წყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ტრაგედია... - რატომ არ უნდა დავწყევლოთ არავინ
წყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ტრაგედია... - რატომ არ უნდა დავწყევლოთ არავინ

დედის წყევლა

წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.

მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.


alt"საკუთარმა დედამ ისე დამწყევლა, ვერც აღგიწერთ" - რამდენად საშიშია დედის წყევლა და რატომ წყევლიან დედები შვილებს



აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე
ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.


ამქვეყნად იგემებს თავის გეენას

მშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ დაუწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ქმეყვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.

მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვნიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.

ერის კაცისათვის მშობლის ლოცვა-კურთხევა უდიდესი განძია, ისევე, როგორც მონაზვნისათვის თავის ბერის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობენ: „ნუ გაუშვებ ხელიდან მშობლის ლოცვა-კურთხევას“.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.

- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალინ ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.

- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.

წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!

კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება?

მამა პაისი პასუხობს:

- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან.



წყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ტრაგედია

სულისშემძვრელია ამბავი, რომელიც დეკანოზმა ეფიმ ოსტომისლენსკიმ გვიამბო: „სასწავლებელში სწავლის დროს მე და ჩემი ძმა ბიძაშვილებთან ლოვასა და პავლესთან ვცხოვრობდით. ბიჭების მამა - ბიძაჩვენი თავის მამასთან (ჩვენს პაპასთან) ერთად ასოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. ჩვენი მშობლები კი სხვა მაზრაში სახლობდნენ. ჩვენი პაპაც, მამაც და ბიძაც სასულიერო პირები იყვნენ და ჩვენც, ბიჭებიც ეკლესიურად ვცხოვრობდით.

ერთ კვირა დღეს პავლემ, სრულიად ჯანმრთელმა და საღსალამათმა, თავი შეუძლოდ იგრძნო - თავი ასტკივდა და სიცხემ აუწია. ცოტა ხანში გონება დაკარგა და ხრიალი ამოუშვა. თან თვალებიდან ჩირქი გადმოსდიოდა, პირიდან - ქაფი. მოვიდნენ სემინარიის ექიმი და ექთნები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაარკვიეს, თუ რა სჭირდა ბიჭს და ვერც ვერაფერი უშველეს - რამდენიმე წუთში ის გარდაიცვალა. ყველას ამოუხსნელ გამოცანად დაგვრჩა პავლეს უცნაური სიკვდილი.

ერთი კვირის შემდეგ ჩვენთან პაპაჩვენი ჩამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ჩამოგვიტანა - გარდაცვლილიყო ბიძაჩვენი, პავლეს მამა. „წინა კვირას დავასაფლავეთ“ - მწარედ ამოიოხრა პაპამ.

ოთხი თვის შემდეგ სემინარიის არდადეგები დაიწყო და მე და ჩემი ძმა, ჩვეულებრივ, სახლში გავემგზავრეთ. ორი კვირის შემდეგ მამაჩვენმა პაპაჩვენის და ქვრივი ბიცოლას მოსანახულებლად წაგვიყვანა. პავლეს გარდა იმ ოჯახში კიდევ შვიდი შვილი იყო, რომელთაგან უფროსი - ევდოკია 16 წლის გახდა.

ჩავედით სოფელში და ისეთი რამ შევიტყვეთ, რაც ამ ცოდვილ დედამიწაზეც კი იშვიათად ხდება: ბიძაჩვენის და მისი შვილის, პავლეს გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ოჯახის კიდევ ერთი შვილი - გიორგი. ცოტა ხნის შემდეგ კი - ევდოკია. ის მდინარეზე სარეცხს რეცხავდა თურმე; უცებ ფეხი დაუცურდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.

უბედურებამ დაისადგურა ოჯახში, სადაც ასე მხიარულად ვატარებდით ბავშვობას. ახლა ყველანი მწარედ ვტიროდით. ყველაზე მეტად თავს იკლავდა ბიცოლა პელაგია. მამაჩვენი, რამდენადაც შეეძლო, ამშვიდებდა.

