდგა: მწვანე ბუჩქებით და ტყეებით დამოსილ ბუნებას გულის დამატკბობელი შეხედულება ედვა. მელანიას უყვარდა ბუნების ამნაირი მდუმარება. მის დაღონებულ გულს რაღაც ერთგვარი სიტკბოება ედებოდა, როცა უმზერდა საღამოს ლურჯი ცის ქვეშ დადუმებულ მწვანე ქედებს, ბუჩქებს და პატარ-პატარა მინდვრებს, აქა-იქ ყანებით აჭრელებულს. ის მიდიოდა ნელი ნაბიჯით და თან ესიყვარულებოდა ბუნებას. გაიარა ვიწრო, მწვანე მინდორი; გავიდა პატარა მდინარეზე, რომელიც, თითქო რაღაცას ლაპარაკობსო, ისე ჩუმი, საიდუმლო დუდუნით გარბოდა წვრილი, შავი ქვით მოფენილ კალაპოტში. აუარა გვერდი ყანას, რომელშიაც ლურჯ-მუქის ფერ ზღვასავით გადაშლილიყო ახალამოსული სიმინდი; უკანასკნელ, მელანია შევიდა ერთ ბუჩქნარში, რომელშიაც მიდიოდა ძლივს შესამჩნევი ბილიკი. როცა მიაწია იმ ადგილს, სადაც ბილიკი ორად იყოფოდა, მელანიას შემოესმა ფოთლების შრიალი. „სუ, ძროხა თუა!” - იფიქრა ქალმა, შეჩერდა და გაიხედა იქით, საიდანაც შრიალი მოესმა. მაგრამ ძროხის მაგიერ ბილიკზე გამოვიდა ლევან (ის ყმაწვილი, რომელსაც მელანია მოსწონდა) და მორცხვად უთხრა მელანიას:

- საღამო მშვიდობის.

ხშირ სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ ყმაწვილი კაცის გული ძლიერ მღელვარებდა. მელანიას თუმცაღა ცოტა გაუკვირდა, „რას უცდიდა აი კაცი აქანაიო”, მაგრამ მღელვარება კი არ შეუმჩნევია.

- ჩემი ძროხები ნახე ეგება? - ჰკითხა მან ყმაწვილ კაცს და როცა პასუხად მიიღო: „ეგერაა ყველაყაი, გადაღმაო”, აპირებდა წასვლას, მაგრამ ლევანმა გადაუღობა გზა და ხმის კანკალით უთხრა:

- შენთან სიტყვა მაქ.

- რა სიტყვა? - ჰკითხა გაკვირვებულმა მელანიამ.

- იგი სიტყვა, რომ დევიწვი კაცი, შენმა მზერამ დამწვა! - მღელვარებით უთხრა ლევანმა და სახეზე ალმური მოედვა.

მელანიასათვის ეს სიტყვები სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც კი სწრაფად უპასუხა ლევანს:

- ლევან, თუ კაცის ნამუსი გაქ, დამეთხუე! ყოლიფერში უბედური რომ გამუა ადამიანი, მე ვარ! ჩემ სიცოცხლეში იმისთანაობა გულში არ გამივლია და შენ მაინც გიფიქრია, ვითამც მე იმნაირი ქალი ვიყო!

- ვერ დაგეთხოვი! ვიცი, მიუკარებელი ხარ, მარა მაინც ვერ დაგეთხოვი!

- აბა, რას აპირობ, ძალას? აბა, ჰა, გაბედე თუ კაი ბიჭი ხარ! - მუქარით უთხრა მელანიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ლევამა მოჰკიდა ხელი და უთხრა:

- ვერ გაგიშობ, ჩემი გულის ამბავი თუ არ შეგატყობიე, ისე ვერ გაგიშობ!

- იცოდე ლევან, თავს შემოგაკლავ და საიმგვაროთ არ დაგნებდები! - თავგანწირულებით მიუგო მელანიამ.

- იმას არა, ისთე, ტყუილაი, თითო პირს შენთან ყოფნის ნებას მომცემ?

- არა, ლევან, გაფიცებ, ხელი ეიღო ჩემგან!..

- თითო პირი ტყულაი, ესე ერთათ ყოფნა და ლაპარაკი?

- ღმერთო! მოდი ჩვენსას და იყავი ვინ გიშლის?

