"თავი პირველი და ბოლოც
დავიბადე 1968 წლის 29 დეკემბერს, თბილისში, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. დედა ჩემს მშობიარობას კინაღამ გადაყვა და 1 თვე სამშობიაროში ვიწექით.
მამა იყო ურთულესი ადამიანი, გაუგონრად საშიშიც, უსაზღვროდ ნიჭირიც, დაუნდობელიც და გულსაკლავად კეთილიც ერთდროულად. დედა მხოლოდ სიკეთე იყო, მაგრამ უმწეო, რომ ან თავი დაეცვა, ან ჩვენ - მე და ჩემი ძმა. ბევრი შიში გამოვიარეთ ერთად. დაუცველობის გრძნობით რომ გავიზარდე, ყველგან სახლს ვეძებდი. 2 რამ მშველოდა: წერა დავიწყე 6 წლის ასაკიდან და მანამდე ღმერთის არსებობა დავიჯერე...
რომ გავიზარდე, მერეც სახლს ვეძებდი, სიმშვიდეს. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვყვარებივარ ვინმეს, რადგან სულ მეგონა, რომ სამარცხვინო ვიყავი და დასამალად მქონდა საქმე.
პირველი ადამიანი, ვინც მითხრა, რომ ჩემთან ერთად ცხოვრება უნდოდა, შოთა იათაშვილი იყო და მე მის სახლში დავრჩი და როგორც წმინდანები უყვართ, ისე შევიყვარე. სიყვარული მე ყველაზე დიდი სისუფთავე მეგონა სისუფთავეთა შორის. არ გამოდგა ასე...
მყავს 4 შვილი, რომლებიც გავაჩინე თითქოს ჩემდაუნებურად, რამდენმაც ისურვა, ხელი არ შემიშლია. მერე ბავშვებმა დაბადება შეწყვიტეს. გადიოდნენ წლები და ათასი რთული ამბავი დამიგროვდა. ამ ამბავთა ნაწილი მღვდლებსა და ფსიქიატრებს მოვუყევი, ნაწილი - მეგობრებს, რითაც ყველა დავაფრთხე და ჩემდამი დიდი სითბო და სიყვარული ჩემდამი დიდ შიშად ექცათ და დამალვის ობიექტი გავხდი.
წაშლა რომ შემეძლოს, ყველა მოყოლილ ამბავს წავშლიდი და ამ ადმიანთა სიყვარულს დავიბრუნებდი, მაგრამ არ შემიძლია. ბავშვები გაიზარდნენ: 22, 20, 17 და 15 წლისანი არიან და ბევრად მეტი დარდი მაქვს, ვიდრე აქამდე მქონდა. ხან ვდარდობ და ხან სულ ერთია, რომ საშინლად დავმახინჯდი. ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ასეთი მახსოვს საკუთარი თავი. არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები და ხმაური. არ მიყვარს არც მოწიწება ჩემდამი და არც გულსაკლავი გულგრილობა, როცა სასოწარკვეთილი ვეძახი ვინმეს. აღარ ვწერ, რადგან ამდენი სადარდელისგან ენერგია აღარ მრჩება, თან მირჩიეს კიდეც, სჯობს არ წეროო და დავიჯერე. არადა, არც ჩუმად ყოფნაა იოლი საქმე, როცა საერთოდ არა ხარ იქ, სადაც დანარჩენებს ხედავ და ვალდებული ხარ ყველა წესის დაცვით, ჩვეულებრივად მოიქცე".
მწერალი, მასწავლებელი მაია სარიშვილი