ბევრი სხვა თვალით შეხედავს ოჯახურ ურთიერთობებს ჩვენი საიტის მკითხველს ხშირად ვთავაზობთ რომანებს გაგრძელებებით. ამჯერად ცნობილი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა შევარჩიეთ. მართალია გარდასული ეპოქისაა, მაგრამ ჩანს, რომ მაშინაც ისევე მტკივნეული იყო ოჯახური დრამები, როგორც დღეს. რძლის, დედამთილის, მულის, უსიყვარულოდ მოყვანილი ცოლის ტრაგედია მწერალმა ძალიან ცხადად და მტკივნეულად დაგვანახა.
იმედია, ამ მოთხრობის შემდეგ ბევრი სხვა თვალით შეხედავს ოჯახურ ურთიერთობებს და გააცნობიერებს, როგორ ანადგურებს ადამიანებს სახლში გამეფებული სიძულვილი. ოჯახურ დაპირისპირებებში გამარჯვებული ხომ არ არსებობს.
პარტახი
IV V VI VII თავები
VIII
რაც დრო გადიოდა, მით უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა ჯერანის და მელანიას ერთმანეთთან ცხოვრება. ჯერან თხოულობდა თავის მეუღლისაგან უსაზღვრო მორჩილებას. ეს კიდევ, ჰო, ვთქვათ, არ ეუცხოებოდა მელანიას, რადგანაც თითქმის ყველა გაუნათლებელი და, მეტადრე გლეხკაცი, ამასვე თხოულობს თავისი მეუღლისაგან. მაგრამ ვაი-ვაგლახი ის იყო, რომ ცოლის იმ მოქმედებაში და სიტყვებშიაც კი, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ქმრის სურვილისდაგვარად მოქცეულიყო, ჯერან უმორჩილობას ხედავდა და ცეცხლდებოდა: „აგი მაიმუნი შევირთე და ხედავ რაებს მიბედავსო”. ამას გარდა იყო ორი ადამიანი, რომელიც იმგვარსავე უსაზღვრო მორჩილებას თხოულობდა მელანიასაგან, როგორსაც თვითონ ჯერან. ეს ორი ადამიანი მელანიას დედამთილი და მული გახლდათ, რომლებმაც გულის და გრძნობის გამოცვლაც კი მოუნდომეს მელანიას. ზემოთქმულს გარდა იყო კიდევ სხვა ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც შეუძლია უსწავლელ ხალხში შეყვარებულნიც კი დააშოროს და ერთმანეთის მომძულვარედ გახადოს.
აი ეს მიზეზებიც: ერთი მკითხავი ეუბნებოდა ხვარამზეს და მის ქალს: „თქვენი რძალი იმისთანა ავი ფეხის ყოფილა, რომ თქვენი ოჯახი აწი ძნელათ რომ უკან-უკან არ წევიდესო”. საუბედუროდ, ცოლის შერთვის შემდეგ ერთი ხარი მგელმა შეუჭამა ჯერანს; ერთი ხბოიანი ძროხა რაღაც მოარულმა საქონლის ჭირმა მოუკლა. თითონ ჯერანმა საუკეთესო მუშაობის დროს უცბად ცული დაიკრა ფეხზე და მთელი ორი თვე ეზოდან არ გადაუარია, ისე უქმად იჯდა სახლში. ეს ზიანი საგრძნობლად დააჩნდა ჯერანის ოჯახობას და ყოველი ეს ზიანი, ხვარამზეს და მისი ქალის ფიქრით, იმიტომ დაემართათ, რომ მათი რძალი ავფეხი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ერთ დროს მკითხავი ეუბნებოდა ხვარამზეს: ჯერანის სიმამრს დიდძალი ფული აქ მიწაში შენახული და ეს ფული ჯერანის ლუკმა გახდებაო, ეს კი არ მართლდებოდა, როგორც ეტყობოდა, ზალიკას ან სულ არ ჰქონდა შენახული ფული და, თუ მაინცადამაინც ჰქონდა, ჯერანის ლუკმად არ გახდებოდა ეს ფული. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმაო იყო, რომ გაჭირვების დროს რამდენჯერმე მიირბინა ჯერანმა სიმამრთან ფულის სასესხებლად, მაგრამ ვერც ერთ დროს ერთი გროშითაც ვერ გაიწყო ხელი. „იგი საყვარელი ჩემი ქალიშვილი არ მომიკტეს, არ მქონდეს, თვარა შენ რავა დაგიკავებდიო” - ეფიცებოდა ზალიკაი. ბევრჯერ ზალიკა თავის მეზობლებშიაც დატრიალდა - იქნება ვიშოვო სასესხებლად და სიძეს ხელი გავუწყოვო, მაგრამ ვერას გახდა. ჯერანს არ სჯეროდა სიმამრის გულწრფელობა: „ბერძაღლი იგი, სხვაგან რომ დარბის პირისფერობით, მიწაში რომ აქ კოჭბით შენახული, იგი მომცესო”. თავდაპირველად ძლიერ ერიდებოდა ზალიკას სიძის სახლში. პირველად რომ ესტუმრა, ჯერანმა ისეთი სადილი გაუწყო, რომ ერთ პატარა ქორწილს შეეფერებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფულის სესხებაზე გაწბილებული დაბრუნდა, ჯერან ძლიერ გულგრილად ექცეოდა სიმამრს. ზალიკამ შეატყო - სიძისას, ქალიშვილს გარდა, ყველა ცივად მეპყრობაო და ამიტომ ძლიერ გვიან-გვიან დაიწყო იქ სიარული. „რა ვქნა, მენატრება ჩემი ქალიშვილის ნახვა, მარა ვატყობ, წყენენ ჩემი მისლა და მეც ქე დევეთხუე. ქალი რო გათხოვდება, მერე ქმარია მისი პატრონი. მამა გულში თუ შეინახავს მის სიყვარულს, თვარა მეტი უფლება აღარ აქ!” - ამბობდა გულდამწვარი ზალიკაი. მელანიას დედა, სუსანაი სულ მთლად ფეხამოკვეთილი იყო სიძის სახლიდან. ჯერანს თაობიდანვე არ მოსწონდა სიდედრი, რადგანაც უთვალადო მოხუცი დედაკაცი იყო და სიტყვა-პასუხიც არ ჰქონდა რიგიანი. -„იგი რომ სტუმრებთან აბჟუტურდება, სირცხვილით ძვლები მიტყდებაო”, - ამბობდა სიძე. მაგრამ შესაძლებელია ამ მიზეზისათვის არ დაეთხოვა ჯერანს სიდედრი, რომ სხვა უფრო დიდი მიზეზი არ გაჩენილიყო: იმ ღამეს, როცა ჯერანმა ჯვარი დაიწერა, ზალიკაისაგან გაგზავნილ მაყრებში ერია სუსანაის ნათესავი ყმაწვილი კაცი, კოწია. კოწია იყო ოცი თუ ოცდაორი წლის, კარგი მოსიმღერე და მომლხენი, კოხტა ყმაწვილი. ამ ყმაწვილმა რომ თავისი წკრიალა ხმით ხასანბეგურა შემოსძახა, მერე გამოვიდა და იცეკვა, იქ მყოფ ყმაწვილ ქალებს თვალი მაზე შერჩათ. ერთი აზნაურის ცოლი, მეტად ლამაზი ქალი, დიდხანს უმზერდა კოწიას თვალებზე წყალმოდენილი, მერე მიუბრუნდა მის ახლო მჯდომ ქალს და ვითომ ხუმრობით, მაგრამ თან აღტაცებით უთხრა: „იფ, ვენაცვალე იმ კისერში, ბიჭი ამისთანაი უნდაო”. ჯერანის ოჯახმა, ის იყო, იმ ღამეს პირველად გაიცნო კოწია, მაგრამ მოეწონათ კი ძლიერ. „ვინ იფიქრებდა, თუ სუსანას ამისთანაი ნათესავი ეყოლებოდა” - მგონია სამჯერ კი უთხრა იმ ღამის განმავლობაში ხვარამზემ თავის ქალიშვილს. ელისაბედ დედის სიტყვებზე მორცხვად თავს ჩაღუნავდა და ხმას არ იღებდა.
არ გასულა ქორწილის შემდეგ ერთი კვირა, რომ ჯერან ეუბნებოდა სიდედრს: „ოღონდ კოწიეი შამეიყვანეთ სიძეთ ჩემ ოჯახში და სული არ მშურს, სულიო”. „აბა შენი მოყვრობა ახლა დაფასდება, თუ ამ საქმეს გეიყვან”, - უმატებდა თავის მხრივ ხვარამზე. ელისაბედმა იცოდა კი, რომ მისი დედა და ძმა შეუდგენ კოწიაზე მისი გათხოვების ზრუნვას, ძლიერაც უტოკავდა გული, რადგანაც კოწია მოეწონა, მაგრამ მონაწილეობას კი არ იღებდა თავისი გათხოვების ზრუნვაში. ამ საქმეში რომ თითონ ჩარეოდა და თავისი მხრივაც რამე ეთქვა, ურცხობა-თავაშვებულობაში ჩამოართმევდენ და ამას აბა როგორ იზამდა ისეთ სასტიკ ზნეობაში, - რასაკვირველია, თავისებურ ზნეობაში - აღზრდილი ქალი, როგორიც ელისაბედი იყო. „აბა შენ იცი, ნენავ, ეცადე, ეცადე, დეიყოლიე კოწიეი! თვალტანათ, შენც ხედავ, კაია, მარა თვალტანადობა რაა? იმისთანა ჭკუიანი და მეოჯახე ციცაია, რომ ცივ ქვაზე დაასახლებს კაცს. ზოგიერთებს როის გავს, ბიჭებზე რო უჭირავენ თვალი, ამისთანობაში წმინდანია, წმინდანი. ჩემი ნენაი, შენებურა გულით მეინდომე, ჩემი ნენაი!” - ეხვეწებოდა დედას მელანია თავისი მულისათვის.