- თქვენსას ვერა, თქვენსას რომ მუალ, შემოხედვასაც ვერ ვბედავ, სადმე სხვაგან.

- მერე რაი, რა გვაქ სალაპარაკო?

- მე მაქ, - თუ ვინმე გიყვარს, სულ იმასთან იყო და ილაპარაკო გინდა კაცს. შენ მიყვარხარ, ტყვია მომხთეს ამ გულში, თუ ჯერ ესე მყვარებოდეს ვინმე, რავაც შენ!

- რეიზა, ლევან, სხვას ყველას ვძულვარ და შენ რა ჩემმა უბედურობამ შეგაყვარა ჩემი თავი? ან რათ გინდა ჩემი სიყვარული?!

- რა ვიცი, კი გაჩდა ამ გულში და, რა ვიცი! შენ გულს... შენ გულს არაფერი შეუტყვია? - ამ კითხვის დროს, ცოტა დააკლდა, კინაღამ ცრემლები არ გადმოსცვივდა ლევანს თვალებიდან.

მელანიამ შეხედა და მოაგონდა ნიკო მოახლიშვილი. ნიკომ იცოდა ასე მგრძნობიარედ შემოხედვა, როგორც ახლა უმზერდა მას ლევან. ამ მოგონებამ ცოტაოდნად მოალბო მელანიას გული.

- ჩემი გული რას შეიტყობდა? მე მიმაჩნიხარ ესე, რავაც ერთი კაი მეზობელი.

- მეტი არაფერი? რა ცრუობა ყოფილა, რომ იტყვიან, გული გულს იცნობსო. ახლა მითხარი, მაძლევ თუ არა ნებას თქვენსას არა, სამე სხვაგან, ჩემს მეტი რომ არ იყოს ესე?

- ლევან, ტყულაი ერთათ ყოფნით და ლაპარაკით შენ არაფერი გაგიკეთდება და რომ შეგვიტყონ, ჩვენ არჩივ ქვეყანას ქე დააქცევენ. ხომ იცი, ჩვენი ოჯახის ამბავი!

- ვერ შეგვიტყობენ, ვერა! ნუ მომკლავ! მითხარი, კი-თქვა.

- ღმერთო! ლევან, არ ჯობს, დამიჯერე!..

- სამშაბათს აქანაი დაგხთები.

- ნუ, ლევან, თვარა ბოლოს შენც გეწყინება რეიზა ვქენი აგიო!..

- სამშაბათს ამ დროზე, მაძლევ თუ არა სიტყვას?

- არ ვიცი, ეგება ქე მევიდე, ნამდვილს ვერ გეტყვი.

- კაი, თუ გული გიზამს, მომატყუე. ჩემდა თავათ სამშაბათს აქანაი გიცთი, იცოდე.

ამ სიტვებით დაშორდენ იმ დღეს ლევან და მელანია ერთმანეთს! „ნამდვილათ მუალ-მეთქინ ხომ არ მითქვამს. არც მივალ”, - ფიქრობდა პირველად მელანია და უნდოდა დავიწყებოდა ის შემთხვევა, ლევანის იმდღეინდელი შეხვედრა. მაგრამ არ იქნა, არ ავიწყდებოდა. წინააღმდეგ, ატყობდა, რომ, იმ დღიდან მოწყებული, მის გულში რაღაც ცვლილება მოხდა: რაღაც აშინებდა, თან რაღაც უხაროდა. ერთ ღამეს დაესიზმრა, რომ ლევან და ის ეხვეოდენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ ნახა სიზმრად - თითქო ლევან იგივე ნიკო მოახლიშვილი იყო და ისე უყვარდა, რომ ისეთ მძლავრ სიყვარულს ენით ვერც კი გამოხატავს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში მელანიამ გადასწყვიტა არ მისულიყო ლევანთან პაემანზე. მაგრამ მოაწია თუ არა პაემანის დღემ, მელანიამ შესცვალა თავისი გადაწყვეტილება: ის ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე წავიდა ძროხების მოსადენად, რომ ლევანს შეხვედროდა დანიშნულ ადგილას. როცა ლევანმა უთხრა მას: „აბა მოვეფაროთ იქით და პაწა ხანს ვილაპარაკოთო”, მელანია თანახმა გაუხდა, მხოლოდ ეს კია, რომ ჯიბიდან ამოიღო პატარა ყვითელტარიანი დანა, აჩვენა ლევანს და უთხრა:

- აა, ხედავ ამას? იმისთანობა რომ რამე იფიქრო და ძალით მომერიო, შენ თუ ვერა, ჩემ თავს შენ თვალწინ დევიკლავ.

- იმ დღესაც გითხარი მიყვარხარ და შეყვარებულთან ძალადობას, აბა, რავა იზამს კაცი! მხეცი ხომ არ ვარ! - უპასუხა ლევანმა გულწრფელად.

კარგა ერთ საათს ისხდენ მელანია და ლევან ერთად. ლევან უამბობდა, თუ პირველი გაცნობისთანავე როგორ „სხვაფერათ შეექნა გული მასზე”, თუ როგორ ესიზმრა ერთ ღამეს, ვითომ მელანია მისი ცოლი იყო და სხვა ამგვარებს. მელანია გაჩუმებული უგდებდა ყურს და მხოლოდ ხანდახან იტყოდა თითო-ოროლა სიტყვას: „მერე”, „ჰო”, „კი” და სხვა ამისთანას. მაგრამ ლევანის საუბარმა, რომელშიაც ისმოდა გულწრფელობა და უტყუარობა, საკმაოდ იმოქმედა მასზე. მოშორების დროს ლევანმა და მელანიამ კიდევ დანიშნეს პაემანი, კიდევ შეხვდენ ერთმანეთს, კიდევ ბევრი ილაპარაკა ლევანმა თავის გრძნობებზე. მელანიამ მეორე ნახვის დროს მხოლოდ თავის სიზმრები უამბო ლევანს. განმეორდა ასეთი პაემანი და ნახვა რამდენიმეჯერ. ყოველი ნახვის შემდეგ ლევან უფრო და უფრო ვრცელ ადგილს იჭერდა მელანიას გულში. მელანია დარწმუნდა, რომ ლევან ერთადერთი ადამიანი იყო მისთვის, რომელთანაც შეეძლო გამოეთქვა თავისი გულის პასუხი. მართალია, მელანიას ასეთ ადამიანად ლევანის გაცნობამდე თეკლე მიაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლევან გაიცნო, დარწმუნდა, თეკლეს ისე სრულიად არ შეეძლო მისი გულის გაგება, როგორც ლევანს. ლევანი და მელანია თითქოს ხედავდენ კიდეც ერთმანეთის გულს, ისინი მარტო სიტყვით კი არა, თვალებითაც ელაპარაკებოდენ ერთმანეთს, გაეგებოდათ ერთმანეთის გრძნობები და თანაუგრძნობდენ ერთმანეთს. ამნაირი ერთმანეთის გაგებით და თანაგრძნობით უნდა აიხსნას ის, რომ მელანიას შეუყვარდა ლევან. ახლა მელანიასთვის ის წამი იყო ნეტარების წამი, როცა ლევანს უმზერდა. ის აღარ ემუქრებოდა ლევანს, „იმგვარობა არ იფიქრო, თვარა დანით დევიკლავ თავსაო”. ლევან რომ გაგიჟებულიყო და დანით მოენდომებია მელანიას დაკვლა, მელანია ყელს უჩვენებდა. „აჰა, დამკალ, თუკი შენ გაამებ ამითო”. ლევან და მელანია სრულიადაც არ ფიქრობდენ იმაზე, თუ რა შედეგი უნდა ქონებოდა იმათ სიყვარულს. მხოლოდ, ხანდახან მელანია კი ეტყოდა ლევანს: „წევიყვანოთ ჩემი ლუკაი და საცხა გადავიკარქოთო”. ლევანსაც უნდოდა მელანია საკუთარი მისი გამხდარიყო, თავისუფლად შესძლებოდა მასთან ტრფიალი, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო მისთვის: ჯერ რომ ჯერან არ გადაარჩენდა ცოცხალს ასეთი შეურაცხყოფისთვის. ეს, ვთქვათ, კიდევ არაფერი. ლევან კარგი ვაჟკაცური გულის და ღონის პატრონი იყო და არ შეუშინდებოდა ამ დაბკროლებას, მაგრამ სასულიერო და საერო კანონები, ხალხისაგან ლანძღვა-კიცხვა, ნათესავებისაგან წყრომა და სიძულვილი - ესენი ყველა მათ დაუწყებდა დევნას. თუმცაღა ლევან ერთი უსწავლელი გლეხი იყო, მაგრამ ესენი ყველა მაინც კარგად ესმოდა მას და ამიტომაც მელანიას ასე პასუხობდა: „არა, ჩემო მელო, ასე ქურდულათ ვიყოთ, უკეთესია, თვარა რომ გევიქცეთ, მოგვაგნებენ, მთლათ მოგვაცილებენ ერთმანეთს. და მაშინ რაღაი!“ ისე კი ლევანმა გადასწყვიტა თავის გულში: ცოლს არ შევირთავ, რაღამც მელანია შემიყვარდაო.

ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მელანიას და ლევანს შორის ამგვარი ცხოვრება, რომ ხვარამზეს და მის ქალს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, ეჭვი არ აეღო რძალზე, - ვინცხა უნდა უყვარდესო. ამ იჭვის მიზეზად გახდა ის გარემოება, რომ მელანიას ძლიერ შეუყვარდა ძროხის მოსადენად მარტო წასვლა. „რაცხა კი მიეგულება იქით, რომ ესე უხარია ამ ბოლოს ძროხიზა სიარული”, ფიქრობდა, ერთ დღეს, როცა მელანია ძროხების მოსადენად წავიდა, მულიც გაჰყვა უკან ჩუმად.

- რა ნახა დღეს იგი ჩემა დასაფსებმა თვალებმა! რეზა არ დამიდგა თვალები იმის ნახვამდი! - შეილაპარაკა სახეგაფითრებულმა ელისაბედმა სახლში, როცა დაბრუნდა.

- რა იქნა, ციცავ? მითხარი რა ამბავია, თვარა აგია გამისკტა გული! - მიაგება თავის ქალს პირში ხვარამზემ, რომელმაც დიდი მოუთმენლობა იცოდა ამისთანაობაში.

ელისაბედმა უამბო დედას, თუ როგორ ისხდენ მათი რძალი და ლევან ერთად ბუჩქნარში.

- მივარდნოდი და ფრჩხილით დამეგლიჯა ორივე, გული არ მიშლიდა, მარა იქინეი ჩემი ყოფნა რომ შიეტყვენ, ჩვენი გამბახებელი რძალი შინ აღარ მევიდოდა, მომკლავენო და საცხა გეიქცევოდა, მაშვინ მთლათ თავი მოგვეჭრებოდა ქვეყანაში! - დააბოლოვა ელისაბედმა თავისი სიტყვა.

ხვარამზეს ისეთი თავზარი დასცა ამ ამბავმა, რომ დიდხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას. როცა ცოტაოდნათ დამშვიდდენ, ხვარამზემ და მისმა ქალმა არჩიეს და გადასწყვიტეს, რომ ეს გარემოება გააგებიონ ჯერანს. მაგრამ ესეც ძლიერ საშიში საქმე იყო: ჯერან მოკლავდა ცოლს და მაშინ ხომ სულ დაიღუპებოდენ. საჭირო იყო, რომ ამ ამბის ჯერანთან გამხელის დროს, ორი-სამი მოკეთე და კაი მეზობელი დაესწროთ. ვინიცობაა, თუ ჯერან თავისი ცოლის მოკვლას დააპირებდა, ესენი არ დაანებებდენ, ჩამოდგებოდენ ცოლ-ქმარს შორის მოსაშუალედ, შეარიგებდენ და მერე, როცა ჯერანი სიტყვას დადებდა, არ მოვკლავო, იცოდენ, რომ აღარ უმტყუნებდა თავის სიტყვას.

მოსაღამოვდა. მელანიამ მოდენა ძროხები და დაამწყვდია ქალტაში, მერე მობრუნდა და დაუწყო სიყვარულობა თავის ლუკას. მეტისმეტ კარგ გუნებაზე იყო. იჭვადაც არ იცოდა, თუ რა ამბები ჰქონდათ მის გამო მის დედამთილს და მულს. მართალია, ეს უკანასკნელები ისე უყურებდენ მას, თითქო შეჭმა უნდათ მისიო, მაგრამ სიტყვით კი არას ეუბნებოდენ და ამიტომ ვერ მიხვდა მათი გამომეტყველების აზრს. ათასჯერ უნახავს ამათ სახეზე ასეთი გამომეტყველება. მოვიდა ჯერანიც ყანიდან. ხვარამზემ გადაიარა და მოიყვანა სამი კაცი, რომლებსაც წინდაწინვე გაანდო, ასე და ასეა საქმეო. შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში როგორც ხვარამზეს, ისე მის ქალსაც. არ იცოდენ, რით გათავდებოდა ეს საქმე. მაგრამ რა ექნათ? მათი ფიქრით, ისინი მოღალატენი შეიქნებოდენ ჯერანის წინაშე, რომ არ გაემხილათ - ცოლი გღალატობსო.

