ის ბორჯომის წყლების სახე და მთელი თბილისის მამაკაცების ოცნების ქალი იყო, თუმცა ცხოვრება დაუნდობლად მოექცა
ის ბორჯომის წყლების სახე და მთელი თბილისის მამაკაცების ოცნების ქალი იყო, თუმცა ცხოვრება დაუნდობლად მოექცა
უნიკალური ფოტოები, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ბორჯომის წყლების რეკლამას ასახავს, მწერალმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მურად მთვარელიძემ მომაწოდა და ფოტოების ისტორიაც თავად მომითხრო...

- ბატონო მურად, შეიძლება სურათების მიხედვით მივიჩნიოთ, რომ თამუნია, დღევანდელი გაგებით, ბორჯომის წყლების "სახე" იყო?

- ასეა. მინერალური წყლების პავილიონის გახსნის შემდეგ, თამუნია ბორჯომის წყლების რეკლამირებაშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთ ამ სურათზე, ბორჯომის ბოთლის ფორმის ჯიხურია, რომელშიც თვითონ თამუნია ზის. ვფიქრობ, ფოტოს დატვირთვა სარეკლამო უფროა, ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახსოვრო სურათი.


- როგორ აღმოჩნდა თამუნია წერეთელი თბილისში და
შემდეგ უკვე - დავით ქებაძის მინერალური წყლების პავილიონში?

- თამუნიას, 21 წლის ულამაზეს ქალიშვილს, მაშინ უკვე დამთავრებული ჰქონდა წმინდა ნინოს სასწავლებელი, შესანიშნავად იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური ენები. ეს კი იმ დროს იშვიათი და მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, სამსახური ვერსად იშოვა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კომერსანტი დავით ქებაძე, რომელსაც როგორც ჩანს, ბორჯომის წყლების რეალიზაციის საქმე ებარა. 1925 წელს დავითმა რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების პავილიონი გახსნა და სამუშაოდ 4 ულამაზესი გოგონა მიიწვია. მათ შორის იყო თამუნია წერეთელი. ამ ამბავმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ახალგაზრდა მშვენიერი გოგონები, გარკვეულწილად, მარკეტინგული გათვლა იყო უფრო მეტი

კლიენტის მისაზიდად. მაღაზიაში ნაყინიც იყიდებოდა. როგორც ცნობილია, ერთხელაც, იქ ტიციანი შევიდა და თამუნია წერეთლის სილამაზე მისი შთაგონების წყაროდ იქცა...

mshoblebi

- თამუნია წერეთელი ტიციანის მუზად არის ცნობილი, თუმცა, იგი, ამავდროულად, არაერთი დიდი ქართველი პოეტისა თუ მწერლის მუზა იყო და ამ ქალბატონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებიც მიუძღვნიათ...

- თამუნიას მიმართ მხოლოდ ტიციანს არ ჰქონდა მსგავსი განწყობა. იოსებ გრიშაშვილი წერდა: "თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო, მისი გამოჩენა და ასტყდებოდა ქუჩებში ჩოჩქოლი, აგერ, თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა. პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო. როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გვხვდებოდა." პოეზიის სიყვარული თამარს უთუოდ აკაკი წერეთლისგან მოსდევდა. თამუნიას მამა, ბეჟან წერეთელი, თავის დროზე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო და მასთან აკაკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა. პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე იგონებს: "ყოველთვის მიუხაროდა მის სანახავად ტიციანს. რუსთაველის პროსპექტზე რომ შემხვდებოდა, ხშირად მეტყოდა: წამოდი, ქებაძის პავილიონში, თუ თამუნია იქნება, ნაყინზე დაგპატიჯებ, თუ არა და ბორჯომის წყალი დავლიოთ და დავბრუნდეთ, როგორც დამარცხებულებიო. პავილიონს რომ შევიდოდით, თამუნიას, ხან მხოლოდ მივესალმებოდით, არც კი დაველაპარაკებოდით, მაგრამ ტიციანს, მისი ცქერით კმაყოფილს, სახეზე ბედნიერების შუქი ეფინებოდა." თამუნია ტიციანისთვის ის მუხტი იყო, რაც მას არაჩვეულებრივ ლექსებს აწერინებდა. ერთხელ, თამუნია პოეტებმა ერთ-ერთ ბოჰემურ საღამოზე დაპატიჟეს. თავად პოეტები საღამოზე ცოლებითურთ მივიდნენ, რომ თამუნიას რაიმე უხერხულობა არ ეგრძნო. აქ იყო ტიციანის მეუღლე, ნინო მაყაშვილი; გოგლას ცოლი, ეფემია; პაოლოს მეუღლე, თამარ სერებრიაკოვა. ამ საღამოზე დაწერა გოგლა ლეონიძემ "ღამე ივერიისა", რომელიც თამუნია წერეთელს მიუძღვნა. ამ ლექსს ახლაც არ აქვს დართული მიძღვნის წარწერა. კონსტანტინე გამსახურდიამ თამუნიას თავისი "დიონისოს ღიმილი" მიართვა და წაუწერა: "ძველი საქართველოს ცოცხალ ფრესკას, თამარ წერეთელს." ტიციანი წერდა ამ ქალბატონის მისამართით: "შენ გარდა, ალბათ, სხვაც მომიტევებს, რომ შენზე ვფიქრობ, დღეს, თამუნია" გრიგოლ ცეცხლაძე წერდა, ამ "სხვას" უკვე მიტევებული ჰქონდაო... ეს "სხვა" იყო, რასაკვირველია, ნინო მაყაშვილი. გრიგოლ რობაქიძემ თამუნიას "გველის პერანგი" მიართვა შემდეგი წარწერით: "თუ შევძელი ამ რომანით ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ თქვენს ნაცნობობას ჩემთვის ამაოდ არ ჩაუვლია." შალვა აფხაიძის მოგონებით, ტიციანი თავის გატაცებას არც მალავდა, რადგან ეს გატაცება იყო "სუფთა, რომანტიკული და ციური."


