"გადმოხტა ერთ დილას ფანჯრიდან და ზუსტად ჩემი აივნის წინ დაენარცხა მისი სხეული. რომ მემეგობრა, იქნებ გადარჩენილიყო?.."
"გადმოხტა ერთ დილას ფანჯრიდან და ზუსტად ჩემი აივნის წინ დაენარცხა მისი სხეული. რომ მემეგობრა, იქნებ გადარჩენილიყო?.."
...ერთი უცნაური გოგო მესტუმრა რამდენიმე წლის წინ. ძალიან მძიმე ბიოგრაფიის და როგორც მოგვიანებით დავრწმუნდი, უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც წერს და ხატავს ზღაპრულად. ცუდად ვარ და არ ვიცი რამ მომიყვანა შენთან, ლექსები წავიკითხე და ჩემიანი მომეჩვენეო.სასოწარკვეთილი ჩანდა და ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ მაინც დიდხანს ვისაუბრეთ და ბედნიერი წავიდა. არ ვიცი რით ბედნიერი, როგორც წესი, იმდენ სითბოს ვერასდროს გავცემ, რამდენიც საჭიროა. ვფიქრობ, უბრალოდ სრული მარტოობისას, ის სახლი იპოვა, სადაც მიესვლებოდა. მერე ხშირად მირეკავდა, მოსვლით
კი აღარ მოდიოდა. გაქრა, მეც დავივიწყე და იწვა მისი სახელი და გვარი ჩემს ტელეფონების ბლოკნოტში უხმოდ და როცა შემთხვევით მიადგებოდნენ ჩემი თვალები მის გვარსა და ტელეფონის ნომერს, უცებ გადავახტებოდი ხოლმე, ვითომც არაფერი. არადა, შევპირდი, აუცილებლად დაგირეკავ ან გნახავ-მეთქი. ვინ იცის, როგორ მელოდა. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ საოცრება ვეგონე, განსაკუთრებული ვინმე. მასთან სატელეფონო
საუბრების შემდეგ ზოგჯერ ცოტათი თვითკმაყოფილი ვკიდებდი ყურმილს - რამხელა სიკეთეს ვაკეთებ, რომ სრულიად უცხო ადამიანს ამდენ დროსა და სითბოს ვახარჯავ-მეთქი.

ერთ ზაფხულს კი შიშმა ამიტანა. იქნებ თავი მოიკლა და იმიტომ აღარ ჩანს-მეთქი და ახლა შიშით ვერ ვკრეფდი მის ტელეფონის ნომერს. საერთოდ, როცა ვინმე თავს იკლავს, უცხოც რომ იყოს, დამანგრეველი დანაშაულის
განცდა მიჩნდება. რთული ასახსნელია რატომ. პირველად ეს განცდა მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი მეზობელი, 17 წლის ლეილა გადმოხტა მეშვიდე სართულიდან. ჩემზე ცოტათი დიდი იყო ეს უცნაური გოგო, რომელიც ბავშვებიდან ვერავის ეკონტაქტებოდა და მხოლოდ ჩემს მიმართ ჰქონდა რაღაც ნდობა და ურთიერთობის პატარა სურვილი. მე კი მეშინოდა მისი და გავურბოდი. ჰოდა, გადმოხტა ერთ დილას ფანჯრიდან და ზუსტად ჩემი აივნის წინ დაენარცხა მისი სხეული. რომ მემეგობრა, იქნებ გადარჩენილიყო? არ ვიცი. ამაზე სულ ვფიქრობ - რამდენად ვართ დამნაშავენი ამ ადამიანთა წინაშე ცოცხლად დარჩენილები. ავდექი და დავურეკე ამ ჩემგან დავიწყებულ გოგოს ერთ საღამოს.არ მოუკლავს თავი.ბევრს წერს და ხატვის გაგრძელებასაც აპირებს თურმე. ქალაქის ტელეფონზე გირეკავდიო, ჩვენ კი დიდი ხანია აღარა გვაქვს ქალაქის ტელეფონი. ,,სიხარულისგან ტუჩები გამიბუჟდა, შენი ხმა რომ გავიგეო", - მითხრა. აი, ასეა, წამითაც ხომ ვერ უნდა მოითმინო, რომ არ გასცე ნუგეში მისკენ, ვინც ასე გელის და ვინც შენც ასე გჭირდება? მე კი გავძელი. მართლა არ ვიცი, რითი შეიძლება ვანუგეშოთ ერთმანეთი ამ ავად ახმაურებულ სამყაროში. იქნებ, უბრალოდ, გადავიქციოთ ეს ფეშენებელური გულები იმ სადა, ჩუმ ქოხებად, სადაც ჩვენს მჭახედ მანათობელ მეგობრებთან ერთად, ამ თითქოს რუხად დანისლულ, სხვაშუქიან ადამიანებსაც მოესვლებათ.
მაია სარიშვილი

alt"ერთხელ, მშობლების მორიგი ჩხუბის დროს დავყრუვდი... სამი დღე არაფერი მესმოდა..." - ყველა მშობლის წასაკით


4820
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
...
0
მართალია ძალიან მორალური მხარდაჭერა არ უნდა დავიზაროთ !!! გულგრილობა ძალიან მტკივნეულია
13:26 / 24-07-2018
მსგავსი სიახლეები
```