სუსანა წრფელი გულით შეუდგა შუამავლობას და ერთ კვირა დღეს, ვითომც სტუმრად მოუყვანია თავისი ნათესავი სიძისაო, ამოიყვანა კოწია ელისაბედის სანახავად. როგორც ვთქვი, ელისაბედი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო: სოფელში ამბობდენ კიდეც: „თლათ დიდკაცური შეხედულება აქ ელისაბედსო”. ხვარამზემ გამოაწყო საჩქაროდ თავისი ქალი და სადილზე დაუსო კოწიას პირდაპირ. ყველაფერში გაბედული ელისაბედ ახლა ისე დამორცხვდა ისე მოკატუნდა, რომ ერთხელაც არ აუღია თავი ზევით. გათავდა ეს ნახვაც და კოწია იმ დღესვე წავიდა შინ. მაგრამ იმ დასაქცევს თურმე კი არ მოეწონა ელისაბედ! რამდენიმეჯერ იყო ამას შემდეგ სუსანა კოწიასთან, ეგება დავითანხმო, შევრთო ელისაბედიო, მაგრამ არ იქნა, ხუმარა კოწია ყოველთვის ამ სიტყვებით ისტუმრებდა სუსანას: „არა, მამიდაჩემო, ელისაბედისთანა მჭლე ქალი მე არ მინდა, ერთი ხვითქი ციცაი გამომინახე, ხვითქიო”. კოწიასთვის ეს საქმე სახუმარო იყო, მაგრამ სუსანას და მისი ქალიშვილისთვის ძლიერ მწარე შედეგი მოჰყვა: ხვარამზემ და მისმა შვილებმა შესწამეს სუსანას, ამ საქმეში გულწრფელად არ იმოქმედაო. „არა, ამ საქმის შესრულება ზდომებოდა, იმას იზამდა, დაგვატაკა კაცი უცფათაი თავზე, ციცაის მოკაზმვაც ვერ მოვასწარი ხეირიანათ! პირდაპირ ვარი ვეღარ გვითხრა და, იგი იყო, ვითომ დეიწყო საქმე ჩვენდა მოსატყუებლად!” - ამბობდა გულდათუთქული ხვარამზე.
- თუ გულით მიენდომებია, ქალის სანახავათ საქმის გაკეთებამდე რეიზა მეიყვანა? ჯერ საქმეს გავაკეთებდი და ქალის ნახვას, დასანიშნავათ რომ მოვიდოდა, მაშვინც ქე მოესწრებოდა! ქვეყანა ასე შობა. ქალის დასანიშნავათ რომ მევიყვანდი, მერე ქე ნახავდა, თუ წევიდოდა! ცოცხალს არ გადუშობდი კარზე! კოწიაზე ვარესი ბიჭი ვიყავი, რომ მიმიტყუეს და ძალათი შემრთეს, ვინც არ მინდოდა, მარა არ მეინდომა და იგია! - ამბობდა ჯერან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სუსანა ფეხს ვერ დაადგამდა სიძის ოჯახში. მაგრამ სუსანას დათხოვნით არ დაბოლოებულა ეს საქმე: ხვარამზემ და მისმა ქალიშვილმა შეწამეს რძალს, თითქოს სულაც ამ უკანასკნელის სიტყვით ჩაშლილიყოს ელისაბედის კოწიაზე გათხოვების საქმე. „არ ხედავდი, გაყობოდა დედას და თითო საათს ჩუმათაი ეფუჩუნებოდა! თურმე ჩემი ცოცხლითაი დამარხვა უნდოდა!” - ეუბნებოდა დედას კოწიასაგან დაწუნებული და მით გულდამწვარი ელისაბედ. ამ ეჭვმა ისე დაამტერა ელისაბედ რძალთან, რომ სისხლი შეესვა ამ უკანასკნელის, გული არ მოუშლიდა.
- იცი, ნენა, წუხელის რა დამესიზმრა? - უთხრა ერთ დილას ელისაბედმა დედას, - ვითამ მოვიდა ჩემი რძალი, ამომართვა გული, ჩემი თვალით დევინახე კაკალი გული, გახვია ქახალდში და წაატანა დედამისს.
ელისაბედ არ ტყუოდა, მან ნახა ძილში ეს სიზმარი.
ხვარამზე ისე შეაშინა ამ სიზმარმა, რომ სიტყვის თქმას ვერ ბედავდა. ერთი საათის შემდეგ ის გაემგზარა მკითხავთან.
- დედაც და შვილიც ორივე ყოფილა! - უთხრა მკითხავმა ხვარამზეს. სიტყვა „ყოფილას” განმარტება არ ეჭირვებოდა ხვარამზესთვის, ის ცხადად მიხვდა მკითხავის აზრს, - მელანია და დედამისი მავნე სული ყოფილაო.
რომ დაეფარა ელისაბედ მავნე სულისაგან, მკითხავმა გამოკერა რაღაც შელოცვილი ნივთი ტილოს ნაჭერში, მისცა ხვარამზეს, ელისაბედს შეაბი ყელზეო, შემდგომ მისცა სიტყვიერი დარიგება, თუ როგორ მოქცეულიყვნენ: „ნამეტარი უფრთხილდი დადეგ დღესო” (პირველ სექტემბერს), და ამნაირად დარიგებული გამოისტუმრა შინისაკენ. არ გასულა ამის შემდეგ ერთი თვე, რომ ელისაბედმა მეორე სიზმარი ნახა და უამბო დედას:
- წუხელი ძილში ჩემმა რძალმა ჯერ ქათმის ფინთი ჩამიდვა პირში და მერე ქათმის ფინთში გასვრილი ფეხი მკრა გულზე.
მელანიას საუბედუროდ, ელისაბედ, მას შემდეგ რაც კოწიამ დაწუნებული დასტოვა, ჩამოხმა და ხანდახან ავად ხდებოდა კიდეც. ხვარამზე ყოველ კვირაში დადიოდა ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე მკითხავთან. ეს მკითხავებიც მოისმენდენ ხვარამზესაგან ელისაბედის სიზმრებს და იმასვე იმეორებდენ, რაც პირველმა მკითხავმა თქვა: „რძალი და დედამისი მავნე სული ყოფილან და იგინი ჭამენ ელისაბედის გულსო”. თავისი ქალის სიზმრები და მკითხავების სიტყვები ხვარამზემ უამბო ჯერანს. დამწვარზე მდუღარე გადაესხაო, რომ იტყვიან, სწორედ ისე დაემართა ჯერანს: ჯერ უამისოდაც არ უყვარდა ცოლი და ახლა კიდევ ეს საშინელი ამბავი! მელანიას თუმცაღა არ უმხელდა ამ ამბავს, - მკითხავმა უთხრა ხვარამზეს: არ გაიგოს, თვარა წამალი აღარ გასჭრისო, - მაგრამ დედამთილის და მულის საიდუმლო ფუჩუნის და მათი მტრული გამომეტყველებიდან მისდამი მაინც მიხვდა მელანია, რომ მთელი ოჯახი რაღაც საშინელს სწამებდა მას. ბევრი ღამე გაატარებია ამ საიდუმლო ფუჩუნმა უძილოდ მელანიას; ბევრჯერ ჩუმად უტირია მას ამ საიდუმლო საშინელი დაწამების გამო. „გული ამუართვაო, მწამებენ! ამისთანაი საშინელი დაწამება! მე რაფერ შემეძლო გულის ამორთმევა! რეიზა უთხრა იმ დაწყევლილმა მარჩიელმა ამისთანაი ცრუობა? რა მტერობა ქონდა ჩემი! რეიზა უთხრა?” - ყოველ ღამ ამის ფიქრში იყო მელანია. შუაღამე ისე გავიდოდა, რომ არ ეძინა. უკანასკნელ იჭვშიაც შევიდა თავისთავზე:
„რა ვიცი, ეგება, რომ დამეძინება, მერე ეშმაკს მიყავს ჩემი სული და ავ საქმეს ამოქმედებსო”. ერთ ღამეს ამ ფიქრებზე მას მოაგონდა, თუ რამე ახირებული სიზმრები კი უნახავს მის სიცოცხლეში და ისე შეეშინდა, რომ საბანი წაიფარა თავზე და გატვრინა სული. იმ ღამიდან მოწყებული მელანია მუდამ იჭვიანობდა თავის თავზე. იმდენად აუტანელი შეიქნა მელანიას ცხოვრება ქმრის ოჯახში, რომ მელანიამ დაუწყო ქმარს ხვეწნა:
„გამიშვი ბაბასთან, მასთან ვიქნებიო”. „ეგდე! არ ამეიღო ენა, თვარა!..” - დაუყვირებდა ჯერან ამ ხვეწნის პასუხად.
ხანდახან, როცა ძლიერ სასტიკად მოეპყრობოდენ ქმრის ოჯახში, მელანია ქმრის უნებურად დააპირებდა მამისას გაქცევას, მაგრამ ჯერან თოფს წამოავლებდა ხელს და დაუძახებდა.
„მობრუნდი, თვარა, კვერნაი რომ მომიკლავს, ისე გაგწეკვ წელშიო”.
მელანია ვეღარ გაბედავდა წასვლას. მობრუნებული დაეგდებოდა სახლის უკან მიწაზე და ტიროდა. მელანიას მეტადრე აშინებდა ის გარემოება, რომ ჯერან ექადოდა: „მამაშენისას რომ გეიქცე, ჩამოალ და შენიან დედმამაშენიანა ყველას ღორსავით დაგკლავო”. მართალია, ჯერან არ იყო ისეთი სისხლისმოყვარე კაცი, რომ ადამიანის მოკვლა ან დაკვლა ისე ადვილი ყოფილიყოს მისთვის, როგორც ამბობდა. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ჯერან გულსათუთიც იყო, ძლიერ ეზარებოდა გოჭის ან ქათმის დაკვლა, ხარის და ძროხის, მით უმეტეს. მაგრამ ესეც კარგად იცოდა მელანიამ, რომ, როცა გულმოსული იყო მისი ქმარი, ცოფიანს მოგაგონებდა, ისე ლეწავდა სახლში ჭურჭელს და სხვა ავეჯს, რაც მოხვდებოდა. ამიტომაც ფიქრობდა მელანია: „იგი რომ გაცოფდება, ღმერთი აღარ ახსოვს, კაცის მოკლასაც არ დაზოგოვსო!” ჯერან იმიტომ კი არ იჭერდა თავის ცოლს, რომ თითქო ცოტა არის მაინც ყვარებოდეს; არა, ჯერანს სძულდა კიდეც ცოლი, მეტადრე მას შემდეგ, რაც მკითხავებმა უთხრეს, მავნე სულიაო. ის მხოლოდ შემდეგი მოსაზრებით არ აძლევდა ცოლს წასვლის ნებას: „მამამისისას რომ დეეგდებოდეს, მაშვინ რა მენაღვლება, წეეთრიოს და ეგდოს! მარა, რომ გააღიროს თავი და სადმე ქალაქში წეეთრიოს საკახპოთ, მაშვინ ხომ მომეჭრა თავი! ქვეყანა იტყვის - ჯერანის ცოლი საკახპოში აგდიაო! რაც უნდა იყოს, ჩემი სახელი ადევს, რჯულიერი ცოლი ქვია, სახტარზე ქრისტიანულათ ჯვარი დაგვიწერია. არ მოვტყუებულიყავი, კაი იყო და აწი რაღა დროისაა. ავია თუ კაი, გათავდა, აწი ერთად უნდა დავბერდეთ მე და იგიო”. ამავე აზრის იყვენ ჯერანის დედაც და დაც. იმათი ფიქრით, მელანიას ფეხზე უკუღმა მიდიოდა მათი ოჯახი, მავნე სულიც იყო მათი რძალი, მაგრამ ბედმა აგი შეგვახვედრა და აწი რაღა ეშველებაო, - ფიქრობდენ ისინი. ხშირად თვალყურსაც ადევნებდენ რძალს - არ გაიპაროსო.
IX
ერთ დღეს ხვარამზე და მისი ქალი სხვაგან წავიდენ და მელანია მარტო დარჩა სახლში. მაისის ბრწყინვალე დღე იყო. მელანიამ, რაც საჭირო იყო, მიალაგ-მოალაგა სახლში, შემდეგ გამოიტანა სკამი და დაჯდა აივანზე. ის დიდ სიამოვნებას გრძნობდა, რომ ამ წამში მაინც მას არავინ უთვალთვალებდა. ასეთი თავისუფალი წამები, მას შემდეგ, რაც გათხოვდა, იშვიათი იყო მის ცხოვრებაში. აივნიდან ჩანდა აჭარის მთა, რომლის წვეროები აქა-იქ ჯერ კიდევ თოვლით იყო დაფარული და თვალის მომჭრელად ბრწყინავდა მზის სხივებში. მთას გადაღმა ცას რაღაც მკრთალი, მიბნედილი ფერი ედო. მელანია დიდხანს უყურებდა ამ სურათს და ფიქრობდა: - „ნეტაი ამსვა და იქინეი, იმ მთის გადაღმა, დამსვა! რა კაი იქნება! მოშორდი ამ წვალებას, ამ ვაი-ვაგლახს! ვინ იცის, იქინეი რა ანბავია, მარა მაინც, რაც უნდა იყოს!.. ამაზე ვარესი ხომ არ იქნება! მარტო აქაურობის მოშორება რათ ღირს!..” ამ ფიქრებიდან მელანია გადავიდა იმ ფიქრებზე, რომლებზედაც ასჯერ გაუტეხია ძილი: „გევიპარვი აქედან, დევიკარქვი საცხაო”.
ამხელად ერთი კიდევ დიდხანს იტრიალა მისმა ფიქრებმა ამ კითხვებზე და ბოლოს გადწყვიტა: „გევიპარვი, გევიპარვი და დროიც ახლა მაქო”.
ამ გადაწყვეტილებით მელანიამ ამოალაგა თავისი ზანდუკიდან ტანისამოსი, რაც საჭირო იყო, ჩაიცვა; ახალი წუღები, ქარვა და ბეჭედი, რომლითაც ის პირველად დანიშნა ქმარმა, გაჯავრებით ჩააბრუნა ზანდუკში: „აგი არ მინდაო”; ის კაბაც დატოვა, რომელიც ჯვარისწერის დღეს ეცვა: „არც აგი მინდაო”; დასინჯა ყუთში რაღაც წვრიმალი ნივთები, ამოიღო უმარილის სადაფი. „ამას წევიღებ, ნენაის ნახელავიაო”; მერე ნახა თითბრის სათითური, „ამასაც, - ბაბაის მოტანილიაო”; ჩაიდვა ჯიბეში თეთრი ძვლის სავარცხელი, „ჩემი აფხანაგი ფოტინაის ნაჩუქარიაო”. ბოლოს დახურა ყუთი ამ სიტყვებით: „მეტი არაფერია შიგ, არც მინდაო”. ის ჩქარობდა, რომ დედამთილს და მულს არ მოესწროთ, ან სხვა გარემოებას არ შეეშალა ხელი განზრახულის აღსრულებაში. რამდენიმე წამის განმავლობაში საქმე მზად იყო, წასვლის მეტი აღარა აკლდა რა. მაგრამ ეგ წასვლა არ იყო ადვილი.
მელანიამ დაიკავა ხელში მოკრული ფუთა და დაჯდა ლოგინზე. „რა ტყუილად მოემზადე!” - თითქოს ვიღაცამ გარკვევით ჩასძახა მას გულის ყურში. დიდხანს იყო მელანია დაფიქრებული, ბოლოს დადვა მოკრული ფუთა ლოგინზე და თქვა: „არა, ამას ვერ ვიზამო”. მას გაახსენდა თავისი მული და დედამთილის სიტყვები: „მიწაში, ქვესკნელში რომ ჩაძვრე, იქიდან ამოგათრევს შენი ქმარი და მაშვინ უყურე შენს სეირსო”. გაახსენდა ისიც, რომ ერთი მათი მეზობლის ქალი დაჭერილი მოაყვანია მამასახლისმა და ჩააბარა ქმარს. გაგონილი ჰქონდა მელანიას ის შემთხვევაც, რომ ერთმა გლეხმა მიაგნო სადღაც ქალაქში თავის ცოლს და დამბაჩით მოკლა. „უშველოს ღმერთმა, ყაძახი იგი ყოფილა, ასთე უნდოდა იმისთანა ბოზ დედაკაცსაო”, - ამბობდა ამ შემთხვევის გამო ხალხი. ხმა გამოვიდა, რომ პოლიციამ მოუწონა გლეხს ეს მკვლელობა და „ფიქრი ნუ გაქ შენ, ამიზა ციმბირში არ გაგზავნიანო”, - უთხრაო. ხვარამზე და მისი ქალი განზრახ უამბობდენ ერთმანეთს მელანიას გასაგონად სხვადასხვა შემთხვევას, თუ როგორ სარტიკად დაუსჯიათ ცოლი ზოგი თვითონ ქმარს, ზოგი სასულიერო მთავრობას და ზოგი პოლიციას, ქმრის სახლიდან გაქცევისთვის. ახსოვდა მელანიას ჯერანის მუქარაც: „იცოდე, რომ გეიპარო, შენიან, შენი ჭირისუფალიანა, ყველას ღორსავით დაგკლაო”. „ჩემი გულისთვის ბაბას, ნენას, ჩემ დებს და ძმებს მოკლავს”, - გაიფიქრა მელანიამ და ჟრუანტელმა დაუარა ტანში. გაახსენდა ისიც, რომ ქმრის ოჯახში ყველა ამას ეუბნებოდა: „შენ იმისთანაი გვარი გაქ, თუ თავი ხელათ იშონე, საკახპოში გეიქცევიო”. ეს შეწამება მელანიას შესახებ გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მელანიას ერთმა ბიძაშვილმა უგვირგვინოდ შვილი შობა და ბოლოს სადღაც გადაიკარგა. „გამაგრდი, არ გაუმართლო სიტყვა დედამთილს და მულს”, - ეუბნებოდა თავმოყვარეობა მელანიას. მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილს გარდა იყო ერთი რამე, რის გამოც მელანიას არ შეეძლო ქმრის სახლის მიტოვება და მართლაც ტყუილად მოემზადა გასაპარავად. ეს ანდამატი, რომელიც ასე იჭერდა და არ უშვებდა მელანიას ქმრის სახლიდან, გახლდათ პატარა ლუკა, ერთი წლის ვაჟი მელანიასი. პირველად წასვლა რომ გადაწყვიტა მელანიამ, ლუკასაც წაყვანას უპირებდა, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა: „აბა სად უნდა წევიყვანო, თვითონ მე სად მივალ, რომ არ ვიცი! ისევ გევიმაგრებ გულს. დავტიებ, კი გამიჭირდება, მარა რა ვქნა, მისდა უკეთესი იქნება; იგი ყველას უყვარს და მოუვლიანო”. ამრიგად ის აპირებდა ლუკას დატოვებას. მაგრამ როცა ყოველივე მოამზადა და შეხედა აკვანში მძინარე ლუკას, რომელიც ის იყო უნდა დაეტოვებია, გული რაღაც სიტკბოებით დაუამდა და მუხლები მოეკვეთა. „სხვაი ყველაი რომ აფერათ ჩავაგდო, ამას მაინც ვერ დავტიებ, ტყუილია, ვერ დავტიებ!” - გადაწყვიტა თავის გულში მელანიამ და წასაღებად მომზადებული ნივთები ხელახლა ჩააწყო ზანდუკში.
ცოტა ხნის შემდეგ გაიღვიძა ბავშვმა. მელანიამ საჩქაროდ ამოიყვანა იგი, მიიკრა მკერდზე, თან ძუძუს აძლევდა და კიდეც კოცნიდა. ბავშვი კარგა ხანს მადიანად ჭამდა ძუძუს, შემდეგ გაძღა, დაეთხოვა და ახლა ეტიტინებოდა დედას თავის გაუგებარ ენაზე. მაგრამ ისე მჭერმეტყველურად გამოთქმული სანუგეშო სიტყვები ვერ ანუგეშებს ადამიანს, როგორც ეს გაუგებარი ტიტინი ანუგეშებდა მელანიას, ლუკა, მხოლოდ ლუკა ენთო იმედის ლამპარად მელანიას ტანჯულ გულში. მართალია, ჯერან ხშირად ამბობდა: „დედა რაა შვილის? დედა ტომარაია, მეტი აფერი. შვილი მამისაა, მამის გვარი ეთქმევა, კალონით შვილი მამას ერგებაო” და სხვა. ხვარამზე და მისი ქალი ლუკას ხუმრობით ასწავლიდენ: „დაატი, დაატი დედასო”, - ლუკაც ვითომ და სცემსო, უფაჩუნებდა თავის პატარა ხელებით დედას სახეზე, მაგრამ მელანია კი ჩაიკრავდა ამ დროს შვილს გულში და მხურვალედ ჰკოცნიდა. ეს იყო დედის სიყვარული შვილისადმი, რომელიც მაღლა დგას დედისთვის ყოველივე ცხოვრების ანგარიშზე. თუმცაღა თავის ლუკაზე ისეთ იმედებსაც ამყარებდა მელანია, რომლებიც უფრო ცხოვრების ანგარიშს ეხება, ვინემ უანგარო სიყვარულს: „აგერ გეიზდება ჩემი ლუკაი და მერე ტკპილათ ვიცხოვრებ, ავათ მოპყრობასაც ვერვინ გამიბედავსო”. მაგრამ ამ დროს რომ დაგერწმუნებიათ მელანია: „ლუკა როცა გაიზდება, შეგიძულებს, ჯერანზე უარესადაც მოგეპყრობა, გაგაგდებს კიდევაც სახლიდან, ჯობს ახლავე მოიშორო, მიატოვოო”, მელანია გიპასუხებდათ: „რაც უნდა მიქნას ლუკამ, მე მაინც ვერ მოვიძულებ, მაინც მიყვარს იგიო” და თან ისევ ისე მგრძნობიარედ ჩაკოცნიდა თავის პაწია ვაჟს. განა ცოტა იცოდა მელანიამ მაგალითები, რომ შვილი დედას ცუდათ ეპყრობოდა: სცემდა, სახლიდან აგდებდა, მაგრამ არც ერთს ამ მაგალითთაგანს არ შეურყევია სიყვარული თავისი პაწია შვილისადმი.
