"ისევ ჩუმად ვიტირე, ისევ მიგიხვდი, დე..." - 89-ე ბარათი დედაჩემს
"ისევ ჩუმად ვიტირე, ისევ მიგიხვდი, დე..." - 89-ე ბარათი დედაჩემს

89-ე ბარათი დედაჩემს


იცი ხომ, ზოგჯერ დედა-შვილებს ისეთი ღამეებიც გვაქვს - გაუთენები და დღეებიც გვაქვს ისეთი - მძიმეები...
"გახდები დედა და მიხვდებიო" - ხშირად გითქვამს ჩემთვის...
ჰოდა, გიხაროდეს, დე...
მივხვდი...
არა მაინც, რანაირად იცით დედებმა ბედისწერის გამონასკვა შვილებზე, მამაზეციერიც რომ ვერ ხსნის მერე იმ კვანძს...
წუხელ კარი ცხვირწინ მომიკეტა და თვითონ მივხედავო თავს, ასე ჩაიბურტყუნა...
კარს უკან ვიდექი, შენსავით აწურული ვიდექი, დე და შენი ვერგადაყლაპული ცრემლები მცვიოდა მეც...
გათენებამდე დავაბოტებდი იმ ცრემლებში...
ამას წინათ კიდევ, ამ თითისტოლა ბავშვმა "დიდი ვარო"
გამომიცხადა.
ისევ ჩუმად ვიტირე, ისევ მიგიხვდი, დე...
რამდენჯერ ავფრენილვარ შენი ბუდიდან, ვითომ დიდი გოგო და რამდენჯერ მოვსულვარ უკან პირდაფჩენილი უმწეო ბარტყივით...
შენ კი ვითომც არაფერი მომხდარა, ისე გადაგიკრავს ჩემს საწოლზე ახალი თეთრეული და გაგღიმებია, შენთან გახდის რომ მრცხვენოდა...
ეგ ღიმილი მკლავდა, დე...
ხომ ყველაფერი გავიგე, რაც დედა გავხდი, მაგრამ მაგის გაგება არ შემიძლია...
ჩემგან გაფრენილ ბარტყს კითხვაც არ დავუსვა, სად ბუდობდა სახლზე და დედაზე გულაცრუებული...
გუშინ დაგვიანებულზე შემოვუწყერი შვილს და ჩემი საყვედური რომ გაიოცა, საშინლად მომინდა მეთქვა:
- გეყოლება შვილი და მიხვდები-მეთქი.
მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, დალურჯებამდეც კი...
შემეცოდა, დე!
არ მინდა, მიხვდეს,
გესმის?!
არ მინდა, ჩვენსავით დააბოტებდეს ცრემლებში...

დინა მირცხულავა
5417
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
mari
0
მართლაც სანამ არ გახდები ვერ მიხვდები
14:10 / 20-06-2018
1!
0
როგორ არ მიყვარს გამოთქმა - გახდები დედა და მიხვდები!
11:30 / 06-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?