" როგორ გგონიათ, ვინ არის დამნაშავე ამ დროს: მხოლოდ დედა? - არა! დამნაშავე ვართ ყველა!" როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით მისმა გაზრდილმა შვილმა ამიხსნა: "ჩემს გარშემო ვისაც ფიზიკურად სჯიდნენ, ყველა კაცი გამოვიდა, ვისაც ანებივრებდნენ - ქურდი და ყაჩაღი!" აი, თურმე რა იგულისხმებოდა მკაცრად აღზრდაში!
ეს იყო სრული შოკი!
თავიდან ვცდილობდი საპირისპირო დამემტკიცებინა მათთვის და ვიშველიებდი პირად მაგალითებს: როგორ მეგობრობდა ჩემთან დედა, როგორ ვანდობდი მას ყველა ჩემს საიდუმლოს, როგორ უსიტყვოდ ვკითხულობდი დედაჩემის ერთ შემოხედვაზე მის აზრებს. მამაჩემის კი, რომელსაც ხმა არასდროს აუწევია ჩემთან, ისეთი რიდი მქონდა, მის გაბრაზებას ყველაზე მძიმე სასჯელი მერჩივნა.
სულ ტყუილად - როცა ადამიანს არ სურს გაგება, როცა მისი გონება და ფსიქიკა გაუცნობიერებელი სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფება, საპირისპიროს მტკიცება უაზრობაა, წყლის ნაყვაა.
გინახავთ შიშისგან დამფრთხალი ბავშვის დაფეთებული თვალები? - ნანახი გექნებათ, ქართულ რეალობაში ეს ისეთი ხშირია, "ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს"-ავით ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა.
არაერთხელ შემხვედრია დედა, რომელსაც ქუჩაში ხელჩაკიდებული პატარა მოჰყავს, ის რაღაცას ითხოვს, ჭირვეულობს, ტირის. დედა კარგა ხანს ყურადღებას არ აქცევს (რაც ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია), მოგვიანებით კი, როცა შეწუხდება, ბოლო ხმაზე უყვირის, ეჩხუბება და არც თუ იშვიათად წამოარტყამს კიდეც.
და როგორ გგონიათ, ვინ არის დამნაშავე ამ დროს: მხოლოდ დედა? - არა! დამნაშავე ვართ ყველა! მგონი, მიზეზის ახსნა საჭირო არ არის...
გვერდზე გადავდოთ ის ფაქტორი, რომ ფიზიკურად დათრგუნული ადამიანი სოციალურად არასრულფასოვანი, კომპლექსებით დახუნძლული და პოტენციური მოძალადეა და ამ ყველაფერს შევხედოთ ზუსტად იმ დაშინებული ბავშვის დამფრთხალი თვალებით... განაგრძეთ კითხვა