„ქალი პაოლოს უკან“ - ელენე დარიანის უცნობი ისტორია
„ქალი პაოლოს უკან“ - ელენე დარიანის უცნობი ისტორია
„ცისფერი ორდენი“ ორიგინალური მიგნებებით დღემდე საინტერესო ფენომენია ქართული საზოგადოებისთვის. „ცისფერყანწელებმა“ თავიანთი ექსტრავაგანტულობის ხარჯზე გამოჩენისთანავე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მხატვრული გარდასახვა, როგორც ერთგვარი თამაში, მათი ძირითადი მამოძრავებელი იყო განახლებისათვის ბრძოლაში. მათი არაორდინალური გარეგნობა და სახელებიც თამაშის ერთგვარი ფორმაა: ნიკოლოზი - კოლაუ (ნადირაძე); ტიტე - ტიციანი (ტაბიძე); პავლე - პაოლო (იაშვილი)... სწორედ ეს უკანასკნელი იქცა განახლებული, მოდერნული გარემოს ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად განსაკუთრებული შინაგანი ენერგიითა და ქარიზმით.
პაოლო იაშვილი სწორედ თამაშის პრინციპითა და არაორდინარული
პოეტური ხერხებით ცდილობდა საქართველო ევროპული კულტურის ნაწილად ექცია. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სიახლეებს - პირველი ქართული ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი), სონეტი, ტრიოლეტი და რაც მთავარია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური მისტიფიკაცია, რომელიც ელენე დარიანის სახელს უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი და ყველასათვის ცნობილი ხდება ელენე ბაქრაძე-დარიანის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, კერძოდ, მისი და პაოლოს ურთიერთობის დეტალები, ჩნდება კითხვები: ვინ იყო ელენე დარიანი, რეალურად არსებობდა თუ პაოლოს წარმოსახვის ნაყოფია? ვისი დაწერილია ე.წ. „დარიანული ციკლის“ ლექსები?

ლექსების შინაარსი, ასევე, დარიანისა და პაოლოს ურთიერთობის შესახებ ცნობები, შესაძლოა, იძლეოდეს ეჭვის საფუძველს, რომ ეს ლექსები ელენეს მიერ იყოს დაწერილი, რადგან თავად პაოლოც აღნიშნავს, რომ ელენე, მართლაც წერდა ლექსებს, მაგრამ არ
სურდა ამის სააშკარაოზე გამოტანა. პაოლოს ექსცენტრიული ხასიათისა და მისი თამაშისადმი, ლიტერატურაში სიახლეების დამკვიდრებისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით, ლოგიკასთან უფრო ახლოსაა, თუ ჩავთვლით, რომ ეს ცნობაც თამაშის ნაწილია.

მართალია, მათი სიყვარულის ისტორია ქორწინებით არ დაგვირგვინებულა, მაგრამ „დარიანული ციკლის“ ლექსების შინაარსი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელი პირის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.

თუმცა მიუხედავად ამ მითქმა-მოთქმისა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოეტური თამაშის მთავარი ხიბლი სწორედ გამონაგონისა და დამაჯერებლობის ზღვარზე ყოფნაში მდგომარეობს. სწორედ ესაა პაოლო იაშვილის პოეტური მემკვიდრეობის მთავარი ხიბლი - ლიტერატურული მისტიფიკაციის, როგორც მხატვრული ხერხის ოსტატური გამოყენება.


alt”შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა” - პაოლო იაშვილის წერილი ქალიშვილს




მცირე ბიოგრაფია
ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.

ელენე მშობლებს გოგი ბერიშვილზე გაუთხოვებიათ. ამის შემდეგ პრესაში მისი ლექსები ელენე ბერიშვილის სახელით იბეჭდება. ბერიშვილთან თანაცხოვრების პერიოდში ელენეს პაოლოსთან იდუმალი მეგობრობა არ შეუწყვეტია. გოგი ბერიშვილს დიდხანს არ უცოცხლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიშვილის მეუღლეობის პერიოდშია შექმნილი ცეცხლოვანი დარიანული ლექსები. უსიყვარულოდ გათხოვილი ელენეს უყვარდა პაოლო და მზად იყო, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.
მალე ელენე ბაქრაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე იყო შალვა ქართველიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. შალვაზე გათხოვების შემდეგ ელენეს პაოლოსთან მეგობრობა, როგორც ჩანს, არ გაგრძელებულა და არც „ცეცხლოვანი დარიანულები“ შექმნილა, თუმცა დროდადრო ლექსები კვლავ იქმნებოდა…
...დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა 1915 წელს ქუთაისში წაიკითხა. ლექსების ეროტიულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ, მსმენელთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისტიური თუ რეალურად არსებული ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. “ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე.” წერდა იმდროინდელი პრესა. პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები.
რაც შეეხება ფსევდონიმ "დარიანს” – დღიურებიდან ირკვევა, რომ მას სატრფოსთვის (ანუ პაოლოსთვის) მეტისმეტი სილამაზის გამო, ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის, დორიანის სახელი უწოდებია. პაოლოს არ მოსწონებია ელენეს მიერ დარქმეული სახელი და უთქვამს, შენ თვითონ ხარ დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. როგორც ჩანს, პაოლო დაფიქრდა და ინგლისურ გვარში ქართული ელემენტები იპოვა. ამის შემდეგ უწოდა მან საყვარელ ქალს დარიანი.


მოამზადა ნინო მალუტაშვილმა
2086
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?