- არ იწუწუნო, პელაგია. უფალს არ უსაყვედურო. მისი განგებულება ზოგჯერ ჩვენი გონებისათვის მოუწვდომელია, მაგრამ ყოველთვის ბრძნულად განაგებს ყოველივეს თავისი წმიდა ნებით.

პელაგიას ცრემლი არ აშრებოდა თვალზე. ტირილით და გოდებით პასუხობდა მაზლს.

- განა ჩემ ქმართან და შვილებთან დაშორებას ვტირი?! მართალია, ეს ენით აუწერელი ტანჯვა და სიმწარეა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ როდესმე იმ ქვეყანაში შევხვდებით ერთმანეთს... ჩემი მწარე ცრემლების მიზეზი სულ სხვა რამე. ო, ღმერთო ჩემო!..

ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით ბიცოლას. მან ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:

- განა შეიძლება მე, ცოდვილმა, ცრემლებით ჩამოვირეცხო ცოდვა? ვიცი, რომ სამართლიანად განვარისხე უფალი და ეს არ მეპატიება! იცი, რა ჩავიდინე?!

ქმარი რომ დავასაფლავეთ და სახლში დავბრუნდი, ჩემს საძინებელ ოთახში ჩავიკეტე, ღვთისმშობლის ხატის წინ დავეცი და შეშლილივით დავიწყე ბუზღუნი, საყვედურები, ღვთის გმობა: „დედაო ღვთისავ, წაიყვანე ჩემი შვილებიც! წაიყვანე... არ მჭირდებიან!.. და ხედავ, რა მომივიდა?“

- ღმერთო ჩემო, ეს რა გიქნია, პელაგია. - აღმოხდა მამაჩემს.

- მათთვის ხომ ცუდი არაფერი მიქნია? - გაუბედავად წაილუღლუღა საწყალმა ქალმა.

- რა თქმა უნდა, მათთვის არაფერი გიქნია ცუდი. ისინი ღმერთის ნებით აღტაცებულნი არიან. ახლა მათ ვერც სიბოროტე და სიცრუე დაუშავებს რამეს და შეაცდენს მათ სულებს, მაგრამ შენთვის როგორია ეს?!

- აი, ამაზე ვტირი და მოვთქვამ და ვქვითინებ.

როგორც გამოვარკვიეთ, პავლე ზუსტად იმ წუთებში წასულა ამ ქვეყნიდან, როგორც კი დედამისმა ეს შეჰღაღადა ღვთისმშობელს. 180 კილომეტრის იქით ჩააღწია კრულვამ.

„მამის კურთხევა განამტკიცებს ოჯახს, შვილებს. დედის წყევლა კი ძირფესვიანად ამოძირკვავს ოჯახს“. - ამბობს ბრძენი. აი, რა არის დედის წყევლა! არის შემთხვევები, როდესაც წყევლის სიტყვები ზედმიწევნით სრულდება. ამიტომ დედის პირიდან შვილისათვის მხოლოდ სასიკეთო უნდა ამოდიოდეს. ლოცვა არ უნდა შეწყვიტოთ, თუნდაც უფალმა გვიან ისმინოს თქვენი. ცუდი შვილები შეიძლება უფლისაგან დასასჯელად მოგვეცა. ასეთ შემთხვევაში კი არ უნდა ვწყევლოთ ისინი, არამედ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მათთვის; ისევ უფალს და ღვთისმშობელს შეევედრეთ, რომ ჭკუაზე მოიყვანონ ისინი.

ისიც გახსოვდეთ, რომ, თუ თქვენი შვილი რაიმეს ისე არ აკეთებს, ამაში ისევ თქვენ ტყუიხართ, რადგან თავის დროზე არ ჩაუნერგეთ ღმერთის რწმენა და სიყვარული, მოწიწება ღმერთის ტაძრისადმი და სხვა ქრისტიანული სათნოებისა და ზნეობისადმი. მშობლები სასოწარკვეთას არასოდეს უნდა მიეცეთ, გული არ უნდა გაიტეხოთ. არ არის არც ერთი წმიდანი, რომელაც მთელი ცხოვრება მწუხარების გარეშე გაეტარებინოს; ყველა ადამიანი ცხოვრებაში აუცილებლად იტანდა მწუხარებებს.

