ცნობილი რუსი მსახიობი ევგენი ლეონოვი, რომელსაც დაუვიწყარი როლები აქვს შესრულებული, მათ შორის გია დანელიას ლეგენდარულ ფილმებშიც, რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. ასევე იცნობდნენ, როგორც კარგ მამას. საყოველთაოდ ცნობილია მისი წერილები შვილისადმი. ერთ-ერთი მათგანი თბილისიდან აქვს გამოგზავნილი 1976 წელს და ალბათ ეს წერილი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა:
"თბილისი. 10. VII.76
ანდრიუშა, თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც აუცილებლად უნდა წამოგიყვანო. მე აქ პირველად არ ვარ, მაგრამ პირველადაც, მახსოვს, ჩამოვედი უკვე მზად მყოფი იმისთვის, რომ მყვარებოდა ეს ქალაქი: არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები - გია და ბუბა, დანელია და კიკაბიძე, - ბევრს მიამბობდნენ თბილისზე... უბრალოდ მგონია, რომ ჩემი ნაზი გრძნობები მათდამი მე მათ სამშობლოზეც გადავიტანე. ერთი სიტყვით, ამ ქალაქს არ სჭირდებოა ძალისხმევა ჩემი გულის დასაპყრობად, მე უკვე წინასწარ ვიყავი დატყვევებული მისი მუსიკით, ნიჭით, გამთბარი ვიყავი მისი მეგობრული დამოკიდებულებით. თვითმფრინავში, როცა სტიუარდესამ გამოაცხადა, რომ კავკასიონის თავზე მივფრინავდით, სიამაყით გავიფიქრე: კავკასია ჩემს ქვემოთაა...
არის ქალაქები, რომლებშიც თავს არ გრძნობ უცხოდ, თუნდაც პირველად აბიჯებდე ფეხს მათ ტერიტორიაზე. და რით აიხსნება ეს, ნამდვილად არ ვიცი. ქუჩაში მესმის ქართული ლაპარაკი, რეპროდუქტორიდან ოდნავ სევდიანი ქართული მელოდია ჟღერს, მეტროში უცებ ვერც ვპოულობ რუსულ წარწერებს, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ თავს განცალკევებულად, გარიდებულად, მარტოდ. გარშემო ყველაფერი განსაკუთრებულია, ახალი, ლამაზი, მაგრამ ყველას ეკუთვნის, ვინც ხედავს და იღებს ამ სილამაზეს. თუმცა, უცნაურია, აი ახლა გავიფიქრე, ეს ხომ საყოველთაო ჭეშმარიტებაა: ხელოვნებაშიც, ცხოვრებაშიც ყველაფერი მშვენიერი ეკუთვნის მას, ვისაც აქვს მისი დანახვისა და შეგრძნების უნარი.
თბილისს აღვიქვამ, როგორც ერთ დიდ სახლს - კარგი სახლი ხომ თითოეული იმ ადამიანის პატივისცემაზე დგას, ვინც მასში ცხოვრობს, ასე არ არის? - აქ ასეა, მე ამას ვგრძნობ. ქართველებმა იციან თავიანთი ისტორია, ფესვები, ტრადიციები, ეს ძალიან მჟღავნდება ხელოვნებაში, მუზიცირების კულტურაში, მე ვგულისხმობ არა აკადემიურ სიმღერას ან ესტრადიდან მღერას, არამედ ჩვეულებრივ ყოფაში, სადაც ბევრი მღერის, და ისე ლამაზად, მუსიკალურად, უბრალოდ.
რა თქმა უნდა, შენ ახლა ფიქრობ - აბა რა, რატომ იქნება ცუდი თბილისში, სადაც გივლიან, კარგად გიღებენ... ჰო, იცი, გიამ ვერიკო ანჯაფარიძესთანაც კი მიმიყვანა სტუმრად, პატარა ბიჭივით მეამა, რომ ის მიცნობს, უნახავს ჩემი ფილმები და ბევრი რამ მოსწონს.
ამ ქალაქში ძალიან მძაფრად ვგრძნობ სიცოცხლის სიყვარულს, ადამიანებისადმი სითბოს, და როგორც ყოველთვის, მიჩნდება სურვილი, ეს ყველაფერი შენ გაგიზიარო, ჩემო ბიჭო.
თბილისი ისეა მთებით გარემოცული, დაფარული ავი ქარებისგან, როგორც ქალი გრძნობს ბოროტი ძალებისგან დაცულად თავს ერთგული მამაკაცის ზურგსუკან. აქ ვერ ვგრძნობ მოსკოვურ ფუსფუსს: თუ ადამიანები სუფრას უსხედან და მღერიან, არავინ უყურებს საათს, თუ ქართველს ესაუბრები, ხედავ, რომ ის მზად არის, მარადიულად გესაუბროს. შეიძლება ეს სასაცილოა, მაგრამ მე ძალიან დავიღალე სულ სიჩქარით. სინამდვილეში სიცოცხლის ყოველი წამი სამუდამოდ მიდის.
აი, გწერ წერილს სასტუმრო "ივერიას" აივანზე. ქვემოთ - მტკვარია, მანათობელ ელვად მიქრიან სანაპიროზე მანქანები, თითქოს მდინარე კი არ მოაგრიალებს წყალს, არამედ ეს ქვის ნაპირები მიაქროლებენ მას. ალბათ ვეღარასდროს გადავხედავ ამ აივნიდან დიდებულ ჩახჩახა ქალაქს და თან ვიფიქრებ შენს გამოცდებზე... როცა შენ ამ წერილს მიიღებ, ერთი გამოცდა უკვე ჩამოტოვებული გექნება, და მაშინვე დამირეკავ, და რა თქმა უნდა, მეც დაგირეკავ დღეც და ღამეც. აი, რა მინდა გითხრა: შემთხვევითობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში, და მაინც, რაც შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, ეს არაა მთავარი.
ამ საღამოს ძველ ქალაქ მცხეთაში ვიყავით. მაღალ ფრიალო კლდეზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან დგას ჯვრის მონასტერი - საქართველოს უძველესი ნაგებობა. ეს ჯვრის ფორმის ეკლესია ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღების პატივსაცემად აიგო. გრანდიოზული ტაძარია. შეუძლებელი იყო, პუშკინს აქ ლექსები არ დაეწერა. ეს პოეტების ადგილია! აუცილებლად ჩამოგიყვან აქ.
მამა".
"როცა მარტო ვარ, ვდარდობ და ვიხსენებ შენს ყველა სიტყვას" - ლეონოვის წერილი შვილს