- თუ არის ცნობილი, როდის შეწყვიტა თამუნია წერეთელმა ბორჯომის წყლებთან თანამშრომლობა?

- საბჭოთა კომპანია "ბორჯომის მინერალური წყლები" 1927 წელს შეიქმნა. ბორჯომი ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს იწარმოებოდა. დავით ქებაძე გახლდათ არაკომუნისტური სულისკვეთების ადამიანი, რომელიც ბორჯომის წყლების კომერციის საკითხს, თანამედროვე ენაზე, მენეჯმენტს აწარმოებდა. ახალი საბჭოთა კომპანიის სამმართველოს უფროსი ყოფილა ვინმე ბუაჩიძე. მასა და ქებაძეს შორის, როგორც ჩანს, კონფლიქტი წარმოიშვა. მავანთ არ აწყობდათ დავითის პიროვნება. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი შემდეგი გახლდათ: დავითი ჯერ კიდევ დამოუკიდედბელი საქართველოს პერიოდში იღვწოდა ბორჯომი საზღვრებს გარეთ გაეტანა, პოპულარული გაეხადა ევროპისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, კომუნისტებს ევროპა აღარ აინტერესბედათ. შესაბამისად, მათთვის ეს პიროვნებაც აღარ იქნებოდა საინტერესო. მიუხედავად მსგავსი წინააღმდეგობებისა, დავითს მოუხერხებია და ბორჯომი ბალტიისპირეთში გაუტანია. მე წავაწყდი ცნობას, რომლის მიხედვითაც, 1927 წელს დავითი საბჭოთა დაწესებულებამ თავიდან მოიშორა შემდეგი არგუმენტით: "კონტრაგენტი დავით ქებაძე თვითნებურად ეწეოდა მინწყლების რეალიზაციას, რის გამოც, გაძევებულ იქნა ქარხნიდან." 1927 წელსვე, როგორც ჩანს, თამუნიამაც დაკარგა სამსახური.

mshoblebi

- ანუ თამუნიაც დავითის დათხოვნას შეეწირა?

- ვვარაუდობ, რომ დავითთან ერთად ისიც დაითხოვეს. რადგან ერთ წელიწადში, როცა ის გათხოვდა, უკვე აღარ მუშაობდა. ცოლად გაჰყვა ძალიან საინტერესო პიროვნებას, სატირის თეატრის დამაარსებელს, იურისტს, მსახიობს - ნიკოლოზ კახაძეს. 1929 წელს ქალიშვილი, რუსუდანი შეეძინა. მოხდა ისე, რომ თამუნიას სიცოცხლის გადასარჩენად მისთვის ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო. ეს მოხდა ზუსტად მისსავე დაბადების დღეს, 16 მარტს. საავადმყოფოდან თავისმა დეიდაშვილმა, ვანო მაჩაბლის ქლიშვილმა, ელენემ თავის სახლში წაიყვანა. მასთან მოინახულა ტიციანმა თამუნია, ეს იყო ძალიან მძიმე, მწუხარე შეხვედრა. ცნობილია, რომ ამ ფაქტმა ტიციანს ცალკე ლექსების წყება შეაქმნევინა...1934 წლამდე მათი ურთიერთობები აღარაა ცნობილი, ამ წელს კი ტიციანი კვლავ მიართმევს მას ლექსების წიგნს წარწერით: "თამუნია წერეთელს, ვისი შთაგონებითაც დაწერილია მეორე წიგნი ლექსებისა" ანუ აქ უკვე ერთ ლექსზე კი არ არის საუბარი, არამედ მთლიან წიგნზე, რომლის შთაგონება თამუნია იყო.


- ამბობენ, ლამაზი ქალების უმრავლესობას ბედი არ დაჰყვებაო... გამოდის, ასე იყო თამუნიას შემთხვევაშიც...

- ამ ქალის ცხოვრება უაღრესად რთული აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ასეთი სილამაზისა და განათლების მქონე, წარჩინებული ოჯახის შვილი... როცა ქმარი დაუპატიმრეს, ყავარჯნებზე დაყრდნობილმა ციმბირში მოინახულა მეუღლე. 40-იანი წლების დასაწყისში მეუღლე გარდაეცვალა და ფაქტობრივად, მარტომ გაზარდა შვილი. მისმა ქალიშვილმა მითხრა, რომ თამუნია, ერთხანს, "საქნახშირში" მდივნად, დილიდან საღამომდე მისთვის შეუფერებელ სამსახურში მუშაობდა. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ სადაც მიდიოდა, თან მიჰქონდა თავისი უდიდესი სულიერება. 1968 წელს გარდაიცვალა.

mshoblebi
შორენა ლაბაძე


alt80 წლის მწერალს 19 წლის გოგონა შეუყვარდა... - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე


9577
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Tamara
0
გმადლობთ კარგი სტატიისთვის
07:31 / 18-11-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```