ღმერთის სასუფევლისაკენ მხოლოდ ერთი გზაა - გზა მწუხარებისა. ჩვენი ცხოვრება მწუხარებების გარეშე შეუძლებელია, რადგან ვიბადებით ცოდვებში და ვცხოვრობთ ცოდვიანებად. გასაგებია - გიჭირს, ქალიშვილმა ან ვაჟმა გაწყნინათ, აუტანლად მძიმეა ეს. მას არანაირი სიმძიმე არ შეედრება. მაშინვე შენს ზეციურ მამას მიმართე, უთხარი: „მიმძიმს, უფალო!“ და იცოდე, არასოდეს ღმერთამდის ისე არ მიდის ჩვენი ლოცვა, როგორც მაშინ, როდესაც გული უაღრესად დამწუხრებულია. ეძებე შველა მხოლოდ ღმერთში, ეძებე იქ, სადაც იგი განსაკუთრებით ავლენს თავის მადლს - წმინდა ტაძარში, ეძებე მის წმიდა საიდუმლოებებში, ეძებე ის წმიდა წერილში; ეძებე და ყველაფერს იპოვი მასში. იპოვი სიმშვიდეს და დიდ მოწყალებას შენთვის და შენი შვილებისათვის. როცა ასეთნაირად გადაიტან მწუხარებას, დაუყოვნებლივ მოვა ნუგეში.

მძიმე და მტანჯველია შვილების გამო მწუხარება, მანამ, სანამ არ მიხვდები და არ იტყვი: „იყავ ნება შენი, უფალო, ეს ხომ ჩემი ცოდვების გამოა და მათგან განსაწმენდელად მოთმინებით მოვიცდი, სანამ სადარდელი გაივლის“. - დარწმუნებული იყავი, რომ განსაცდელი მალე გაივლის და გული ისე შემსუბუქდება, ისე გაიხარებს, რომ თვალებზე სიხარულის ცრემლები მოგადგება. ღმერთი იმიტომაც უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ უფრო მალე მივმართოთ მას, რომ უფრო მალე გაგვახსენდეს ის. „განსაკუთრებით მიმძიმს - ამბობ შენ - ისიც არ შემიძლია, ღმერთს მივმართო, პირჯვრის გადასახვაც კი არ შემიძლია, რომ ღმერთს ვუთხრა, რაც მიმძიმს; არ შემიძლია, არ მაქვს სურვილი“. ჰო, მაგრამ მოდი და სწორედ ეს უთხარი ღმერთს, სწორედ ასე, ამ სიტყვებით, როგორც შეგიძლია, ისე გაანდე შენი წუხილის მიზეზი. და უთუოდ დაინახავ, სიტყვა დამთავრებული არ გექნება, რომ შვებას იგრძნობ. რასაც ღმერთს შესჩივლებ, აუცილებლად მოგეშვება გულზე. „მაგრამ, რატომ ვდარდობ ასე ხშირად და ასე მწარედ? - ისევ იტყვი შენ, - შევთხოვ ღმერთს და დავმშვიდდები; მაგრამ შემდეგ ხომ ისევ ვიდარდებ. ამაზე ასე გიპასუხებ: „მოიშორე ახლანდელი წუხილი და მომავალ წუხილზე ნუ იფიქრებ, მომავალ საწუხარს მოუვლი, როცა მოვა. დროდადრო დამწუხრება აუცილებლად გვჭირდება იმიტომ, რომ შემდეგ ცათა სასუფეველში უნდა შეხვიდე, სადაც მხოლოდ ისინი ცხოვრობენ და ხარობენ, რომლებმაც სააქაო ცხოვრებაში განსაცდელების შემდეგ ღმერთში იპოვეს სიხარული და სიმშვიდე...

მაშ ასე, თქვენ, მშობლებო, განსაკუთრებით დედებო, შვილებთან დაკავშირებით ხშირად იღებთ განსაცდელს, მაგრამ ნუ დამწუხრდებით, ნუ განრისხდებით, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. უფალს ნუ განეშორებით და ყოველთვის დაინახავთ, ხსნა აუცილებლად მოვა.



სანამ დედამ არ მიუტევა

ამბროსი ოპტინელის წერილებში, რომლებსაც იგი ერისკაცებს წერდა, ნათლად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილების ზრუნვა მშობლებზე და მშობლების კურთხევა.

