ქაღალდის რელიკვია - ონლაინრომანი
ავტორი: სვეტა კვარაცხელიადასაწყისი
- ბებო-ო-ო! ჩვენ ჭავედი-ი-ით, - ოდნავ შეღებილ კარში ოთხიოდე წლის ბიჭუნამ შემოყო ქერა კულულებით "დახუნძლული" პატარა თავი და ფანჯარასთან მდგარ ლამაზ, შუახნის ქალს სირბილით მივარდა, ფეხებზე ხელები მოხვია და ჩაეხუტა.
- შემოგევლოს ბებია! - ქალმა ბავშვს ხელები გააშვებინა, ჩაიცუცქა და ქერა კულულები თითებით გადაუვარცხნა.
- ჭკვიანად მოიქეცი, ბებო გენაცვალოს, თორემ იქ შენნაირი მაიმუნები რომ არიან, თავისთან დაგტოვებენ, იცოდე. გესმის? ბაბუ არ გააბრაზო, - დაარიგა ქალმა შვილიშვილი.
- ჰე, არ მივდივართ? დაღამდა უკვე. ლუკა, ბაბუ, რას ელოდები? - კარის ზღურბლზე მაღალი, მხარბეჭიანი, 60-ოდე წლის მამაკაცი გამოჩნდა, - ნატა, დაბმული გყავს მაგ ბავშვი, თუ როგორაა შენი საქმე?
- ჭავედი-იით! - კიდევ ერთხელ დაიჭყივლა ლუკამ და ოთახიდან გავარდა.
- ორ საათზე აქ იყავით, იცოდე. ხომ იცი, მაგ დროს ძილი უწევს მაგას, - შეახსენა ნატამ შეუღლეს.
- ვიცი, ბატონო, ვიცი, რამდენჯერ უნდა შემახსენო. პატარა ბიჭი კი არ ვარ, უჰ! - ჭაღარაშერეულმა მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და შვილიშვილს მიჰყვა.
ნატამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა. შეტრიალდა და ფანჯარაში გაიხედა. თვალი გააყოლა უკვე ქუჩაში გასულ ბაბუასა და შვილიშვილს - ასე იდგა გარინდული, სანამ ორივენი თვალს არ მიეფარნენ.
ცოტა ხნის შემდეგ შეირხა, თითქოს ღრმა ფიქრებიდან გამოერკვაო და მიმოიხედა. "რა ვქნა ახლა მე?" - გაიფიქრა და წელზე დოინჯი შემოიყარა, - "რა მინდოდა? რაღაც მინდოდა", - წარბები შეჭმუხნა და გონება დაძაბა. "ჰო, მართლა, გამახსენდა", - საჩვენებელი თითი ჰაერში შემართა და კარადისკენ დაიძრა. კარი გამოაღო და ზედა თაროს ყურადღებით დაუწყო თვალიერება. ლამაზად ჩაწიკწიკებულ დაუთოვებულ თეთრეულს შორის წითელი ატლასის ნაჭერს შეავლო ხელი. გადმოიღო, რამდენადმე გადაკეცილი ქსოვილი ფრთხილად გახსნა და შიგ ჩადებულ ყდაგაცრეცილ სქელ რვეულს სათუთად შეეხო. "დღიური" - გამოყვანილი ასოებით ლამაზად ეწერა ზედ. გული უჩვეულოდ შეუქანდა. ყოველთვის ასე ემართებოდა, ამ ხელნაწერების შეხებისას. თითქოს საკუთარი წარსული ეპყრა ხელთ. თითქოს კინოფირივით ოცდაათი წლით უკან აბრუნებდა თავის ცხოვრებას.
ღიმმორეულმა ხელი ხალათის ჯიბეში მოაფათურა, სათვალე ამოიღო, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თვალები "შეიიარაღა", დღიურის პირველი გვერდი გადაშალა და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, კითხვას შეუდგა:
6 თებერვალი
დღეს ციალას დაბადების დღე იყო. მეც დამპატიჟა. ამ ბოლო ხანებში რატომღაც დამიდაქალდა. არ ვიცი, რა მოეჩვენა. სხვა დროს სულ ზემოდან დამყურებდა ხოლმე. რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. უარი არ მითქვამს. მართალია, დიდად არ მეპიტნავება, მაგრამ მაინც წავედი. უმეტესად თავისი კლასელები ჰყავდა. მათ ორი წელია, სკოლა დაამთავრეს და უკვე დიდ ადამიანებად მოაქვთ თავი. მე კი ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ. უცხოდ ვიგრძენი თავი. მით უმეტეს, ყველანი რუსულად საუბრობდნენ. ციალა ხომ რუსულენოვან სკოლაში დადის. "ნატა შენ კარგი გოგო... პაეტომუ კარტული ლაპარაკი გამოიკენეტ", - ჩიქორთულით აძლევს შენიშვნას "ნინა ნიკალაევნა", ციალას დედა თავის ქალიშვილს და ჩემსკენ ანიშნებს - ცოდოა ბავშვი, რუსულად ნუ საუბრობთო. "ცოდო" ნამდვილად არ ვიყავი, რუსული მშვენივრად მესმოდა, მაგრამ რა წესი იყო - ცხრა ბავშვიდან მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი რუსი დედით და მამით, დანარჩენებს ქართველი მშობლები ჰყავდათ. თუ არ ჩავთვლით ციალას, რომლის დედაც უკრაინელია. ეჰ, რუსული კი მესმის, მაგრამ რა გინდა - მე თვითონ საუბარი მიჭირს. არადა, გადასარევად ვსწავლობ. არც აქცენტს ვუჩივი, მაგრამ საუბარი მაინც არ შემიძლია. ენა მებმის ხოლმე. საერთოდ, მაგარი კომპლექსები მაქვს!
ციალას ამხანაგები ნაკლებად მაქცევდნენ ყურადღებას. შეიძლება იმიტომაც, რომ მათზე ორი წლით ვარ უმცროსი, ან იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის ჩუმად ვიყავი მიყუჟული კუთხეში და ხმას არ ვიღებდი. რას გაიგებ ამ "რუსაპეტა" ქართველებისას! ამგვარ ყოფაში კარგა ხანი გავიდა. რაღაც ვერ აეწყო ქეიფი. უცებ ერთი აჟიოტაჟი შეიქმნა. "საშკა მოვიდა, საშკა", - იყვირეს გოგონებმა და წამოიშალნენ. მართლაც, კარგი გაიღო და ვიღაც მაღალი ბიჭი შემოვიდა. ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი! თვალები ზედ დამრჩა! როგორ მომეწონა-ა-ა! ჩალისფერი სწორი, გრძელი თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ძალზე მხიარული ტიპი ჩანდა. ყველა სათითაოდ გადაკოცნა და ბოლოს გამოაცხადა: "ეს ვანიკოა, ჩემი ძმაკაცი, გაიცანითო". ახლაღა შევამჩნიე მეორე, უფრო მაღალი ბიჭი, რომელსაც შავი თმა და ასეთივე ფერის თვალები "უმშვენებდა" სახეს. არც ის იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ საშკა... საშკა სულ სხვა იყო.
ამასთან, ისე კარგად საუბრობდა ქართულად, სულ გადამავიწყდა, "გარუსებულ" საზოგადოებაში რომ მიწევდა ყოფნა.
ქეიფი კვლავ გაჩაღდა. საშკამ ხალისი შემოიტანა სუფრაზე. შევამჩნიე, ციალა როგორ ეპრანჭებოდა. ცოტა არ იყოს, შემშურდა. სულაც არ არის საშკა მისი შესაფერისი. ჭორფლებით აქვს სახის კანი სავსე. ეს აპრეხილი ცხვირი კიდევ? არა, რომ არ მოგეწონება, ისეთი გოგოა. ტყუილად რას ეპრანჭება, ნეტავი გამაგებინა!
ჰოდა, მოხდა ისე, რომ ამ "არეულობაში" საშკამ პირდაპირ მე დამასო მზერა. გავწითლდი და თვალი ავარიდე. რა ჯანდაბამ გამაწითლა! "შეგამჩნიე, შეგამჩნიე", - თითქმის თვალებით მომახარა. უცებ, არც აცია, არც აცხელა და ჯიქურ მომადგა:
- შეიძლება ვიცეკვოთ? - ჯენტლმენურად თავი დამიკრა.
აუჰ! ამას ალმური კი არა, მგონი, ოხშივარი ჰქვია. ყაყაჩოსავით ავღაღანდი. კი-მეთქი, ძლივს დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად და მორცხვად ჩამოვულაგე ხელები მხრებზე. თვითონაც მომხვია მკლავები და დავტრიალდით. როგორ მიხაროდა! იმდენ ქალში რაღა მაინცდამაინც მე გამომარჩია? რატომ? ყველაზე უცნობი რომ ვიყავი, იმიტომ? ალბათ, მაგიტომ. არა უშავს. მაინც გამიხარდა. ამის შემხედვარე ციალა უცებ დაფაცურდა. ვანიკოს სტაცა ხელი და შუა ოთახში გამოათრია საცეკვაოდ. თან თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის. გამუდმებით ვგრძნობდი მის მზერას. პირდაპირ ზურგი ამეწვა. მალე ხელი შეუშვა თავის პარტნიორს, სკამზე ჩამოჯდა და ცხვირი ჩამოუშვა. მივხვდი, ჩემი ასეთი საქციელით საბოლოოდ ჩავუშხამებდი დაბადების დღეს და ჩემი დაპატიჟებაც სანანებელი გაუხდებოდა. დაპატიჟება კი არა, მეზობლობაც კი.
ამასობაში საშკას დრო უქმად არ დაუკარგავს. ნელ-ნელა გამომკითხა ყველაფერი... ჯერ ჩემი სახელით აღფრთოვანდა - ნატა, ნატალია - სახელებს შორის ულამაზესიაო, მერე ჩემს მწვანე თვალებს გადაწვდა - ასეთი "მომნუსხველი და მომაჯადოებელი" ფერის თვალები ცხოვრებაში არ მინახავსო. ბოლოს ტელეფონის ნომერი მთხოვა. მაგას როგორ დავუჭერდი, მაშინვე ჩამოვურაკრაკე. არადა, თვითონ არ ვიცი, რაში მჭირდება ეგ ყველაფერი. მე ხომ უკვე მყავს შეყვარებული.
7 თებერვალი
დილით სკოლაში დამაგვიანდა. ისე გავრბოდი, ფეხებით შევაღე რკინის ჭიშკარი. პირველი გაკვეთილი გეოგრაფია გვქონდა. გულიკო მასწავლებელმა გამჭოლი მზერა მესროლა.
- ძიძიგური, ყოფილიყავი ჯერ, სად გეჩქარებოდა! - შურდულივით მესროლა საყვედური.
- ბოდიში მასწ, მეტს არ ვიზამ! - მოვიშველიე მრავალნაცადი, გაზეპირებული ფრაზა და ჩემს მერხს მივუჯექი. ბაჩანამ მრავლისმეტყველად გამომხედა.
- შენ ოჯახში არ იზრდები! - მომმართა უცებ გეოგრაფიის მასწავლებელმა საკმაოდ ცივი ტონით.
გავოგნდი. ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია მისი ასეთი გაგულისება.
- ფეხით კარის გაღება ვინ გასწავლა, დედამ თუ მამამ? - თავის "მომართვას" ფარდა ახადა გულიკომ.
- მაგვიანდებოდა, მასწ, თორემ მაგდენი კი მესმის, - თავის მართლება ვცადე.
- ეგ უზრდელობაა და მეტი არაფერი. სხვა დროს დაიმახსოვრე! - თითქოს ნიშნისმოგებით მითხრა, ჩემს გასაქილიკებლად საბაბი რომ იპოვა.
