სამი წლის ვიყავი...
ეზოში ფოთლებს ვაგროვებდი და კუნძზე ვაწყობდი. მეზობლის ბიჭმა შემოირბინა. კუნძთან მიყუდებული ცული აიღო.
- გინდა ფოთლები შუაზე გავყოთო?
სათითაოდ გავუშალე და წინ დავულაგე...
დაიქნია... და ფოთლების ნაცვლად თითები გადამიყო შუაზე.......
ვხედავდი, როგორ იღებებოდნენ წითლად ჩემი ფოთლები...
მახსოვს მეზობლის ბიჭის შეშინებული თვალები და დედაჩემის საზარელი კივილი... მეტი არაფერი...
მამიდაჩემი ყოველდღე წყევლიდა მეზობლის ბიჭს. მთელი წელი წყევლა... და ზუსტად იმ დღეს, როცა მე თითები ვეღარ ვიგრძენი, იმ ბიჭმა სმენა დაკარგა.
მეზობლები ავადმყოფობას აბრალებდნენ. მე კი დღემდე მგონია, მამიდაჩემის წყევლამ დააყრუა... და გადაჭრილი თითებივით მაწუხებს ესეც...
წლები გადიოდა და ჩვენ ერთად ვიზრდებოდით,ერთად ვთამაშობდით...
არასდროს შემოუხედავს ჩემთვის თვალებში,მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ სულ ცოტათი მაინც გავემხიარულებინე...
მეცოდებოდა... სულ მეცოდებოდა და დღემდე მეცოდება...
ბევრი წელი გავიდა.
გავიზარდეთ...
ცხოვრება ვერ დაალაგა.
ნაჯახის ერთმა მოქნევამ აურია სიცოცხლე...
ჩემი თითების მყესებს გააყოლა ყველა სიხარული... სითამამე...სიმტკიცე...
გალოთდა,წვერით და ჭუჭყიანი ტანსაცმლით დადის...
სოფელში ჩასული,დღემდე თვალებით ვეძებ და თუ ვპოულობ გულიანად ვკითხულობ...გადავეხვევი...გადავკოცნი.
მინდა, ერთხელ მაინც შემომხედოს... ერთხელ მაინც მოინანიოს და მითხრას „მაპატიე“...
მგონია, მხოლოდ მაშინ შეძლებს ბედნიერებისა და სულიერი სიმშვიდის პოვნას...
მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მამიდაჩემის წყევლისგან.
ის კი ყოველთვის თავდახრილი დგას,მხოლოდ ჩემს უმოძრაო თითებს მისჩერებია და ერთი და იგივეს იმეორებს:
„თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოსო“.
ვიცი, იმ ცულის პირივით ბასრი და ალესილია მისი გული ჩემი ნახვისას და ჭეშმარიტია მისი სიტყვები...
მაგრამ...
არ ვიცი...
არ ვიცი როგორ გავაგებინო ჟესტების ენით,რომ ერთადერთი რაც მჭირდება,მისი შემოხედვაა....
იქნებ თვალებში ამოიკითხოს ჩემი სურვილი.
ნინო ჩიტაშვილი