"იშვიათად, ძალიან შინაურებს ვუჩურჩულებდი - გოგო ვარ, მარა მაბიჭებენ" - ერთი მხიარული ქართული ამბავი
"იშვიათად, ძალიან შინაურებს ვუჩურჩულებდი - გოგო ვარ, მარა მაბიჭებენ" - ერთი მხიარული ქართული ამბავი
ამ სახალისო ამბავს მადონა თედორაძე იხსენებს, ქართულის ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც ბევრი თაობა ჰყავს აღზრდილი, თუმცა ბოლო წლებია ემიგრაციაშია, გასაგები მიზეზების გამო. ქალბატონი მადონა ხშირად იხსენებს წარსულ ამბებს, რომლებიც საქართველოსთან აკავშირებს და ხანდახან მისი მოგონებები ძალიან საინტერესოა ხოლმე:


"აი, ფაქტიც დაიდო...
ჰოდა ასე, ბეწვზე ვარ გადარჩენილი!
მეოთხე ქალი რომ შეეძინება სვან და მართლა ვაჟკაც კაცს, რომელმაც მეზობლის კაცებში საქმე "ჩააწყო'' და იმათ ფრიდონი და ტარიელი დაარქვეს თავიანთ პირმშოებს... მე უთუოდ ბიჭი
ვიქნებოდი და თავისი საყვარელი გმირის სახელიც უნდა ეწოდებინა - ავთანდილი.
გავაწბილეთ...
მედარდებოდა ეს. ბავშვობიდან მაწუხებდა. აბა, სხვა რითი შეიძლებოდა ამ საქმის გამოსწორება ჩემგან (რაა ბავშვი!)..
წარმოუდგენელი მცდელობა მქონდა, ვაჟკაცი ვყოფილიყავი - რომ ეთქვათ, მამას ჰგავს, მასავით ძლიერია და უშიშარიო. ის, რომ სიბნელე, ძაღლი, ტკივილი, გაჭრა, იოდი, დაცემა და მისთანანი არ უნდა შემემჩნია, ტირილი რა სახსენებელია!
დავდიოდი კოსტიუმებით, ჩოხა-ახალუხით, თმა - პოლბოქსი.
იშვიათად, ძალიან შინაურებს ვუჩურჩულებდი - გოგო ვარ, მარა მაბიჭებენ.

გაუჭირდათ ამ თამაშიდან გამოსვლა უფროსებს. სასკოლოდ მამზადებდნენ და არ ვთმობდი კაცობას. ციხით, ჯარით, ომით მაშინებდნენ. არ გაჭრა. მამამაც ვერაფერი მომიხერხა.

დეიდაჩემს აღმოაჩნდა სხვა ალღო და გუმანი - ერთი შვინდისფერი ხავერდის კაბა იყიდა, ისეთი
ფუშფუშა, რომ დააყენეს და დადგა მაგიდაზე.
ჩავიცვი, დავდექი სარკესთან და აი, იმ დღეს დავიბადე ხელახლა გოგოდ (გარეგნულად მაინც)...
ალბათ შვიდი წლისამ ვნახე ზოია კოსმოდემიანსკაიაზე ფილმი.
სახლში მოსულმა უფროს დებს (ტყუპებს) გამოვუცხადე: - რაც არ უნდა მაწამოთ, ჩემს ხმას ვერ გაიგებთ-მეთქი!
იხელთეს დრო - დაღლილი იყვნენ ჩემი თავგასულობით: - გავცემდი ბრძანებას და მაცმევდნენ, მაჭმევდნენ, მიტარებდნენ ჩანთას. მატარებდნენ ზურგით.
ჰოდა, ახლა იხელთეს დრო მასხარებმა და დაიწყო ნამდვილი წამება...

რა მირტყეს! დამცემენ - წამოვხტები! გამარტყამენ- ვუშვერ მეორე მხარს. დამაწიწკნეს თმები. ისინიც პატარები იყვნენ, შევიდნენ აზარტში და იხოცებიან სიცილით. ვდგავარ ქვა და რკინა. მტკივა რომელია - მგონი ნამდვილ ზოია კოსმოდემიანსკაიას არ გადაუტანია ამდენი. ძლივს ვიკავებ ტირილს. ვიგუდები. ისინიც იგუდებიან სიცილში.
დედამ შემოგვისწრო. საწყალი ჩემი დები! (აქ წაშლილი მაქვს მოგონება)...

წისქვილმა ფიქრი იცისო? ემიგრაციამ იცის ფიქრი და მოგონება...

აი, ეს უკვე იმ ჯადოსნური კაბის ჩაცმის შემდგომი სურათია..."
mshoblebi

5415
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
lia
0
გაიხარეთ! სამწუხაროა, რომ თქვენ ახლაც არ ზრდით მომავალ თაობას!
17:01 / 05-03-2018
მსგავსი სიახლეები
```