ვის დაუტოვა იაკობ გოგებაშვილმა თავისი ქონება და რა პირობის შესრულება მოსთხოვა მათ
ვის დაუტოვა იაკობ გოგებაშვილმა თავისი ქონება და რა პირობის შესრულება მოსთხოვა მათ
იაკობ გოგებაშვილი ქართველი პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელია. 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა და მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი საზოგადოების განვითარებაზე. უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის შემდგომ საქმიანობაში. არაერთი წიგნის ავტორია, მათ შორის, "დედა ენის"- წიგნის, რომელზეც უამრავი თაობა გაიზარდა.

საზოგადო მოღვაწე 1912 წლის 14 ივნისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ყველასთვის ცნობილია, მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ცოლი გამიზნულად არ მოიყვანა - ახალგაზრდობაში ჭლექი ჰქონდა გადატანილი და არ უნდოდა, შვილისთვის გადაეცა
მემკვიდრეობით ეს დაავადება. გარდა ამისა, სურდა მთელი თავისი დრო და ენერგია საყვარელი საქმისთვის დაეთმო.
მთელი ცხოვრება დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა თავის ჯანმრთელობას, ცდილობდა, არ გაცივებულიყო და მიძინებული ავადმყოფობა არ გაეღვიძებინა. ამ სიფრთხილის წყალობით იცოცხლა 70 წელზე მეტხანს. 

სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ანდერძი დაწერა, რომლის მიხედვითაც, მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. გოგებაშვილი მათ ყველა სახელმძღვანელოსა და წიგნს, უკვე გამოქვეყნებულ თუ გამოსაქვეყნებელ ნაწარმოებებს, სტატიებსა და ნახატებს უტოვებს. ასევე საზოგადოებას ანდერძით გადასცემს მიწის ნაკვეთს ვერაზე,
რომელიც ნოტარიუსით იყო დამოწმებული.

თუმცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რამდენიმე პირობის დაცვა დააკისრა. პირელ რიგში, მათ სთხოვს, რომ სახელმძღვანელოებიდან შემოსული თანხით, დააარსონ და ყოველწლიურად შეინახონ სკოლა ვარიანში. ასევე, ითხოვს, რომ ყოველი ნახევარი წლის განმავლობაში მისი დისთვის, ეფემიასთვის, გადაეცათ ას ოცი მანეთი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თანხა შვილისთვის, გიორგისთვის უნდა მიეცათ, ვიდრე შეძლებდნენ. ქართული და რუსული წიგნების გაყიდვიდან კი 1 კაპიკი საგანმანათლებლო საქმიანობისთვის უნდა გადაედოთ, დახმარებოდნენ ღარიბ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. 300 მანეთი ყოველწლიურად უნდა გადაეცათ ქართული პედაგოგიურ ჟურნალისთვის "განათლება", რომელსაც იაკობ გოგებაშვილის აზრით, ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო ქართველთა შორის. გარდა ამისა ის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, აკაკი წერეთლისთვის ყოველწლიურად 100 მანეთი გადაეხადათ "დედა ენაში" დაბეჭდილი ლექსებისთვის. ანდერძი 1912 წლის 14 მარტსაა შედგენილი და მას უცვლელად გთავაზობთ:

ანდერძი


მე, ქვემორე ხელისმომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებით და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევისათვის, ვაცხადებ ჩემს შემდგენ ნებასურვილს:
ქართულ და რუსულ დაწერილ გამოუკლებლივ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნსა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვასა, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს "ბუნების კარის" დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, ასევე ყველა ჩემს სტატიას, დაბეჭდილს ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში, დაუმთავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართულს მოსახლეობას შორის "წერა-კითხვის გამავრცელებელ" თბილისის საზოგადოებას. ამავე საზოგადოებას ვუანდერძებ მიწის ნაკვეთს ვერაზე თბილისში, ზომით 264 კვადრატულ საჟენს, რომელიც
1901 წელს ვიყიდე ნაფიც ვექილ ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისგან და მის რწმუნებულისაგან აზნაურების გერასიმე დიმიტრის ძე პოლშგენისა და ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისგან, აქტით N-208, რომელიც მოხდენილია იმავე წელს ქალაქ თბილისის უფროს ნოტარიუსთან.

ამასთან ერთად "წერა-კითხვის საზოგადოებას" ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:

პ ი რ ვ ე ლ ი: ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარჯზე ის ვალდებულია დაარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის მახლობლად იმყოფება.

მ ე ო რ ე: ყოველწლიურად აძლიოს ყოველი ნახევარი წლის განმავლობაში ასოცი მანეთი ჩემ მოხუც დას ეფემია სიმონის ასულს ინოურის ქვრივს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მის ღარიბ შვილს გიორგის, ოჯახთან ერთად, სანამ ეს შესაძლო იქნება.