ერთი-ორი საათის შემდეგ სრულიად დამშვიდებულმა მელანიამ, მის მაგიერად, რომ, როგორც თვითონ ფიქრობდა, სამუდამოდ გამოსთხოვებოდა ქმრის ოჯახს და გადაკარგულიყო სადღაც შორს, დაიკავა ხელში თავისი პატარა ვაჟი და გადავიდა მეზობელ თეკლესთან.
თეკლე, რომელიც ერთ ადგილას ამ მოთხრობაში აქამომდეც გვყავს მოხსენებული, მოხუცი ქალი იყო, მეტად გულკეთილი, სოფლის დედაკაცს რაც შეეფერება, ჭკვიანი, გაგებული სიტყვა-პასუხის პატრონი. მელანიამ ადრე გაიგო, თეკლეს თანამგრძნობი კეთილი გული აქვსო და ორ-სამჯერ მასთან ლაპარაკის შემდეგ ისე დაუახლოვდა მას, რომ ყოველივე თავისი ხვაშიადი შეეძლო გაემხილა მასთან. „ღმერთმა აცოცხლოს ჩემი ნუგეშისმცემელი და მასტავლებელი თეკლე! იგი რომ არ ყოფლოყო, აქამდი, სხვაი თუ არა, წყალში გადავარდებოდიო”, - ამბობდა მელანია და, ცოტა არ იყოს, ხშირ-ხშირად დადიოდა თეკლესთან. რისთვისაც მას უწყრებოდენ მული და დედამთილი: „რაა, ნეტაი, სულ თეკლესას, სულ თეკლესას! შენს ოჯახში ეკალი ხომ არ ამოგსლია, რავაც მეიცლი, რომ მაშინათვე თეკლესთან მირბიო” - უწყრებოდენ, მაგრამ მელანია არ იშლიდა სიარულს, და უფრო სასტიკი ზომების მიღებას დედამთილი და მული არ ხედავდენ საჭიროდ, რადგან დარწმუნებული იყვენ, რომ თეკლე ცუდს არას ურჩევდა მათ რძალსა და თვითონაც ხშირი სტუმარი იყვენ თეკლესი, როგორც კარგი მეზობლისა. ხვარამზეს და მის ქალს თუ ეზარებოდათ თეკლესთან ხშირი სიარული რძლისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქმრის ოჯახის საიდუმლო არ გადაეცა მელანიას: „ვინც უნდა იყოს, ოჯახის საიდუმლო არ ითქმება მასთან, შენი ოჯახის ამბავი გარეშემ თავის დღეში ვერ უნდა გაიგოსო”.
- რა შვილი გყავს, მელო, რა შვილი! ამის დედამ ყოლიფერი უნდა ეიტანო, - უთხრა თეკლემ მელანიას მისვლის დროს, გამოართვა ბავშვი ხელიდან და ჩაკოცნა.
- მართალს ჩივი, თეკლე, უნდა ევიტანო, მარა ნამეტარი მომძულდა თავი, ქე ვიფიქრებ მე ცოდვილი, არც შვილის ჯავრი მაქ, არც რაი, თავს ვუშველი-მეთქი. დღეს რაცხა ისე მომექცა გული, რომ პაწია დამაკლტა, კაღამ... - მელანიას ტირილმა მოუსწრო და ვეღარ დააბოლოვა სიტყვა.
- კაღამ რაი?
- კაღამ გადვირიე, კაღამ გევიჭერი საცხა! - თქვა მელანიამ, რომელიც ცდილობდა ზრდილობა მოეხმარა და სხვის ოჯახში არ ეტირა.
- გადირიე, ქალო, რას ქვია გაჭრა! აგერ ანგელოზსავით შვილი გეზდება. მოითმინე პაწია და მერე ისე წავა შენი ცხოვრება, რომ ღმერთს მადლოდე.
- ღმერთმა შენი თავი, ნუ მომიშალოს, თეკლე, სულ გულს მიკეთებ და მაიმედებ, მარა ნამეტარი გლახა ყოფაში ვარ; ათასნაირათ კი მევინდომე შეფერება და არ იქნა.
- მართალია, შვილო, ძალიან. გასაჭირი საქმეა! რას ჩივი. სხვისი და სხვისი შვილი ჯერ ერთმანეთს ვერც ქე იცნობენ, ისე შეხთებიან ცოლ-ქმარათ! თუ იღბალმა ქნა და კაი თვალზე შეხედეს ერთმანეთს, იგია, ქე იცხოვრებენ, თუ არა. ძნელია! ნამეტარი ძნელია! მარა სულგრძელობის მეტი არაფერი გეეწყობა. ხომ იცი, შვილო, თუ ერთი დეისკვნა, მერე ცოლქმრობა აღარ დეირღოვა. შენ კიდო რა გიჭირს! რამდენი შენზე ვარესი მინახავს და გამიგონია, ჰმ! მარა რას იზამ, ასეა ჩვენი რჯული, სიცოცხლეში ცოლ-ქმარი ვეღარ მოსცილდება ერთი მეორეს. შენ გგონია, შენს ოჯახს უხარია ასე ყოფნა, გადაკიდული რომ ხართ? იგინიც წუხლარიან, მარა რა ქნან? რამდონჯელ უტირია შენს დედამთილს ჩემთან, - თავობიდან იმას ვცთილობდი კარქათ ვყოფილიყავით, ტკპილათ ვყოფილიყავით ოჯახში და არ იქნაო. ერთი გზობა შენმა ქმარმაც მითხრა, ჩემი ჯანი ოჯახის კეთებას შევალიე, კარქა ვიცხოვრებ-მეთქინ, ვფიქრობდი, მარა რაცხა ესე მეირთო ჩემი საქმე, რომ აღარ იქნაო. ასეა, შვილო, იგინიც არ არიან ავი სულიერები, ჩვენ ქვეყანას იგინზე უკეთესი პირის და სამართლის ადამიანები არ მეიძებნება. მარა რაცხა ესე უკუღმა მოეწყო საქმე, იგინს შენ არ უყვარხარ და შენ იგინი! ძალიან ძნელია ასე ყოფნა, მარა ახლა მოთმენის მეტი აღარ გიეწყობა. შენი კაი ქალობა იგი იქნება, მეითმინო და შუუფერო, ამასობაში, იგია, შვილიც გამოგეზდება, იგინიც გულს დეიდუმებენ და ესე კარქა წავა შენი ყოფნა, რომ შენც არ მიელოდე! აბა რავა გგონია, თუ იცი? მერე კიდევ, რაც ქალს ამისთანაი შვილი გყავს, ამის დედამ ყოლიფერი ტანჯვა უნდა დეივიწყო! აგი, ანგელოზი! - თეკლემ კიდევ ჩაკოცნა ბავშვი.
- სტორეთ, სტორეთ, თეკლე, აგი ანთია ჩემ დაღამებულ გულში სანთლით, აგი რომ არ მყავდეს, რა ვიცი, რას ვიზამდი, - უთხრა მელანიამ თეკლეს და ჩაიკრა შვილი გულში.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს თეკლემ და მელანიამ. თეკლე გადავიდა სხვადასხვა ამბებზე. იმდენი რაღაც გასართობი ძველი და ახალი უამბო, რომ მელანია კმაყოფილი გულით და დამშვიდებული სულით დაბრუნდა შინ.
X
ზაფხულის ღამე იყო, მაგრამ უმთვარო და მოღრუბლული. ხანდახან გაანათებდა ელვა და სადღაც შორს-შორს გაისმოდა ქუხილის გუგუნი. საწვიმრად მომზადებულ ბუნებაში მძიმედ ჩასძინებოდა სოფელს. ჯერან ტევრიძის ოჯახში ყველას ეძინა. გარდა მელანიასა. ეს უკანასკნელი კი წამომდგარიყო ლოგინიდან. ჩვეულებრივად შემოედგა თავზე ხელი და ნიდაყვი დაებჯინა თავის ზანდუკზე; ელვაზე დაინახავდით, რომ ლოგინის მეორე მხარეს ეძინა ჯერანს. მხოლოდ ამათი ვაჟი - ლუკა აღარსად ჩანდა.
„რაც უნდათ, იგი თქვან მერე!” - ჩაიფუჩუნა მელანიამ და განაგრძო ნაჭერ-ნაჭერად ფიქრი, - „გული არ გეიტეხო, რას ქვია, ჯერ კიდევ ბაღანაი ხარ, ეგება იმისთანაი ბედნიერება მოგელის, რომ შენ ბედს ძაღლმა არ დაჰყეფოსო”, მითხრა თეკლემ. რა კაი გულისაა! ყველა უბედური ანუგეშოს უნდა. კაია ნუგეში, თუ გწამს... მარა მე აღარ მწამს... წევიდა იგი დროი, რომ ვფიქრავდი, აი დღეს, აი ხვალ უკეთესათ შეიცვლება ჩემი ყოფნა-მეთქინ!.. რა კაია ბაღნობა!.. რაზე გამახსენდა ახლა ბაღნობა?.. რავაც კაი ტკბილი სიზმარი, ესე მახსოვს ჩემი ბაღნობა... იმ ღამეს რომ სიზმარი ვნახე, ვითამ მე ნიკოს ცოლი ვიყავი, ახალი სახლი გვქონდა, ჩემი ლუკაი თეთრი პერანგით თამაშობდა ეზოში. ვითამ ჩემი და ნიკოს შვილი იყო. რავა სიყვარულით მიმზერდა ნიკო! მაინც სიზმარში ხანდახან ყოლიფერი ესე კარგათ არის, რომ ცხადათ თავის დღეში არ იქნება... მარა იმ ღამეს საშინელი სიზმარი ვნახე! კლტეი იყო, დაბლა ზღვასავით ბნელი იდგა. რაცხამ გადამაგდო და წევედი უფსკრულში. არსა აღარ იყო ფსკერი, მივფრიალებდი ესე. რა შემეშინა!.. რომ გევიღვიძე, სული შემგუბებოდა. ნეტაი რაა სიზმარი? ნენამ მითხრა, კაცს რომ დიეძინება, სული გაფრინდება და იგიაო. მერე ნიკოს ცოლი რომ არ ვყოფილვარ მე, რეიზა დამესიზმრა?.. რა კაი იქნებოდა, ნიკოს ცოლი რომ ვყოფილიყავი, მარა ვინ იცის? ეგება ქე შეგვძულებოდა ერთი მეორეს. ბევრი ქნილა ამისთანაი... არა, ტყუილია! ერთი გზობა თუკი გიყვარდა კაცს, იმას მერე ასთე მაინც ვერ შეიძულებ. რავარც მე ვძულვარ ჩემ ქმარს. ოცჯელ კი მითხრა - შენ არ მოკტები და სხვაი ყველაო. მართალია! იმას მერე ვითამ და რავაღა ვარ ცოცხალი!.. ღმერთმა იცის, ათასჯელ კი მინატრია სიკტილი. არ მოვკტი! რაა ახლა აგი, ყოლიფერი რომ გამახსენდა? რაღათ მინდა ახლა აგინი? მესამე გზობაა აგი რომ მემართება: ვფიქრავ, ვფიქრავ, ყოლიფერი გამახსენდება და ბოლოს აღაფერი! იმ დღესაც ასთე დამემართა - ვფიქრე, ვფიქრე, ბოლოს ფიქრით მოღალული მივედი წყლის პირზე, შემეშინა და ქე დავბრუნდი შინ. ერთი უწინ კიდევ მევიტანე ფიშტო - მქონდა, მქონდა ხელში, ვეღარ გავბედე და ისევ შევინახე. ნახავ, ახლაც ასე თუ არ დამემართოს!.. ამისთანა დროს ფიქრი ვის გუუგონია! უცფათაი უნდა... და გათავდა! მახსოვს, ბაღნობას ცოფიანმა დამსუნა. მომიტანეს ცოფის წამალი, მარა არ იქნა ვერ დავლიე და ვერა. რავაც მივიკარებდი პირთან, გულზე წამომაზიდებდა და ვერ დავლევდი. არ დამელია, საშველი არ იყო. ბოლოს მივედი, უცფათაი დავხუჭე თვალები და გადვუშვი პირში. გათავდა, სულაც არ იყო ისე საშინელი, მე რომ მეგონა... რა კაია ბაღნობა! მე და ნიკო რომ დავპარპალდებოდით ქედში წაბლიზა! ბაღანაის გული სამოთხეა! - ერთი გუშხამ მესიზმა კიდევ: მე და ნიკო ვითამ ესევე ბაღანაი ვიყავით და ერთათ ვთამაშობდით. ესე ტკპილათ კი გამომეღვიძა მაშვინ; რომ!.. ნეტაი არ გამომღვიძებოდა!.. ღმერთო, რა და რას მოვყვები!.. ვის ეწყინება? ნიკოს ეწყინება, ეგებ კიდეც ატირდეს. ნეტაი ერთი მანახვა ახლა! ჯერ ცოლი კიდევ არ შეურთავს თურმე. ნენას, ბაბას, დებს, ძმებს? უწინ ყველას ვუყვარდი და მას მერე ყველამ შემიჩვენა. რამდონი ხანია თვალაი აღარ შემივლია არც ერთიზა! ნეტაი იგინს თუ ენატრება ჩემი ნახვა, რავაც მე იგინის? რა სულელი ვარ! თუ ენატრეაბოდეს, ვინ დუუშლიდა! რომ შევსძულდი, შევსძულდი ყველას! რეზა შეცთიო? რა ვიცი, რეზა შევცთი! ისე იყო ჩემი საქმე მოწყობილი და შევცთი! თლათ იგინია დანაშაული ჩემ შეცთომაში! არა ვითამ? აბა მე ვარ? რა ვიცი, გეიგებს კაცი, ესეა მოწყობილი ჩვენი ყოფნა!.. ნეტაი ლევანს თუ ეწყინება? არა, იმას არ ვუყვარდი, თვარა არც ისე მომიძულებდა! მე ამ დღეში ჩამაგდო, თვითონ ცოლი შეირთო და არის ტკპილათ!.. მატყუებდა მიყვარხარო! ვითამ და რა უნდა ექნა? მე ხომ ვერ შემირთავდა ქმრიან ქალს? ესე წევიყვანე საქმე? ჯერანს რომ, კაი, გადავრჩენოდით, კანოლი არ გაგვიშობდა. ძალიანი უბედურათ არის ქალის საქმე! ყაძახის ქალი ნამეტური დაჭირულია! ჯერ დედ-მამაა შენი ბატონი და მერე ქმარი! ხმაის ნება არც ერთთან არ გაქ! რომ განწვალონ, მაინც იმათ ხელში უნდა დარჩე, სანამდი ცოცხალი ხარ! აბა, სხვაი რა გაგივა? გეიქცევი? რა გამოვიდა მერე? რამდონი გეიქცა, მარა ზოგი დაჭერილი მეიყვანეს, ზოგი ქმარმა მოკლა და ზოგი ჭირმა დაალპო. თაობიდან არის ყოლიფერი უხეიროთ მოწყობილი და იგია!.. რათ მინდა ახლა, ამას რომ ვფიქრავ! დასწყევლოს ღმერთმა, ერთი ფიქრიდან მეორეს გავყვები და მერე აღარ გათავდება! ფიქრი? ფიქრს რა გაათავებს! ფიქრი მაშვინ გათავდება!.. მაშვინ ყოლიფერი გათავდება!.. რამდონზე ვაგვიანებ, იმდონზე ვარესია. ცოფის წამალი რომ არ დავლიე, იმის არ იყოს, უცფათაი დაჭუტე თვალები და გათავდა!” მელანია ნელა წამოდგა ლოგინიდან და გაჩერდა.
„ვაიმე, მაშინდულა გული მისუსტდება და მიკანკალებს!” - ჩაიფუჩუნა და დაუმატა: „არ შემიძლია!” ხელახლავ დაჯდა ლოგინზე. დაჯდომის დროს ლოგინმა თუ იატაკმა დაიჭრიალა, ჭრიალზე ჯერანმა გაიღვძა და „ვაიშვილოო”, დაიძახა ზმორებით. მჯდომარე არ დამინახოსო, გაიფიქრა მელანიამ, დაწვა და წაიხურა თავზე საბანი, თითქოს სძინავსო.
მართალია, ჯერ არაფელი მითქვამს მის შესახებ, რომ იმ ხანად ჯერან ტევრიძის ოჯახში ორი სამწუხარო შემთხვევა მოხდა. რადგანაც მისი დაწვრილებით აწერა მეტად გააჭიანურებდა ჩვენ მოთხრობას, მოკლედ გიამბობ, მკითხველო, ამის შინაარსს.
{{ArticleSplitCont}}
***
ერთ ყმაწვილ კაცს, ჯერანის ახლო მეზობელს, ძლიერ მოსწონდა მელანია. „რაცხა იმფერი ეშხიანია, იმისთანაი საყვარელი ენა აქ, რომ მისი გულიზა დადნებიო”, - ფიქრობდა მელანიას შესახებ ეს ყმაწვილი და თან ძლიერ ემდურებოდა ბედს, რომ მელანია მას არ შეახვედრა ცოლად. ერთ საღამოს მელანია ძროხების მოსადენათ წავიდა. მაისის იაკამა დარი იდგა: მწვანე ბუჩქებით და ტყეებით დამოსილ ბუნებას გულის დამატკბობელი შეხედულება ედვა. მელანიას უყვარდა ბუნების ამნაირი მდუმარება. მის დაღონებულ გულს რაღაც ერთგვარი სიტკბოება ედებოდა, როცა უმზერდა საღამოს ლურჯი ცის ქვეშ დადუმებულ მწვანე ქედებს, ბუჩქებს და პატარ-პატარა მინდვრებს, აქა-იქ ყანებით აჭრელებულს. ის მიდიოდა ნელი ნაბიჯით და თან ესიყვარულებოდა ბუნებას. გაიარა ვიწრო, მწვანე მინდორი; გავიდა პატარა მდინარეზე, რომელიც, თითქო რაღაცას ლაპარაკობსო, ისე ჩუმი, საიდუმლო დუდუნით გარბოდა წვრილი, შავი ქვით მოფენილ კალაპოტში. აუარა გვერდი ყანას, რომელშიაც ლურჯ-მუქის ფერ ზღვასავით გადაშლილიყო ახალამოსული სიმინდი; უკანასკნელ, მელანია შევიდა ერთ ბუჩქნარში, რომელშიაც მიდიოდა ძლივს შესამჩნევი ბილიკი. როცა მიაწია იმ ადგილს, სადაც ბილიკი ორად იყოფოდა, მელანიას შემოესმა ფოთლების შრიალი. „სუ, ძროხა თუა!” - იფიქრა ქალმა, შეჩერდა და გაიხედა იქით, საიდანაც შრიალი მოესმა. მაგრამ ძროხის მაგიერ ბილიკზე გამოვიდა ლევან (ის ყმაწვილი, რომელსაც მელანია მოსწონდა) და მორცხვად უთხრა მელანიას:
- საღამო მშვიდობის.
ხშირ სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ ყმაწვილი კაცის გული ძლიერ მღელვარებდა. მელანიას თუმცაღა ცოტა გაუკვირდა, „რას უცდიდა აი კაცი აქანაიო”, მაგრამ მღელვარება კი არ შეუმჩნევია.
- ჩემი ძროხები ნახე ეგება? - ჰკითხა მან ყმაწვილ კაცს და როცა პასუხად მიიღო: „ეგერაა ყველაყაი, გადაღმაო”, აპირებდა წასვლას, მაგრამ ლევანმა გადაუღობა გზა და ხმის კანკალით უთხრა:
- შენთან სიტყვა მაქ.
- რა სიტყვა? - ჰკითხა გაკვირვებულმა მელანიამ.
