ეს გულახდილი წერილი პედაგოგ ნანა ბეკოშვილს ეკუთვნის და აქტუალურ საკითხებს ეხმიანება:
"თანამედროვე ბავშვის საქციელი არაერთხელ გამხდარა მშობლისა თუ მასწავლებლის სასოწარკვეთილებისა და ღამის თენების მიზეზი. განსაკუთრებით მწვავედ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს უდგათ ეს პრობლემა. ამიტომაც, უფრო ხშირად შეწუხებულ და საგონებელში ჩავარდნილ მასწავლებელს შეხვდებით, ვიდრე კმაყოფილს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი სიტუაცია არც მასწავლებლის ბრალია და მითუმეტეს, არც ბავშვის.
ჩვენ, მასწავლებლების დიდი ნაწილი, იქ და იმ დროს გავიზარდეთ, სადაც თითქმის საბავშვო ბაღიდან იწყებოდა ჩვენი ფრთების შეჭრა, ჩვენში თავისუფლების შეზღუდვა, ჩვენი პიროვნების სტანდარტიზირება. სურვილის მიუხედავად, შუადღეს ყველას ერთსა და იმავე დროს უნდა დაგვეძინა.
სურვილის მიუხედავად, უნდა გვეჭამა ფაფა ან სუპი, რომელიც თითქმის ცრემლების ფასად გვიჯდებოდა და შიმშილი გვერჩია.
სურვილის მიუხედავად, უნდა გვემღერა, გვეცეკვა, ლექსი გვეთქვა (ამ ყველაფერს შედარებით ხალისით ვართმევდით თავს).
სურვილის მიუხედავად, გაუთავებელი შენიშვნები: ეს არ შეიძლება! ასე ნუ მოიქცევი! ამას ნუ გააკეთებ! და ეს ფრაზები გვესმოდა ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე. კითხვა ,,რატომ?" უგულებელყოფილი იყო ყველასგან და თითქმის გრიფით საიდუმლოს წარმოადგენდა.
შევდიოდით სკოლაში და რა გვხვდებოდა? მკაცრი რეჟიმი: გასწორდი! გადაშალე წიგნი! ვალდებული ხარ მე მისმინო! რადგან მე ვამბობ, ესეიგი, ასეა საჭირო! არ შეიძლება გაკვეთილის დროს გადალაპარაკება და ასე შემდეგ... მერე სხვადასხვანაირი დამცირება, მერე ტოტალიტარი მასწავლებლები, მერე უთვალავი უსარგებლო ინფორმაციით გადატვირთული გაკვეთილები და იმედი იმისა, რომ ოდესმე გამოგვადგებოდა... და ილეოდა 10--11 წელიც.
როგორი იყო ყალიბი, რომელიც ჩვენ გვზრდიდა? იგი იყო უბედური, დაკომპლექსებული, თავისუფლებააღკვეთილი, შეშინებული ადამიანების ყალიბი (არ არის აუცილებელი დამეთანხმოთ).
რაც ყველაზე ცუდია, დღემდე გვგონია, რომ ის იყო სწორი, ის იყო კარგი, ის იყო მართალი.
ახლა შევხედოთ, როგორია ყალიბი იმ ბავშვისა, რომელსაც სამყარო კარს უღებს ცხოვრების ლაჟვარდში გამოსაფრენად. ის დაუმორჩილებელია, თავისუფალია, ცელქია, მუდამ მაძიებელია. მას მუდამ თამაში უნდა და ამ თამაშში შეიცნობს სამყაროს. უკვირს, რატომ უკრძალავენ თამაშს და რატომ ართმევენ მის ფუნდამენტურ უფლებას_ითამაშოს! არათუ უკვირს, არ ემორჩილება კიდეც დაუსაბუთებელ აკრძალვებს. ვერ იგებს ახსნა-განმარტების გარეშე ნათქვამ "არ შეიძლებას". გაოცებულები შემოგხედავენ ანგელოზის თვალებით და მერე ან გაგებუტებიან, ან აგრესიით გიპასუხებენ.
გამოსავალი რა არის? ამაზე დიდი ხანია უკვე დაწყებულია ფიქრი, მცდელობა, მიდგომა. თანამედროვე განათლების სისტემა მიხვდა, რომ ბავშვი სკოლაში მიდის ჯერ კიდევ სათამაშოდ მანამ, სანამ ის პატარაა, სანამ მას არ შეუძლია აიტანოს დაღლილობა, შიმშილი. სანამ მოზღვავებული ენერგია არ ასვენებს და მუდამ მოძრაობაშია.
ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ ჩავახშოთ მისი სიცელქე, ცნობისმოყვარეობა, თავისუფლება, ენერგია, რაც თითქმის შეუძლებელია, სჯობს თამაშში ავყვეთ! დიახ, განათლების სისტემა სწორედ ამას გვთავაზობს, რომ თამაშით ვასწავლოთ, ძერწვით და ხატვით ვასწავლოთ, დრო და დრო მიზნობრივი ანიმაციებისა და სახალისო ვიდეოების ყურებით ვასწავლოთ, დაყვავებით ვასწავლოთ და რაც ყველაზე მთავარია - სიყვარულით ვასწავლოთ! ოღონდ ამ ყველაფრის სურვილი და ძალა თავად უნდა გაგვაჩნდეს.
ნუ გვექნება მოლოდინი იმისა, რომ ასე გაზრდილი თუ აღზრდილი ბავშვი სრული უმეცარი დარჩება და სკოლიდან ვერაფერს წაიღებს.
საყვარელო მშობლებო, მკაცრად ნურც ჩვენ განგვსჯით- მასწავლებლებს და ნურც თქვენს თავს. იმ მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე, რატომაც გვიჭირს უჩვეულოდ მოძრავ, უჩვეულოდ ცელქ და უჩვეულოდ აგრესიის გამომხატველ, თანამედროვე ტერმინით - ჰიპერაქტიულ პატარებთან ურთიერთობა.
მთავარია, ბავშვი თქვენგანაც და ჩვენგანაც (ვინ გაგვყო ამ საერთო საქმეში), უპირობო სიყვარულს გრძნობდეს და სხვა დანარჩენი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!"