ხვარამზემ გაიხმო ჯერან გარეთ და სახეგაფითრებულმა, ხმის კანკალით გაუმხილა ყოველივე, - თუ როგორ ნახა ელისაბედმა მელანია და ლევან ერთად და სხვ. თითონ მელანია ამ დროს პატარა სახლში იყო და ვახშამს ამზადებდა. ჯერანს ისეთი სახე დაედო, რომ იფიქრებდით - ცოფდება და ბნედა ემართებაო. ის ხმაამოუღებლივ შევარდა სახლში, ჩამოიღო თოფი და დააპირა გარეთ გავარდნა. მაგრამ მას ეცენ ხელში განზრახ ამ საქმისთვის მოწვეული მეზობლები და, როგორც იყო, აართვეს თოფი. ჯერან ეხლა მივარდა დამბაჩას, იგდო ხელში, ერთი ლომივით დატრიალდა, შემოიცილა გარს ყველა, მაგრამ კარებში ხელახლავ შებოჭეს. მხოლოდ ეს კი, რომ არ იქნა, დამბაჩა ვერ წაართვეს ხელიდგან.

- გამიშვით! გამიშვით! - გიჟივით ყვიროდა ჯერან, მაგრამ მეზობლებს მაგრად ეჭირათ ხელში და ეუბნებოდენ:

- გადაირიე, ბიჭო?! თავს იღუპავ! შენსგამეტს არ დამართია ამისთანაი თუ? ციმბირში გაგგზავნიან! დედა და დაი მაინც აღარ გეცოდება?

ამ ხმაურობაზე მოვიდენ სხვა მეზობლებიც, რომლებითგან ზოგი ეხვეწებოდა ჯერანს, დადუმდიო, ზოგი უწყრებოდა: „ჩვენც კაცი ვართ, დაგვიჯერე, თვარა ბაწრით შეგკრავთ და ისე გამყოფებთო”, ზოგი უსახელებდა მაგალითებს - ამა და ამ კაცებს დაემართათ შენსავით, მარა ცოლი არ მოუკლავსო. ქალები კი მელანიას შემოეხვიენ და ერთ შავ დღეს აყენებდენ: „ცხენის ძუაზე ჩამოსაკიდი ხარ, მიწაში უნდა ჩაძვრე, რავა გაბედე ასე ქვეყნის დაქცევაო” და სხვა. მელანია კი ეგდო მიწაზე და ტიროდა. თავის გასამართლებლად ერთ სიტყვასაც ვერ ახერხებდა. უკანასკნელ, თან მოქანცულმა და თან მეზობლების რჩევით გონზე მოსულმა ჯერანმა გააგდო დამბაჩა ხელიდან. ამის შემდეგ სამ დღეს კიდევ მალავდა თეკლე მელანიას თავის ოჯახში. მეოთხე დღეს მეზობლები ჩამოდგენ მოსაშუალედ და შეარიგეს ჯერანს ცოლი.

