დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ცნობილ და მარად აქტუალურ ციტატას მისი გენიალური ნაწარმოებებიდან:
"სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… ადამიანი ადამიანისთვის დღეა…" "იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!" "არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…" "ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ". "დედამიწას სიყვარული ატრიალებს". "სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს". "ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე". "დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით". "ვერც ერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი". "ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი". "შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…" "ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია — გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც — მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს — იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა".