"ამ ნაძვის ხემ იცის ჩემი ცრემლებიც და ის არაამქვეყნიური სიხარულიც, ოთხი წლის მერე სხეულში რომ ბავშვი გამოჩნდა..." ყველა დაწვა და მარტო დარჩენილმა ჩემი ნაძვის ხე გადმოვაჩოჩე. ჩემსას ვეძახი, იმიტომ, რომ ბავშვები ვერასდროს მიხვდებიან, ამ ერთი ციდა ნაძვის ხეში ჩემი რამდენი ოცნებაა ჩატეული. ჰოდა გადმოვიღე და რამდენიმე მორჩენილი სათამაშოთი მოვრთე. არ გადამიგდია... არც არასდროს გადავაგდებ. ამ ნაძვის ხესთან ერთად რამდენ ახალ წელს შევხვდი... რამდენი ახდენილი ოცნება მაქვს უკვე... თავისზე ათჯერ დიდი ოცნებები და ფიქრები დაიტია... ჯერ იმ დროიდან ვართ ერთად, საკუთარი ჭერი რომ არ გვქონდა... ძლივს რომ ვიყიდეთ ეს ნაძვის ხეც და სათამაშოებს წლიდან წლამდე ვამატებდით, არადა, განა რამდენი უნდოდა ამ ერთი ბეწოს. ამას შენი და ჩემს გარდა ბევრი ვერც გაიგებს ალბათ...
იმ დროიდან არის ჩვენთან, როცა ერთმანეთს და საკუთარ თავებს ვამხნევებდით უკეთესი მომავლის იმედით... როცა არაფერი გვქონდა, როცა შვილიც კი სანატრელი იყო და მაინც გვჯეროდა. მაინც გვწამდა, რომ სანამ ერთმანეთს მოვუსმენდით, სანამ ერთად ვიქნებოდით, ყველაფერი გამოვიდოდა. ასეა, როცა სხვისთვის უფრო გინდა რაღაც, ვიდრე საკუთარი თავისთვის, შეიძლება დრო დასჭირდეს, თორემ ყველაფერი გამოვა.
ამ ნაძვის ხემ იცის ჩემი ცრემლებიც და ის არაამქვეყნიური სიხარულიც, ოთხი წლის მერე სხეულში რომ ბავშვი გამოჩნდა. როცა სახლი ვიყიდეთ, როცა ცხოვრება კუს ნაბიჯით, მაგრამ წინ მიიწევდა... არავინ იცის, რა იქნება მომავალში, წინსვლა თუ უკუსვლა, ორივესთვის მზად ვარ, მარა მე ერთი დღეც არ დამვიწყებია წარსულიდან. მე და შენ მაგალითი ვართ, როგორ არ უნდა დაკარგო იმედი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ არ უნდა გადაირწმუნო ღმერთის და როგორ უნდა დაელოდო შენი წილი ცხოვრების მოსვლას...
მე ეს ნაძვის ხე მიყვარს ყველაზე მეტად... ამიტომ ვინახავ... მალე ახალი წელია და ალბათ სულ ცოტა ერთი ახდენილი ოცნებაც შეგვემატება... მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, როცა აღარაფრის სჯერათ, რომ სასწაულები ხდება, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ უნდა გიყვარდეს შენი გაჭირვებაც და დალხინებაც... არასდროს შეგრცხვეთ, თუ დაკემსილი კაბა გაცვიათ, მთავარია სუფთა იყოს და სუფთა გულს ეცვას ზედ...
სენტიმენტები შემომაწვა... აქ ბევრი ხართ, ვინც ჩემთან ერთად გაიარეთ ჩემი სევდაც და სიხარულიც, ვინც გვერდით მყავდით სულ და ვინც დღემდე მეიმედებით... მადლობა ყველას, რომ ხართ... და მინდა სულ იყოთ... და ეს ნაძვის ხეც ჩემთან ერთად დარჩება სანამ ვარ, როგორც ჩემი ახდენილი ოცნებების დასტური...
თამარ ბარბაქაძე