დედაჩემი და სხვა უამრავი ქალბატონი, იმისთვის რომ სახლში პური (და დამიჯერეთ ეს უტრირება სულაც არ არის) მიეტანათ, სიცივესა თუ სიცხეში, ქარში თუ წვიმაში გარეთ, ღია ცის ქვეშ იდგნენ და მეორად ტანსაცმელს ან როგორც ხშირად ეძახიან ძონძებს ყიდდნენ.
უხაროდათ მათ გარეთ დგომა? არა.
თუმცა იმ წლებში, რომ არა ის “სამსახური”, ჩვენი გაჭირვებული ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი იქნებოდა.
უნდოდათ უკეთესი სამსახური? დიახ.
თუმცა მაშინ კიდევ უფრო ძნელი იყო სამსახურის პოვნა. იოლი არც ახლააა.
ლამაზი იყო გადასასვლელი ხიდი მაშინ? არა.
მე თუ მკითხავ, არც ახლაა ლამაზი.
წლების შემდეგ, როცა დედაჩემი გარემოვაჭრე აღარ არის, მაინც ხშირად მახსენდება ის დრო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტროსადგურებში ჩასვლა მიწევს, სადაც ამ დრომდე არის/იყო გარემოვაჭრეების დახლები. სადაც ჩვენ გამვლელები ჩქარი ნაბიჯით ვმოძრაობთ და ხშირად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ, რადგან არავისთვისაა უცხო, რომ გარემოვაჭრეთა დახლები გამვლელებს შეიძლება გადაადგილებაშიც უშლიდეს ხელს და არც მაინცდამაინც ლამაზად გამოიყურებოდეს.
ახლა, როცა ქუჩებს გარემოვაჭერეებისგან “ასუფთავებენ”, ბევრს მოსწონს სუფთა ქუჩები, სიხარულს ვერ მალავენ და მესმის მათი, რა ჯობია სუფთა, მოწესრიგებულ, წყნარ ქუჩებზე სიარულს. თუმცა ისიც მაინტერესებს, მათგან რამდენი ფიქრობს გარემოვაჭერეების ბედზე, რამდენი უსვამს საკუთარ თავს კითხვას სად არიან ისინი ახლა.
გარემოვაჭერეებისგან ქალაქის განთავისუფლება ახალი პოლიტიკა არ არის, წლების წინ დედაჩემსაც მოუწია თავისი დახლის ალაგება და მეტრო სადგურ გოცირიძესთან (ელეტრო დეპო) არსებულ ბაზრობაზე გადანაცვლება… ამ ბაზრობას ჭერი ჰქონდა და თითქოს გამყიდველისთვის უკეთესი პირობები იყო, თუმცა აქ ქარისგან, წვიმისგან და მყიდველებისგან ერთნაირად იყავი დაცული. იმის გამო რომ ხალხი თითქმის არ მოძრაობდა, რაიმეს გაყიდვის ალბათობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე გადასასვლელ ხიდზე მუშაობისას და დღის განმავლობაში 80 თეთრის სამგზავროდ დახარჯვა ფუფუნება გახდა. მახსოვს დედაჩემი მანამდე სახლიდან სამსახურამდე მარშუტკით თუ დადიოდა, მერე ლოტკინიდან ელექტროდეპომდე ფეხით უწევდა ჩასვლა.
ქალაქს რომ იერსახის შეცვლა სჭირდება ესეც ფაქტია. ბეტონის ჯუნგლები, ქაოტური საავტომობილო მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკინგი ფეხით მოსიარულეთა სამოძრაო ადგილას, სისუფთავე, გამწვანება და ა.შ.
ბევრი რამეა შესაცვლელი, მათ შორის გარემოვაჭრეების საკითხიც. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს სიღარიბეში ან სიღარიბის ზღვარზე უწევს ცხოვრება, რაშიც ხშირად თავად ამ ადამიანებს ადანაშაულებენ. ბევრს ხან ვერც კი დაუჯერებია, რომ იმავე ქალაქში, სადაც თავად ფუფუნებაში ცხოვრებს, ვიღაც შეიძლება ღამე მშიერი იძინებდეს. უკვირთ და ეეჭვებათ, რატომ ვერ პოულობენ გარემოვაჭრეები სხვა სამსახურს. პასუხი მარტივია, ზოგს შესაფერისი განათლება არ აქვს, ზოგს უნარი იპოვოს სამსახური, ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს, ზოგს განათლებაც აქვს და უნარიც, მაგრამ წლებია არ უმუშავია და კვალიფიკაციის ამაღლება თუ ცოდნის განახლება სჭირდება. რას სთავაზობს სახელმწიფო მათ?
სიღარიბეს ყველა თავისებურად ებრძვის, ნაწილმა მათგანმა გარემოვაჭრეობა დაიწყო. ამ დროს კი მათთვის შესაფერისის ალტერნატივის მიცემის გარეშე შემოსავლის ერთადერთი წყაროს წართმევა დაახლოებით იმას ჰგავს, სახლში მიყრილ-მოყრილ ნივთებს, სტუმრის მოსვლამდე, სასწრაფოდ რომ მოაფარებ თვალს და კარადაში შეყრი. ამით პრობლემა არ გვარდება.
პ.ს. ნამდვილად მინდა გვქონდეს ლამაზი, სუფთა ქალაქი, განვითარებული ქვეყანა და მოსახლეობის კეთილდღეობა.
პედაგოგი სოფო ბაჩილავა
2017 წელი