ამ ქალს რატომღაც არ ვეხატები გულზე. ვერ გავიგე, რა დავუშავე. ისე მივაღწიე მეათე კლასამდე, გეოგრაფიაში ოთხიანი არ მიმიღია. ამის ხელში კი ხუთიანი სანატრელი გამიხდა. რატომღაც, მოსვლის დღიდან ამითვალისწუნა. აფსუს? ნეტავ არ გასულიყო პენსიაში ძაბული მასწავლებელი!
ბრაზი მახრჩობდა. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ხომ შეეძლო, ეგ შენიშვნა ცალკე მოეცა, შესვენებაზე. ამდენ მოსწავლესთან რომ არ მომხტომოდა. უტაქტო! თვითონ არ იცის ეთიკის ნორმები და მაგან სხვას რა უნდა ასწავლოს! - ვბობოქრობდი ჩემთვის.
უცებ კარი ოდნავ გაიღო, ბიძინამ შემოყო თავი და უცებვე გაიხურა. მივხვდი, ზარი უნდა დარეკილიყო. ასეც მოხდა. ბიძინას ახლა დათომ მიბაძა. არც ეგ გამკვირვებია. ბიძინა მე მზვერავს, დათო - თამილას. რას იზამ, ვუყვარვართ ბიჭებს... აბა! ეგრე კი არ არის.
დერეფანში გავედი. ბიძინა იქვე ატუზულიყო, ფანჯარასთან. თვალით მანიშნა. მივუხვდი, ფიზიკის კაბინეტის გვერდზე, შეწეულ დერეფანში უნდა შევხვედროდი. იქ მასწავლებლები ნაკლებად შეგვამჩნევდნენ. ქრესტომათიის წიგნი მექანიკურად გადავშალე და ვითომ კითხვა-კითხვით გავეშურე დერეფნის ბოლოსკენ. ბიძინა უკვე იქ მელოდა.
- რას კითხულობ? - სალაპარაკო მიზეზი იპოვა და ხელზე შემეხო. ჟრუანტელმა დამიარა.
- ვიმეორებ, - ჩურჩულით ვუთხარი და შევხედე. მეტი არაფერი გვითქვამს. უსიტყვოდ სახეში შევციცინებდით ერთმანეთს მანამ, სანამ ზარი არ დაირეკა...
ბიძინა, ანუ "ბიძო", როგორც მას ბიჭები ეძახიან, ჩემი პარალელური კლასელია. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ გვიშლიან ურთიერთობას - ცალკე მასწავლებლები, ცალკე - ბიძინას დედა. მასწავლებლები ჩემს ინტერესებს იცავენ, დედამისი - თავისი შვილისას. მაგალითად, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელს - პატივცემულ ზიზას რომ ჰკითხო, ბიძინა რა ჩემი შესადარია - შეხედავ, ძაღლს მიუგავს ცხვირ-პირიო, მეუბნება ხოლმე. ამავე აზრისაა ფიზიკის მასწავლებელიც, ელენე მამალაძე. "შტერაია გოგო ხარ, შენ, თვარა, მაგი რავა უნდა მოგეწონოს ხუთოსან მოწაფესო", - მოუქცევს ხოლმე იმერული კილოთი და თავისი ლამაზი პირისახით ისე გაგიღიმებს, სული გაგინათდება ადამიანს. აბა, ერთი ახლა ბიძინას დედას ჰკითხეთ? მაგისნაირი ბიჭი მთელ რაიონში არ დადის - დედისერთა და მილიონერი. მე რა მაგის ტოლი ვარ - გაჩხინკული, ინდაურის წონა, ფეხები ასანთის ღერს რომ მიმიგავს.
თუმცა, მე და ბიძინას ეგ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, რომ გვიყვარს ერთმანეთი და სულ არ გვაღელვებს სხვების აზრი.
10 თებერვალი
სკოლიდან დაღლილი მოვედი. ცეკვის რეპეტიცია მქონდა და, რომ იტყვიან, ოფლში გავიხვითქე. ათ დღეში ოლიმპიადა იწყება, ამიტომაც დიდის ამბით ვემზადებით. ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ლელა მასწავლებელს ჩემი იმედი აქვს. "ქართულსა" და აჭარულში" სოლოს მე ვცეკვავ. თუ გავიმარჯვეთ, მერე თბილისში მოგვიწევს გამგზავრება, რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ერთი სული მაქვს, როდის გაივლის ეს დღეები...
მშია. ბებიაჩემი სადილს მიცხელებს. ტანსაცმლის გამოცვლა მეზარება, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. თეთრი წინსაფარი ისე დამესვარა, უნდა გავრეცხო. თუმცა, მე რა უნდა გავრეცხო, ბებაიჩემი მიხედავს მაგ საქმეს. ხელს არ მაკიდებინებს არაფერზე. ჭიქა წყალიც კი ლოგინში მოაქვს, ისე დამფოფინებს თავზე. შენ ოღონდ ისწავლე, ოღონდ წიგნი იკითხე და ყველაფერს მე გაგიკეთებო, მეუბნება ხოლმე. გადამყვა საწყალი ქალი. ყველანაირად ცდილობს, უდედობა არ მაგრძნობინოს. მამაჩემმა მეორე ცოლი რომ მოიყვანა, დედინაცვალს ახლოს არ გამაკარა - ბავშვი დამეჩაგრებაო. მამიდაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - რა დედინაცვალი, რის დედინაცვალი, სანამ პირში სული მიდგას, ნატას თავს არავის დავუთმობ გასაზრდელადო. ჰოდა, მეც ვარ ასე განებივრებული, აქეთ ბებია მემსახურება, იქით - მამიდა.
უცებ ტელეფონმა დარეკა. მაშინვე ყურმილს ვეცი - ბიძინა მეგონა.
- ნატა, გამარჯობა! - გაისმა მამაკაცის ხავერდოვანი ხმა.
მეუცხოვა. ნაცნობს არ ჰგავდა.
- გაგიმარჯოს. რომელი ხარ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ვერ მიცანი?
- ვერა?
- აბა, კარგად დაფიქრდი?
- საშკა, შენა ხარ? - რატომღაც მის ხმას მივამსგავსე, თანაც გამიხარდა, ასე მალე რომ გავახსენდი.
- როგორ მიცანი? - სიცილი აუტყდა.
- საერთოდ კარგად ვარჩევ ხმებს, - მოვიწონე თავი.
- როოგორა ხარ, ნატა? - საშკა კარგ ხასიათზე ჩანდა.
- არა მიშავს, შენ?
- მეც არა მიშავს. გცალია სალაპარაკოდ?
- მცალია. საიდან რეკავ, სახლიდან? - რატომღაც ამით დავინტერესდი.
- ჰო, სახლიდან. რა ხდება შენკენ, ხომ არაფერი შეცვლილა?
- ყველაფერი ძველებურადაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საღამოთი, - გავახსენე ციალას დაბადების დღე.
- ჰოოო... - რაღაც ყოყმანი დაეტყო ხმაში, - მეც, სხვათა შორის.
- ციალას ხომ არაფერი უთქვამს ჩემი წამოსვლის შემდეგ? - ფრთხილად ვკითხე.
- ა-რა, რა უნდა ეთქვა? - თითქოს დაიბნა.
- რა ვიცი, მგონი, არ ესიამოვნა, ერთად რომ ვცეკვავდით.
- ჰოოო, მაგას ვინ კითხავს.
- ვითომ? მე კი მგონია, რომ თქვენ... - აღარ გავაგრძელე, მაგრამ მივახვედრე, რისი თქმაც მინდოდა.
- მე შენ მომწონხარ, - მომახალა უცებ.
კინაღამ ვუთხარი, მეც მომწონხარ-მეთქი, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. რა დროს სხვისი მოწონებაა, მე ხომ შეყვარებული მყავს! მაგრამ რომ მომწონს? რა ჩემი ბრალია?
- არ გამოვა მაგ საქმე, - სულ საწინააღმდეგო რამ ვთქვი.
- რატომ?
- არის მიზეზი, - თითებით ყურმილის ბოლოს დავუწყე წვალება.
- მაინც, მაინც?
- .......
- გამოდის, რომ ერთმანეთს არ უნდა შევხვდეთ? - არ მეშვებოდა საშკა.
- არა, მაგის საჭიროებას ვერ ვხედავ, - უარზე დავდექი. არადა, ნამდვილად არ ვფიქრობდი ასე.
- აბა, ტყუილად ვიცეკვეთ ერთად? - ყურმილში სიცილის ხმა გაისმა.
- ციალას ეწყინება, - წამომცდა უცებ.
- ვი-ი-ის?
- ცი-ა-ლას, - დავუმარცვლე, რომ კარგად გაეგო.
- აი, თურმე რაშია საქმე. გინდა, ერთი რამ გითხრა?
- რა? - სმენად ვიქეცი.
- მე საშკა არა ვარ.
- საშკა არა ხარ? აბა ვინა ხარ? - ელდა მეცა.
- გეგა ვარ, ანთაძე. გეცნობა ჩემი სახელი?
- მატყუებ! - ვიყვირე.
გეგა მთელი რაიონის გოგონების "კრასავჩიკი" იყო. ქალები მასზე ფიქრში, რომ იტყვიან, ათენ-აღამებდნენ. ყველას პირზე ეკერა მისი სახელი. მეტი საქმე არ ჰქონდა, ჩემთან დაერეკა. ნეტავ ვინ არის და რატომ მატყუებს? თუ ჰგონია, გეგა ვარო, რადგან იტყვის, კისერზე ჩამოვეკიდები? ვერ მივართვი!
- არ გატყუებ, გეფიცები, - გულწრფელი მეჩვენა უცნობი.
- ჩემი ნომერი ვინ მოგცა? - დაკითხვა დავუწყე.
- ერთმა შენმა ნაცნობმა, - არ დააკონკრეტა.
- რომელმა? - არ მოვეშვი.
- რა მნიშვნელობა აქვს. მთხოვა, არ გამცეო.
- გოგომ თუ ბიჭმა?
- გოგომ და ბიჭმა, - თქვა და კვლავ გაიცინა, - არ გჯერა?
- ?
- არ გჯერა? - გამიმეორა.
- მაშინ თავიდან რატომ მითხარი, საშკა ვარო?
- რა ვიცი, მეგონა, შენ ასე გესიამოვნებოდა. ხომ არ გეწყინა? ალო, ნატა, რატომ გაჩუმდი, გეწყინა?
- არა, არ მწყენია, - ხმადაბლა ვთქვი. აშკარად განვიხიბლე. თანაც, არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა გეგას ველაპარაკებოდი, თუ არა.
- შეიძლება ხანდახან დაგირეკო? - მკითხა.
- რისთვის? - ავიჩეჩე მხრები.
- ისე, უბრალოდ. შენი ახლოს გაცნობა მსურს.
- არ არის საჭირო, - ოფიციალურად გამომივიდა ნათქვამი.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული, შენ ხომ არ მიცნობ?
- ეგ არაფერს ცვლის, - მთლად წამიხდა ნირი.
- ჯერ არ ცვლის, მაგრამ მერე შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, - დაბეჯითებით თქვა.
- როდის, მერე? - ამრეზით ვიკითხე.
- როცა ერთმანეთს ახლოს გავიცნობთ. მე მომწონს, როცა შენ ცეკვავ. ბევრჯერ მინახიხარ სცენაზე.
პირი ღია დამრჩა. ნუთუ მართლა? დავიჯერო, ჩემი ცეკვა ნამდვილად ნანახი აქვს?
- კარგი, ნატა, რადგან ასეა, თავს აღარ შეგაწყენ. სხვა დროს დაგირეკავ. იმედია, ყურმილს არ დამიკიდებ, არა?
- ........
- შეხვედრამდე. არა, შეხვედრამდე კი არა, დარეკვამდე, - "შეასწორა" გეგამ და ტელეფონი გათიშა.
კარგა ხანს ვიდექი გარინდული. ვერ მივხვდი, თუ უცნობი მართლა გეგა იყო, რა მიზანი უნდა ჰქონოდა მის ზარს. მითუმეტეს, ჩემთვის კარგად იყო ცნობილი მისი "დონჟუანობის" ამბავი. მე რა ისეთი მზეთუნახავი მნახა? ბოლოს გაოგნებულმა მხრები ავიჩეჩე, ყურმილი დავკიდე და სამზარეულოში გავედი, სადაც მაგიდაზე ბებიაჩემის გაცხელებული სადილი მელოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
დღეს ოლიმპიადა ჩატარდა. ისე კარგად ვიცეკვე! უნდა გენახათ, რა ოვაციები გამიმართეს. სცენაზე სამჯერ გამიწვიეს. როგორ მიხაროდა!. ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი. ლელა მასწავლებელი ტიროდა. ჩემამდე, ვინ იცის, რამდენი სკოლის გუნდი გამოვიდა, მაგრამ ისეთი უღიმღამო ნომრები ჰქონდათ, მაყურებლებს ტაშის დაკვრა ეზარებოდათ. ზრდილობის გულისთვის თუ შემოჰკრავდა ვინმე აქა-იქ ტაშს. ერთი სიტყვით, გავიმარჯვეთ. ჩემი პარტნიორი ფრიდონია, ჩემივე კლასელი. ძალიან საყვარელი ბიჭია. შესანიშნავად ცეკვავს, მაგრამ ძალიან მორცხვია. ამიტომ ლელა სულ უბრაზდება - ასწიე, ბიჭო, თავი, გაუღიმე გოგოს, რა დაბღვერილი ცეკვავ. შეხედე, რა ქალი გიდგას გვერდითო. ჩვენ სიცილით ვიჭაჭებით ხოლმე, ის კი მოხარშულ კიბორჩხალას ემსგავსება, ისე წითლდება. რა ქნას, ეგეთია.
როცა ყველაფერი დამთავრდა, გოგონები გასახდელში გავვარდით. იყო მოლოცვები და ერთი ამბავი. კოცნას და მადლობის თქმას ვერ ავუდიოდი. ზოგი გულწრფელად მილოცავდა წარმატებას, ზოგიც შურით მაყოლებდა მზერას. რა არიან ეს ქალები! რატომ უნდა შურდეთ სხვისი? მეც ქალი არა ვარ? რატომ არ მემართება მსგავსი რამ? როგორ მიხარია ხოლმე, ვინმეზე კარგ ამბავს რომ გავიგებ. ზოგი რანაირია!
როგორც იქნა, საცეკვაო ფორმა გამოვიცვალეთ და ჩვენ-ჩვენი ტანსაცმელი ჩავიცვით. ამ დროს კარზე ვიღაცამ მოურიდებლად დააკაკუნა.
- მობრძანდით! - გასძახა ლელა მასწავლებელმა.
კარი გაიღო და პატარა ბიჭი გამოჩნდა ვარდისფერი მიხაკებით ხელში, გაოფლილი, სახეაჭარხლებული, ქოშინებდა. ალბათ, დერეფანში დარბოდა.
- ნატა რომელია? - სათითაოდ გადმოგვხედა ყველას ეშმაკური თვალებით.
- აი, ეს არის, - თამილამ ჩემზე ანიშნა.
- აჰა, დაიჭი, იმან გამომატანა, - დაჭყანული ღიმილით მითხრა და თაიგული ხელში მომაჩეჩა.
ვერც კი მოვასწარი, მეკითხა, ვინ იმან-თქო, რომ შურდულივით გავარდა. ყველამ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. დავიბენი.
- ალბათ, ბიძინამ, - დაასკვნა თამილამ და მხარზე ხელი შემახო გამხნევების ნიშნად.
ტუჩი ავიბზუე. მეეჭვებოდა, ბიძინას ამგვარი რამ მოეფიქრებინა, მითუმეტეს, არც გამბედაობა ეყოფოდა. გულმოდგინედ დავათვალიერე ბუკეტი, იქნებ სადმე ბარათი იყოს ჩადებული-მეთქი, მაგრამ ამაოდ. რას ვიზამდი. მიხაკები ფანჯრის რაფაზე შემოვდე, რომ ჩანთა ჩამელაგებინა. ამ დროს თამილამ იყვირა:
- ვაი, ნატა, შეხედე, ყვავილს რა აწერია?!
მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".
- ვინ არის გეგა? - დაინტერესდნენ ჩემი გოგონები.
მეუხერხულა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა. ხომ ვხვდებოდი, ბიძინასგან რომ არ იქნებოდა! არ შევიმჩნიე. სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, არის ერთი-მეთქი და უმისამართოდ გადავაქნიე ნაწნავები.
შავი ფერის თმა მაქვს, თანაც ძალიან ხშირი, გრძელი, სწორი, წელამდე მწვდება. სილვა ბებია სულ მეუბნება, შვილო, თმა არ შეიჭრა, შენი მშვენება ეგ არისო. ვერ ვიტან ამ ნაწნავებს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ან კი ვინ შემაჭრევინებს! ხომ მომკლავს ცალკე მამიდაჩემი, ცალკე კიდევ ბებიაჩემი.
ერთი სული მქონდა, სახლამდე როდის მივაღწევდი. ჯერ ჩემებს უნდა ვახარო ჩემი გამარჯვება, მერე - გივი მასწავლებელს, ჩემს საყვარელ მასწავლებელს.
