"პოსტკორონა პერიოდი ჩემი დიდგორია! უკან დასახევი გზა არაა..." - გულწრფელი ჩანაწერი კოვიდსა და მის შედეგებზე
"პოსტკორონა პერიოდი ჩემი დიდგორია! უკან დასახევი გზა არაა..." - გულწრფელი ჩანაწერი კოვიდსა და მის შედეგებზე

როცა კოვიდი ჩემთან მოვიდა...

ივნისის ერთ-ერთ კვირა დღეს ძვლების საშინელმა ტკივილმა წამიღო. ზურგი, წელი, სახსრები და განსაკუთრებით მენჯები. ამას დაემატა სიცხე და ადამიანი "კონტაქტი", რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა.
კვირა საღამოს - ტესტის გაკეთებიდან ორშაბათ დილამდე - ტესტის პასუხის გაგებამდე, გამოვიტირე საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები, განსაკუთრებით, ჩემი შვილების გახსენებაზე ვტიროდი გაუჩერებლად. ამომიტივტივდა ყველა ნიუსი კოვიდით გარდაცვლილ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებზე. ასევე ვტიროდი ტკივილისგან, რომელიც არცერთნაირმა წამალმა გამიყუჩა. კედლებზეც გავედი, იატაკზეც ვიხოხიალე.

მეილზე მოვიდა პასუხი. დადებითი. მთელი წინა პერიოდი ამ სიტყვის მოსმენისა და წაკითხვის მეშინოდა.
იცით, რა არის ყველაზე ცუდი შეგრძნება? ის რომ გემართება, რაც სხვებს კლავს.
და აი ის შენთანაა. უცნაურია, ერთიანად მომეშვა. ტირილი შევწყვიტე და ველქამ-მეთქი. მოდი, მოდი, მაგრამ არა მგონია, დიდხანს ამიტანო-მეთქი. გაუკვირდა, რა პონტშიო. მეთქი ეგრეა. არაა ადვილი ჩემთან, როგორც დედაჩემი ამბობს, ძნელი გასაძლები ვარ-მეთქი. დაიძაბა. მეთქი, კაი, რა გჭირს, კი არ გაშინებ. უბრალოდ, ბევრი ლაპარაკი მიყვარს, ხასიათი მალ-მალე მეცვლება, შეიძლება აზრზე ვერ მოხვიდე, რატომ მოვიწყინე-მეთქი და დააბრალო შენს თავს-თქო და ეგრე არაა, არ გაგიტყდეს-მეთქი. მოკლედ, შეიძლება, მალე დაგღალო-თქო.

სამ დღეს მტკიოდა ძვლები. მქონდა სიცხე. მერე ყველაფერმა გაიარა და ამტკივდა ყელი. მერე ამანაც გაიარა და ამტკივდა მუხლები. მერე ამანაც გაიარა და მერე უკეთ ვიყავი.

გამომრჩა სხვა
ხალხი. კოვიდის დადასტურებიდან მესამე დღეს მირეკავს ვიღაც ჯანდაცვის რაღაციდან, გამომკითხა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, ზოდიაქოს ნიშანი, ფეხის ზომა, საყვარელი ფილმი... მალე დაგირეკავს ოჯახის ექიმიო.
მეორე დღეს რეკავს ვიღაც ჯანდაცვის რაღაციდან, მესამე კითხვაზე ვხვდები, რო იგივე კითხვებს მისვამს და ვეუბნები, რო გუშინ დამირეკეს და აიღეს კოვიდინტერვიუ. ეს მეუბნება, აუ, მაგრად არ მაინტერესებს ვინ დაგირეკა, მიპასუხე რო გეკითხებიო. მენც ვუჩმორდები და ვპასუხობ.

გავა კიდევ ორი დღე და რეკავს ოჯახის ექიმი ქალი. ხმაზე ეტყობა, რომ მაგარი დაღლილია, რომ მისი მორიგი კოვიდრუტინა ვარ. ვხვდები, რო მთელი კოვიდპერიოდი მას უნდა ვეკონტაქტო და დავუჯერო (ნუ, სანამ მეგობარი ექიმები ჭკუიდან გადამყავს - ცემაზე იწევდნენ, ხალხო, არ ვხუმრობ) და რომ დავუჯერო ამ ოჯახის ექიმს, მჭირდება ნდობა და ემოციები. შევდივარ კონტაქტში. ვუსვამ კითხვებს, ველაპარაკები. ღიად ვუყვები საკუთარ შიშებსა და უსუსურობაზე. მომენტებში ძაან ვაცინებ. სიახლოვეს ვგრძნობ. ვხვდები, რო დავუჯერებ. მშვიდად ვარ.

ამასობაში ვკარგავ გემოს და ყნოსვას. ვგრძნობ მხოლოდ ნანას ნაჩუქარ კაშნეზე დაწვეთებულ ნანას სუნამოს და თხევადი საპნის სუნს. გემოებით ვერაფრის გემოს, გარდა კიტრისა და საზამთროს საზიზღარი გემოსი.
სრული გაურკვევლობა. რაღაც ეთეჩი აღარ მაქვს საკუთარ თავთან, გარემოსთან, უშეგრძნებობამ გამაბრუა.

გავა წყეული 10 დღე და კიდევ 3 დღე დაკვირვებისთვის. მირეკავს ექიმი და ხო კარგად ხარო? მეთქი, ნორმალურად, სიცხეები არა, ტკივილები არა, სატურაცია გიჟივით 99 - გეგონება ჩემი ფილტვები მანგლისში ისვენებენ. პულსი და წნევა ნუ ახლა არც მანამდე ვიყავი ნორმ და მთლად კოვიდსაც ნუ შევტენით, თავისი ეყოფა-თქო.
ამასობაში ხალხი მეკითხება ვინც იცის, როგორ ხარ და ყველას ვპასუხობ - არა მიშავს. სიტყვა "კარგად" ვერავინ წამომაცდევინა. თავი ცრურწმენებით მაქვს სავსე, წინა გამოცდილებებით ვიცი, რომ ვთქვა, დედა უნდა მეტიროს არსაიდან მოსული რაღაცით.

რამდენიმე დღეში რეკავს ექიმი, მოკლედ, კარგად ხარო, გამოჯანმრთელებულად ითვლები და აღრიცხვიდან გხსნიო.
ვა, მეთქი მშვენიერი. ორშაბათს წავალ სამსახურში. დავსახე გეგმები, დავწერე პოსტი, არიქა, კარგად ვარ და ა.შ. და იმ ღამეს მომცა სიცხე. ეს ღამე იყო მე-15 დღე. სიცხე, რომელიც მე-5 ან მე-6 დღიდან აღარ მქონია.
და დღემდე მიგრძელდება.

ოჯახის ექიმმა, ანამ, მაიკომ, არჩილმა, არ გინდა კატე, სიცხეებს ტოვებს, გაივლისო.
არადა ამ სიცხეებით ძაან ვითრგუნები. ანუ ჩემი ტვინი მესიჯს იღებს, რო არ ვარ კარგად და ისევ კოვიდი მაქვს.
ისევ ვეკითხები მარშანიას, ანას, მაიკოს, მეგობრის ნაცნობ ექიმს, ჰიპოკრატეს, ყველას - არ გინდა კატე! მეც რაღა დავმალო და ძალიან მეზარება კატე.

ვერ დავდივარ. ფეხზე ვერ ვდგები. ეს ცალკე მაგიჟებს. ცალკე სიცხე. ცალკე ზაფხულის სიცხე. ცალკე მე ვაგიჟებ ზემოხსენებულთ. მერე ერთიანად დავიღალე, მომბეზრდა. არანაირ სცენარს აღარ ვავითარებ თავში. ვუჯერებ ექიმებს. ყველა იმაზე თანხმდება, რომ წუწუნისთვის ვარ დაბადებული. ვწუწუნებ, ვქოთქოთებ, ანამნეზს განვიხილავ, ყველაზე ცუდ სცენარებს ვავითარებ და ასე არაფერი გამოვა.

მერე თავი ხელში ამყავს, ფეხზე ვდგები. გავდივარ სამსახურში. მეშინია არ წავიქცე. ვფიქრობ, ანდა წავიქცე, ჯანდაბას, მე ხო ავდექი.
ვგრძნობ, რომ ძალიან ვიღლები. ძალიან. სახლში მივდივარ და ვეღარ ვსუნთქავ დაღლილობისგან. მახსენდება კატე, მაგრამ თან მეზარება. სატურაციაც გიჟივით 99-ია.
მაგრამ უცნაური ისაა, რომ რაც უფრო ვიტვირთები, მით უფრო ცუდად ვხდები, მაგრამ მეორე დღეს გაცილებით უკეთ ვარ.
იცით, ეს პროცესი რაღაცნაირად გცვლის ადამიანს. ჯერ ერთი გარწმუნებს, რომ დღეს ცუდად რომ ხარ, ხვალ უკეთ იქნები. რომ დიახ, დღეს ცუდად უნდა გახდე, ძაან უნდა იწვალო, დაიღალო, იტირო, მაგრამ ხვალ უკეთ იქნები და ყოველდღე, რაც დრო გავა, უკეთ იქნები.
რომ პერიოდია ეს და გაივლის. უნდა გაიარო, როგორც ერთ-ერთი ტური. სულ ესაა.

წელში გავსწორდი და განვაცხადე: პოსტკორონა პერიოდი ჩემი დიდგორია! უკან დასახევი გზა არაა. თან ვგრძნობ, რომ პროცესში ვიცვლები. ეს თან ტანჯვაა, თან თერაპია. ხანდახან სიგიჟე.
ახლა, რატომ დავწერე ეს პოსტი.
აცრას არ გთხოვთ, ნუ აიცრებით, თავში ქვა გიხლიათ, უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, შემდეგი 6 თვე აღარ მკითხოთ, "თაკო, როგორ ხარ?"
ეგრევე სიცხე მიწევს ამ კითხვაზე. და მით უმეტეს, როცა არ ვიცი და მოდი, სიმართლე ვთქვათ, არც მანამდე ვიცოდი.
პატივისცემით - თ.".

თაკო სონღულაშვილი
7237
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი