უნდა არსებობდეს ისეთი დღეები, როცა საჭირო კი არა, სავალდებულო იქნება დედა-შვილის ერთად ყოფნა, სადაც არ უნდა იყვნენ და რამდენი წლისებიც, ორივე მათგანი. ერთ-ერთ ასეთ დღედ უნდა გამოცხადდეს დღე, როცა შვილის ორგანიზმში ტემპერატურის მაჩვენებელი ნორმალურ ნიშნულს საგრძნობლად ასცდება. იმიტომ, რომ....
ამ დროს ყველაზე მეტად მჭირდები და ტირილამდე მენატრები, დე. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მიზომავ სიცხეს შუბლზე კოცნით, როგორ შეიცხადებ ჩემს მაღალ გრადუსს და როგორ მაფარებ აკანკალებულ სხეულზე ღუმელთან საგულდაგულოდ გამთბარ საბანს. მერე იწყებ თხოვნებს, რომ წამლები და ჩაი დავლიო, თავის ქნევით მიცვლი მაგიდიდან გაციებული კომპოტის ჭიქას ახლით... არ ვსვამ, მაგრამ სუნი ვიცი, რომ შენ მოდუღებულ კომპოტს ყველაზე გემრიელი სუნი აქვს... ჰაერის ნაკადის მოძრაობით ვხვდები, რომ ჩემს დასახედად ათასჯერ მაინც მოდიხარ საწოლთან... მე კი გთხოვ, რომ გვერდით მომიჯდე და თავზე ხელი დამადო. ამ დროს ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს და მინდა შენი სახიდან ყველა ნაკვთი გამოვარჩიო, მინდა ვიგრძნო, რომ ჩემთან ხარ მთელი არსებით... შენ მიღიმი და მაიმედებ, რომ სულ მალე, ისევ ჩიტივით ვიფრენ, ერთ ადგილას არ გავჩერდები...
მე კი მინდა გითხრა, რომ ეს წუთები ყველაზე უფრო მეტად მიყვარს და მინდა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. სიცხიანი თვალებიდან კიდევ უფრო მეტად ჰგავხარ ანგელოზს, რომელიც არასდროს მტოვებს. არასდროს მსაყვედურობს და ყოველთვის ვუყვარვარ.
ნინო ჩიტაშვილი