- იგი სიტყვა, რომ დევიწვი კაცი, შენმა მზერამ დამწვა! - მღელვარებით უთხრა ლევანმა და სახეზე ალმური მოედვა.
მელანიასათვის ეს სიტყვები სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც კი სწრაფად უპასუხა ლევანს:
- ლევან, თუ კაცის ნამუსი გაქ, დამეთხუე! ყოლიფერში უბედური რომ გამუა ადამიანი, მე ვარ! ჩემ სიცოცხლეში იმისთანაობა გულში არ გამივლია და შენ მაინც გიფიქრია, ვითამც მე იმნაირი ქალი ვიყო!
- ვერ დაგეთხოვი! ვიცი, მიუკარებელი ხარ, მარა მაინც ვერ დაგეთხოვი!
- აბა, რას აპირობ, ძალას? აბა, ჰა, გაბედე თუ კაი ბიჭი ხარ! - მუქარით უთხრა მელანიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ლევამა მოჰკიდა ხელი და უთხრა:
- ვერ გაგიშობ, ჩემი გულის ამბავი თუ არ შეგატყობიე, ისე ვერ გაგიშობ!
- იცოდე ლევან, თავს შემოგაკლავ და საიმგვაროთ არ დაგნებდები! - თავგანწირულებით მიუგო მელანიამ.
- იმას არა, ისთე, ტყუილაი, თითო პირს შენთან ყოფნის ნებას მომცემ?
- არა, ლევან, გაფიცებ, ხელი ეიღო ჩემგან!..
- თითო პირი ტყულაი, ესე ერთათ ყოფნა და ლაპარაკი?
- ღმერთო! მოდი ჩვენსას და იყავი ვინ გიშლის?
- თქვენსას ვერა, თქვენსას რომ მუალ, შემოხედვასაც ვერ ვბედავ, სადმე სხვაგან.
- მერე რაი, რა გვაქ სალაპარაკო?
- მე მაქ, - თუ ვინმე გიყვარს, სულ იმასთან იყო და ილაპარაკო გინდა კაცს. შენ მიყვარხარ, ტყვია მომხთეს ამ გულში, თუ ჯერ ესე მყვარებოდეს ვინმე, რავაც შენ!
- რეიზა, ლევან, სხვას ყველას ვძულვარ და შენ რა ჩემმა უბედურობამ შეგაყვარა ჩემი თავი? ან რათ გინდა ჩემი სიყვარული?!
- რა ვიცი, კი გაჩდა ამ გულში და, რა ვიცი! შენ გულს... შენ გულს არაფერი შეუტყვია? - ამ კითხვის დროს, ცოტა დააკლდა, კინაღამ ცრემლები არ გადმოსცვივდა ლევანს თვალებიდან.
მელანიამ შეხედა და მოაგონდა ნიკო მოახლიშვილი. ნიკომ იცოდა ასე მგრძნობიარედ შემოხედვა, როგორც ახლა უმზერდა მას ლევან. ამ მოგონებამ ცოტაოდნად მოალბო მელანიას გული.
- ჩემი გული რას შეიტყობდა? მე მიმაჩნიხარ ესე, რავაც ერთი კაი მეზობელი.
- მეტი არაფერი? რა ცრუობა ყოფილა, რომ იტყვიან, გული გულს იცნობსო. ახლა მითხარი, მაძლევ თუ არა ნებას თქვენსას არა, სამე სხვაგან, ჩემს მეტი რომ არ იყოს ესე?
- ლევან, ტყულაი ერთათ ყოფნით და ლაპარაკით შენ არაფერი გაგიკეთდება და რომ შეგვიტყონ, ჩვენ არჩივ ქვეყანას ქე დააქცევენ. ხომ იცი, ჩვენი ოჯახის ამბავი!
- ვერ შეგვიტყობენ, ვერა! ნუ მომკლავ! მითხარი, კი-თქვა.
- ღმერთო! ლევან, არ ჯობს, დამიჯერე!..
- სამშაბათს აქანაი დაგხთები.
- ნუ, ლევან, თვარა ბოლოს შენც გეწყინება რეიზა ვქენი აგიო!..
- სამშაბათს ამ დროზე, მაძლევ თუ არა სიტყვას?
- არ ვიცი, ეგება ქე მევიდე, ნამდვილს ვერ გეტყვი.
- კაი, თუ გული გიზამს, მომატყუე. ჩემდა თავათ სამშაბათს აქანაი გიცთი, იცოდე.
ამ სიტვებით დაშორდენ იმ დღეს ლევან და მელანია ერთმანეთს! „ნამდვილათ მუალ-მეთქინ ხომ არ მითქვამს. არც მივალ”, - ფიქრობდა პირველად მელანია და უნდოდა დავიწყებოდა ის შემთხვევა, ლევანის იმდღეინდელი შეხვედრა. მაგრამ არ იქნა, არ ავიწყდებოდა. წინააღმდეგ, ატყობდა, რომ, იმ დღიდან მოწყებული, მის გულში რაღაც ცვლილება მოხდა: რაღაც აშინებდა, თან რაღაც უხაროდა. ერთ ღამეს დაესიზმრა, რომ ლევან და ის ეხვეოდენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ ნახა სიზმრად - თითქო ლევან იგივე ნიკო მოახლიშვილი იყო და ისე უყვარდა, რომ ისეთ მძლავრ სიყვარულს ენით ვერც კი გამოხატავს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში მელანიამ გადასწყვიტა არ მისულიყო ლევანთან პაემანზე. მაგრამ მოაწია თუ არა პაემანის დღემ, მელანიამ შესცვალა თავისი გადაწყვეტილება: ის ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე წავიდა ძროხების მოსადენად, რომ ლევანს შეხვედროდა დანიშნულ ადგილას. როცა ლევანმა უთხრა მას: „აბა მოვეფაროთ იქით და პაწა ხანს ვილაპარაკოთო”, მელანია თანახმა გაუხდა, მხოლოდ ეს კია, რომ ჯიბიდან ამოიღო პატარა ყვითელტარიანი დანა, აჩვენა ლევანს და უთხრა:
- აა, ხედავ ამას? იმისთანობა რომ რამე იფიქრო და ძალით მომერიო, შენ თუ ვერა, ჩემ თავს შენ თვალწინ დევიკლავ.
- იმ დღესაც გითხარი მიყვარხარ და შეყვარებულთან ძალადობას, აბა, რავა იზამს კაცი! მხეცი ხომ არ ვარ! - უპასუხა ლევანმა გულწრფელად.
კარგა ერთ საათს ისხდენ მელანია და ლევან ერთად. ლევან უამბობდა, თუ პირველი გაცნობისთანავე როგორ „სხვაფერათ შეექნა გული მასზე”, თუ როგორ ესიზმრა ერთ ღამეს, ვითომ მელანია მისი ცოლი იყო და სხვა ამგვარებს. მელანია გაჩუმებული უგდებდა ყურს და მხოლოდ ხანდახან იტყოდა თითო-ოროლა სიტყვას: „მერე”, „ჰო”, „კი” და სხვა ამისთანას. მაგრამ ლევანის საუბარმა, რომელშიაც ისმოდა გულწრფელობა და უტყუარობა, საკმაოდ იმოქმედა მასზე. მოშორების დროს ლევანმა და მელანიამ კიდევ დანიშნეს პაემანი, კიდევ შეხვდენ ერთმანეთს, კიდევ ბევრი ილაპარაკა ლევანმა თავის გრძნობებზე. მელანიამ მეორე ნახვის დროს მხოლოდ თავის სიზმრები უამბო ლევანს. განმეორდა ასეთი პაემანი და ნახვა რამდენიმეჯერ. ყოველი ნახვის შემდეგ ლევან უფრო და უფრო ვრცელ ადგილს იჭერდა მელანიას გულში. მელანია დარწმუნდა, რომ ლევან ერთადერთი ადამიანი იყო მისთვის, რომელთანაც შეეძლო გამოეთქვა თავისი გულის პასუხი. მართალია, მელანიას ასეთ ადამიანად ლევანის გაცნობამდე თეკლე მიაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლევან გაიცნო, დარწმუნდა, თეკლეს ისე სრულიად არ შეეძლო მისი გულის გაგება, როგორც ლევანს. ლევანი და მელანია თითქოს ხედავდენ კიდეც ერთმანეთის გულს, ისინი მარტო სიტყვით კი არა, თვალებითაც ელაპარაკებოდენ ერთმანეთს, გაეგებოდათ ერთმანეთის გრძნობები და თანაუგრძნობდენ ერთმანეთს. ამნაირი ერთმანეთის გაგებით და თანაგრძნობით უნდა აიხსნას ის, რომ მელანიას შეუყვარდა ლევან. ახლა მელანიასთვის ის წამი იყო ნეტარების წამი, როცა ლევანს უმზერდა. ის აღარ ემუქრებოდა ლევანს, „იმგვარობა არ იფიქრო, თვარა დანით დევიკლავ თავსაო”. ლევან რომ გაგიჟებულიყო და დანით მოენდომებია მელანიას დაკვლა, მელანია ყელს უჩვენებდა. „აჰა, დამკალ, თუკი შენ გაამებ ამითო”. ლევან და მელანია სრულიადაც არ ფიქრობდენ იმაზე, თუ რა შედეგი უნდა ქონებოდა იმათ სიყვარულს. მხოლოდ, ხანდახან მელანია კი ეტყოდა ლევანს: „წევიყვანოთ ჩემი ლუკაი და საცხა გადავიკარქოთო”. ლევანსაც უნდოდა მელანია საკუთარი მისი გამხდარიყო, თავისუფლად შესძლებოდა მასთან ტრფიალი, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო მისთვის: ჯერ რომ ჯერან არ გადაარჩენდა ცოცხალს ასეთი შეურაცხყოფისთვის. ეს, ვთქვათ, კიდევ არაფერი. ლევან კარგი ვაჟკაცური გულის და ღონის პატრონი იყო და არ შეუშინდებოდა ამ დაბკროლებას, მაგრამ სასულიერო და საერო კანონები, ხალხისაგან ლანძღვა-კიცხვა, ნათესავებისაგან წყრომა და სიძულვილი - ესენი ყველა მათ დაუწყებდა დევნას. თუმცაღა ლევან ერთი უსწავლელი გლეხი იყო, მაგრამ ესენი ყველა მაინც კარგად ესმოდა მას და ამიტომაც მელანიას ასე პასუხობდა: „არა, ჩემო მელო, ასე ქურდულათ ვიყოთ, უკეთესია, თვარა რომ გევიქცეთ, მოგვაგნებენ, მთლათ მოგვაცილებენ ერთმანეთს. და მაშინ რაღაი!“ ისე კი ლევანმა გადასწყვიტა თავის გულში: ცოლს არ შევირთავ, რაღამც მელანია შემიყვარდაო.
ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მელანიას და ლევანს შორის ამგვარი ცხოვრება, რომ ხვარამზეს და მის ქალს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, ეჭვი არ აეღო რძალზე, - ვინცხა უნდა უყვარდესო. ამ იჭვის მიზეზად გახდა ის გარემოება, რომ მელანიას ძლიერ შეუყვარდა ძროხის მოსადენად მარტო წასვლა. „რაცხა კი მიეგულება იქით, რომ ესე უხარია ამ ბოლოს ძროხიზა სიარული”, ფიქრობდა, ერთ დღეს, როცა მელანია ძროხების მოსადენად წავიდა, მულიც გაჰყვა უკან ჩუმად.
- რა ნახა დღეს იგი ჩემა დასაფსებმა თვალებმა! რეზა არ დამიდგა თვალები იმის ნახვამდი! - შეილაპარაკა სახეგაფითრებულმა ელისაბედმა სახლში, როცა დაბრუნდა.
- რა იქნა, ციცავ? მითხარი რა ამბავია, თვარა აგია გამისკტა გული! - მიაგება თავის ქალს პირში ხვარამზემ, რომელმაც დიდი მოუთმენლობა იცოდა ამისთანაობაში.
ელისაბედმა უამბო დედას, თუ როგორ ისხდენ მათი რძალი და ლევან ერთად ბუჩქნარში.
- მივარდნოდი და ფრჩხილით დამეგლიჯა ორივე, გული არ მიშლიდა, მარა იქინეი ჩემი ყოფნა რომ შიეტყვენ, ჩვენი გამბახებელი რძალი შინ აღარ მევიდოდა, მომკლავენო და საცხა გეიქცევოდა, მაშვინ მთლათ თავი მოგვეჭრებოდა ქვეყანაში! - დააბოლოვა ელისაბედმა თავისი სიტყვა.
ხვარამზეს ისეთი თავზარი დასცა ამ ამბავმა, რომ დიდხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას. როცა ცოტაოდნათ დამშვიდდენ, ხვარამზემ და მისმა ქალმა არჩიეს და გადასწყვიტეს, რომ ეს გარემოება გააგებიონ ჯერანს. მაგრამ ესეც ძლიერ საშიში საქმე იყო: ჯერან მოკლავდა ცოლს და მაშინ ხომ სულ დაიღუპებოდენ. საჭირო იყო, რომ ამ ამბის ჯერანთან გამხელის დროს, ორი-სამი მოკეთე და კაი მეზობელი დაესწროთ. ვინიცობაა, თუ ჯერან თავისი ცოლის მოკვლას დააპირებდა, ესენი არ დაანებებდენ, ჩამოდგებოდენ ცოლ-ქმარს შორის მოსაშუალედ, შეარიგებდენ და მერე, როცა ჯერანი სიტყვას დადებდა, არ მოვკლავო, იცოდენ, რომ აღარ უმტყუნებდა თავის სიტყვას.
მოსაღამოვდა. მელანიამ მოდენა ძროხები და დაამწყვდია ქალტაში, მერე მობრუნდა და დაუწყო სიყვარულობა თავის ლუკას. მეტისმეტ კარგ გუნებაზე იყო. იჭვადაც არ იცოდა, თუ რა ამბები ჰქონდათ მის გამო მის დედამთილს და მულს. მართალია, ეს უკანასკნელები ისე უყურებდენ მას, თითქო შეჭმა უნდათ მისიო, მაგრამ სიტყვით კი არას ეუბნებოდენ და ამიტომ ვერ მიხვდა მათი გამომეტყველების აზრს. ათასჯერ უნახავს ამათ სახეზე ასეთი გამომეტყველება. მოვიდა ჯერანიც ყანიდან. ხვარამზემ გადაიარა და მოიყვანა სამი კაცი, რომლებსაც წინდაწინვე გაანდო, ასე და ასეა საქმეო. შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში როგორც ხვარამზეს, ისე მის ქალსაც. არ იცოდენ, რით გათავდებოდა ეს საქმე. მაგრამ რა ექნათ? მათი ფიქრით, ისინი მოღალატენი შეიქნებოდენ ჯერანის წინაშე, რომ არ გაემხილათ - ცოლი გღალატობსო.
ხვარამზემ გაიხმო ჯერან გარეთ და სახეგაფითრებულმა, ხმის კანკალით გაუმხილა ყოველივე, - თუ როგორ ნახა ელისაბედმა მელანია და ლევან ერთად და სხვ. თითონ მელანია ამ დროს პატარა სახლში იყო და ვახშამს ამზადებდა. ჯერანს ისეთი სახე დაედო, რომ იფიქრებდით - ცოფდება და ბნედა ემართებაო. ის ხმაამოუღებლივ შევარდა სახლში, ჩამოიღო თოფი და დააპირა გარეთ გავარდნა. მაგრამ მას ეცენ ხელში განზრახ ამ საქმისთვის მოწვეული მეზობლები და, როგორც იყო, აართვეს თოფი. ჯერან ეხლა მივარდა დამბაჩას, იგდო ხელში, ერთი ლომივით დატრიალდა, შემოიცილა გარს ყველა, მაგრამ კარებში ხელახლავ შებოჭეს. მხოლოდ ეს კი, რომ არ იქნა, დამბაჩა ვერ წაართვეს ხელიდგან.
- გამიშვით! გამიშვით! - გიჟივით ყვიროდა ჯერან, მაგრამ მეზობლებს მაგრად ეჭირათ ხელში და ეუბნებოდენ:
- გადაირიე, ბიჭო?! თავს იღუპავ! შენსგამეტს არ დამართია ამისთანაი თუ? ციმბირში გაგგზავნიან! დედა და დაი მაინც აღარ გეცოდება?
ამ ხმაურობაზე მოვიდენ სხვა მეზობლებიც, რომლებითგან ზოგი ეხვეწებოდა ჯერანს, დადუმდიო, ზოგი უწყრებოდა: „ჩვენც კაცი ვართ, დაგვიჯერე, თვარა ბაწრით შეგკრავთ და ისე გამყოფებთო”, ზოგი უსახელებდა მაგალითებს - ამა და ამ კაცებს დაემართათ შენსავით, მარა ცოლი არ მოუკლავსო. ქალები კი მელანიას შემოეხვიენ და ერთ შავ დღეს აყენებდენ: „ცხენის ძუაზე ჩამოსაკიდი ხარ, მიწაში უნდა ჩაძვრე, რავა გაბედე ასე ქვეყნის დაქცევაო” და სხვა. მელანია კი ეგდო მიწაზე და ტიროდა. თავის გასამართლებლად ერთ სიტყვასაც ვერ ახერხებდა. უკანასკნელ, თან მოქანცულმა და თან მეზობლების რჩევით გონზე მოსულმა ჯერანმა გააგდო დამბაჩა ხელიდან. ამის შემდეგ სამ დღეს კიდევ მალავდა თეკლე მელანიას თავის ოჯახში. მეოთხე დღეს მეზობლები ჩამოდგენ მოსაშუალედ და შეარიგეს ჯერანს ცოლი.
ამის შემდეგ წაიშალა ჯერანმა ხელი ცოლზე საცემრად, დაავიწყდა, რომ ამბობდა: „ცოლს ვინც გალახავს, იგი კაცათ არ მიხსენებიაო”. აიმიზეზებდა რაღაც უმნიშვნელო საბაბს, მოავლებდა მელანიას თმაში ხელს, დასცემდა მიწაზე და ამოიყრიდა ჯავრს. ხვარამზე და მისი ქალი ეცემოდენ ჯერანს ხელში დასაკავებლად, მაგრამ რას გახდებოდა ორი სუსტი ქალის ძალა გალომებულ ვაჟკაცთან! ხანდახან პატარა ლუკა იხსნიდა დედას ცემისაგან: ის გააბამდა საშინელ ტირილს და ყვირილს, როცა დედას მიწაზე დაცემულს დაინახავდა. ჯერანსაც მოულბებოდა გული შვილის ტირილზე და დაეთხოვებოდა მელანიას. მელანია დანაშაულად გრძნობდა თავს და ამიტომ ემორჩილებოდა ქმრის სისასტიკეს. ფიქრადაც აღარ მოსვლია იმ შემთხვევის შემდეგ ქმრის სახლიდან გაქცევა, ან კი სად უნდა წასულიყო? მისმა მშობლებმა როცა შეიტყვეს - ჩვენს ქალს ქმრისთვის უღალატიაო, წყევა-კრულვით გამოეთხოვენ მას. მელანია ყოველთვის ტირილს დაიწყებდა, როცა გაახსენდებოდა მამის სიტყვები: „თავი მომჭარი ამ სიბერის დღეს, მარა ჩემმა თვალმა აღარ გნახოს ამას იქით! შენ დღეის იქით აღარ გყავს არც დედ-მამა და არც და-ძმებიო”. მართალია, მელანია ძლიერ იშვიათად დადიოდა მშობლების სახლში; ხანდახან მამა თუ ინახულებდა თავის ქალს, თვარა სიდედრი, ცოლის დები და ცოლის ძმები დათხოვნილი ჰყავდა ჯერანს თავის სახლიდან, მაგრამ მელანიას მაინც დიდ იმედად მიაჩნდა ისინი. ახლა ყველა დაჰკარგა! ლევანის ნახვა ხომ აღარ შეეძლო და არა მელანიას. ხვარამზე და მისი ქალი ახლა კარზე აღარ უშვებდენ რძალს მარტო. თვითონ ლევანსაც ხომ ასეთი დღე დააყენეს მშობლებმა: „რავა გაბედე ქალის შეყვარებაო”; მერე მოუნახეს საცოლე და თითქმის ძალად დააწერინეს ზედ ჯვარი. ამ უკანასკნელმა გარემოებამ სულ მთლად მოხარშა მაინც მელანიას გული. მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა.