გივი რუსიძე კარის მეზობელია, ერთი ღობე გვყოფს. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მას სხვანაირად ვერ მოიხსენიებ. ნახევარი საქართველო მაინც იცნობს, იმდენად კარგი სპეციალისტია. რომელი კუთხიდან არ მოდიან მასთან, რათა თემები დააწერინონ - ზოგს მისაღები გამოცდებისთვის სჭირდება, ზოგსაც - სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის. ორიგინალურ თემებს წერს. მე გამორჩეულად ვუყვარვარ. ბავშვობიდან მამეცადინებდა ქართულში. ისე გამომაწრთო, თვითონაც აღრფოვანებულია, შენ რომ გრამატიკა იცი, შენი ქართულის მასწავლებელს არ ეცოდინება ისეო. არადა, გაგეცინებათ. სკოლაში ქართულს მისი ქალიშვილი, მზია მასწავლის. ხომ არის სასაცილო? ამ დროს მზია დიდებული მასწავლებელია. წითელ დიპლომზე დაამთავრა ინსტიტუტი. ისედაც, შეხედავ - გესიამოვნება. გამხდარი, წელწვრილი, წაბლისფერთმიანი ლამაზი ქალი, მომხიბვლელი ღიმილით. თუმცა, რა ქალი - ჯერ მხოლოდ ოცდაშვიდი წლისაა. იგი პარალელურად კორესპონდენტად მუშაობს გაზეთში. ყველა იცნობს და პატივს სცემს. განა გივიმ არ იცის თავისი შვილის ამბავი, მაგრამ მე, რატომღაც, უნიკალურ მოსწავლედ მიმიჩნევს, როგორც მის "შექმნილ შედევრს". მოქანდაკე რომ ჩამოასხამს განსაკუთრებული ქმნილებას და მერე თავად ტკბება, აი ისე.
ამჟამად იგი არსად მუშაობს. შინ დაუდის აბიტურიენტები და ამეცადინებს. ჯგუფები ჰყავს. მე მისთვის, ასე ვთქვათ, "საჩვენებელი მაგალითი" ვარ. თავის მოწაფეებს ეუბნება ხოლმე: "აი, ნატამ, მაგალითად, ეს უკვე დიდი ხანია, იცის. თქვენ კი კიდევ დიდხანს არ გეცოდინებათ". ხანდახან, საღამოობით, როცა მორიგ გაკვეთილს ატარებს, მე დამიბარებს ხოლმე (დეიდამის ჟოზეს მიგზავნის. იგი ბებიაჩემის "დაქალოჩკაა"), ნატა მოვიდესო. ვიცი, ამ დროს რისთვისაც მეძახის. მოსწავლეებმა, როგორც ჩანს, წინადადება ვერ გაარჩიეს ვერც სინტაქსურად, ვერც მორფოლოგიურად და მე "კლასი უნდა ვუჩვენო". მერე ამაყად გადახედავს მათ და ნიშნისმოგებით ეტყვის:
- ეს ბავშვი ისრუტავს ცოდნის სურნელს, თქვენ კი არცერთს ყნოსვის შეგრძნება არა გაქვთ, არც გექნებათ!
ასე ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეოთხე-მეხუთე კლასში ვიყავი. ასე გრძელდება დღემდე.
გარდა ამისა, რამდენ წიგნს მაკითხებს! ალბათ, არ არსებობს ლიტერატურა - ქართული, რუსული თუ უცხოური, წაკითხული არ მქონდეს, გივის წყალობით. ამდენი წიგნი შენი სკოლის არცერთ პედაგოგს არ ექნება წაკითხულიო, კმაყოფილი ღიმილით მეტყვის ხოლმე. ასეთი შედარება უყვარს. ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თვითონ არის ძალიან დიდი. მართლაც ასეა, ძალიან დიდია, დიდი კი არა - დიადი.
21 თებერვალი
სკოლის ჭიშკარი დიდი სიამაყით შევაღე. ვიცი, ყველა აღფრთოვანებული იქნება ჩემით.
- ჰა, ჩვენო შტერაია გოგოა, მიასიკვდილე ყველა, არა? - სიყვარულით მომქაჩა ნაწნავზე ელენე მასწავლებელმა, "ფიზიკამ".
"ფიზიკას" "ბიოლოგია" მოჰყვა, ზიზა მასწავლებელი. მან ფარული კმაყოფილებით გამომხედა. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებით მომეალერსა: "კარგი ხარ, კარგი, მაგრამ ბიძინა რომ გიყვარს, მაგას ვერ გაპატიებ". მის სათქმელს ყოველთვის უსიტყვოდ ვხვდები. თვალებით ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს.
სკოლის დირექტორიც კი გამომეგება, ბატონი გიორგი. ჯერ ხელი ჩამომართვა, მერე გულში ჩამიკრა, ბოლოს მადლობა გადამიხადა, სკოლა რომ ვასახელე. ამ კაცს ძალიან უხდება ღიმილი. რომ გაიცინებს, ასე მგონია, ცა იხსნება, სხვა დროს ისეთი მკაცრია. გაღიმებისას ოქროს კბილი გამოუკრთება ხოლმე.
აი, გეოგრაფიის მასწავლებელიც გამოჩნდა. როგორც ყოველთვის, ოფიციალურად შემხვდა, "მასწავლებლურად". თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:
- ბევრმა ქებამ თავში ავარდნა იცის. იმედია, ასე არ მოგივა!
რა უნდა ამ ქალს, რა დავუშავე! უაზროდ გავიღიმე და კლასში შევედი. რომ იტყვიან, "ეიფორიაში" ვარ. არცერთი საგანი არ მომიმზადებია წუხელ. წესით, არ უნდა გამომიძახონ. ხუმრობა ხომ არ არის, გუშინ იმდენი "კონკურენტი" დავამარცხე! ასეც მოხდა. დღეს არცერთ მასწავლებელს ნატა, როგორც გამოსაძახებელი მოსწავლე, არ "გახსენებია". ბოლო ზარი რომ დაირეკა, შვებით ამოვისუნთქე.
როგორც იქნა, დრო ვიხელთე, ბიძინასთან განვმარტოვდი. დღეს ხომ კინოს დღე გვაქვს. კლუბში შევხვდი. ხელზე ხელი მომიჭირა და თვალებში შემომხედა. ორივენი გავწითლდით.
- დღეს ზიზაა მორიგე, ამიტომ შენს გვერდით ვერ დავჯდები, - თითქმის ჩურჩულით მითხრა.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. კვირაში ერთხელ, ყველა სეანსზე, თითო მასწავლებელი მორიგეობს ხოლმე, რამე რომ არ მოხდეს და დარბაზში ხმაური რომ არ იყოს. დღეს "ბიოლოგია" მორიგეობს. ზიზას ბავშვები ჟანდარმს ეძახიან. იგი ძალიან მკაცრია. მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებს ადამიანი.