მ ე ს ა მ ე: თუ ჩემი სტიპენდიანტები: ძმისწული შალვა გოგებაშვილი, ამჟამად კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი, აგრეთვე ჩემი დისწულის შვილი, კონსტანტინე კასრაძე, მანგეინელი სტუდენტი, ვერ მიიღებენ საკმაო სტიპენდიებს, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით, მაშინ ეს გამგეობა მისცევს ორთავეს შესაძლებლობას ჩემი სახელმძღვანელოების შემოსავლის ხარჯზე დაამთავრონ უმაღლესი განათლება.

მ ე ო თ ხ ე: ჩემი ქართული და რუსული წიგნების ყველა გაყიდული ეგზემპლიარიდან "წერა-კითხვის საზოგადოება" გადასდებს არანაკლებ 1 კაპეიკსა სახალხოსაგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი, ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძლიერებლად, უმთავრესად სპეციალურ, კერძოდ კი პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამთავრებული ბავშვებს: გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებელთა, ამავე კაპიტალისთვის ვნიშნავ ჩემი მიწის ნაკვეთს ვერაზე, რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაჰყიდის მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ფასი ძალიან აიწევს და მთელ აღებულ თანხას შეუერთებს ჩემს სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალს. ამავე კაპიტალის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ჩემი ნაღდი თავისუფალი
თანხების დაახლოებით ნახევარი, ჩემი სხვა ანდერძის თანახმად. საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებლის ხარჯვას სტიპენდიისათვის საზოგადოების გამგეობა არ იწყებს მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ათი ათას (10.000) მანეთამდე.

მ ე ხ უ თ ე: ჩემი წიგნების შემოსავლიდან კი საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურ სუბსიდიას არანაკლებ 300 მანეთისა აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს "განათლებას", რათა ამ ჟურნალმა, რომელიც აუცილებლად საჭიროა "წერა-კითხვის
საზოგადოების" მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, არ შესწყვიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო.

მ ე ე ქ ვ ს ე: ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისათვის, რომლებიც იბეჭდება "დედა-ენაში" და რომლებიც ჩემი თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის.

მ ე შ ვ ი დ ე: ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ, და მიღებულ იქნება დადგენილება
გამგეობის ყველა წევრის სამი მეოთხედის მიერ. ჩემი ამათუიმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის კი საჭიროა გამგეობისა და საზოგადო კრების აგრეთვე სამი მეოთხედის უმრავლესობა.

მ ე რ ვ ე: სამი წლის განმავლობაში ჩემი გარდაცვალების დღიდან საზოგადოების გამგეობა წესრიგში მოიყვანს და დაბეჭდავს ჩემს მიერ ჯერ გამოუცემელ როგორც ქართულ, ისე რუსულ სტატიებს.
როგორც რუსული, ისე ქართული სტატიები იბეჭდება ცალკე ტომებად იმავე ქრონოლოგიური რიგით, რომლითაც ჩემს მიერ გამოცემულია ჩემი რჩეული ქართული სტატიების პირველი ტომი. ხარჯებს ორი პირველი ტომის გამოსაცემად გამგეობა ეწევა
ჩემი სახელმძღვანელოების მოგებიდან იმ შემთხვევაში, თუ-მე ვერ მოვახერხე ამ მიზნისთვის დავსტოვო განსაკუთრებული, სპეციალურად-საჭირო თანხა.

მ ე ც ხ რ ე: „წერა-კითხვის საზოგადოების" გამგეობა ყოველწლიურად ათავსებს თავის ანგარიშში განსაკუთრებული ნაწილის სახით რაც შეიძლება ზედმიწევნით ცნობებს ჩემი სახელმძღვანელოებისა და წიგნების გამოცემის, მათი გაყიდვით მიღებული წმინდა მოგების და ამ მოგების გამოყენების შესახებ ჩემი ამა ანდერძის თანახმად.

მ ე ა თ ე: თუ „წერა-კითხვის საზოგადოება" რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამო იძულებული შეიქნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებზე,
აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ
იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ამა ჩემს ანდერძში.
ამა ჩემი ანდერძის აღმასრულებლად ვნიშნავ: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს, ვალერიან ლევანის ძე გუნიას, ნიკოლოზ იოსების ძე ლომაურს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილს და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილს. 1912 წელი 14 მარტი.

ესე ანდერძი შეადგინა, გადასწერა და მას ხელი მოაწერა თვითონ მოანდერძემ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა.
მოწმენი: ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე
დიმიტრი მოსეს ძე პეტრაძე
გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე


3753
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
me
0
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაიბადა 1840 წელს და არა 1861 წელს.
11:15 / 05-12-2019
b
0
იაკობ გოგებაშვილი სიცოცხლეში აფინანსებდა არაერთ საზოგადოებას, ყავდა სტიპენდიანტები, თავად ცხოვრობდა ქირით სამოთახიან ბინაში მთაწმინდაზე ყარაშვილების სახლში და მხოლოდ რუსკოე სლოვოს შემოსავლით ცხოვრობდა, როდესაც დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს კარგად გაცვეტილი ფეხსაცმელი ეცვა... ზოგიერთს შეიძლება ამ იმფორმაციის წაკითვაზე გაეცინოს, დღეს ასეთ თავდადებას დაფასება არა აქვს ... სამწუხაროდ
22:46 / 04-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი