ჟურნალისტი და მწერალი ნანა აკობიძე, რომლის ჩანაწერებსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, კიდევ ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს თავისი ბავშვობიდან. ეს ამბავი ბევრს გაახსენებს თავის წინაპრებს, საყვარელ ბებოებს, დიდედებს, რომლებიც სულ სხვაგვარად უყურებდნენ მოვლენებს, სხვანაირად სწამდათ და სჯეროდათ, სხვაგვარად ებრძოდნენ ცხოვრებისეულ გამოცდებს თუ განსაცდელებს და ხშირად სწორედ თავიანთი, ჩვენი, რაციონალური და პრაგმატული გადასახედიდან სრულიად უცნაური და გაუგებარი მეთოდებით იმარჯვებდნენ კიდეც.
"7 წლისას ფეხები წამერთვა. უცებ, ყოველგვარი შესავლის გარეშე. გავიღვიძე დილით და ვეღარ გავიარე. „მონადები აქვს“ - თქვა ბებიაჩემმა, „ბლის ქერქი უნდა ავუხრჩოლოთ“.
ზამთარი იყო, დიდი თოვლი მოვიდა იმ წელს.
უკანა ეზოში გვედგა ბლის ხე - გაკვალა მამაჩემმა თოვლი ხემდე, ააფხიკეს ქერქი, ჩაყარეს ტაშტში და მოუკიდეს ცეცხლი - ამიხრჩოლეს.
„მონადებო დედიანო
მონადებო მამიანო
შენი დედა შენი მამა
დაგტირის დაგჩხავის
ამ ნანას გაეყარე
სხვა ნანას შეეყარე“,
ლოცულობდა ბლის ქერქის კვამლში გახვეული ბებიაჩემი. გრძელი შელოცვა იყო - მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. „სხვა ნანას შეეყარეო,“ - ამ ადგილამდე რომ მივიდოდა, სხვა ნანას რატომ-მეთქი - ტირილით წამოვწევდი თავს. ხელით მანიშნებდა, ნუ მიშლიო და აგრძელებდა ლოცვას. მეგობარი მყავდა, სკოლაში ნანას ეძახდნენ, ისე ინდირა ერქვა. მეგონა, იმას გულისხმობდა და ვუმატებდი ტირილს. ბოლოს თავი იმით დავიმშვიდე; ალბათ ვერ მიაგნებს, ეს მონადები სკოლის მასწავლებელი ხომ არ არის, ინდირას მეორე სახელი რომ იცოდეს-მეთქი...
....შემოვიდოდა მამაჩემი, ჩამომიჯდებოდა. „აბა, ვცადოთ სიარულიო“ - გადმომაყოფინებდა საწოლიდან ფეხებს და ვეცემოდი მოცელილივით მის მკლავებში.
„ამნანასგაეყარესხვანანასშეეყარე“ - ლოცულობდა ბებიაჩემი და ხრჩოლავდა ბლის ქერქი ჩემს საწოლთან. გარეთ ისევ თოვდა და ბავშვები ციგაობდნენ - ახლა რომ ვიხსენებ, მგონი, დიდად არ შეუმჩნევიათ ჩემი არყოფნა.
მეორე თუ მესამე დღეს ისევ ჩამომიჯდა მამაჩემი საწოლზე და „რა გიყიდო, რა გაგიხარდებაო“ - მკითხა. „წითელი ვალინკები“-მეთქი, წამოვიძახე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ბოტები ერქვა, თუმცა დღეს თუ ვიცი, დიდი ამბავი: ჩემი ტვინის ის ნაწილი, რომელიც საგნების „ეტიკეტირებაზეა“ პასუხისმგებელი, რეზინის ამ მაღალყელიან ფეხსაცმელს დღემდე ვალინკებად „კითხულობს“, გინდა შეშისმჭრელისთვის იყოს განკუთვნილი და გინდა - მაღალი მოდის პოდიუმისთვის.
რატომ ვალინკები და თანაც წითელი - ამაზე პასუხი არც მაშინ მქონდა და არც ახლა მაქვს. შეიძლება, ვინმე ბავშვს დავუნახე და მომეწონა, ან შეიძლება მაღაზიის ვიტრინაში ვნახე გამოდებული... ყოველ შემთხვევაში, მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ფეხებში შეგრძნება მქონდა დაკარგული, არ მინატრია, არც გამხსენებია, არც მსიზმრებია...
წავიდა მამაჩემი და მომიტანა: გადმოვყავი ფეხი - ჯერ ერთი ჩამაცვეს, მერე მეორე - გადმოვედი საწოლიდან და კი არ გავიარე, გავიქეცი...
...
ბევრი, ბევრი წლის მერე, როცა ერთხელაც საწოლიდან გადმოსული ისევ წავიქეცი, „საოპერაციოა“ - თქვა ნეიროქირურგმა. „გავივლი“? - ვკითხე. „გააჩნია, რამდენი საათია გასული შეგრძნების დაკარგვიდან“.
სახლში მქონდა eBay-იდან გამოწერილი წითელი ვალინკები: ოპერაციის შემდეგ მოვატანინე და ჩავიცვი.
გავიარე...
ფოტოზე: ცნობილი ფოტო - ავსტრიელი ბიჭი ახალი ფეხსაცმლით. 1946".