არ გაუვლია ზემოაწერილი შემთხვევის შემდეგ ორ თვეს, რომ მეორე თავზარდამცემი შემთხვევა მოხდა ჯერან ტევრიძის სახლში: ჯერანის ვაჟი ლუკა მოკვდა ყელის ტკივილით ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, „კისერბატონებით”. ლუკას სიკვდილმა, რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მწარედ დააგლოვიარა. ხვარამზე დღე და ღამე არ ისვენებდა ტირილისაგან; ელისაბედ ყოველ დღე მოიტანდა ლუკას პერანგს, რომელიც თავისი ხელით შეუკერა და აყრიდა ზედ ცრემლებს; ჯერან ცოცხალ-მკვდარი დადიოდა და ყოველ წამში ოხვრით ამოიძახებდა: „ვაიმე, შვილოო”. მაგრამ მელანიას მწუხარება სულ სხვა იყო. მელანიასთვის შვილის სიკვდილით მოისპო ყოველივე ნუგეში; მას შემდეგ ის ხშირად ეკითხებოდა თავის თავს: „რაღაიზა ვარ ცოცხალი? რეიზა არ გავყევი ჩემ ლუკასო”. მართალია აიმედებდენ. მეტადრე თეკლე: „ნუ გეშინია, ჯერ კიდო ბაღანაი ხარ, ასე ქვია, შვილსაც მიესწრობი და ყოლიფერ სიკეთესო” მაგრამ მელანიასთვის ახლა აღარ ჰქონდა ამ სიტყვებს მანუგეშებელი ძალა; ცხოვრების უკუღმართობამ ასწავლა მას ყოველივესთვის ეჭვის თვალით ემზირა. ოჯახი კი ისე უყურებდა მელანიას, თითქო ამ უკანასკნელს მოეკლას თავისი შვილი. „შენმა ცოდვამ და ურჯულობამ დააქცია ჩვენი ოჯახიო”, - ეუბნებოდა მას ხან მული და ხან დედამთილი. „შენ არ მოკტები, თვარა სხვაი ყველაიო”, - რამდენჯერმე უთხრა ქმარმა. „ვითამ რა დასაქცევი ყოფილა იი სიკვტილი! ვისაც არ უნდა, იმას კლავს და ჩემისთანა უბედურს არ ეკარებაო”, - ფიქრობდა მელანია. სცადა თითონ მოეღო ბოლო თავის თავისთვის, ერთჯერ წყალში გადავარდნა დააპირა, მეორეჯერ დამბაჩით აპირებდა თავის მოკვლას, მაგრამ ვერ გაბედა ვერც ერთი.
***
იმ ღამეს, რომელიც ჩვენ ამ თავის დასაწყისში მოვიხსენიეთ, მელანია მეტის მეტად აიტანა შავმა ფიქრებმა, ის რამდენიმეჯერ წამოდგა ლოგინიდან რაღაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ ვერ ბედავდა.
შუაღამე გადავიდა. ქუხილი და ელვა მატულობდა. ბოლოს დაუშვა ზაფხულის მსხვილი წვიმა, რომელსაც საშინელი გრიალი გაჰქონდა ყავრით დახურულ სახლზე. „რა წვიმაა! - დაიწყო მელანიამ ფიქრი, - ამისთანაი წვიმა რომ იქნებოდა, ჩემი ლუკაი მკითხავდა, ნენა ლაა იიო. ნეტაი თუ ვნახავ ჩემ ლუკას? ბაღნები ანგელოზებში ურევიაო. მე ვინ მიმიშობს მასთან! იგიც კაია, შორიდან თუ დევინახე. ვინ იცის, ეგება ტყუილაი ვატყუებ თავს, აფერი არაა! სტავლულებმა თურმე, - არააო. ეგება იმისთანაი ბნელი უფსკრულია, მე რომ იმ ღამეს მესიზმა. წახვალ შით, წახვალ, ხელის მოსაკიდი არ გაქ და ფეხის!.. რას ვფიქრავ? თვითონ ვნახავ, რაც არის... შენ არ მოკტები და სხვაი ყველაიო!.. ეგება დასტურ არ მოვკტები! არა, ცრუობაა, ყოლიკაცი მოკტება... სუ! მგონია მამალმა იყივლა, თუ ტყულა მომეყურა? მალე, თვარა დამათენდება თავზე! ამეღამ თუ არ იქნა, მერე აღარ იქნება... აა, შენ გლახავ, ჩემო თაო! შენგამეტს არ უქნია თუ? ცოფის წამალზე რომ ვქენი, ესე თვალები დავხუჭე, გააქანე ხელი და გათავდა!.. იმისთანაი წვიმაა, რომ კაცი ვეფერს გეიგონებს. მერე ქე გეიგონონ, თუ გინდა, რა მენაღვლება! სიფრთხილე კია საჭირო, ასვლაზე არ დამინახოს. რას დეინახავს, სძინავს” - ამ სიტყვებით მელანია ხელახლა წამოდგა ლოგინიდან, სწრაფად მივიდა ქმრის თავსასთუმალთან, ფრთხილად აიღო დამბაჩა და წამოიღო თავის ზანდუკისკენ. ჯერანს ეძინა. „ამით მიპირობდა ჩემი ქმარი მოკვლას! ნეტაი მოვეკალი”, - გაიფიქრა მელანიამ და დაჯდა ლოგინზე. რამდენიმე ხანს კიდევ მძიმედ იყო ჩაფიქრებული, მერე ასწია თავი: „ასე უნდა, მგონიაო, - თქვა, შეაყენა ჩახმახი ფეხზე, - აბა, მაშვინ რომ ვქენი, ესეო”, - ჩაილაპარაკა და მიიდვა დამბაჩა გულზე. მაგრამ გააჟრჟოლა და ხელახლავ ჩამოიღო ხელი. ერთი-ორი წამის შემდეგ ხელახლავ მიიდვა, დახუჭა თვალები და სწრაფად მოსწია დამბაჩის ფეხი.
დამბაჩის ხმამ გააღვიძა ჯერან, რომელსაც ეგონა, მეხი დაეცა სახლსო, და გაღვიძების დროს დაიყვირა: „აუ, დააქცია მეხმა სახლი!” წამოვარდენ ლოგინიდან ხვარამზე და ელისაბედიც, ამათაც ასე ეგონათ, მეხი მოხვდა სახლსო.
- რეიქნა ქიაფი? - დაუწყო ჯერანმა ძებნა სპიჩკას.
- რა ვიცი, თქვენ გქონდათ იქინეი, - გამოსძახა ელისაბედმა ძმას და შემდეგ
გაჯავრებულმა, რომ მისი რძალი ხმას არ იღებს ასეთ დროს, დაატანა:
- დედაკაცო, რომ გატყვირე ახლა სული, შენ ვერ მონახავ ქიაფს?
- ამას სხუმის როის ქონდა ოჯახის ჯავრი, ახლა რომ ექნება! სახლი კაღამ დაგვექცა თავზე და ამას ყურიც არ გუუნძრევია! - თქვა მწყრომიარედ ჯერანმა, რომელმაც ამასობაში ნახა სპიჩკა და აანთო.
სინათლეზე გამოჩნდა მელანია, რომელიც ზანდუკის სიახლოვეს დაცემულიყო იატაკზე და მკერდიდან სისხლი გადმოსდიოდა. მის სიახლოვეს ეგდო დაცლილი დამბაჩა, ოთახში იდგა თოფის წამლის სუნი. ჯერანმა მორთო ყვირილი. შემოვარდენ ხვარამზე და ელისაბედ მეორე ოთახიდან და ამათაც მორთეს წივილ-კივილი. დიდხანს ყვიროდენ და კიოდენ. მაგრამ რადგანაც საშინელი წვიმა იყო, ამათი ხმა მეზობლებმა დილამდე ვერ გაიგონეს. როცა მეზობლები მოვიდენ და ნახეს - მელანია ტყვიით არის მკვდარიო, - მოილაპარაკეს ერთმანეთში: აგი რომ დავმალოთ, სისხლის სამართალში მიქვცემენო. შეატყობინეს მამასახლისს. ამ უკანასკნელმა გაგზავნა რაპორტი, სადაც რიგი იყო. მოვიდენ ექიმი და გამომძიებელი, შეამოწმეს მელანიას გვამი და მისცეს ხალხს მისი დამარხვის ნება. ჯერან კი დაიჭირა გამომძიებელმა და გაგზავნა სატუსაღოში. - როცა დამტკიცდება, თვითონ მოიკლა თავი და შენ არ მოგიკლავს, გაგათავისუფლებენო, - უთხრა მას წაყვანის დროს.
***
გავიდა ხანი. ჯერან ციმბირში გაგზავნეს, რადგანაც ვერ დაამტკიცა, რომ მისმა ცოლმა თვითონ მოიკლა თავი. მეტადრე დიდი მნიშვნელობა იქონია ჯერანის საქმეში იმ გარემოებამ, რომ ჯერან ერთ დროს უპირებდა თავის ცოლს მოკვლას. ელისაბედს ხომ დიდი ხნიდან ეტყობოდა ჭლექის ნიშნები. ძმის დაკარგვამ სულ მთლად მოუღო ბოლო მის სიცოცხლეს. სამ წელს იყო ჭლექით ავად, შემდეგ მოკვდა. ხვარამზე რამდენიმე თვეს მოსთქვამდა და ტიროდა შვილებს. მერე დატოვა სახლ-კარი და სენაკში დადგა. მხოლოდ ხადახან ჩამოვიდოდა დაყრუებულ ოჯახში, თითო პირს იტირებდა და ხელახლავ წავიდოდა. ბოლოს საბრალო ჭკუიდან შეიშალა და ვისაც შეხვდებოდა, ეხვეწებოდა - ჩემი ჯერანის საცოლოთ ერთი კაი ქალი გამომირჩიეთო. კარგა ხანს იყო ამ ყოფაში და ბოლოს ეშველა - მოკვდა.
უპატრონოდ დარჩენილი ჯერანის ოჯახი გაინაწილეს ჯერანის ახლო ნათესავებმა. წაიღეს ბეღელი, ნალია, პატარა სახლი და სხვა, რაც კი რამ მოიხმარებოდა. მხოლოდ ოდას კი არავინ ჰკიდებდა ხელს, რადგანაც ჭლექიანი ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, ხველიანი მოკვდა შიგ. გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ მუშტარი არ გამოჩნდა: ამიტომაც ადგილზე ლპებოდა ეს კოპწია, ოროთახიანი სახლი. ჯერანის ნათესავებს შორის საცილოდ გამხდარი ეზო კი გავერანდა.
აი, ეს გახლავს, ჩემო მკითხველო, იმ პარტახის ისტორია, რომლის სურათი ამ მოთხრობის დასაწყისში შეგხვდათ.