ეს ერთი მხიარული ამბავია, ქორწინების 30 წლის თავზე მოყოლილი. ამბის გმირები კი ლალი შიუკაშვილი და ლევან ფაიქრიძე არიან. სწორდ ქალბატონი ლალი იხსენებს ამ სახალისო ისტორიას:
"ამასობაში 30 წელიც გასულა ლევან ჩემო!
საღამოს 5 იქნებოდა, მე რომ ამომადგა სახლში ქეთინო: ლევანი გელოდება ქვემოთ, მიყვარსო და წამომყვეს ცოლადო.... ჰოდა კი ჩამოვიდა და წამოდი ახლა!, "გარაჟების უკან ვდგავართ მანქანით!".... ჩემი და ლევანის "გაურკვევლად ბოდიალის" ისტორია კი ითვლიდა იმ დროს სამ-ოთხ წელიწადს. ჰოდა... ჩავედი.... ისე საგულდაგულოდ იყვნენ დამალულები, ძლივს მივაგენი....
მოგუდულად შეიცხადეს ჩემი გამოჩენა, მეზობლებს ემალებიან! შევხედე და დავიწყე დათვლა: დგას კარგად შენახული, მაგრამ ძველი 06 და იკრიჭება იქიდან ფაიქრიძეების საგვარეულო: ეს ბადრი, ეს ზაზა, ეს ქეთინო, ეს ლევანი, ეს ნინო.... ეს მეზობლის ბიჭი (მანქანის პატრონი).... ჩემი ადგილი აღარ არის არსად....
- მე სად ვჯდები? - ვიკითხე მოკრძალებულად (სახელდახელოდ გამომცხვარი საპატარძლო ვარ და ვინაზები მაინც!).
- მივიწევით, კაცო, და დაეტევი, - დამაიმედა ლევანის ბიძაშვილმა. "მიიწიეს", შეტყუპდნენ, გაჭირვებით "მტენიან" მანქანაში. ვიგუდებით სიცილით. "მისმინე, გამიმხილე სად აპირებთ ჩემს წაყვანას და წამოვყვები მე ავტობუსს, ვიმგზავრებ ადამიანურად და იქ შევხვდეთ" - ვთავაზობ კირში ამოგლაგნულ, ფაქტიურად ქმარს... ლევანი დაბნეული ახამხამებს თვალებს... გოგოები სიცილისგან კივიან...
- არა, კიდე კაი რომანი და გია დავტოვეთ, თორე მართლა ავტობუსით მოუწევდათ ამათ გაპარვა. - როხროხობს ბადრი...
ქარელში ჩავედით... მიხვეულ-მოხვეული გზით რაღაც უბანში გავჩერდით... წინ 30-მდე ადამიანი იდგა ჯგუფად და ხმამაღალი შეცხადებებით ამხნევებდა თუ იცოდებდა ვიღაც სიმპათიურ, ჭაღარა კაცს, რომელიც ძალიან ემოციურად ყვებოდა რაღაც ამბავს... უცხო მანქანა შეამჩნიეს და ყურადღების ცენტრში მოვექეცით. ლევანი "გადაიხლართა" მანქანიდან და მასთან შესახვედრად ზუსტად ის ჭაღარა კაცი გამოემართა.
- ვალოდა ბიძია, შენი ჭირიმე, გოგო მოვიტაცე და უნდა დამმალო სადმე! - მიახალა ლევანმა და... ერთი კი წამოიკნავლა მასპინძელმა "ვაიმე"-ო და გაიშხლართა ლევანის წინ გულწასული...
ატყდა ჩოჩქოლი, მოცვივდნენ მეზობლები, მოასულიერეს კაცი და... წინა საღამოს ძმიშვილს მიუყენებია კარზე მართლა მოტაცებული გოგო და ერთ საათში პოლიციაც დადგომიათ თავზე... ისეთი ამბავი ყოფილა, მთელი ღამე პოლიციის შენობაში აყურყუტეს მთელი ოჯახი და ჩვენ მისვლამდე 5 წუთით ადრე უბანში დაბრუნებული, მეზობლებს უყვებოდა თურმე წინა ღამის თავგადასავალს... ჰოდა ლევანმა რომ საზეიმო ხმით გამოუცხადა, მოტაცებული გოგო მოგაყენე კარზეო, ვეღარ გაუძლო კაცმა!..
ჩემები რამდენიმე დღის მერე ამოგვადგნენ დიდი დელეგაციით სოფელში.... მე ყოველი შემთხვევისთვის გადამმალეს, უკან არ წაიყვანონო... ჰოდა შემოვიდა შიუკაშვილების ამალა ფაიქრიძეების ტალავერში: დელეგაციას წინ საქმიანი, "დაყენებული" სახით მოუძღვება ბებიაჩემი, ცხონებული ქეთევანი! გაბრაზებულ გულზე ნამეტანი უქნევს მოტეხილ თეძოს და კოჭლობაც უფრო ეტყობა....
- ეს ვინ არის? - გოროზად იკითხა დედამთილმა...
- ეს ბებიაა!
- კოჭლია? - უკმაყოფილოდ აწია წარბი ქალბატონმა ვარდომ.
- უიმე, არაა, მაგას ზილი დაეტაკა და თეძო მოტყდა, მექანიკური ტრავმა აქ, თუ არა, ისე კი არ იყო კოჭლი, - ჩაარაკრაკა ლევანმა!..
ბებიაჩემს მამაჩემი მოსდევს, ნერვიული ნაბიჯით, ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, მაგრამ ეტყობა, რომ გული საგულეს არ აქვს...
გახედა ჩემმა დედამთილმა და რას ხედავს: - მარჯვენა მხარეს რომ იძახის სალამს მამაჩემი, მარცხენა მხარეს უქნევენ თავს, გაგიმარჯოსო!
- ეს ვინ არის?- იკითხა ისევ ფანჯარასთან სტრატეგიულად გამაგრებულმა.
- ეს მამაა!
- მამააა?.. თვალებზე რა ჭირს? გოურბის?.. - იკივლა იმან და გავიწიე მე კარებისკენ!
- მაგას ჯარში ნაღმი ოუფეთქთა და იტკინა თვალები, თვარა, ისე კი არ ქონდა ზადი, - გამოვიდა სიტყვით ლევანის ბიძა უჩა და ცერად გახედა აჭარხლებულ რძალს...
გულგახეთქილმა გავაპარე თვალი ეზოსკენ და რიგში ჩამდგარი მამიდაჩემის ქმარი რომ დავინახე, გავხდი მოსასულიერებელი... ცალი ხელი არ აქვს ბიძაჩემს, იმასაც "მექანიკური ტრავმის" გამო, მაგრამ ვიღამ მოუსმინა ახსნა-განმარტებას ნემოს სამედიცინო ჩვენების თაობაზე? გაიწია კარისკენ კივილით ქალბატონმა ვარდომ:
- რა მჭირს ამათთან დასამალი და ბოვში (მომავალი შვილიშვილი იგულისხმა) რო ბრუციანი და კოჭლი გამომივიდეს, მაგ მინდა მეო? - დაიკრა მჯიღი გულზე... - აგერ არი ამათი გოგო და წაიყვანონო!..
მოკლედ, ვიდრე მთელი სანათესაოს ჯანმრთელობის ცნობა არ გავაშანშალეთ შიუკაშვილებმა, მანამდე ვერ მოვუბრუნეთ გული!.. მერე ანეკდოტად ვყვებოდით ამ ამბებს და ცრემლებამდე ვიცინოდით..."