ონლაინრომანი "ცუდი დასაწყისი"
ავტორი:
სვეტა კვარაცხელიაერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი. გააჩნია, ვისთვის როგორ. კეთილ ადამიანებს მზეთუნახავად მივაჩნივარ, შურიანებს - უშნოდ, ნაკლებად შურიანებისთვის კი "ისე რა" ვარ. რამდენიმე საათში 18 წლის ვხდები, მაქვს ჩალისფერი თმა და ჩემდა სამწუხაროდ, თაფლისფერი თვალები. არადა, როგორ მინდოდა, ცისფერი ან მწვანე თვალები მქონოდა. აი, ისეთი, რომანებში რომ აღწერენ მთავარ მოქმედ გმირ ქალებს. ჩემი დაქალები მეუბნებიან, მაგარი აღნაგობა გაქვსო, გრძელი ფეხები და ვიწრო წელიო. არ ვიცი, დიდად არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება. თუმცა, მკერდი ისე გამეზარდა ბოლო წელიწადს და ისე მომიმრგვალდა, მეც კი მომწონს. მკერდი, ჩემი აზრით, ქალის სავიზიტო ბარათია. სულ რომ არაფერი უვარგოდეს სხვა, მკერდით მაინც მიიპყრობს მამაკაცის ყურადღებას.
თბილისის ძველ უბანში დავიბადე და გავიზარდე, ლამაზ იტალიურ ეზოში. პატარა ეზოა, სულ სამი ოჯახი ცხოვრობდა ადრე, მაგრამ მერე მათ გაყიდეს თავიანთი სახლ-კარი და მამაჩემმა იმდენი მოახერხა, რომ თვითონ იყიდა და ახლა მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ. მერე მამამ ორსართულიანი სახლი წამოჭიმა, თეთრი, ლამაზი, ხეხილიც გააშენა. მე და დედამ კი ისეთი ბაღი მოვაწყვეთ, ყველას შურს ჩვენი. აქაურობა სულ ყვავილებშია ჩაფლული ზაფხულობით. სახელიც ლამაზი ჰქვია ჩვენს უბანს, თქვენც გაგიგიათ ალბათ - ოქროს უბანი. მეორე სართულიდან რომ გადავიხედავ, მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. განსაკუთრებით ღამითაა ლამაზი, გაჩახჩახებულია ყველაფერი და ლურჯად ელვარებს არემარე, ოქროსფერი ციმციმა ნათურების თანხლებით.
მყავს უმცროსი ძმა, სანდრიკო. მე ნეკა მქვია. როცა დავიბადე, თურმე ისეთი ციცქნა ვიყავი, რომ ეგრევე ნეკა შემარქვეს, ეს მაღალი მაინც არ გაიზრდებაო, დედას უთქვამს. მაგრამ შეცდა ჩემი დედიკო. მაღალიც ვარ და... შხვართიც. აი, ასე! :)))
ოთახი ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ცალკე საძინებელი მაქვს, ჩემთვის ვარ, არავინ მაწუხებს. მეორე სართულზე, ერთმანეთის გვერდით ვბინადრობთ მე და სანდრიკო. ჩვენი ოთახები გვერდი-გვერდითაა. მამა და დედა, დერეფნის ბოლოში რომ ყველაზე დიდი საძინებელია, იქ არიან "შეყუჟულები".
კიდევ ერთი წევრი გვყავს ოჯახში - ნაზი. ის ჩვენი ნათესავია, ოღონდ შორეული. მამა ადრე დაეღუპა, მერე დედაც გარდაეცვალა და მარტო რომ დარჩა, დედამ წამოიყვანა, შეიფარა, ასე ვთქვათ. საოჯახო საქმეებში გვეხმარება. ის პირველ სართულზე ცხოვრობს, ყველაზე ნათელ ოთახში, რომელიც ბაღს გადაჰყურებს. კარგი ქალია. ჩემი საუკეთესოა მეგობარია, ჩემი გულის მესადუმლე. მას არაფერს ვუმალავ. ხშირად მმოძღვრავს ხოლმე, რაც მისგან არ მწყინს, ყოველთვის ყურადღებით ვისმენ მის რჩევებს და ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ კიდეც. დამჯერი ვარ, მაინცდამაინც სიჯიუტისკენ არ მაქვს მიდრეკილება.
ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ორი წლის წინ მოხდა, ანუ მაშინ, როცა "მყარი" თინეიჯერული ასაკის ვიყავი. ახლა ჩემს ოთახში, საწოლზე ვარ წამოკოტრიალებული და მოგონებებში ვიძირები. უნდა გავააანალიზო, როგორ წარვმართე ჩემი ცხოვრება სწორედ იმ დროს, დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი...
სულ რამდენიმე თვის ამბავია, მაგრამ იმ პერიოდმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ, თუმცა არაფერს ვნანობ. გაუაზრებლად ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, თუმცა ნაჩქარევად ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება. ალბათ მკითხავთ, რომ შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება, რას გააკეთებდიო? მე კი გიპასუხებთ - მგონი, ისევ ისე მოვიქცეოდი. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ არაფერს ვნანობ.
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნებოდი ორი წლის წინ - ახალწამოჩიტული 16 წლის გოგონა. მართალია, კიკინებიანი არ ვიყავი, არც მკერდი მქონდა ამხელა და არც მთლად შხვართივით გამოვიყურებოდი, მაგრამ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში იმდენი რამ მასწავლა ცხოვრებამ და იმდენი ტკივილი მომაყენა, რომ პატარა გოგოდან ზრდასრულ ქალად გარდავიქმენი. ახლა კი, მგონი, კვლავ ბავშვობაში დავბრუნდი. ნუ გეცინებათ! არ მითხრათ ახლა, ეს შეუძლებელიაო! შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ძალიან მოინდომო ადამიანმა. ჰოდა, მეც მოვინდომე!
გაინტერესებთ, ჩემს გარეგნობაში, მკერდის გარდა, რა არის კიდევ მთავარი სიმდიდრე? რა და, ამაყად მოღერებული ყელი. მე მგონი, ამაყი სულაც არ ვარ, მაგრამ ყელი ნამდვილად მაქვს მოღერებული და გარეგნობაც, შესაბამისად, ასეთი მაქვს.
მართლა მზეთუნახავი არ გეგონოთ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჯერ კიდევ ზრდის ასაკში, ჩამოუყალიბებელი - ნაკვთებითაც და აზრებითაც ალბათ. ჩემი გადასახედიდან, ისეთი შეცდომა ჯერ არ მომსვლია, რომ მის "ნიადაგზე" რაღაც მაინც ვისწავლო, თუმცა შეცდომის გარეშეც მშვენივრად შევიძინე გამოცდილება. ვიღაცამ შეიძლება ჩემს ისტორიაში შეცდომების მთელი კონა აღმოაჩინოს, მაგრამ მე არ მიმაჩნია ასე, რადგან ყველა ნაბიჯი, როგორც უკვე გითხარით, სრულიად გააზრებულად გადავდგი. არ ვიცი, ამით დროს გავუსწარი წინ თუ მხოლოდ ფეხი ავუწყვე, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშნველობა აღარ აქვს.
ძირითადად, სულ შარვლით და "ჭიპსაჩენი" მაისურებით დავდივარ, ანუ ტოპებით. მინდა, გამართული ქართულით ვწერო, რომ თქვენზე ამით მაინც მოვახდინო დადებითი შთაბეჭდილება, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა. სლენგები ისეა მომრავლებული დღეს ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებში, რომ ალბათ მაინც ვერ გავექცევი. მიყვარს ასევე, მოკლე ქვედაბოლოები... კიდევ რა გაინტერესებთ ჩემზე? სიმართლე და მხოლოდ სიმართლე? არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, არაფერს დაგიმალავთ. ჩემი აღსარების დრო მოვიდა, რადგან დღეს 18 წლის ვხდები.
ბავშვობაზე მეკითხებით? ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ბავშვობა დიდი ხანია, დავკარგე და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის, ალბათ, არც არასდროს მქონია.
თვალებს ვხუჭავ და მოგონებებში ვიძირები... ამას ჰქვია ფართოდ დახუჭული თვალები... ვიხსენებ დაწვრილებით ყველა ეპიზოდს და ამწუთას მარტოდმარტო ვრჩები საკუთარ სინდისთან...
***
იმ წლებში არაფერი მადარდებდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში, ისევე, როგორც სხვა ბევრ ჩემს თანატოლს, რაღაც სულ მაფორიაქებდა, აღმაგზნებდა და კალაპოტიდან მაგდებდა, მაგრამ რა იყო ეს, მაინცდამაინც ვერ ვხვდებოდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს რაღაც ძალიან საშიში და ჩემთვის გაუგებარი გახლდათ. მინდოდა, ყველაფერს ჩავწვდომოდი, იდუმალება შემეგრძნო და განმეცადა რაღაც ძალიან სასიამოვნო, რასაც ვერ ვხედავდი, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, მაფორიაქებდა. ისე, მაშინ აღვიქვამდი თუ არა ასე, დიდად არ მახსოვს, იქნებ მოგვიანებით გავაცნობიერე ეს ყველაფერი? არ ვიცი, არც ამაზე მაქვს ზუსტი პასუხი.
ზაფხული, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, არასდროს დამავიწყდება. არა იმიტომ, რომ საუკეთესო ზაფხული იყო ჩემს ცხოვრებაში, არამედ იმიტომ, რომ მართლაც დაუვიწყარი შეგრძნებები მომიტანა, იქამდე შეუცნობელი და იდუმალი. ყოველი დღე ახალი თავგადასავლებით იწყებოდა და მთავრდებოდა.
როგორც კი სკოლიდან დაგვითხოვეს ზაფხულის არდადეგებზე, მამამ აიტეხა, აგარაკზე გადავიდეთო. მისთვის სულერთი იყო, ჩვენ სად ვიქნებოდით, რადგან თვითონ სულ მივლინებებში დადიოდა და სულ საზღვარგარეთ, დედა კი შინ იყო გამოკეტილი.
დედას არ უყვარს სოფელი. ის აგარაკიც სოფელს აგონებს და ამიტომ თბილისში დარჩენას ამჯობინებს ყოველთვის. ამბობს, თბილისური გაუსაძლისი სიცხე მირჩევნია იმ უკაცრიელ სოფლის აგარაკსო. არადა, ლამაზი სახლი გვაქვს იქაც, ლისის ტბის მაღლა, ცხრაწყაროსკენ. აუზიც არის და სიგრილეც. გარდა ამისა, თბილისიდან იმდენი ჩემი ტოლი დამსვენებელი ჩამოდის, პირადად მე არასდროს მომიწყენია. იმ წელს მით უმეტეს, თავი უკვე დიდ გოგოდ მიმაჩნდა და ძალაუნებურად ვიპრანჭებოდი. ეს სწორედ ის ასაკია, როცა გოგონები ჭეშმარიტ სიყვარულზე ოცნებობენ ან იწყებენ ოცნებას.
მე კი ვიცი, დედას რატომაც არ უნდა ხოლმე აგარაკზე გადაბარგება, მაგრამ... მამამ თუ იცის, ნეტავ? დედას საყვარელი ჰყავს, დიდი ხანია, უკვე, მასაც ჩემს ძმასავით სანდრო ჰქვია. მახსოვს, ერთხელ მამაჩემს დაუძახა სანდროო და ისე გაწითლდა, მწიფე პომიდორივით გაუხდა ლოყები. მე შევამჩნიე ეს, მან კი მამასთან თავი იმართლა, ვითომ სანდრიკოს სახელი წამოსცდა. აი, თურმე რა კარგია, როცა შვილს და საყვარელს ერთი და იგივე სახელი ჰქვია. ბატონი სანდრო არ არის ცუდი კაცი, ისეთი ნაზი თითები აქვს, პიანისტი გეგონება. არადა, ექიმია, კერძო კლინიკა აქვს და მთელი თბილისი იცნობს. მე თუ მკითხავთ, ექიმსაც აუცილებლად ლამაზი თითები უნდა ჰქონდეს. იგი ხშირად მოდის ჩვენთან, მაშინაც კი, როცა მამაც შინაა და დიდხანს რჩება. რამდენჯერ შუაღამეს წასულა ჩვენი სახლიდან. მამა მშვენივრად უგებს სანდროს, ამიტომაც მგონია, რომ ის ვერაფერს ხვდება.
მე არ მაღიზიანებს დედაჩემის მდგომარეობა. რა ჩემი საქმეა, როგორ იცხოვრებს? ყველა ადამიანმა თავისი სურვილით უნდა იცხოვროს. თუკი საკუთარი საქციელით არავის უშლის ხელს, რატომ უნდა გავღიზიანდე? მამაზე ახიცაა, დედას საერთოდ ვერ აქცევს ყურადღებას. თვითონ დღეს რომ ნიუ იორკშია, ხვალ პარიზში ამოჰყოფს თავს, ზეგ ტოკიოში და დაგრიალებს აღმა-დაღმა. დიპლომატიურ სამსახურშია და ხშირად უწევს გამგზავრება. დედამ რა ქნას? ერთხელ არ წაუყვანია თან. ცოდო არ არის? შინაა მთელი დღეები გამოკეტილი. მაგრამ მგონი, მას სიამოვნებს კიდეც, რომ ასე აეწყო მისი ცხოვრება. ჩემი აზრით, სახლიდან იმიტომ არ გადის, რომ სანდრო ძიას მოლოდინში უთენდება და უღამდება ან ტელეფონზეა ჩამოკიდებული და საათობით ელაპარაკება. საინტერესოა, სანდროს რომ ცოლ-შვილი არ ჰყავდეს, გააშორებდა დედას და მამას ერთმანეთს? შეირთავდა ლიას ცოლად? ეგ არ ვიცი... ის კი ვიცი, რა ბედნიერია დედა, როცა მას ტელეფონზე ელაპარაკება, როგორ უცინის სახე და სხეულიც კი. მეც სწორედ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრიდან შევიტყვე მათი საიდუმლო.
აივანზე ვიყავი შეზლონგზე გაწოლილი და მზეზე ვირუჯებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა. დედას მე არ დავუნახივარ, თავის ოთახში იყო და ღია ფანჯრიდან მესმოდა მათი ლაპარაკი. რაც იმ დღეს მოვისმინე, ჩემთვის ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო, რადგან 15 წლის ვიყავი და ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი რჩებოდა, თუმცა დედასთვის არაფერი მიგრძნობინებია, გულში ჩავიხვიე ის თავზარდამცემი ამბავი და მარტოკამ გადავლახე ის მძიმე დარტყმა. სამაგიეროდ, დღეს უკვე აღარ ვამტყუნებ დედას და არ ვღიზიანდები, მამას რომ ატყუებს და ამდენი წელია, საყვარელი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ბედნიერი მაინც არ არის. სულ გულჩათხრობილია, სულ დარდიანი. ალბათ გულის სიღრმეში მაინც განიცდის სინდისის ქენჯნას ან იქნებ, სანდროს ცოლი რომ არ ჰქვია, ესაა მისი ტკივილის მიზეზი? არ ვიცი, ამას მე დედა ალბათ არასდროს მეტყვის.
მგონი, ცოტა გადავუხვიე, დროა, ჩემი ამბის მოყოლა დავიწყო...
* * *
კიბეზე სწრაფი ნაბიჯების ხმა მოისმა. მივხვდი, კესო იქნებოდა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. ძალიან განვსხვავდებით ხასიათებით, რის გამოც ყველა გაკვირვებეულია, მასთან როგორ მეგობრობო, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით გამომდის. ხშირად აუტანელია, თუმცა ისე არ მაღიზიანებს, რომ დავიფრინო. ყველაზე დიდი ნაკლი ის აქვს, რომ თავის თავზეა უზომოდ შეყვარებული. მასზე უკეთესი თუ ვინმე დადის ქვეყანაზე, არ ჰგონია.
ახლაც შემოდგომის სუსხიანი ქარივით შემოიჭრა ოთახში და ჩემ თვალწინ რამდენჯერმე ბალერინასავით დატრიალდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომ. მას ახალი სარაფანი ეცვა.
