მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი... მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე დაუკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით, მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილ- ებლად ვაპირებდი წამოსვლას, რატომ იცი?!. როცა მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი, შენს მიწას გეცილება... ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, შეჭამეო, გეუბნებიან... არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცებმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ და ვქსოვოთ. მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მაშინ, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე.
მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი. მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ. მამიკო, მაშინ ვთქვი, სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხდურს ქართველის სისხლი.
მამა, ამ გაგებით შევედი გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვიტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო... ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს... დედა მეუბნება, სხვები რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევძვრები თაგვის სოროში მეც... მეტი რა მოგწერო...
მამიკო, გკოცნი და გკოცნი. ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინშიგეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, იყო ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლებიან. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა.
მეტი რა, მამი, კარგად იყავი. წერილი წერილია, უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართლად მიმიჩნევია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა. მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშინია, დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნები.
ზურა".