ჯერ რძის კოლოფისთვის დაიჭირეს, შემდეგ -ძარცვისთვის, ბოლოს - ყაჩაღობისთვის
ხუთის რომ გახდა, ძაღლი უყიდეს, რომელსაც ალმა დაარქვა. მას თეთრი, ფუშფუშა ბეწვი ჰქონდა და არასდროს ყეფდა. სტუმრის მისვლაზე გულაღმა წვებოდა და უცხო ადამიანებს თავს აფერებინებდა.
ომმა მას ოჯახი წაართვა.
ომმა მის ოჯახს პატარა ბიჭი წაართვა.
ომმა მას საკუთარი თავი წაართვა.
თბილისი, 2018 წელი, თვალის კლინიკა
მიმღებში ვართ, რიგის ნომერი 42.
ხელში მიმართვა უჭირავს, რომელიც სოხუმის პოლიკლინიკაში მისცეს. წერია, რომ დიაგნოზი მძიმეა. საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას, სხვა შემთხვევაში დაბრმავდება. ქართული არ ესმის, მთხოვს, რომ ყველა სიტყვა დეტალურად გადავუთარგმნო. გამოკვლევებს რომ ჩაიტარებს, უკან, სოხუმში უნდა დაბრუნდეს. ტელეფონს იღებს და ბავშვობის დროინდელ ფოტოს მაჩვენებს.
ეს დედაა, ეს კი მე. ცუდია, როდესაც შენობაზე მეტი იცი, ვიდრე საკუთარ თავზე და ოჯახზე, მაგრამ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ვერაფერს შევცვლი. მიყვება ზურა და თან ტელეფონს ათამაშებს.
აფხაზეთის ომმა მას ყველაფერი წაართვა.
ჯერ მამა მოუკლეს, შემდეგ - დედა. ბებია სახლში ჩაკეტეს და დაწვეს. მოხდა ისე, რომ ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის გარდა არაფერი იცოდა, მარტო დარჩა - ძვირფასი ადამიანების, ოჯახის, სახლის და ოცნებების გარეშე. ღამე თავს ნანგრევებს აფარებდა. დღისით შემწეობას ითხოვდა.
ქუჩაში სამი წელი ვიცხოვრე. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა და ქალაქმა ცხოვრება განაგრძნო, პოლიციელებმა მიპოვეს და ბავშვთა სახლში გამგზავნეს. რომ არა ომი, ალბათ, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიქნებოდი. მეყოლებოდა მშობლები და ოჯახი. მერე ცოლს მოვიყვანდი, შვილებს გავზრდიდი, საკუთარ საქმეს წამოვიწყებდი და ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო...
13 წლის რომ გახდა, ბავშვთა სახლიდან გაიქცა და ცხოვრება ქუჩაში განაგრძო, რადგან ბავშვთა სახლს, სადაც განუკითხაობა იყო, ისევ ქუჩა ერჩივნა. მერე იყო ციხე: ჯერ რძის კოლოფისთვის დაიჭირეს, შემდეგ -ძარცვისთვის, ბოლოს - ყაჩაღობისთვის. საპატიმროში ცხოვრების თითქმის ნახევარი - 14 წელი გაატარა. როგორც თვითონ ამბობს, არჩევანი არ ჰქონდა. ომის შემდეგ ცხოვრება თითქოს თავისი დინებით წავიდა. არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა სხვა მის ადგილზე, მაგრამ ის ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი და ომის ქაოსში დაიკარგა. ბრმად გაჰყვა დინებას, რომელმაც არასწორი ცხოვრების გზით ატარა.
მაისში უცნობი ქალი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემის და იყო და წლების განმავლობაში მეძებდა. თბილისში ჩამოსვლამდე ხშირად ვსაუბრობდით. მიყვებოდა დედაზე, მამაზე, იმაზე, რომ სახლში პატარა ლეკვი გვყავდა, რომელსაც სახელი მე თვითონ შევურჩიე. მიყვებოდა, როგორი სიყვარულით მზრდიდნენ მშობლები, როგორ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე და როგორ უნდოდათ, რომ ექიმი გავმხდარიყავი. აფხაზეთის ომის დროს მამიდა ოჯახთან ერთად, პეტერბურგში ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ წლების წინ დაბრუნდა.
დღეს, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ. სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და გონებაში ჩაბეჭდილი მოგონებების გარდა, არაფერი გვაკავშირებს. წლებმა, რომლებიც ცალ-ცალკე განვვლეთ, ჩვენ შორის ისეთი უფსკრული გააჩინა, ვეჭვობ, მისი შევსება როგორმე შევძლოთ...
ერთ თვეში ზურას ოპერაციას გაუკეთებენ. იმედი აქვს, რომ ქართველი ექიმები მხედველობას შეუნარჩუნებენ.
ერთ თვეში ზურა ისევ სოხუმში დაბრუნდება, რადგან თბილისში აღარაფერი დარჩენია. ქალაქი, სადაც ყველაზე დიდი ტკვილი მიაყენეს, დღეს მისთვის ყველაზე ახლობელია. სოხუმი ის ადგილია, სადაც იცნობენ და ელოდებიან.
ნინი ჯაფარიძე