ქალები, რომლებიც აკაკი წერეთელს უყვარდა - ცოლიანი პოეტის გატაცებები - მშობლები

ქალები, რომლებიც აკაკი წერეთელს უყვარდა - ცოლიანი პოეტის გატაცებები

2018-11-01 07:33:42+04:00

მწერლის ბიორგაფიის უცნობი დეტალები გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე თითქოს ყველაფერი ვიცით, თუმცა მათი პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. ქართველებისთვის საყვარელ მგოსანს, აკაკი წერეთელს კანონიერი მეუღლე თითქმის არასოდეს ჰყავდა გვერდით, ამიტომ რომანები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

მგოსნის ფარული დარდის მიზეზს პოეტი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მურად მთვარელიძე გვიმხელს.

- ბატონო მურად, ვინ იყო ანიჩკა ნიკოლაძე და რით დასტურდება მასა და აკაკი წერეთლს შორის არსებული გრძნობის შესახებ?

- ანიჩკა ნიკო ნიკოლაძის და იყო. ნიკოლაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. ნიკოს ორი და ჰყავდა, ანასტასია, იგივე ანიჩკა და კატო. როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის მათთან იდებდა ბინას. დები ნიკოლაძეები მეცენატები და იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ მიძღვნით საღამოებს.

- რაიმე კონკრეტული დოკუმენტური მასალა თუ არსებობს, რითაც აკაკისა და ანიჩკას სიყვარული დასტურდება?

- აკაკის ძმის ცოლი, მარიამ ციციშვილი-წერეთელი წერს: "აკაკის, მეგობარ ქალებიდან, ყველაზე უფრო უყვარდა ნიცა წერეთელი, ტასო მაჩაბელი და ანიჩკა ნიკოლაძე. ანიჩკა ნიკოლაძე იყო პოეტის პირველი სიყვარული". აკაკისა და ანიჩკას შორის იყო ძალიან ლირიული, მაგრამ გაუმჟღავნებელი დამოკიდებულება. როგორც ჩანს, აკაკის ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, ამ თემაზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობდა. როცა აკაკი ანიჩკას, "საიმედო მეგობარს" დაინახავდა, თავისი ლექსის პერიფრაზს ამბობდა: "გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო,/ ია და ვარდი დამჭკნარი, ხელახლად გამიხარეო". კატოს კი ეტყოდა ხოლმე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!". შეთამამებულნი იყვნენ ერთმანეთთან. ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, რუსუდან ნიკოლაძე მათ სახლში აკაკის სტუმრობას იხსენებს. "ჩვენს სახლში, თეთრი ხიდის საიხლოვეს, რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩემის ძველი, ხის სახლი მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივნით. ძირს კი, კლდეებზე, აზვირთებული რიონი ეხეთქებოდა. ჩვენ ამ მდინარის ნაპირზე ჩავიდოდით ხოლმე და ველოდებოდით, როდის გაიღებოდა აკაკის ოთახის კარი, აივანზე გამოვიდოდა და მოგვესალმებოდა. მართლაც, როცა ის ადგომას ინებებდა და თამააბურძგნული აივანზე გამოვიდოდა, ხმამაღლა იტყოდა ხოლმე: გამარჯობა, ქუთაისო! სავარდო და სამაისო!".

mshoblebi
ნიკო ნიკოლაძის ოჯახი

- თავად აკაკის ნაწარმოებებში ან წერილებში თუ არის მოხსენიებული ანიჩკა ნიკოლაძე ისე, რომ ამით ამ ქალბატონის მიმართ მისი გრძნობა მჟღავნდებოდეს?

- ანიჩკას აკაკი "ჩემ თავგადასავალშიც" იხსენებს. აკაკი არასოდეს ივიწყებდა დებს. პეტერბურგიდან ის ხშირად ეხმიანებოდა თავისებს, მათ შორის, ანიჩკას. პოეტი გრძნობდა, რომ ანიჩკას სახით მას მართლაც რომ საიმედო მეგობარი ჰყავდა, რომელიც მის ფიქრებსა და აზრებს უთქმელადაც ძალიან კარგად იგებდა. 1902 წელს აკაკი ავად გახდა და საჭირო გახდა მისი ქუთაისში ჩაყვანა. პოეტი ნიკოლაძეების ოჯახში დააბინავეს. მას დები ნიკოლაძეები უვლიდნენ.

- თუ არის ცნობილი, თავად ანიჩკა ნიკოლაძე თანაუგრძნობდა პოეტს?

- ანიჩკა გატაცებით უყვარდა პოეტ გიორგი ჭალადიდელს, არაერთი ლექსი აქვს მისთვის მიძღვნილი. თუმცა, ქალი მას არ თანაუგრძნობდა, მისგან მხოლოდ ლექსებს იღებდა და ინახავდა. აკაკის სპეციალურად ანიჩკასთვის შეუკვეთია და შემდეგ მისთვის მიურთმევია გიშრის საათი, რომელსაც ქალი გულიდან არასოდეს იშორებდა. საათის უკანა მხარეს ლამაზი ქართული შრიფტით ამოჭრილი ყოფილა: "ყრუ - სიმართლისთვის, სიწმინდისთვის - ბრმა,/ წყეულიმც იყოს მისი გულისთქმა". აკაკი მას "თილისმა საათს" უწოდებდა. ჩემი დაკვირვებით, ანიჩკა ფარულად თანაუგრძნობდა აკაკის. თუმცა, ეს სიყვარული ვერ იქნებოდა გამჟღავნებული ბევრი მიზეზის გამო. აკაკის ცოლი ჰყავდა და თან არ ჰყავდა, როგორც იცით... მეუღლე არ უყვარდა, თუმცა, ყოველთვის ზრუნავდა ცოლ-შვილზე. გარკვეულწილად, მთელი ცხოვრება გაწამებული ჰქონდა ამ ქალბატონის გამო. უფრო ნიშანდობლივად მეჩვენება, რომ როცა ახალგაზრდა, სიმპატიური აკაკი დაბრუნდა სამშობლოში, თავის ახლობელ ოჯახში აღმოაჩინა მასზე 5 წლით უმცროსი, გარეგნობით ულამაზესი და შინაგანად კიდევ უფრო მშვენიერი ქალბატონი, რომლის მიმართაც გაუჩნდა გრძნობა. ეს გრძნობა, ჩემი აზრით, ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა, დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

mshoblebi

აკაკი მეუღლესთან ერთად

- პოეტს ანიჩკას შემდეგ ტასო მაჩაბელი შეუყვარდა...

- დიახ, თავისი სიცოცხლის ბოლო 90-იანი წლებიდან აკაკის ტასო მაჩაბელი უყვარდა. მართალია, ეს სიყვარული მავანმა ბიწიერებით შებღალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკაკის წერილები აღმოჩნდა, ყველანაირად დადასტურდა, რომ ეს იყო უაღრესად წმინდა, პლატონური სიყვარული. აკაკი, უბრალოდ, შთაგონებული იყო ამ არაჩვეულებრივი ქალბატონით.

mshoblebi

აკაკი და ტასო მაჩაბელი

- დები ნიკოლაძეები, როგორც ცნობილია, არ გათხოვილან...

- დიახ, ორივე და გაუთხოვარი დარჩა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრობდნენ სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებით. სიმბოლურია, რომ თითქმის ერთ დღეს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალნენ.

mshoblebi
ანიჩკა ნიკოლაძე

შორენა ლაბაძე