ეს ჟურნალისტ ანა კალანდაძის ემოციური ჩანაწერია დედაზე, რომელიც ალბათ ბევრი შვილის ემოციას გამოხატავს:
"არ ვიცი, ისე როგორ ახერხებს, რომ არასოდეს იღლება.
არც ის ვიცი, რატომ არის მისი გაუთოებული ჩემი პერანგი ჩემ მთელი საათი ნალოლიავებზე უფრო ტკიცინა.
არ ვიცი, როგორ კერავს და ქსოვს იმდენს, რომ ბავშვობის ყველა ფოტოზე მისი შექმნილი სამოსი მაცვია...
არ ვიცი, ისე როგორ ახერხებს, რომ მისი სადილი ყოველთვის ყველაზე გემრიელია. (ათას გემოში ამოიცნობ, არა რამე განსაკუთრებული და ამოჩემებული სანელებლით, არამედ ისე, უბრალოდ. მის ნახელავს დანახვისთანავე ვცნობ)...
არც ის ვიცი, როგორ შეუძლია წლების განმავლობაში ისმინოს ჩემი ათასობით იდიოტური პირადი ისტორია. ზოგჯერ გაეცინოს კიდეც და როცა ვტირი, კი არ დამამშვიდოს, უბრალოდ თვალი ამარიდოს და ოთახში თავთან მარტო დამტოვოს.
არ ვიცი, როგორ შეუძლია ღამე გატეხოს ჩემთან ერთად და დილით გარეთ ისე გავიდეს, თითქოს მთელი ღამე უშფოთველად ეძინა.
არ ვიცი, როგორ ახერხებს ზედმეტი სიტყვების გარეშე დამამშვიდოს და არც ის, რომ გამიღვივოს ბრძოლის მოტივაცია.
არც ის ვიცი, როგორ ამბობს კომპლიმენტს, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობ, როცა მოვწონვარ, ან არ მოვწონვარ.
არ მახსოვს არც ერთი მისი რჩევა, არც დარიგება, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ, რომ გვერდით მიდგას.
არ ვიცი, რა მასწავლა, ან რა ვისწავლე. არ ვიცი, რამით თუ ვგავარ, თუ უბრალოდ მინდა ვგავდე. მხოლოდ ის ვიცი, რომ არ არსებობს იმაზე ყოვლისმომცველი სიტყვა, როგორიც "დედაა"..."