"– გაშვილდაო, – გული მომეწურა... გუშინ პეკინზე შემხვდა..." - ამბავი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბევრი ააღელვა
"– გაშვილდაო, – გული მომეწურა... გუშინ პეკინზე შემხვდა..." - ამბავი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბევრი ააღელვა
ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე ერთ ძალიან ამაღელვებელ ამბავს იხსენებს თავისი ცხოვრებიდან, რომელიც ნებისმიერ მკითხველზე მოახდენს შთაბეჭდილებას:

"წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვთა სახლები არსებობდა, დეკემბერში ჩავუთქვი,ხელფასს რომ ავიღებ, შუაზე გავყოფ და ერთი ნახევრით ტკბილეულსა და საჩუქრებს ვიყიდი და ბავშვებს გავახარებ-მეთქი...
იმ ახალ წელს შინ არც ისე დახუნძლული სუფრა გვქონდა, რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფზეც უარი ვთქვი, მაგრამ სამაგიეროდ, ბავშვები იყვნენ ემოციებით დახუნძლული.
31–ში მივედი და მათთვის საგანგებოდ, სათითაოდ შეფუთული საჩუქრები მივიტანე და
დავტოვე, რომ იმ ღამით მიწვეულ თოვლის ბაბუას ბავშვებისთვის დაერიგებინა.
პირველში კი მეც მივედი და მთელი დღე მათთან გავატარე...
ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდნენ, ჯერ შორიდან...
ხალიჩაზე რომ მოვკლათდი და კუბებით ქალაქის აშენება დავიწყე, პირველმა ხუთიოდე წლის ბიჭუნამ გაბედა მოახლოება, თან თვალებში მიყურებდა, ალბათ ჩემს რეაქციას კითხულობდა. რომ გავუღიმე, უფრო თამამად გადმოდგა ნაბიჯები და ლოტოსის პოზაში მჯდარს, პირდაპირ კალთაში ჩამიჯდა...
რამდენიმე კითხვა გავცვალეთ, ერთმანეთის სახელები გავიგეთ და ის იყო, კუბების ფერების ჩამოთვლა დავასრულეთ, რომ მიმოვიხედე და უკვე ყველა ჩემს სიახლოვეს იდგა.
– ახლოს მოდით–მეთქი, რომ ვუთხარი, ზოგი კისერზე ჩამომეკიდა, ზოგი მკლავზე დამეკიდა, უფრო გაბედულებმა კალთაში ჩაჯდომა მთხოვეს.
გავერთეთ, ვითამაშეთ... ის ბიჭუნა, პირველად რომ გაბედა მოსვლა, არ
მშორდებოდა... ფიზიკური კონტაქტი არ დაუკარგავს ჩემთან... ან შარვალზე მეკონწიალებოდა, ან ხელში აყვანას მთხოვდა ან კალთაში მეჯდა...
ლოყებზე მომიჭერდა პატარა ხელის გულებს და თავს მიმატრიალებინებდა, თვალებში ჩამხედავდა ხანგრძლივად...
ღმერთო, აღარ ვიცოდი, სად წამეღო თვალები ამ დროს... უბრალოდ მიყურებდა, მაგრამ მეგონა, სულს მიწვავდა მზერით. ეს თვალები ცხოვრებაში არ დამავიწყდება...
კარამდე მომაცილეს ბავშვებმა და როგორც კი კიბის პირველ საფეხურზე დავდგი ფეხი, კარი მოაბრახუნეს და გავიგონე, ჟივილ–ხივილით რომ გაცვივდნენ სადღაც.
გული დამწყდა, ასე იოლად როგორ გამიმეტეს გამოსაშვებად–მეთქი...
თურმე ფანჯრისკენ გარბოდნენ... შევხედე მეორე სართულის ფანჯრებს და გამეღიმა... ბეღურებივით აწყდებოდნენ შიგნიდან, ფრთხიალებდნენ და ხელს მიქნევდნენ...
არ გამიძლო გულმა, მივაღწიე იმას, რომ ნებართვა მივიღე, კვირაში ერთი დღე პატარებთან გამეტარებინა...
როცა ეძინათ, ოთახეებს ვალაგებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, იატაკს ვწმენდდი...
გაიღვიძებდნენ და თბილ ამინდებში ეზოში ვთამაშობდით...
მათი უმეტესობა ღობის რკინებს ხელჩაჭიდებული, ქუჩაშიცხვირგაყოფილი იდგა და გამვლელ–გამომვლელს აკვირდებოდა...
– დედაჩემი ასეთია, – იტყოდა ერთ–ერთი, ლამაზი ქალის დანახვისას...
– დედაჩემიც, დედაჩემიც... – აჰყვებოდნენ დანარჩენები.
მე კი ის პატარა ბიჭი ისევ არ მშორდებოდა და ისევ თვალებით მიბურღავდა სულს...
5 წელი მაბედნიერებდნენ და მასევდიანებდნენ ეს ბავშვები... დრო და დრო ახლები მოდიოდნენ, ვიღაცები გაშვილდნენ...
იცვლებოდნენ ბავშვები და ჩემი ბიჭუნა არ მიდოდა არსად...
უკვე 11 წლის იყო, ის ჩვევა კი შემორჩა, რომ ჩემს ლოყებს თავის ხელისგულებში ითავსებდა და მზერით მბურღავდა... ხელებით კი თითქოს მაიძულებდა, თავი არ ამერიდებინა მისი მზერისთვის...
შემდეგ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში გადანაწილდნენ ბავშვები, ჩემი ბიჭუნა დასავლეთ საქართველოში მოხვდა...
ჯერ დავურეკე, შევპირდი, მალე გნახავ მეთქი და სამი თვის მერე მივაკითხე იმ გადაწყვეტილებით, რომ თუ მისგან თანხმობას მივიღებდი, უნდა მეშვილა, რადგან ვერ ვუძლებდი მონატრებას...
– გაშვილდაო, – გული მომეწურა... იმ სკოლის დირექტორს წაუყვანია, რომელ სკოლაშიც დადიოდა...
არ მიძებნია, ჩემი სურვილები ჩავიკალი და მას გავუფრთხილდი...
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი... ასეე მეგონა, მე მადანაშაულებდა, რომ მივატოვე და იმიტომ დათანხმდა გაშვილებაზე... სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე...
გუშინ, სამსახურიდან გამოსულმა პეკინზე ფეხით გავიარე...
საპირისპირო მხრიდან მომავალმა ახალგაზრდა ბიჭმა რაღაცნაირად შემომხედა და ჩამიარა...
მერე უკნიდან მომესმა მამაკაცის ხმა – მარი!
მივიხედე, ეს ბიჭი იდგა და მიღიმოდა... კაცი იდგა ჩემ წინ...
გადამკოცნა... ვერ მიცანიო?
გონება ჩემი შვილების მეგობრებისკენ გამექცა და ვცდილობდი, ამ ახალგაზრდაში ამომეცნო რომელიმე მათგანი...
ამან ჩემი ორივე ლოყა ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა...
მუხლი მომეკვეთა ლამის... ლამის კი არა, მომეკვეთა...
დიდხანს ვისხედით კაფეში... თავის ამბებს გულიდან იღებდა და პირდაპირ ჩემს ადუღებულ სისხლში უშვებდა, რომ გულის გულში ჩამღვროდა და ჩამტეოდა...
მზერას სული აღარ ჩაუწვავს ჩემთვის, რადგან სევდა სადღაც დაკარგულიყო და ბედნიერი თვალები მიყურებდა...
ყველაფერი ფარდობითია ქვეყნად. მომეჩვენა, რომ 12 წელი ძალიან ბევრია..."
52660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
თამაზი
0
ეტყობა კარგი ოჯახი შეხვდა ..ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს...
13:07 / 06-08-2019
Natia
0
როგორ ამატირე, ნეტა როგორ ცხოვრობს?
15:23 / 03-08-2019
მსგავსი სიახლეები
```