"რა კარგია, რომ ამ ყველაფერს ვწერ და ვიცი, შენ წაიკითხავ, ათასჯერ და უფრო მეტად გაგეჩხირება ბურთი ყელში..." ნიკა ფაიქრიძე ახალგაზრდა მსახიობი და პოეტია. მას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს (იხილეთ სტატია)
"რა კარგია!
რა კარგია, რომ გყავს, გეიმედება, გიყვარს, სულ მუდამ გეფიქრება და იცი, რომ ისეთი შენია, ვერავინ და ვერაფერი შეგედავება, სიტყვას ვერ გეტყვის, ენა არ მოუბრუნდება. ისეთი შენია, ისეთი ღრმაა და ისეთი უძირო... რა კარგია, რომ ერთი სისხლი გაქვთ და თუ არ გეზარება, აბეზარი ბავშვივით უშრომ ამ სისხლს, ათას სისულელეზე ათას უაზრობაზე, წვრილმანზე და კაპრიზზე...
რა კარგია, რომ იცი, არსებობს, იბრძვის, ცოცხლობს და დიდდება, ყოველდღე, ყოველ წამს, შენთვის, სხვისთვის, თავისთვის, ბრუნავს, ბრუნავს, ვერ ისვენებს და წინ მიიწევს...
რა კარგია, და რომ გყავს, საფიქრალი, საზრუნავი, იმედი, შენი ჭირის და ვარამის გამზიარებელი, სულ შენს გვერდით... ამაყ და ძლიერ კედელთან... რა კარგია, ღმერთოო, რა მშვენიერია...
რა კარგია, როცა კაცი იხდენს დედ-მამიშვილს, თავის ჯილას, თავის მოდგმას, თავის საწყისს, რამდენი რამ არის კარგი დედამიწაზე, ვინ მოთვლის და რა ენა იტყვის, რა თვალი აღწერს და რა გული გაუძლებს....
რა კარგია, რომ ახლა შენზე ვწერ, რომ არსებობ, ასე უცებ უკიდეგანოდ გაზრდილი და გავსებული, ათასი მადლით, ათასი ნიჭით და ათასი ფერით... ათასი საოცარი უნარით და თვისებით. სანთლით რომ ვეძებო ყველა ეგ თვისება, რაც კი გაქვს, ვერსად ვერავისში ვერ ვიპოვნი, ალბათ მართლა ათასი წელი დამჭირდება და სულ სულ უაზროდ - იმდენად ჩემი ხარ, რომ ვერავინ შეგედრება...
რა კარგია, რომ ამ ყველაფერს ვწერ და ვიცი, შენ წაიკითხავ, ათასჯერ და უფრო მეტად გაგეჩხირება ბურთი ყელში, ეგ ბურთია შენი ჩემი და ჩვენი სინდისი, ნამუსი, გნებავს სიყვარული, ზრუნვა და ყოველივე კეთილშობილი გრძნობა, რომელსაც ვატარებთ, ავად თუ კარგად, მაგრამ ვატარებთ... შენი გულის ამბავი რომ ვიცი, დიდი ალბათობით და ღრმა ეჭვით თვალებიც ცრემლიანი გექნება, ყველაზე ერთგული თვალები დედამიწაზე - ჩემთვის, რა თქმა უნდა, უღალატო, წრფელი და ნათელი... ერთ დროს ყველას და ყველაფერს რომ ეჭვის თვალით უყურებდა და ყველა რომ ხუმრობდა - ნეტა ეს გოგო ქართველი თუაო...
რა კარგია, რომ ქართველი ხარ, გიყვარს სამშობლო, ოჯახი, მეგობარი, ნათესავი, ქუჩები, ხეები, ათასი უცხოც გიყვარს და გადამთიელიც, ასე ვართ მეც, შენც და ჩვენი ჯიში ზოგადად. რას ვიზამთ, რაც გვაქვს, ეგააა, და თუ რამე გულს გვტკენდა, ეგ უაზროდ და უსასრულოდ დიდი სიყვარულის უნარი...
რა კარგია, რომ მადლიერების გრძნობა მაქვს შენს მიმართ და ვამბობ - მადლობა, დაო, ჩემო სიამაყევ, დიდი მადლობა, მე შენ მიყვარხარ და სულსა და გულში მყავხარ...
და ბოლოს - რა კარგია, რომ ისე დამილაგებ ყველაფერს, ვერაფერს ვერ პოულობ, ისეა დაწკრიალებულია ყველაფერი ჩემს სახლში, ჩემივე ნივთების მერიდება, არ შევაწუხო და არ ავრიო... რა კარგიაა...
ნ.ფაიქრიძე"