"8 ოქტომბერს გნახე ბოლოს... წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ" - დედის წერილები გუგას ციხიდან...
"8 ოქტომბერს გნახე ბოლოს... წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ" - დედის წერილები გუგას ციხიდან...
ეს წერილები ციხეში მყოფმა დედამ დაუწერა თავის შვილს...

პატარა გუგას (გურამს)

წერილი პირველი
ბევრი წერილი მაქვს შენთვის მომზადებულო, ჩემო ერთადერთო. სამ წერილს მოგწერ, რომლებიც შენთვის სხვადასხვა დროს დავწერე...
8 ოქტომბერს გნახე ბოლოს... წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ეზოში სულ ორი წუთით გნახე... ჩემი ნაყიდი ცისფერი ტანისამოსი გეცვა, ცისფერი ქუდით. გაფართოებული თვალებით შემომყურებდი... ქვეყნად ვერავინ დამარწმუნებს, რომ ექვსი თვის ბავშვს არ გესმოდა, რა უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს.
ხმამაღლა ვტიროდი. პაწაწინა ხელებს გიკოცნიდი.
რუსუდანი და ბებო მამხნევებდნენ. მკერდი მტკიოდა, ის რძე მაწუხებდა, შენ რომ უნდა გეჭამა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი! არასდროს ვყოფილვარ სიკვდილთან ასე ახლოს. სამი ძვირფასი ადამიანი მაიძულებდა მოვბრუნებულიყავი მეორე ნაპირისკენ - სიცოცხლისკენ!

პატარა გუგას (გურამს)

წერილი მეორე
იმ საშინელი და ჯოჯოხეთური დღეების შემდეგ დღეს პირველად შეგხვდი, გუგა! ესეც ჩვენი პირველი პაემანი!
ბებოს ჰყავდი გულში ჩაკრული. მინდოდა პირველად შენ მოგფერებოდი, მაგრამ ბებოს და რუსუდანს ჩავეხუტე, შემრცხვა დედიკო, მათ იმდენი რამ გააკეთეს და გადაიტანეს ჩემთვის, რომ...
აი, თურმე როგორი ყოფილხარ: თეთრი, ქერა კულულებით, მოუსვენარი, ცელქი ბიჭი. საოცრად მაგონებ ჩემი ბავშვობის სურათებიდან მომზირალ ბავშვს... ბებომ ფეხსაცმელი და წინდა გაგხადა - ზუსტად ჩემნაირი ფეხის ტერფები გაქვს...
ლექსი მითხარი, მიმღერე, მომეფერე...
"დედა" მაინც არ დამიძახე! არადა როგორ გეხვეწა რუსუდანი...
ბებია და "რუსო-დედა" დაწყნარდნენ, მხნედ რომ დამინახეს. მე დავრწმუნდი, რომ ქვაზე და რკინაზე მაგარი ვარ, რომ თქვენთვის ყველაფერს გავუძლებ!

პატარა გუგას (გურამს)

წერილი მესამე
გამარჯობა, გუგა!
უკვე დიდი ბიჭი ხარ, სკოლაში დადიხარ, წერა-კითხვა და ანგარიში იცი, ინგლისურს სწავლობ! ბევრი გესმის და ბევრს გრძნობ.
მე შენზე ვუყვები ირგვლივ ყველას; კედლებზე "გამოფენა" მოვაწყვე შენი ნახატებისა და ნაწერებისა...
შენც თურმე ყველას უყვები ჩემზე - სკოლაში, ტაძარში, ქუჩაში... შენ ჩემი პატარა კაცი ხარ და დიდი იმედი; ჩემი სიცოცხლე შენში გრძელდება!
ჯერ კიდევ პატარა ხარ; როცა გაიზრდები, ბევრს შეიტყობ ჩემზე! შენ და მე, - ორი ზრდასრული, სერიოზული ადამიანი დავსხდებით და ვისაუბრებთ ყველაზე და ყველაფერზე, ჩემს ცოდვებზე, ცხოვრებაზე...
და ბოლოს, მინდა გთხოვო, დაიხსომე:
ყველა ადამიანში მზეა, ეცადე კარგი დაინახო; ეცადე სიკეთე აკეთო ისე, რომ სამაგიეროს არ დაელოდო. გიყვარდეს მტერიც და მოყვარეც! პირი არასოდეს მოარიდო გაჭირვებულებს..."
თამარ ბაშარაძე
3235
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
giorgi
0
რაზეა ეს ქალი დაჭერილი და რა ვითარებაში? სანამ არ გავიგებთ, ნურც კარგს ვიტყვით და ნურც ცუდს.
11:40 / 27-06-2018
:(
0
ნიანგის ცრემლები.... ეს ქალი არის მონსტრი... ცივსისხლიანი მკვლელი... არაა ეს გარეთ გამოსაშვები არაა!!!!
16:53 / 21-06-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი