"ჩემი მასთან ურთიერთობის 27 წელი, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე ბედნიერი პერიოდია, რომელიც აღარასდროს შემობრუნდება..." ჟურნალისტ ნინო ახალაძეს სულ ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა საყვარელი ბებო. მისი სიტყვები, ბებოსადმი მიძღვნილი, იმდენად თბილი, გულწრფელი და ადამიანურია, ჩავთვალეთ, რომ თქვენც გაგათბობთ და გაგახსენებთ საყვარელ ბებოებს:
"87 არ ყოფილა საკმარისი!..
ჩემი მასთან ურთიერთობის 27 წელი, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე ბედნიერი პერიოდია, რომელიც აღარასდროს შემობრუნდება...
ბავშვობის ყველაზე ადრინდელი მოგონებები სწორედ მას უკავშირდება, როდესაც ძილის წინ, თეთრებში გამოწყობილი, თეთრქუდიანი, თეთრ ცხენზე მოსეირნე ლამაზი ქალის შესახებ თავის გამოგონილ ზღაპარს მიყვებოდა, რომ ამ სიქათქათის და მშვენიერების განცდით ჩამძინებოდა... სულ ბოლო, რამდენიმე კვირის წინანდელი ყველაზე მძაფრი მოგონება ისევ მასთან მაბრუნებს: ოთახში წითელი კაბით შევედი... შემომხედა და უკვე შედარებით დასუსტებულმა დაიწყო: "Ваше платье цвета маков..." - შემდეგ თავს ძალა დაატანა და სანამ ლექსის ბოლო სტრიქონიც არ გაიხსენა, არ დანებდა... არც დანებდებოდა! მებრძოლი იყო. ადამიანი ვაჟკაცი უნდა იყოს, სულ ერთია, ქალია თუ კაციო, ამბობდა... მას შემდეგ, ამხელა ძალის მომცემი ფრაზა არც არავისგან გამიგია... ზოგადად, ჩემდაუნებურად, მისი იმდენი ფრაზა აღმოჩნდა ჩემს ყოველდღიურობაში შეუმჩნევლად დამკვიდრებული, რომ ახლაც ვერ ვხვდები, მე მოვტაცე ისინი მას, თუ - პირიქით.
ჩვენთვის ოტა იყო, თუმცა მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი იყო, ვისაც სრულ სახელად გენიოტა ერქვა. ერთხელ, მემაწვნე მოვიდა კორპუსთან დილით, როგორც ჩანს, სახელი ზუსტად ვერ გაიხსენა, მაგრამ ასოციაციურად დაუძახა ფანჯარაში, "გენიოსაააოო!" ასეთ შთაბეჭდილებას ახდენდა პირველივე სიტყვით, პირველივე ნახვით და იმიტომ...
მხოლოდ ჩემთვის კი არ იყო 87 წლის მაინც გ ო გ ო, მისი 8 წლის მეზობელი ბიჭუკაც ამბობდა, რა კარგი გოგოა ოტაო.
ამოუვსებელი, გამოუთქმელი, საზღვრის არმქონეა ეს დანაკლისი, რომელსაც ბოლომდე ვერც ფასადური ღიმილი ფარავს და ვერც ყოველდღიურობა აუფერულებს...
ვულოცავ ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის ბედნიერება ერთხელ მაინც ხვდა წილად!
გული მწყდება ყველაზე, ვინც მას არ იცნობდა...
ჩემგან კი... მადლობა იღბალს იმ 27-წლიანი ზეიმისთვის, მისი შვილიშვილობა რომ ერქვა..."