წერილის უკეთ გაგებისათვის გავიხსენოთ ათონელ ბერთა ჩვეულება: გარდაცვლილი ძმის საფლავს სამი წლის შემდეგ ხსნიდნენ და მისი იმქვეყნიური ხვედრის შესახებ ნაწილების მიხედვით იგებდნენ. თეთრი, სუფთა ძვლები იმის ნიშანი იყო, რომ ძმას ცოდვები მიეტევა, შავი ძვლები და გაუხრწნელი სხეული კი სულის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებდა. ამ დროს მთელი მონასტერი გარდაცვლილის სულისათვის იწყებდა ლოცვას და უფალს მისთვის ცოდვების მიტევებას ევედრებოდა.

საინტერესოა ერთი ამგვარი შემთხვევა: ერთ მონასტერში ერთი იეროდიაკვნის ცხედარი გახსნეს, რომელიც არ გახრწნილიყო და ერთიანად გაშავებულიყო.

მეუფემ ცოდვების მიტევების ლოცვა წაიკითხა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. მაშინ მეუფე დაინტერესდა და იკითხა, თუ ვინ იყო გარადაცვლილი და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. მას უპასუხეს, რომ გარდაცვლილი ერთი ღარიბი ქვრივის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც მონასტერში დედის სურვილის წინააღმდეგ დარჩენილა. დედამისი კი სიღარიბის გამო მუდამ წუწუნებდა. ვიღაცამ თქვა, ის ქალი ახლაც ცოცხალიაო.

მეუფემ მისი მოძებნა ბრძანა. მოიყვანეს ოთხმოცდაათი წლის წელში მოხრილი მოხუცებული. მეუფემ შვილის ცხედარზე მიუთითა და სთხოვა ეპატიებინა მისთვის ურჩობა, მაგრამ მოხუცმა ზურგი აქცია მას და იუარა. „მის გამო იმდენი მწუხარება გადავიტანე“. - იმეორებდა ის.

მეუფე ცდილობდა, დაერწმუნებინა დედაბერი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს უთხრა: „თუ არ აპატიებ, იცოდე, თავადაც შეკრული იქნები“. მაშინ მოხუცმა უხალისოდ თქვა: „ღმერთმა აპატიოს“. გაშავებული გვამი იმწამსვე ფერფლად იქცა.

უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში, დედის მიტოვება მისი სურვილის საწინააღდეგოდ ღვთისათვის სათნო არ გამოდგა, თუმცა, ეს საქციელი კეთილი საქმის - ბერობის მოტივით იყო ჩადენილი. (სხვათაშორის ათონელი ბერი პაისი მიუთითებს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წყევლა ლოცვა-კურთხევად გადაიქცევა, ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს თავი უფალს მიუძღვნას, მონასტერში წავიდეს და მშობლები ამას არ უთანაგრძნობენ. როგორც ჩანს, აქაც ყველა კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვაგვარად მისაღებია უფლისათვის ბევრი მომენტების გათვალისწინებით).

მშობელთა ნების დარღვევა დიდი ცოდვაა, ვინაიდან ეს ზოგჯერ წყევლას იწვევს. ხოლო წყევლა, თავის მხრივ, უმძიმესი და საშიში ცოდვაა. რატომ? სანამ ამ კითხავს ვუპასუხებდეთ, მეორე კითხვა დავსვათ - რა არის წყევლის მიზანი? ერთხელ პავლე მოციქულმა მძიმე ცოდვის ჩამდენი კორინთელი ქრისტიანი დაწყევლა, რათა „ძალითურთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა მიცემად ეგე-ვითარი იგი ეშმაკსა სატანჯუელად ხორცთა, რათა სული ჰსცხონდეს დღესა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“ (1 კორ. 5, 4-5). ამ წყევლის მიზანი გასაგებია - ადამიანი იგვემოს იმისათვის, რათა სული გადარჩეს. მაგრამ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა წყევლა უკანასკნელი და უსაშინლესი ზომაა, რომელიც დაწყევლილს დიდ განსაცდელში აგდებს. განაგრძეთ კითხვა
6539
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```