სა-მკითხველ-ომწერლის ბლოგი
"ერთად გადავწყვეტთ, პირველ პაემანზე რა ჩაიცვა... ერთად გამოვაცხობთ პირველ ღვეზელს" - 3 ქალიშვილის დედის წერილი უმცროს გოგონას
"ერთად გადავწყვეტთ, პირველ პაემანზე რა ჩაიცვა... ერთად გამოვაცხობთ პირველ ღვეზელს" - 3 ქალიშვილის დედის წერილი უმცროს გოგონას

წერილი თეკლას...


ღმერთო, საოცარი გოგოები უკვე შენთან არიან.... ალბათ ძალიან სუფთა, ბავშვური და ცოტა არაამქვეყნიური რომ ხდები, სააქაო აღარ ხარ.... არც ერთს ვიცნობდი, მაგრამ გული ჩამწყდა.... რამდენი დაუწერელი და უთქმელი დარჩათ.... არავინ ვიცით, ხვალ ვართ თუ არა...

ჰოდა რატომღაც წერილის დაწერა მომინდა, განსაკუთრებით თეკლასთვის, ჩემი ციცქნა გოგოსთვის....

შენ ახლა ერთი ცისთვალა, ძალიან ლამაზი პატარა გოგო ხარ... გოგო, რომელსაც სულ სხვაგან ელოდნენ, და მან ჩემთან გადაწყვიტა მოსვლა ყველა მოლოდინის გარეშე. დაუგეგმავად,
უფიქრალად, აი ასე, ამირჩია და მოვიდა. ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ყველაფერი ააფერადა და იმ სიხარულში დამაბრუნა, პირველად როცა გავხდი დედა... შენ დამარწმუნე, რომ ყველაფერი უფლის ნებაა, რომ არასდროს უნდა თქვა არასდროს და რომ ყოველთვის ისე ხდება, როგორც უკეთესია...

შენ წარმოდგენა არ გაქვს სად მოხვედი... რამდენი რამ გელოდება წინ, რამდენი გზა, ბილიკი და შუკა უნდა გაიარო... რამდენი ვინმე შეგხვდება და რამდენი რაღაც მოხდება. მაგრამ მე ყოველთვის შენთან ვიქნები... სადაც უნდა იყო, მე გვერდით ვიქნები და შენ არაფრის შეგეშინდება... შენ ბევრ რამეს შეცვლი, შენ ბევრ ვინმეს შეცვლი...

მე და შენ ერთად გავივლით პირველ გზატკეცილს, პირველ ხვეულებს, ერთად ავიდგამთ ფეხს, ერთად ვიცინებთ, ერთად დავხატავთ ცისარტყელებს... მე და
შენ! მამიკოს თუ სურვილი ექნება შემოგვიერთდება, მაგრამ ხომ იცი, კაცებს დიდად არ ხიბლავთ ცისარტყელები, ამიტომ ხშირად მაინც მარტო ვიქნებით... ერთად შევიყვარებთ და ერთად გადავწყვეტთ, პირველ პაემანზე რა ჩაიცვა... ერთად გამოვაცხობთ პირველ ღვეზელს და ერთად მოვრთავთ ნაძვის და ნატვრის ხეებს... შენ ის იქნები, ვისად ყოფნაც მე ვერ შევძელი...

შენ ყველა სურვილი აგიხდება, მე მექნება შენთვის ჯადოსნური ჯოხი... შენ იქნები ის, ვინც მამიკოს შეახსენებს, რომ მესამეც შეიძლება იყოს პირველი... და მერე რა, რომ გოგოა...


როცა დაგჭირდება, მე ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან ვიდგები. მე არ დაგიშლი შენს ნებაზე ხატვას ცხოვრების. არ გეტყვი, რომ ფოთოლი მაინცდამაინც მწვანე ან ყვითელი უნდს დახატო, რომ მიწა ყოველთვის ყავისფერია და ცა ყოველთვის ცისფერი. შენ შენი ფერებით დახატავ და დაინახავ... შენ იქნები ჩემი ცისთვალა და ფერადი გოგო, რომელიც სწორედაც რომ ჩემთან მოვიდა და მე ამირჩია სხვის ნაცვლად... და მე და შენ ერთად დავარქმევთ სახელს შენს გოგონას, რომელიც ზუსტად დედიკოსნაირი, სიცოცხლისფერი და სიხარულისფერი იქნება... მე შენთან ვიქნები ყოველთვის, შენ არასდროს იქნები მარტო..... ჩვენ ერთად ვიქნებით სულ... მე, შენ, ლიკუნა, ნინიკო და ზვიადი, რომელიც მესამე გოგოს არ ელოდა და მოფრინდი შენ.
თამარ ბარბაქაძე
ბეჭდვა