"ეს რა წესია, ნიკას გაკვეთილზე, მოსწავლეებიან-მასწავლებლიანად იატაკზე სხედანო!" - არაჩვეულებრივი მასწავლებელი
"ეს რა წესია, ნიკას გაკვეთილზე, მოსწავლეებიან-მასწავლებლიანად იატაკზე სხედანო!" - არაჩვეულებრივი მასწავლებელი

მასწავლებელი


- რას ჰგავს ნიკას საქციელი, სულ გააგიჟა ისედაც გადარეული ბავშვებიო, - მეხივით გრგვინავდა დირექტორის ხმა.
- ასეთი მასწავლებელი ჩვენს სკოლას არ სჭირდებაო! - ჰყვებოდა დირექტორს სასწავლო ნაწილის გამგე.

***
ჩემი კლასი თითით საჩვენებელი იყო. თითით საჩვენებელი - კარგი კი არა, თითით საჩვენებელი - ცუდი. მაგრამ, ვინც ჩვენი კლასისკენ თითს ცუდად გამოიშვერდა, ძირში ვაჭამდით. ბიჭებიც და გოგოებიც, ყველა ერთი ჭკუისა შევიყარეთ - გაკვეთილებს არ ვსწავლობდით, მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ ვაძლევდით. სკოლას არ ვაცდენდით და შატალოზეც იშვიათად დავდიოდით, რადგან ქალაქში
გასართობი უნდა გვეძებნა, აქ კი, კლასში, გამრთობები თავისი ფეხით შემოდიოდნენ და, როგორც წესი, გაკვეთილის დამთავრებამდე გარბოდნენ. მაგრამ, ვინც ზარის დარეკვამდე გმირულად გაგვიძლებდა, ან საჯდომზე აწებებული ჭიკარტებით მიდიოდა, ან უკან მიმაგრებულ ფურცელზე დაწერილი თავისი არსების შესატყვისი ეპითეტით, ან ზედმეტი ყვირილისა და ხავილისგან ერთკვირიანი ჩავარდნილი ხმით. იყო შემთხვევები, როცა მასწავლებელს სამივე "ჯილდო" ერთ შემოსვლაზე მიუღია.
ერთი ხანობა, უნდოდათ ჩვენი კლასი დაეშალათ და სხვადასხვა პარალელურში გადაენაწილებინათ, მაგრამ იმ კლასების დამრიგებლებმა ისეთი ამბავი ატეხეს:
- მაგ ნაგვებს ჩვენს სადამრიგებლო კლასში არ მივიღებთო! - რომ გადაიფიქრეს და სადამსჯელო კლასად გაიხადეს - ვინც არ სწავლობდა, ჩვენთან გადმოჰყავდათ.
კლასში მარტო
ერთი ახვარი გვყავდა - გოჩა, მაგრამ ვერ ვცემდით, რადგან დირექტორის შვილი იყო. დღესაც ვერ ვხვდები, რა უნდოდა ჩვენს კლასში. ცინიკოსი იყო, ყველას დასცინოდა, განსაკუთრებით, დაბადებიდან ნახევრად პარალიზებულ ლადოს. იმ ახვრულ თვალებში ბოროტი სხივი გაუკრთებოდა და
- შენ რა ცალყბად იცინიო?! - ან კიდევ:
- ორივე თვალით შემომხედე, ცალი სად გაგირბისო?! - თან, კი არ იცინოდა, იკრიჭებოდა.

***
მაშინ მე-11 კლასში ვიყავი, ნიკა ფიზიკის მასწავლებლად რომ მოვიდა ჩვენს სკოლაში. ახალგაზრდა იყო, ასე, 25 წლის, მაღალი, გამხდარი, მოკლედშეკრეჭილ თმას და წვერს ატარებდა, გარეგნულად ამპარტავანს ჰგავდა. მოკლედ, არ დაგვევასა. მითუმეტეს, რომ ჩვენი კლასი სადამრიგებლოდ მას ჩააბარეს.
- ბავშვებო, ნიკა მოდის, ზოოპარკი მოვუწყოთო! - კლასში შემოვარდა ირაკლი. კარი ჩავკეტეთ და დავიწყეთ: - ზოგმა ყივილი, ზოგმა კაკანი, ზოგმა ყეფა, ჭიხვინი, ხვიხვინი, ყიყინი, სისინი, ყმუილი, კიკინი, კნავილი, ღრიალი და კიდევ, ვინ მოთვლის, რა ხმებს გამოვცემდით. მოაწვა ნიკა მასწავლებელი კარს და, რომ ვერ გააღო, ყროყინი ატეხა. გაკვირვებისგან ყველა გავჩუმდით, მარტო მისი ყროყინი ისმოდა. შემოვუშვით. ჩუმად ვისხედით, მივხვდით, რომ ის დღე მოგებული ჰქონდა და პატივისცემას იმსახურებდა.
- მე ნიკა მქვია, მეგობრები ნიკუშას მეძახიან, თუ გინდათ, თქვენც მასე დამიძახეთო! - ისე უშუალოდ გვითხრა, მივხვდით, რომ ჩვენდაუნებურად, მასში მტერს ვეღარ დავინახავდით. იმ დღეს, გაკვეთლი არ აუხსნია, თავისი ამბები მოგვიყვა. მაგრამ, მიუხედავად პირველი დამარცხებისა, ყველაფერი წინ იყო, ასე ადვილად არ დავნებდებოდით.
სამი დღის შემდეგ, ფიზიკის გაკვეთილზე, ნიკუშა მასწავლებელი რომ შემოვიდა, ყველა იატაკზე მჯდომარე დავხვდით. ცოტა ხანს გვიყურა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, იატაკზე დაიფინა, დაჯდა და გაკვეთილის ახსნა დაიწყო. ნელ-ნელა ახლოს მივუცუცქდით. ვხვდებოდით, რომ გაკვეთილს გვიხსნიდა, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო - არა ტვინის ჭყლეტა, არა ჩიჩინი, არა გაურკვეველი ტერმინების რახარუხი ან უსასრულო ფორმულების ჯღაბნა, არამედ საინტერესო ამბების ნაზავი, რომელიც სხვა, პარალელურ სამყაროს დაგანახებდა და სურვილს გაგიჩენდა, სახლში წიგნი გადაგეშალა და გესწავლა, როგორ გეპოვა გასაღები იმ სამყაროში მოსახვედრად.

***
- ეს რა წესია, ნიკას გაკვეთილზე, მოსწავლეებიან-მასწავლებლიანად იატაკზე სხედანო!
- თავში კარგად როგორც ჩაუვათ, ისე ისხდნენ, ტუალეტში წიგნის კითხვას ხომ სჯობსო?!
- მე მაგ კლასში აღარ შევალო! - გამოაცხადა ქართულის მასწავლებელმა და ყურები ისე გაუწითლდა, რომ, ნაღდად ტუალეტში ჯდომისას ეუფლებოდა მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს.
- კარგი, ქართულის გაკვეთილებსაც მე ჩავუტარებო. - ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

***
მოკლედ, ნიკუშა მასწავლებელი სულ უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა გულთან, მაგრამ ერთ-ერთი გაკვეთილის ბოლოს, ძირს დამსხდრები ფეხზე რომ ვდგებოდით, ზურგზე გადაბრუნებული ლადო წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა - ხელებს და ფეხებს უმწეოდ იქნევდა, სანამ მივეხმარებოდით, გოჩამ დაცინვა დაუწყო:
- მაისის ხოჭოს არ ჰგავს, ზურგზე რომ დაეცემა და გადმობრუნებას ცდილობსო?! - ნიკუშასგან ყბაში სილა რომ მიიღო და გაკრეჭილი კბილებიდან სისხლი და ახვრული თვალებიდან ცრემლი ერთდროულად წასკდა, მაშინ საბოლოოდ შეგვიყვარდა. ბიჭებმა გოჩა გვერდზე გავიყვანეთ
- თუ უჩივლებ და სკოლიდან გააგდებენ, დედა გეტირებაო! - არ უჩივლია, მაგრამ დირექტორმა თავისი შვილი სხვა კლასში გადაიყვანა, ნიკუშა კი, ჭირივით შეიძულა.

***
- ნიკას კლასში, მოსწავლეები უჩანთოდ დადიან, წიგნები არ დააქვთო!
- წიგნი სახლში სჭირდებათ, თორემ სადაც მასწავლებელია, იქ წიგნი რად უნდათო?!
- მე მაგ კლასში აღარ შევალო! - გამოაცხადა მათემატიკის მასწავლებელმა.
- კარგი, მათემატიკის გაკვეთილებსაც მე ჩავუტარებო. - ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

***
მოყოლის რაღაცნაირი მანერა ჰქონდა, ყველაფერი თავისით იბეჭდებოდა ტვინში. მათემატიკაში მიმატება და გამოკლება მეტ-ნაკლებად ვიცოდით, მაგრამ გამრავლების და გაყოფის დროს, პლუს და მინუს ნიშნები გვეშლებოდა.
- მათემატიკის საფუძვლები ადამიანთა ურთიერთობებზეა დამყარებულიო! - აგვიხსნა ნიკუშამ.
- ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია - პლუსის ნამრავლი პლუსზე გვაძლევს პლუსს; ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია - პლუსის ნამრავლი მინუსზე გვაძლევს მინუსს; ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია - მინუსის ნამრავლი პლუსზე გვაძლევს მინუსს და, ბოლოს, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია - მინუსის ნამრავლი მინუსზე გვაძლევს პლუსსო! - ასე, თამაშ-თამაშით, ცხოვრებისეული მაგალითების მოშველიებით, სულ თავიდან დაგვაწყებინა ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია.

***
- ნიკას გაკვეთილზე რაღაც ცდებს ატარებენ, აფეთქების ხმები ისმის და სუნი გამოდისო!
- თეორიას, პრაქტიკული მეცადინეობის გარეშე, ფასი არ აქვსო!
- მე მაგ კლასში აღარ შევალო! - გამოაცხადა ქიმიის მასწავლებელმა.
- კარგი, ქიმიის გაკვეთილებსაც მე ჩავუტარებო. - ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

***
ერთ დღეს, შატალოზე წავედით. ატეხა დირექტორმა ერთი ამბავი, თითქოს სხვა კლასის ბავშვები არ წასულან შატალოზე. ნიკუშა დაიბარა
- აი, შენი კლასი შატალოზე წავიდა, რაც მასწავლებელი ხარ, ის მოსწავლეები გყავსო!
- ორი კაცი ვერ პოულობს საერთო ენას, 22-მა ბავშვმა შეძლო საერთო იდეის გარშემო გაერთიანება, ეს დიდი ძალაა, ამ ძალას, თუ კეთილი საქმეების საკეთებლად მივმართავთ, კარგ შედეგს მივიღებთ. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ, რომ წავიდნენ, მაგრამ მეწყინა, მეც რომ არ წამიყვანესო! - უპასუხა ნიკუშამ და ერთხელაც დაიმსახურა სასტიკი საყვედური.

***
- ჩემს გაკვეთილზე ნიკას კლასს ეძინაო!
- წარმოგიდგენიათ, მაგ ბავშვებმა რომ დაიძინეს, რა უინტერესო გაკვეთილი ყოფილაო!
- მე მაგ კლასში აღარ შევალო! - გამოაცხადა ისტორიის მასწავლებელმა.
- კარგი, ისტორიის გაკვეთილებსაც მე ჩავუტარებო. - ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

***
სკოლიდან დიდი ხნის გაგდებული იქნებოდა, რომ არა ჩვენი კლასი - ვერც ერთი მასწავლებელი ვერ შემოდიოდა. მე-12 კლასში, ყველა გაკვეთილს ნიკუშა გვიტარებდა. ექვსის ნაცვლად, დღეში სამ საათს გვამეცადინებდა. თვითონ სახლში ემზადებოდა, როგორ უნდა აეხსნა, რომ გაკვეთილი საინტერესო ყოფილიყო.
- მე იმას აგიხსნით, რაც წიგნში არ წერია, თორემ რაც წერია, იმას უჩემოდაც წაიკითხავთო!
- ნიკუშა მასწ, ალექსანდრე მაკედონელი უფრო მაგარი იყო, თუ დავით აღმაშენებელიო? - ისიც გვიხსნიდა, რაში იყო მაგარი აღმაშენებელი და რაში - მაკედონელი. კლასში, გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბში მოთუხთუხე სოსისების მაგალითზე გვასწავლიდა სითბოგადაცემის პროცესებს, ბოლოს სოსისის და შავი პურის დაგემოვნებით რომ ვამთავრებდით. იდეალური გაზებისთვის მენდელეევ-კლაპეირონის განტოლების თვალსაჩინოებისთვის, გავიანგარიშეთ და ჩვენი ხელით ავაწყეთ სტირლინგის ძრავის უმარტივესი მოდელი. წყლის ელექტროლიზით დავშალეთ წყალი და მიღებული წყალბადიც დავაბათქუნეთ. ერთადერთი, რასაც ნიკუშა სახლში ვერ ამზადებდა, ინგლისური იყო, რადგან არ იცოდა, მაგრამ, მისი ხათრით, ინგლისურს კი არა, ჩინურს ვისწავლიდით. ბავშვები რიგრიგობით ვატარებდით ინგლისურის გაკვეთილს. ჩვენთან ერთად, ნიკუშაც სწავლობდა.

***
ასე გაიარა ორმა წელმა. სკოლა დავამთავრეთ, გამოცდებიც ჩავაბარეთ, მაგრამ დირექტორმა არ დაიჯერა:
- ეტყობა, ნიკამ იხიმანდრა რაღაცაო! - პედსაბჭო მოიწვია
- რას ჰგავს ნიკას საქციელი, სულ გააგიჟა ისედაც გადარეული ბავშვებიო, - მეხივით დაიგრგვინა დირექტორის ხმამ.
- ასეთი მასწავლებელი ჩვენს სკოლას არ სჭირდებაო! - აჰყვა დირექტორს სასწავლო ნაწილის გამგე.
უსიტყვოდ დაწერა განცხადება განთავისუფლებაზე, დადო სამასწავლებლოში მაგიდაზე და სკოლიდან წავიდა. იმ დღიდან, ნიკუშა მასწავლებელი აღარ გვინახავს. ამბობენ, ამერიკაში წავიდაო. გაგვიხარდა, რომ მასაც გამოადგებოდა ჩვენგან ნასწავლი ინგლისური ენა.

***
იმ ზაფხულს, ჩვენი კლასის 22 ბავშვიდან 17, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩავირიცხეთ.

არდაშელ თაქთირიძე
1362
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?