"წლების მერე, ჩემი სოფლის მშრალი მიწა რომ ეყრებოდა მის სხეულს, ის ხმა გამახსენდა - მონეტების, ყურებში მიწიოდა და საჩვენებელ თითებს ვირჭობდი..." ...ვეპარებოდით ბებიაჩემს და სოფლის სანაგვეზე ვიქექებოდით.
არ ვიცოდით, რას ვეძებდით, მაგრამ ხელცარიელი არასოდეს ვბრუნდებოდით.
ხან თუნუქის კოლოფებს მოვათრევდით, ძირს ვუხვრეტდით და ყვავილებს ვრგავდით...
ხან გადაყრილ თოჯინებს მოვზიდავდით და იმ ხელ- ფეხ დაკარგულ სათამაშოებს ოპერაციებს ვუტარებდით, ვითომ ექიმები ვიყავით.
ვთამაშობდით ბავშვურად, არც ნაგავში ქექვა გვეთაკილებოდა, არც მეზობლის ბაღში ქურდულად გადაპარვა და არც იმ ნაგვიანი ხელებით თუთის ჭამა.
ყულაბას მიაგნო ერთ დღეს, ძირგავარდნილ თიხის ყულაბას.
სხვა აღარაფერი უძებნია და სახლში გამოქანდა.
ფეხდაფეხ მივყევი.
გარეცხა, გააპრიალა, ძირზე რაღაცეები მიაწებ- მიაკრა და ხურდების შეგროვება დაიწყო.
- დედას უნდა ვუყიდო დაბადების დღეზე რამეო.
წამოვენთე, ჯერ ჩემი მოდის - მეთქი.
ახლაც ვერ მიპატიებია, რომ ჩემს გაზრდილ ღლაპს დედა უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე მე.
- კარგი, ჯერ შენ გიყიდიო - დამთანხმდა.
იმ დღეებში სკოლაში ახალი სათამაშოები გამოჩნდა, ცისარტყელები ერქვა და სკოლის ბუფეტში იყიდებოდა.
ყულაბა მოვიპარე.
ვფიცავ, მანამდე და მას შემდეგ თუ რამე მომეპაროს.
აბაზანაში შევიკეტე და ვცადე მონეტების გამოძვრენა, მაგრამ ხელიდან გამივარდა და ისეთი ხმაური ატეხა ხურდა ფულმა, მეორე ოთახიდან მოაწყდა კარებს.
თვალები აუწყლიანდა, ხელებს ვერაფერი მოუხერხა და აზლუქუნებულმა მკითხა :
- რატომ იპარავდი, ისედაც ხომ შენთვის მინდოდაო ?!
ხმა ვერ ამოვიღე.
თითისტოლა ბავშვი იდგა ჩემს წინ და გამოჭერილი ვყავდი.
ცისარტყელა არ მიყიდია.
ორივემ უჩუმრისპირად ავაგროვეთ ფული და ყულაბა თაროზე დავაბრუნეთ.
წლების მერე, ჩემი სოფლის მშრალი მიწა რომ ეყრებოდა მის სხეულს, ის ხმა გამახსენდა - მონეტების, ყურებში მიწიოდა და საჩვენებელ თითებს ვირჭობდი.
მეგონა, სიცოცხლის წლებს ვპარავდი, ვპარავდი იმ მონეტებივით, მის სხეულს იქ ვტოვებდი და მისი სიცოცხლე მიმქონდა, მის წლებს ვეზიდებოდი სახლამდე.
იმავე ღამეს მესიზმრა.
მკოცნიდა და ითვლიდა - ერთი, ორი, სამი - ყველა კოცნას მითვლიდა.
- რას აკეთებ-მეთქი, - ვკითხე.
- წლებს გჩუქნიო, მითხრა - და ხელში მონეტები ააჩხრიალა.
იმ ხმამ გამომაფხიზლა.
და დღემდე, ამ წუთამდე, ამ წამამდე მე ვხარჯავ, ვხარჯავ მისი სიცოცხლის დაუკრეფავ მარცვლებს, მონეტებს...
როგორც გენებოთ.
იმიტომ, რომ მაჩუქა, მესიზმრა და ასე მითხრა - გჩუქნიო.
არ მომიპარავს, ღმერთმანი....
დინა მირცხულავა