ამის შემდეგ წაიშალა ჯერანმა ხელი ცოლზე საცემრად, დაავიწყდა, რომ ამბობდა: „ცოლს ვინც გალახავს, იგი კაცათ არ მიხსენებიაო”. აიმიზეზებდა რაღაც უმნიშვნელო საბაბს, მოავლებდა მელანიას თმაში ხელს, დასცემდა მიწაზე და ამოიყრიდა ჯავრს. ხვარამზე და მისი ქალი ეცემოდენ ჯერანს ხელში დასაკავებლად, მაგრამ რას გახდებოდა ორი სუსტი ქალის ძალა გალომებულ ვაჟკაცთან! ხანდახან პატარა ლუკა იხსნიდა დედას ცემისაგან: ის გააბამდა საშინელ ტირილს და ყვირილს, როცა დედას მიწაზე დაცემულს დაინახავდა. ჯერანსაც მოულბებოდა გული შვილის ტირილზე და დაეთხოვებოდა მელანიას. მელანია დანაშაულად გრძნობდა თავს და ამიტომ ემორჩილებოდა ქმრის სისასტიკეს. ფიქრადაც აღარ მოსვლია იმ შემთხვევის შემდეგ ქმრის სახლიდან გაქცევა, ან კი სად უნდა წასულიყო? მისმა მშობლებმა როცა შეიტყვეს - ჩვენს ქალს ქმრისთვის უღალატიაო, წყევა-კრულვით გამოეთხოვენ მას. მელანია ყოველთვის ტირილს დაიწყებდა, როცა გაახსენდებოდა მამის სიტყვები: „თავი მომჭარი ამ სიბერის დღეს, მარა ჩემმა თვალმა აღარ გნახოს ამას იქით! შენ დღეის იქით აღარ გყავს არც დედ-მამა და არც და-ძმებიო”. მართალია, მელანია ძლიერ იშვიათად დადიოდა მშობლების სახლში; ხანდახან მამა თუ ინახულებდა თავის ქალს, თვარა სიდედრი, ცოლის დები და ცოლის ძმები დათხოვნილი ჰყავდა ჯერანს თავის სახლიდან, მაგრამ მელანიას მაინც დიდ იმედად მიაჩნდა ისინი. ახლა ყველა დაჰკარგა! ლევანის ნახვა ხომ აღარ შეეძლო და არა მელანიას. ხვარამზე და მისი ქალი ახლა კარზე აღარ უშვებდენ რძალს მარტო. თვითონ ლევანსაც ხომ ასეთი დღე დააყენეს მშობლებმა: „რავა გაბედე ქალის შეყვარებაო”; მერე მოუნახეს საცოლე და თითქმის ძალად დააწერინეს ზედ ჯვარი. ამ უკანასკნელმა გარემოებამ სულ მთლად მოხარშა მაინც მელანიას გული. მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა.

არ გაუვლია ზემოაწერილი შემთხვევის შემდეგ ორ თვეს, რომ მეორე თავზარდამცემი შემთხვევა მოხდა ჯერან ტევრიძის სახლში: ჯერანის ვაჟი ლუკა მოკვდა ყელის ტკივილით ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, „კისერბატონებით”. ლუკას სიკვდილმა, რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მწარედ დააგლოვიარა. ხვარამზე დღე და ღამე არ ისვენებდა ტირილისაგან; ელისაბედ ყოველ დღე მოიტანდა ლუკას პერანგს, რომელიც თავისი ხელით შეუკერა და აყრიდა ზედ ცრემლებს; ჯერან ცოცხალ-მკვდარი დადიოდა და ყოველ წამში ოხვრით ამოიძახებდა: „ვაიმე, შვილოო”. მაგრამ მელანიას მწუხარება სულ სხვა იყო. მელანიასთვის შვილის სიკვდილით მოისპო ყოველივე ნუგეში; მას შემდეგ ის ხშირად ეკითხებოდა თავის თავს: „რაღაიზა ვარ ცოცხალი? რეიზა არ გავყევი ჩემ ლუკასო”. მართალია აიმედებდენ. მეტადრე თეკლე: „ნუ გეშინია, ჯერ კიდო ბაღანაი ხარ, ასე ქვია, შვილსაც მიესწრობი და ყოლიფერ სიკეთესო” მაგრამ მელანიასთვის ახლა აღარ ჰქონდა ამ სიტყვებს მანუგეშებელი ძალა; ცხოვრების უკუღმართობამ ასწავლა მას ყოველივესთვის ეჭვის თვალით ემზირა. ოჯახი კი ისე უყურებდა მელანიას, თითქო ამ უკანასკნელს მოეკლას თავისი შვილი. „შენმა ცოდვამ და ურჯულობამ დააქცია ჩვენი ოჯახიო”, - ეუბნებოდა მას ხან მული და ხან დედამთილი. „შენ არ მოკტები, თვარა სხვაი ყველაიო”, - რამდენჯერმე უთხრა ქმარმა. „ვითამ რა დასაქცევი ყოფილა იი სიკვტილი! ვისაც არ უნდა, იმას კლავს და ჩემისთანა უბედურს არ ეკარებაო”, - ფიქრობდა მელანია. სცადა თითონ მოეღო ბოლო თავის თავისთვის, ერთჯერ წყალში გადავარდნა დააპირა, მეორეჯერ დამბაჩით აპირებდა თავის მოკვლას, მაგრამ ვერ გაბედა ვერც ერთი.

***

იმ ღამეს, რომელიც ჩვენ ამ თავის დასაწყისში მოვიხსენიეთ, მელანია მეტის მეტად აიტანა შავმა ფიქრებმა, ის რამდენიმეჯერ წამოდგა ლოგინიდან რაღაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ ვერ ბედავდა.

შუაღამე გადავიდა. ქუხილი და ელვა მატულობდა. ბოლოს დაუშვა ზაფხულის მსხვილი წვიმა, რომელსაც საშინელი გრიალი გაჰქონდა ყავრით დახურულ სახლზე. „რა წვიმაა! - დაიწყო მელანიამ ფიქრი, - ამისთანაი წვიმა რომ იქნებოდა, ჩემი ლუკაი მკითხავდა, ნენა ლაა იიო. ნეტაი თუ ვნახავ ჩემ ლუკას? ბაღნები ანგელოზებში ურევიაო. მე ვინ მიმიშობს მასთან! იგიც კაია, შორიდან თუ დევინახე. ვინ იცის, ეგება ტყუილაი ვატყუებ თავს, აფერი არაა! სტავლულებმა თურმე, - არააო. ეგება იმისთანაი ბნელი უფსკრულია, მე რომ იმ ღამეს მესიზმა. წახვალ შით, წახვალ, ხელის მოსაკიდი არ გაქ და ფეხის!.. რას ვფიქრავ? თვითონ ვნახავ, რაც არის... შენ არ მოკტები და სხვაი ყველაიო!.. ეგება დასტურ არ მოვკტები! არა, ცრუობაა, ყოლიკაცი მოკტება... სუ! მგონია მამალმა იყივლა, თუ ტყულა მომეყურა? მალე, თვარა დამათენდება თავზე! ამეღამ თუ არ იქნა, მერე აღარ იქნება... აა, შენ გლახავ, ჩემო თაო! შენგამეტს არ უქნია თუ? ცოფის წამალზე რომ ვქენი, ესე თვალები დავხუჭე, გააქანე ხელი და გათავდა!.. იმისთანაი წვიმაა, რომ კაცი ვეფერს გეიგონებს. მერე ქე გეიგონონ, თუ გინდა, რა მენაღვლება! სიფრთხილე კია საჭირო, ასვლაზე არ დამინახოს. რას დეინახავს, სძინავს” - ამ სიტყვებით მელანია ხელახლა წამოდგა ლოგინიდან, სწრაფად მივიდა ქმრის თავსასთუმალთან, ფრთხილად აიღო დამბაჩა და წამოიღო თავის ზანდუკისკენ. ჯერანს ეძინა. „ამით მიპირობდა ჩემი ქმარი მოკვლას! ნეტაი მოვეკალი”, - გაიფიქრა მელანიამ და დაჯდა ლოგინზე. რამდენიმე ხანს კიდევ მძიმედ იყო ჩაფიქრებული, მერე ასწია თავი: „ასე უნდა, მგონიაო, - თქვა, შეაყენა ჩახმახი ფეხზე, - აბა, მაშვინ რომ ვქენი, ესეო”, - ჩაილაპარაკა და მიიდვა დამბაჩა გულზე. მაგრამ გააჟრჟოლა და ხელახლავ ჩამოიღო ხელი. ერთი-ორი წამის შემდეგ ხელახლავ მიიდვა, დახუჭა თვალები და სწრაფად მოსწია დამბაჩის ფეხი.

დამბაჩის ხმამ გააღვიძა ჯერან, რომელსაც ეგონა, მეხი დაეცა სახლსო, და გაღვიძების დროს დაიყვირა: „აუ, დააქცია მეხმა სახლი!” წამოვარდენ ლოგინიდან ხვარამზე და ელისაბედიც, ამათაც ასე ეგონათ, მეხი მოხვდა სახლსო.

- რეიქნა ქიაფი? - დაუწყო ჯერანმა ძებნა სპიჩკას.

- რა ვიცი, თქვენ გქონდათ იქინეი, - გამოსძახა ელისაბედმა ძმას და შემდეგ

გაჯავრებულმა, რომ მისი რძალი ხმას არ იღებს ასეთ დროს, დაატანა:

- დედაკაცო, რომ გატყვირე ახლა სული, შენ ვერ მონახავ ქიაფს?

- ამას სხუმის როის ქონდა ოჯახის ჯავრი, ახლა რომ ექნება! სახლი კაღამ დაგვექცა თავზე და ამას ყურიც არ გუუნძრევია! - თქვა მწყრომიარედ ჯერანმა, რომელმაც ამასობაში ნახა სპიჩკა და აანთო.

სინათლეზე გამოჩნდა მელანია, რომელიც ზანდუკის სიახლოვეს დაცემულიყო იატაკზე და მკერდიდან სისხლი გადმოსდიოდა. მის სიახლოვეს ეგდო დაცლილი დამბაჩა, ოთახში იდგა თოფის წამლის სუნი. ჯერანმა მორთო ყვირილი. შემოვარდენ ხვარამზე და ელისაბედ მეორე ოთახიდან და ამათაც მორთეს წივილ-კივილი. დიდხანს ყვიროდენ და კიოდენ. მაგრამ რადგანაც საშინელი წვიმა იყო, ამათი ხმა მეზობლებმა დილამდე ვერ გაიგონეს. როცა მეზობლები მოვიდენ და ნახეს - მელანია ტყვიით არის მკვდარიო, - მოილაპარაკეს ერთმანეთში: აგი რომ დავმალოთ, სისხლის სამართალში მიქვცემენო. შეატყობინეს მამასახლისს. ამ უკანასკნელმა გაგზავნა რაპორტი, სადაც რიგი იყო. მოვიდენ ექიმი და გამომძიებელი, შეამოწმეს მელანიას გვამი და მისცეს ხალხს მისი დამარხვის ნება. ჯერან კი დაიჭირა გამომძიებელმა და გაგზავნა სატუსაღოში. - როცა დამტკიცდება, თვითონ მოიკლა თავი და შენ არ მოგიკლავს, გაგათავისუფლებენო, - უთხრა მას წაყვანის დროს.

***

გავიდა ხანი. ჯერან ციმბირში გაგზავნეს, რადგანაც ვერ დაამტკიცა, რომ მისმა ცოლმა თვითონ მოიკლა თავი. მეტადრე დიდი მნიშვნელობა იქონია ჯერანის საქმეში იმ გარემოებამ, რომ ჯერან ერთ დროს უპირებდა თავის ცოლს მოკვლას. ელისაბედს ხომ დიდი ხნიდან ეტყობოდა ჭლექის ნიშნები. ძმის დაკარგვამ სულ მთლად მოუღო ბოლო მის სიცოცხლეს. სამ წელს იყო ჭლექით ავად, შემდეგ მოკვდა. ხვარამზე რამდენიმე თვეს მოსთქვამდა და ტიროდა შვილებს. მერე დატოვა სახლ-კარი და სენაკში დადგა. მხოლოდ ხადახან ჩამოვიდოდა დაყრუებულ ოჯახში, თითო პირს იტირებდა და ხელახლავ წავიდოდა. ბოლოს საბრალო ჭკუიდან შეიშალა და ვისაც შეხვდებოდა, ეხვეწებოდა - ჩემი ჯერანის საცოლოთ ერთი კაი ქალი გამომირჩიეთო. კარგა ხანს იყო ამ ყოფაში და ბოლოს ეშველა - მოკვდა.

უპატრონოდ დარჩენილი ჯერანის ოჯახი გაინაწილეს ჯერანის ახლო ნათესავებმა. წაიღეს ბეღელი, ნალია, პატარა სახლი და სხვა, რაც კი რამ მოიხმარებოდა. მხოლოდ ოდას კი არავინ ჰკიდებდა ხელს, რადგანაც ჭლექიანი ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, ხველიანი მოკვდა შიგ. გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ მუშტარი არ გამოჩნდა: ამიტომაც ადგილზე ლპებოდა ეს კოპწია, ოროთახიანი სახლი. ჯერანის ნათესავებს შორის საცილოდ გამხდარი ეზო კი გავერანდა.

აი, ეს გახლავს, ჩემო მკითხველო, იმ პარტახის ისტორია, რომლის სურათი ამ მოთხრობის დასაწყისში შეგხვდათ.

Prev
2 / 2
3953
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი