ხოლოდ ხანდახან იყო ჩემი კაცის ყელის სუნი შორიდან რომ მეცემოდა ხელისგულისხელა შვილი გაგვიჩნდა ძველ ფიცრულში, როცა მინდვრიდან მომავალს გზაში ავდარი წამომეწია და თავი შევაფარე. არ ველოდი. არც ნიშნები მქონდა, არც მუცელი გამზრდია. მხოლოდ ხანდახან იყო ჩემი კაცის ყელის სუნი შორიდან რომ მეცემოდა, მანამ თვითონ აღმართს ამოათავებდა, ოფლში ვიწურებოდი, ისე მინდოდა ყელზე ტუჩები მიმეწებებინა. მერე თვითონაც რომ მოვიდოდა, კარს უკან დაალაგებდა ტალახიან ჩექმებს, თოფს იმ კედელზე დაკიდებდა, ძველი, ალაგ-ალაგ ჩრჩილისგან შეჭმული ორნამენტებიანი ხალიჩა რომ ეკიდა. ნანადირევს გადმომაბარებდა, მერე გახდაში მიმიხმარებდა. ღამით რომ საბნის ქვეშ უპერანგოდ შევუწვებოდი და ყელისკენ გავიწევდი, კოცნის სურვილი მიქრებოდა, გადავტრიალდებოდი და ვიძინებდი. მაშინ უნდა მეეჭვა, რომ ორი სულით ვიყავი.
ხელისგულისხელა შვილი გაგვიჩნდა ძველ ფიცრულში, როცა სიხარულით ვტიროდი და ცრემლით ბალახის ღერებს ვრეცხავდი, ჭიპლარი რომ გადამეკვანძა. თავსახვევში გავახვიე და სახლში წამოვიყვანე. ჩემი კაცი ვერ მიეკარა. ბუხრის გვერდით დადგა გაშეშებული და იქამდე იდგა, ვიდრე უცებ არ გაიქცა გარეთ და თოფი სამჯერ ზედიზედ არ ისროლა. სამი დღე ღვინის თასი და ღიმილი არ მოუშორებია პირიდან.
ხელისგულისხელა შვილი გაგვიჩნდა ძველ ფიცრულში და იმ დღიდან ჩვენი შვილი ხელისგულზე მეტად არ გაზრდილა. ჩამოიარეს სოფლის ქალებმა და ეს რანაირი შვილი გაგიჩენიათო, საერთოდ არ გაგეჩინათო, ჩვენ შვილებს როგორ გავაკარებთო, დამაყარეს ცივ-ცივი და ეკლიანი სიტყვები. არცერთი არ ამცდა. იმ ღამეს ჩემმა კაცმა ჩამოიღო ალაგ-ალაგ ჩრჩილშეჭმული ორნამენტებიანი კედელზე გაკრული ხალიჩიდან თოფი და სამჯერ ზედიზედ ისროლა სიბრაზისგან. სამი დღე ღვინო და კრიჭაშეკრულობა არ მოუშორებია პირიდან.
ხელისგულისხელა შვილი გაგვიჩნდა ძველ ფიცრულში, მერე იმ ფიცრულში მე გადავსახლდი და ღრიჭოებიდან ჩვენი სახლის ხელისგულისხელა ეზოს ვუყურებდი. სირცხვილის გრძნობას ვყავდი დამარტოხელებული, გარეთ არაფრით მიშვებდა. ჩემი კაცი გამოიყვანდა ჩვენ ხელისგულისხელა შვილს, შემოსვამდა ხარის თავზე და სიმღერით ავლებდნენ ხნულებს. ჩამოივლიდნენ სოფლის ქალები და მათაც ესროდნენ ეკლიან სიტყვებს. ესენი კიდევ სიმღერას უმატებდნენ და ყველა სიტყვას იცილებდნენ. ერთ დღეს თოფი რომ ჩამოხსნეს სულ მთლად დაჩრჩილული ხალიჩაგაკრული კედლიდან და ტყისკენ წავიდნენ, გულმა ვერ მომითმინა და უკან გავყევი. სამი დღე ვსდიე, სამი დღე ვპოულობდი და ვკარგავდი მათ კვალს. ძალა რომ გამომელია, ერთ ხის ძირში თვალებშიც ჩამომიბნელდა. თვითონ მიპოვნეს. სამი ღამე მასხამდა ოფლი, სამი ღამე მადებდა სველ ტილოს ხელის გულებით ხელისგულისხელა შვილი, მანამ სირცხვილის გრძნობა მთლიანად არ ჩამომეწურა.
ხელისგულისხელა შვილი გაგვიჩნდა მე და ჩემს კაცს და ჩაიარა მის მერე ბევრმა წელმა. კიდევ ბევრჯერ შევუწექი უპერანგოდ საბნის ქვეშ, კიდევ ბევრჯერ მივაწებე ყელზე ტუჩები, მაგრამ შორიდან მეტჯერ ვეღარ ვიგრძენი ყელის სუნი. მეტჯერ აღარ მქონია ორი სული.
ხელისგულისხელები გავხდით ბოლოს მე და ჩემი კაციც. დაშალა ჩვენმა ხელისგულისხელა შვილმა ძველი ფიცრული და ფიცრები სახლის გვერდით ააყუდა. კედელზე გაკრული ხალიჩაც საბოლოოდ შეჭამა ჩრჩილმა. სამი ღამე ვიბრძოლეთ მე და ჩემმა კაცმა სიცოცხლისთვის და სამი ღამე სახე გვისველდებოდა ჩვენი შვილის ცრემლებით.
როცა მინდვრების მხრიდან ავდარი წამოვიდა, ხელისგულისხელა შვილი დავუტოვეთ მე და ჩემმა კაცმა სამყაროს ხელის გულში. იმ ღამეს უკანასკნელად გავარდა ჩემი კაცის თოფიდან სამი ტყვია ზედიზედ.
ნათია ჩხაიძე