ლამაზი გოგოა კესო. ქერა, ცისფერთვალება, მაღალი. ის არასდროს არაფერს მიმალავს. შეიძლება იმიტომაც ვმეგობრობ მასთან, რომ მენდობა. ჩვენ რამდენიმე საერთო მეგობარი გვყავს. რამდენიმეს კი ვამბობ, მაგრამ ეს რამდენიმე კარგა ბლომად ადამიანისგან შედგება. აი, მათი კი ნამდვილად არ მესმის. თითქოს ეშინიათ კესოსი, თითქოს არ უყვართ, მაგრამ მაინც ცდილობენ, მასთან ახლოს იყვნენ. მარტივი მიზეზის გამო - კესო ჩვენ შორის ყველაზე თანამედროვე გოგოა, ყველაზე კარგად იცვამს და კომპლექსები არ აწუხებს. იგი ჩემზე ცოტათი უფროსია და სექსის გემოც დიდი ხანია, იცის. მე იგი უკვე დავპატიჟე ჩვენთან აგარაკზე. ერთად უკეთესად გავერთობით. უნდა ნახოთ, როგორ ცურავს. ცოტა არ იყოს, ხანდახან მშურს მისი. ბიჭები ხომ ბუზებივით ეხვევიან. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა გარუჯულია და ზანგის ქალს ჰგავს. ამის გამო მეტსახელად "მულატკა" შეარქვეს.
- წელს ვეღარ გავეტიე თბილისიდან. ანტალიაში მინდოდა და დედამ ვერ მოიცალა, ბათუმში დავაპირე და... მოკლედ, აღარ გამომივიდა. კარგია, შენთან მაინც რომ მოვდივარ. მერე რა, რომ იქ ზღვა არაა, სამაგიეროდ, ტბაა და გარუჯვას მაინც მოვახერხებ. ხომ ვივლით ტბაზე?
- აბა რისთვის მივდივართ, შინაბერებივით შინ ხომ არ ვისხდებით? - დავამშვიდე.
- რატომ არ ხარ მზად? არ აპირებ ჩაცმას? - მკითხა, ვაზიდან ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა.
- ჩაცმული არ ვარ? - ხელები გავშალე.
- ასე მოდიხარ?
- ჰო, აბა?
- გაგიჟდი? ჩემთან ერთად ასეთ ფორმაში უნდა წამოხვიდე?
- რატომაც არა? რა არ მოგწონს? ვერ ხედავ, როგორ ცხელა, მე კი ძალიან თხელი, მსუბუქი და ჰაეროვანი კაბა მაცვია.
- და შენ გგონია, რომ ეს საკაიფო კაბაა?
- საკაიფო კაბა შენია, ჩემი არა. მე რაც მაცვია, ის მომწონს და სულაც არ მაღელვებს შენსავით ჩაცმის პრობლემა. ამაზე ფიქრით თავს არასდროს ვიღლი.
- ოხ, ოხ! ისე მელაპარაკები, თითქოს პიკებს ხსნიდე "ნარიადების" გამოცვლაში.
- სულაც არა, - ცოტა არ იყოს, მეწყინა მისი ირონიული ტონი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მართალი იყო.
ყველა გოგოს მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა. მე კი... შეიძლება იმიტომაც არ ვიცვამდი გამომწვევად, რომ ვიცოდი, კესოს მაინც ვერ ვაჯობებდი. სადაც უნდა წავიდეთ ერთად, ის მაშინვე ყველას თვალში ხვდება, მე კი ან საერთოდ ვერ მამჩნევენ, ან ძალიან გვიან.
- იცი, ვინ დავინახე? - გაიცინა და ნახევრად შეჭმული ვაშლი ფანჯარაში მოისროლა.
- ვინ?
- სერგო.
- სად ნახე?
- აგერ, შემოსახვევში. ოღონდ არ ანერვიულდე ახლა, შინ მიდიოდა მგონი. აუ, რა სექსუალური იყო, არ იცი!
- რატომ არ დაპატიჟე?
- მოიცა რა! ბებრუხანებს რა უნდათ ჩემს ფართიზე, ჩვენ ჩვენს გემოზე უნდა გავიჯეჯილოთ.
კესოს ასე ჩვევია. სხვებზე ყოველთვის ისე გულგრილად ლაპარაკობს, თითქოს ისინი ადამიანები კი არა, უსულო საგნები იყვნენ. პატივცემული სერგო ჩვენი მასწავლებელია. გოგოები ხშირად ვჭორაობდით მასზე, მოგვწონდა კიდეც შეფარვით, მაგრამ მაინც ბებრუხანად მოვიხსენიებდით. ამ დროს, იცით, რამდენი წლის იყო? ოცდაათზე ცოტა მეტის. ჩვენ კი ბებერი გვეგონა. მე განსაკუთრებით მომწონდა. ამას ყველა ამჩნევდა და კესომაც იმიტომ მითხრა, არ ანერვიულდე ახლაო.
სერგოზე მოგვიანებით კიდევ მოგიყვებით, უფრო დაწვრილებით.
- ვინ და ვინ ვიქნებით? - სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
- რა ვიცი, ყველანი. ერთი ოცი მაინც შევიკრიბებით. მაგარი მუსიკები დავითრიე. ბევრი უნდა ვიცეკვოთ. ჰო ,მართლა, შენს ფეხსაცმელს თუ არ იცვამ, იქნებ მე მათხოვო?
- რომელ ფეხსაცმელს?
- ლურჯს, "შპილკებზე".
- ჩაიცვი, რა... - გულგრილად ავიჩეჩე მხრები, თუმცა დიდად არ მესიამოვნა, ჩემს საუკეთესო ფეხსაცმელს რომ ითხოვდა.
ზოგადად, არ მიყვარს, როცა ვინმე ტანსაცმელს მთხოვს. რა წესია? მე არასდროს არავისთვის მითხოვია არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ თავზე საყრელი სამოსი არ მაქვს.
- შენი მაკიაჟი არ მომწონს, - კესო აგრძელებდა ჩემს გაკრიტიკებას, - საღამოს მაკიაჟი უფრო მუქ ტონებში უნდა გადაწყვიტო. თანაც, "დაზაგრული" ხარ, ეგ ფერი არ გიხდება.
- დედაჩემის ტონალური მისვია, ჩემი გამითავდა. საერთოდ არ მინდოდა არაფრის წასმა ამ სიცხეში, მაგრამ რა ვიცი, ბოლოს მაინც გადავწყვიტე.
- ერთი რჩევა უნდა მოგცე. ხნიერი ქალების კოსმეტიკური საშუალებები არასდროს იხმარო, თორემ შენც მალე დაბერდები.
- დედაჩემი სულაც არ არის ბებერი! - ვიწყინე.
- დედაშენზე არ ვიძახი, ისე ვამბობ, ზოგადად, - მიხვდა, რომ გადააჭარბა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა. - მე პირადად, ძალიან მაშინებს სიბერე.
- კარგი, წავედით. აღარ მინდა შენი შეგონებების მოსმენა. როგორც მინდა, ისე მაცვია და რაც მინდა, ის მისვია. წამო!
კესომ წინ გამისწრო და სირბილით დაეშვა კიბეზე.
* * *
მასთან უკვე მოეყარათ ბავშვებს თავი, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩაერთოთ და ერთობოდნენ. ჟურნალების მაგიდაზე ორი სხვადასხვა სასმელი იდგა, მგონი, კონიაკი და არაყი. სუფრა მწირი იყო, კიტრისა და პომიდვრის სალათა, პური, ყველი და შემწვარი კარტოფილი.
სასმელი არ მიყვარს. ვერიდები ხოლმე დალევას. კესო კი პირიქით, მომენტს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ კი დასალევი ნახოს. ახლაც, შემოვიდა თუ არა, კონიაკი ჩამოისხა და კარგი სტაჟიანი ლოთივით გადაკრა. მე ატმის წვენი ვარჩიე. ამ სიცხეში ალკოჰოლი რომ მივიღო, ალბათ სიცხე ამიწევს. სასმელი არ მიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ, ცეკვა მიყვარს. ცეკვა და გემოვნებიანი მუსიკა. როცა ჩემს საყვარელ მელოდიებს ვუსმენ, ასე მგონია, სხვა სამყაროში გადავდივარ. დავხუჭავ თვალებს და სადღაც, ცისფერ ორბიტაზე დავფრინავ.
კესო დედასთან და შინაბერა დეიდასთან ერთად ცხოვრობს. მამამ ცოლ-შვილი კარგა ხანია მიატოვა და სხვა ქალთან გაიქცა. დედამისი უცხოელებთან მუშაობს, ტურისტული ფირმა აქვს და შინ იშვიათად თუ ნახავთ. აი, დეიდამისი კი სულ სახლშია. კესოს აღიზიანებს ხოლმე დეიდას თვალთვალი. მას ეშინია, ბავშვებმა ცუდი რამე არ ჩაიდინონ ამ ასაკშიო და მალიმალ დაგვხედავს ხოლმე. კესო კი ისე დაუცაცხანებს, საწყალი ქალი ეგრევე გარბის ოთახიდან.
ნათელა დეიდა ახლაც არ დაგვხვდა სახლში, ძალით გავაგდე თავის მეგობრებთანო, ატკარცალდა კესო. დედამისი კი ორდღიან ექსკურსიაზეა, უცხოელები ჰყავს წაყვანილი.
კესოს უზარმაზარი სახლი აქვს, 4 საძინებლით და ორი აბაზანით.
მშვენივრად გავერთე. იმდენი ვიცეკვე, რომ თავბრუ დამეხვა. რა თქმა უნდა, ყველა ამ სიმღერის ტექსტი ზეპირად ვიცოდი და მეც ვყვებოდი მელოდიას, ჩემთვის ვღიღინებდი ნეტარებით.
ამასობაში შემოგვაღამდა. დავიქსაქსეთ ყველანი. ზოგი დაბლა ჩავიდა, ბაღში, რამდენიმე წყვილი კი საძინებელში განმარტოვდა. კესო აივანზე დარჩა, იგი ბესოსთან ერთად ცეკვავდა. წეღან სადღაც გაქრნენ ორივენი და კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ. არ ვიცი და არც მაინტერესებს, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. ეს მათი საქმეა და არა ჩემი. ისე, ბესო ყველაზე მაგარი ბიჭია. გოგოები მასზე ჭკუას კარგავენ. მამამისის მანქანით ჩამოუქროლებს ხოლმე თავის ძმაკაცებს, ჩაისვამენ გოგოებსაც და დადიან აღმა-დაღმა.
- ხომ არ მოიწყინე? - გადმომძახა კესომ.
- არა, კარგად ვარ, - გავუღიმე და ჩემს მეწყვილეს შევხედე.
იმ ბიჭს, ვისთანაც მე ვცეკვავდი, დიტო ერქვა. იგი ჩემზე სამი წლითაა უფროსი. რომ იცოდეთ, რა კარგად ცეკვავს. ისე მატრიალებდა ჰაერში, მიწაზე ფეხის დადგმას ვერ ვახერხებდი. რა მოქნილი ვინმეა. როგორ მსიამოვნებდა მასთან ცეკვა! აი, კიდევ ერთხელ დამატრიალა. ასე მეგონა, ფრთები გამომესხა და ჰაერში ავფრინდი. ნეტარების მეცხრე ცაზე ავიჭერი. თვალები დავხუჭე და ჩემს პარტნიორს ბრმად მივენდე, მაგრამ...
როცა თვალები გავახილე, აღმოვაჩინე, რომ მე და დიტო ცალკე ოთახში ვიყავით, თანაც სრულიად მარტო. ის სავარძელში იჯდა, მე კი მის მუხლებზე გახლდით მოკალათებული. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ დიტომ ხელები მომხვია და კოცნა დამიწყო.
გავუძალიანდი. ასეთი რამეები არ მხიბლავს. კესოსთან ბევრჯერ მიჩხუბია იმის გამო, რისი უფლება შეიძლება ჩვენხელა გოგომ ბიჭს მისცეს და რისი არა. მას არაფრად მიაჩნდა, ბიჭი თუ ხელს მოგიფათურებდა, მე კი პირიქით, ვერ ვიტანდი.
- აიღე ხელი ჩემი მუხლიდან! - მკაცრად ვუთხარი და მაჯაზე ვტაცე ხელი.
- რატომ? გეშინია ჩემი? რა მოგივიდა, კი არ ვიკბინები, - შეცვლილი ხმით მითხრა და მიბნედილი მზერით ამომხედა.
- შენი არ მეშინია, ჩემი თავის კი, - ცივად მივუგე და მისი მუხლებიდან წამოხტომა დავაპირე, მაგრამ დიტომ ძლიერად დამქაჩა და სავარძელზე უხეშად მიმაგდო, თვითონ კი ზემოდან მომექცა.
ძალადობა მეზიზღება. იმდენად ამაზრზენად მეჩვენა მისი საქციელი, რომ გამწარებულმა თუ გაბრაზებულმა ძლიერად გავარტყი სახეში და გვერდით მივაგდე.
მოულოდნელად კარი გაიღო და კესო შემოვიდა.
- რა დებილი გოგო ხარ, ნეტავ იცოდე! - დამცინავად შემომხედა, - და აგრესიულიც. რას ურტყამ ჩემს ძმაკაცს? ვერა ხარ, ხო? - ამ სიტყვებით დიტოს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა.
გამოღებული კარიდან დავინახე, როგორ მოხვია კესომ დიტოს ხელი და შუა აივანზე ცეკვა დაიწყეს. მე კი მარტო დავრჩი, ვიყავი გაწბილებული და თავს საშინლად მიტოვებულად ვგრძნობდი...
***
რამდენიმე დღის შემდეგ მამა მივლინებიდან დაბრუნდა. ყოველთვის ვამაყობდი მისით. ქვეშეცნეულად, მისნაირი მამაკაცი იყო ჩემი ოცნების გმირი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გამორჩეული მეგონა. მომწონდა ის სურნელი, რაც მას ასდიოდა - ოდეკოლონის ნაზი და სიგარეტის მძაფრი - ერთმანეთში არეული. მამის გამოჩენა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, ყვირილით გამოვვარდებოდი ეზოში და კისერზე ჩამოვეკონწიალებოდი.
- აბა, მომიყევი, სანამ მე არ ვიყავი, თუ იქცეოდი ჭკვიანად? - დამიწყებდა იგი გამოკითხვას.
როგორ მინდოდა, ყველა წვრილმანი მომეყოლა ხოლმე, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. ეგრევე შემიშვებდა ხელს და მტოვებდა. მას არასდროს ჰქონდა საიმისო დრო, გამომლაპარაკებოდა. ვინ იცის, მასთან ურთიერთობის დეფიციტს რომ განვიცდიდი, იქნებ იმიტომაც იყო იგი ჩემთვის გამორჩეული.
დედა მის დანახვაზე ადგილიდანაც არ დაძრულა. იჯდა თავის სარწეველა სავარძელში და ღიმილით შეჰყურებდა დაბრუნებულ ქმარს. იყო ძალიან მშვიდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერიც კი ჩანდა. თუმცა, ეს ბედნიერება მამის დაბრუნებით სულაც არ იყო გამოწვეული. დილით თავის გულთამპყრობელს ელაპარაკა მთელი საათი და სწორედ ეს სასიამოვნო შეგრძნება უქმნიდა ბედნიერების "იმიტაციას".
- კარგად იმგზავრე, შალვა? - მოვალეობის მოხდის მიზნით შეეკითხა დედა და ჰაერში მოქანავე სიგარეტის ბოლს გააყოლა მზერა. ბოლო დროს ბევრს ეწევა.
- კარგად, - მხიარულად მიუგო მამამ, - დაღლა არ მიგრძნია, ისეთი კარგი "პაეზდკა" იყო. იშვიათად მაქვს ეგეთი გამონათებები მივლინების დროს. რომშიც ვიყავით. საოცრება ქალაქია.
- რა საინტერესოა, - ირონიულად გასცა პასუხი დედამ. მას გული წყდება, რომ მამას თან არ დაჰყავს და მასავით არ უწევს მოგზაურობა.
- აბა, რა მოიფიქრეთ, მიდიხართ ბოლოს და ბოლოს აგარაკზე? - მამა დივანზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო, - საჩუქრები ჩამოგიტანეთ. აგერაა ჩანთაში, მერე ნახეთ, - თვალებით ანიშნა.
- რადგან შენ ასე გინდა, წავალთ, - მხრები აიჩეჩა დედამ და გულგრილი მზერით შეხედა ჯერ მამას, მერე ჩანთას.
- მე კი არა, ბავშვებს უნდათ, აქ ხომ არ გამოხარშავ ამ სიცხეში! - უკმაყოფილოდ გაისმა მამაჩემის ხმა, - დღესვე მოემზადეთ და ხვალ აგიყვანთ, მერე არ მცალია თქვენთვის!
- ყველაფერი მზად მაქვს, სხვათა შორის, შენი შეხსენება არ მჭირდება! - გაღიზიანდა დედა, - შეიძლება სანდროც ამოვიდეს მოგვიანებით და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩეს. შენც ხომ მოიცლი?
- სანდრო? ამოვიდეს მერე, უფრო კარგი იქნება, მეც მეყოლება თანამეინახე, თორემ ქალებს რა გაგიძლებთ იქ! ერთი გემრიელად უნდა დავისვენო.
დავისვენოო! როცა მამა დასვენებაზე იწყებს ლაპარაკს, სულ მეღიმება. აგარაკზე ყოფნისას იგი გამთენიისას დგება, მუშურად ჩაიცვამს, ბაღში ჩადის და ხან ბარვას იწყებს, ხან ვენახის გასხვლას, ხან ხეების გადაჭრას ან დამყნობას.
მერე კი, მთელი დღის მუშაობით დაღლილი, ღიღინით ამოვა ხოლმე მეორე სართულზე და ხელებს იფშვნეტს, კარგ ხასიათზეა, ეზო რომ მოაწესრიგა. ბოლოს წამოწვება, ლუდს დააგემოვნებს და მიიძინებს მოთენთილი. აი, ასე "ისვენებს" მამა ჩვენთან ერთად, თანაც მხოლოდ ორი-სამი დღე რჩება ხოლმე, შემდეგ კვლავ თბილისში გამორბის. ძალიან საყვარელი კაცია მამაჩემი.
***
აქაურობა ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით. აივანზე რომ გავალ, ისეთი ხედი მოჩანს, გასეირნება მოგინდება ადამიანს. ლისის ტბა საოცრად ბრწყინავს მთვარის შუქზე. ისეთი ლურჯი და ლივლივაა, დროებით დაგავიწყდება, რომ საშინლად ჭუჭყიანი ტბაა და მასში ბანაობა თითქმის შეუძლებელია.
აგარაკზე, რა თქმა უნდა, ნაზიც წამოვიყვანეთ. მართალია, დღისით აქაც ცხელა, მაგრამ სამაგიეროდ ღამითაა სიგრილე. ის კი არა, გრძელმკლავიანიც კი მაცვია, ისე აცივდება ხანდახან.
სამი დღის ასულები ვიყავით აგარაკზე, სანდრო ძია რომ შემოგვიერთდა. მამას გაუხარდა მისი სტუმრობა. აი, ახლა საღამოა, ბაღში ვსხედვართ ყველანი და ნაზის დაკრეფილ ხილს მივირთმევთ.
- ნაზი, ყავა მალე იქნება? - გასძახა მამამ.
- ორ წუთში, - გამოსძახა იმანაც.
- ჰოდა, ჩემო კარგებო, იდეა მაქვს. ყავა დავლიოთ და მერე გავისეირნოთ. არ გინდათ ლისის ტბაზე რონინი? - სათითაოდ შემოგვხედა მამამ ყველას.
სანდრიკამ ტაში შემოჰკრა.
- ნავით გამასეირნებ, მა?
- აბა რას ვიზამ, შვილო, აუცილებლად, - ქოჩორი მოუჩეჩა მამამ და დედას თვალი ჩაუკრა.
- იქნებ ამ ადამიანს სულაც არ უნდა გასეირნება, შეეკითხე მაინც! - თქვა დედამ სანდროს მისამართით.
- არა, რას ამბობთ, გავისეირნოთ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, - სანდრო ძიამ ხელები გაშალა დედას დაშოშმინების ნიშნად.
- აი, კაცი! მთლად ჩემი ჭკუისაა! გენაცვალოს ჩემი თავი! ვისაც ჩვენთან ერთად არ უნდა, დაჯდეს სახლში! ლუდი წავიღოთ და დავაჭაშნიკოთ!
გაბრაზებულმა დედამ ყავით სავსე ფინჯანი ისე გამწარებით დაახეთქა მაგიდაზე, რომ ლამბაქი გატყდა და ყავაც დაიღვარა.
- რა გჭირს, გოგო, ფრთხილად ვერ მოკიდებ ხელს? - უსაყვედურა მამამ.
თავი უხერხულად ვიგრძენი. მე კი ვიცოდი, რაც ჭირდა, მაგრამ ის მაოცებდა, მამა რომ ვერ ხვდებოდა ამას. აშკარა იყო, დედას თავის საყვარელთან შინ უნდოდა დარჩენა, განმარტოებით.
- მე არ წამოვალ, - პროტესტის ნიშნად წამოვდექი და წასვლა დავაპირე.
- რატომ ვითომ? - წარბები შეჭმუხნა მამამ.
- ვერ ვიბანავებ და ისე რა მინდა ლისის ტბაზე, კესოსთან ერთად სოფელში გავისეირნებ, უფრო გავერთობით.
დარჩენა არავის დაუძალებია ჩვენთვის. როგორც ჩანს, მამას კესოსი მოერიდა. ჩვენც ავდექით და დაღმართს დავუყევით.
გზის გასაყართან, უზარმაზარი მუხის ჩრდილში, ბიჭებს მოეყარათ თავი, ჩემთვის ყველა უცნობი აღმოჩნდა.
- გაგა, გამარჯობა, როგორ ხარ? - კესო ერთ ბიჭს მიეჭრა, რომელიც ასაკით აშკარად უფროსი იყო ჩვენზე და სპორტსმენივით დაკუნთული სხეული ჰქონდა.
- ვა! კესარია! შენ აქ საიდან? - ბიჭმა გადაკოცნა კესო და თვალი ჩემკენ გამოაპარა.
- მეგობართან ვარ სტუმრად. ჰო, მართლა, გაიცანით ერთმანეთი. ეს ნეკაა, ეს გაგა.
- ძალიან კარგი, - ხელი ჩამომართვა გაგამ და ოდნავ მომიჭირა თითები, ოღონდ ვერ მივხვდი, ეს მისთვის ჩვეული ჟესტი იყო, თუ ამით რამე მიმანიშნა.
- საით გაგიწევიათ? - კვლავ კესოს მიუბრუნდა უცნობი ნაცნობი.
- არსად, ისე გამოვისეირნეთ, მოგვწყინდა სახლში.
- მაშინ ჩვენთან წამოდით, გოგისთან ვიკრიბებით.
- რა ვიცი, წავიდეთ, რა, ჩვენი რა მიდის, - ისე სწრაფად დათანხმდა კესო, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
სხვა რა გზა მქონდა, მეც გავყევი. არადა, სულ არ მინდოდა ახლა უცხო ადამიანების თავყრილობაზე მოხვედრა.
რა უცნაური გოგოა. ჩემს სოფელში კესოს გამოუჩნდა ნაცნობები, მე კი კანტი-კუნტად თუ ვიცნობ აქ ვინმეს. თუმცა, უფრო ჩამოსული გოგო-ბიჭებითაა აქაურობა ზაფხულში სავსე, ადგილობრივები ცოტანი არიან.
ეზოში პატარა სახლი იდგა. მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ჩემდა სამწუხაროდ, იქ მყოფთაგან არავის ვიცნობდი. დავჯექი ჩემთვის მარტო და სხვებს დავუწყე თვალიერება. ცოტანი არ იყვნენ, რომ დავთვალე, თერთმეტი გამოვდექით, მათ შორის სამი გოგოც იყო. ახლა მამამ რომ დამინახოს, რას მეტყვის? არ ვიცი. მამას ჩემთვის შენიშვნა არასდროს მოუცია, ბიჭებთან ერთად რატომ დადიხარო, თუმცა როდის დავუნახივარ მსგავს სიტუაციაში? იგი იშვიათად იცლის ჩემთვის, ან საერთოდ ვერ იცლის.
უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ვიღაც იდგა. მოვიხედე და უზარმაზარ ლურჯ თვალებს წავაწყდი. ისეთი ლამაზი ბიჭი იდგა ოდნავ მოშორებით, თვალი ზედ დამრჩა. ვარსკვლავებივით ციმციმა მზერა ჰქონდა. რატომღაც, მამას მივამსგავსე, თუმცა საერთოდ არ ჰგავდა მას.
- შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი? მე თორნიკე მქვია, შენ? აქ ცხოვრობ?
- არა, აქ აგარაკი გვაქვს. ნეკა მქვია.
- ლამაზი სახელია, თანაც იშვიათი. არ გინდა ცოტა გავიაროთ? ვერ ვიტან ხმაურიან მუსიკას. ისეთი მშვიდი საღამოა, რომ სულ არ უხდება ასეთი ხმაური.
- მეც ეგრე ვფიქრობ, - ძალაუნებურად დავეთანხმე ახალგაცნობილს და გავუღიმე.
თორნიკე დაახლოებით 18 წლის იქნებოდა. მაღალი, გრძელფეხება ბიჭი იყო. მუქი ფერის თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა შეკრეჭილი და თვალები ამიტომ უფრო დიდრონი მოუჩანდა. განსაკუთრებით მისმა თითებმა მომხიბლა, პიანისტივით თლილი და გრძელი ჰქონდა.
მან მაჯაში ჩამავლო ხელი და ეზოდან გამიყვანა. იქვე პატარა ფერდობი იყო, ხეებით შემოჯარული. ერთი ხის ძირში დავსხედით და უხმოდ მივაჩერდით ერთმანეთს. თორნიკემ ხელზე ხელი მომიჭირა. ჟრუანტელმა დამიარა. მესიამოვნა. ჩემი ახალი ნაცნობი ძალიან ნაღვლიანი ჩანდა. როგორც ჩანს, ჩემსავით მარტოსულად გრძნობს თავს - გავიფიქრე. თითქოს ნაჩხუბრები ვყოფილიყავით, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მხოლოდ თითებით ვეხებოდით. უცნაური შეგრძნება იყო. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა თითებით მესაუბრებოდა ვიღაც. არც მეგონა, თითებს ამდენის თქმა თუ შეეძლოთ.
კარგა ხანს ვისხედით ასე. მერე მე დავარღვიე სიჩუმე და წავიდეთ-მეთქი, ვთქვი. თორნიკემ თავი დამიქნია. ახლა უკვე აღარ ეჭირა ჩემი ხელი ხელში.
უკან გამოვბრუნდით. ეზოში შევედით თუ არა, კესო დამეტაკა.
- სად იყავი ამდენ ხანს? წამო, წავიდეთ აქედან! - გაბრაზებულმა მომახალა.
როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მისთვის მოსაწონი კომპანია. საინტერესოა, რატომ ვერ მოახდინა ეფექტი?
მხრები ავიჩეჩე, წავიდეთ-მეთქი. თორნიკე მომიახლოვდა, გაგაცილებთო. უარი არ მითქვამს. მან კვლავ ჩამკიდა ხელი და ასე ხელიხელჩაკიდებულები გავუდექით გზას. კესოს ჩვენი "ალიანსი" არ გამოპარვია, მაგრამ არაფერი უთქვამს, პირმოკუმული წინ მიდიოდა და ხმას არ იღებდა.
თორნიკემ სახლამდე მიგვაცილა. დამშვიდობების წინ შემპირდა, ხვალ გამოგივლი და გავისეირნოთო. მერე გამიღიმა და ორივეს თბილად დაგვემშვიდობა.
კესოს არც ახლა უთქვამს არაფერი. დაბოღმილი ჩანდა. მე კი ისე ვიყავი გახარებული, გული საგულეში არ მიჩერდებოდა.
თითებზე თორნიკეს თითების სითბოს ჯერ კიდევ ვგრძნობდი...
გაგრძელება