ამ მხრივ ყველაზე "ჰუმანური" მზია მასწავლებელია. ჯერ ერთი, ყველაზე ახალგაზრდაა პედაგოგებს შორის, ამასთან, ყველაზე თანამედროვე. კარგად ესმის მოსწავლეების. მეგობრობს ჩვენთან. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თვითონაც ხომ იყო ჩვენი ხნის. ამიტომ გვიხარია, როცა ის არის მორიგე. არავის არაფერს უშლის. ბიძინაც თამამად ჯდება ჩემს გვერდით. იგი არ გვიკრძალავს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ არც მას მოსწონს "ბიძო" და ჩემს ტოლად სულაც არ მიაჩნია. მიგებს, ასე ვთქვათ. თანაც ლიზა მამიდას უახლოესი მეგობარია, ამასთან, კარის მეზობელი და ჩვენი ოჯახის წევრივითაა. ოღონდ, სკოლაში სულაც არ მაგრძნობინებს ამას. იქ მასწავლებელია, მორჩა და გათავდა. შინ კი სულ შენობით ველაარაკები. შენობით კი არა, ერთად დავძრომიალობთ ხოლმე ზაფხულობით ხეებზე, განსაკუთრებით, ბალი როცა შემოდის. ჩემზე უფრო ახტაჯანაა. ისე სწრაფად მოექცევა ხოლმე ხის კენწეროს, ვერც დაიჯერებ, რომ მასწავლებელია. ხელში გამუდმებით ცხვირსახოცი უჭირავს. სულ გაციებულია, სულ ცხვირს იხოცავს. ბავშვები ეხუმრებიან ხოლმე, მასწ, ამდენი მოხოცვით ცხვირი დაგიგრძელდებათ და მერე რა გეშველებათ, ცოლად არავინ გითხოვთო. ამაზე გიჟებივით ვიცინით. თვითონაც ეცინება. არადა, მართლა ძალიან ლამაზია, თანაც ყოველთვის მოდურად აცვია, ნაირ-ნაირები, ყოველდღე სხვადასხვა. ამ ბოლო დროს, მგონი, შეყვარებულიცაა. ჯერ ზუსტად არ ვიცი. ტაროსთან ერთად ვნახე რამდენჯერმე. ტარო რედაქციაში მუშაობს, რედაქტორის დისშვილია. მას მანქანა ჰყავს და ჟურნალისტებს დაატარებს ხოლმე მასალებზე. მეც ვიცნობ. იგი ჩემი ინგლისურის რეპეტიტორის, ლორას გვერდით ცხოვრობს და ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ვინ იცის, რამდენჯერ წამომიყვანა შინ მანქანით. იქიდან ხომ გვიან მოვდივარ, შეღამებულზე. კარგა გვარიანი მანძილი მაქვს გამოსავლელი. სულ მეხუმრება, მამაშენს უთხარი, ხელფასი დამინიშნოს, ასე რომ გემსახურებიო. კარგი ბიჭია ძალიან. გამიხარდება, თუკი შეუღლდებიან. ღმერთმა ქნას. კარგი წყვილი კი გამოვა, აი!..
დღესაც ინდური ფილმი გადიოდა, "ჰამრაზი". ტევა არ იყო კლუბში. უცხოებიც შემოვიდნენ, თითქოს მოსწავლეებისთვის კი არა, მთელი მოსახლეობისთვის ყოფილიყო სეანსი განკუთვნილი. ასეთ ხალხს თვით ზიზაც ვერ უმკლავდება. ძნელია, იმხელა ბიჭებს შეეწინააღმდეგო. ამიტომაც უკვე აღარავინ უშლის მათ ფილმზე დასწრებას.
სურათი, როგორც ყველა ინდური ფილმი, ორსერიიანი იყო. გვიან დამთავრდა. მაინცდამაინც არ მომეწონა. რა ვქნა ახლა, რაც არის, არის, ყველა ფილმი კარგი ხომ არ იქნება. თუმცა, ინდური ფილმის სიკარგე ვინ გაიგონა. თანაც, რა ცუდი ფინალი ჰქონდა!..
ბიძინამ გამომაცილა. გზაში თითქმის არ გვისაუბრია. მხრებით შევეხებოდით ხოლმე ერთმანეთს და ორივეს ელეთმელეთი მოგვდიოდა. ნეტავ სანამდე გაგრძელდება ასე? ან რა მოხდება, სკოლას რომ დავამთავრებთ? შემირთავს ცოლად? თუ ჯერ უნდა ჩავაბაროთ? ამაზე არაფერს ამბობს. არასდროს. საინტერესოა, რას ფიქრობს, მაგრამ ხომ არ ვკითხავ. ისე, საკმაოდ თამამი ბიჭია, მაგრამ ჩემთან - ძაან მორიდებული. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს და ჯერ არ უკოცნია. რა ვიცი, უნდა ეკოცნა? ნეტავ სხვა, ჩემი ტოლი შეყვარებულები როგორ იქცევიან? მაგას ვინ მეტყვის. ყველა ყველაფერს მალავს. ჩემ კლასში თითქმის ყველა შეყვარებულია, მაგრამ კოცნაზე არავინ ლაპარაკობს - არც თამილა, არც ფრიდონი, არც ბაჩანა... სხვათა შორის, არც ნინო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უახლოესი დაქალია. ლალიზე არა მაქვს ლაპარაკი. იგი, მგონი, ერთადერთია კლასში, ვისაც არავინ უყვარს. წარჩინებული "კომკავშირელია", მოწინავე, კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სამაგალითო, თითით საჩვენებელი და რა ვიცი... უამრავი "კომუნისტური" ეპითეტით შეიძლება მისი დახასიათება. არა, სწავლით ჩემსა და ნინოზე უკეთესად ვერ სწავლობს, მაგრამ მაინც ჩვენ სამი ვართ საპატიო დაფაზე გამოჭიმული. არა, შემეშალა, ჩვენი კლასიდან მეოთხეც "კარგოსანია", ზვიადი, სკოლის ალენ დელონი. ძალიან ჰგავს. მთელი სკოლის გოგონები მასზე არიან შეყვარებული, ჩემს გარდა. ჩემი ძმაკაცია. თვითონ, მგონი, არავინაც არ უყვარს. სად სცალია მაგისთვის. თავი სულ წიგნებში აქვს ჩარგული. კითხულობს და სწავლობს, კითხულობს და სწავლობს...
1 მარტი
ცუდი ამინდია. მერამდენე დღეა, წვიმს. ჯერ იყო და, ქარებმა წაგვიღო, ახლა კი წვიმამ გაგვიჭირა საქმე, გადაღებას არ აპირებს. მაინც მიხარია. გაზაფხულის პირველი დღეა, რაც უნდა იყოს. თანაც, დღეს გეგამ დამირეკა. იმ ყვავილების გამოგზავნის მერე არ შემხმიანებია. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა შევშფოთდი. რაღაც მოუკლო დარეკვას. მე კი ყოველ საღამოს დარჭობილი ვარ ტელეფონთან, იქნებ მოიფიქროს და დამირეკოს-მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად. დავავიწყდი რატომღაც. არ უნდა და ნუ უნდა! ანკი ვინ ეხვეწებოდა თავიდან, დამირეკეო. საკუთარი ინიციატივით გამეცნო და უკვე ისე დამიალოვდა, შევეჩვიე მასთან საუბარს. თითქოს მოთხოვნილებად გადამექცა. ეს საშკა ხომ საერთოდ "აორთქლდა". არც მაინტერესებს. კარგა ხანია, გადამიარა პირველმა "აღფრთოვანებებმა".
რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ვიყავი მთელი დღე, თითქოს რაღაცას ველოდი. ბიძინა არ გამოცხადდა დღეს სკოლაში, სიცხე ჰქონია. ნანამ მითხრა, ჩემმა პარალელურმა კლასელმა. იგი ბიძინას უახლოესი მეგობარი, დედამისის "დაქალი" და მესაიდუმლეა. ეს მისგან ვიცი ხოლმე, რას ლაპარაკობს "სადედამთილო" ჩემზე, ჭორებს მაწვდის. ნანა მაგარი მეტიჩარა გოგოა, ყველასთან არ კადრულობს მეგობრობას. მე გვერდი ვერ ამიარა. ჯერ ერთი, მისი ძმაკაცის შეყვარებული ვარ და მეორეც, ყველა მიცნობს გარშემო, ყველას ჩემი სახელი აკერია პირზე - მე ხომ ყველაფერში პირველი ვარ. ამასთან, მამაჩემი საკონსერვო ქარხნის დირექტორია, ბაბუა კი, მამის მამა, ცნობილი იურისტი. ასე რომ, "საპატიო" პიროვნება ვარ და ნანასთვისაც, რა თქმა უნდა, სამეგობროდ მისაღები.
მართალია, ბიძინა ვერ ვნახე, მაგრამ რატომღაც კარგ გუნებაზე ვიყავი. შინ მოსულს გივიმ კვლავ ჟოზე გამომიგზავნა, შენი "მეგობარი" გიბარებსო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. შუადღეს არ ჰყავს ხოლმე მოსწავლეები. ღობეს გადავევლე და რამდენიმე წამში მასთან გავჩნდი.
- როგორ ბრძანდები, ამხანაგო გივი? - ხელის აქნევით მივესალმე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობაა, შენობით მივმართავთ ერთმანეთს. მიმაჩვია, რა ჩემი ბრალია. "უფროს მეგობარს" მეძახის. თქვენობით მიმართვა უიდურეს შემთხვევაში გამოიყენე ხოლმეო, მეუბნება.
- შენ იცი, რომ საქართველოში ოდითგანვე თვით მეფეებსაც კი შენობით ელაპარაკებოდა ხალხი, ყველაზე მდაბიონიც კი, - თითის აწევით მიმტკიცებს ყოველთვის, - ხოლო ინგლისელებს "თქვენ" და "შენ" ერთი და იგივე ფორმით აქვთ გამოხატული. ეს ისე კი არ ხდება, არის მასში გარკვეული კანონზომიერება.
რა კარგი ადამიანია! ამქვეყნად არავის მიმართ ამხელა მოწიწება არ გამაჩნია, თვით მამაჩემის მიმართაც კი. მიუხედავად იმისა, რომ...
გივი მასწავლებელს ერთი დიდი ნაკლი აქვს - პათოლოგიური სიმთვრალე. თუ სმა დაიწყო, მტრისას! დღეში ათჯერ თვრება და თვეობით გადააბამს ხოლმე. მერე აწვენენ სანატორიუმში, გაუკეთებენ რაღაც ნემსს, თუ ჯანდაბას და დროებით "გადააჩვევენ" დალევას. ასე მეორდება ექვს თვეში ერთხელ. მენანება, მაგრამ მე რას გავაწყობ. ერთხელ კი შევაპარე:
- გივი, რატომ სვამ ამდენს? ხომ იცი ხალხის ამბავი, იტყვიან, ლოთიაო, - ვთქვი და კართან ავიტუზე, ზედმეტი სითამამისთვის გარეთ არ მომისროლოს-მეთქი.
- ეეჰ, ჩემო უფროსო მეგობარო. შენ არ იცი, რომ ამქვეყნად ყველა გენიოსი ლოთი იყო? თვით გალაკტიონიც კი. სხვანაირად იგი ამ გენიალურ ლექსებს ვერ დაწერდა.
ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ ამ თემაზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია...
...ხმაურზე თავი ასწია.
- ოჰ, ნატას გაუმარჯოს! - შემომღიმა და ხელი ჩამომართვა.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ნიკოტინისაგან ჩაყვითლებული აქვს. ოთახშიც პაპიროსის საშინელი სუნი ტრიალებს. გივი მხოლოდ მშობლიურ "პრიმას" ეწევა და არავითარ შემთხვევაში სხვა სიგარეტს. ეს არის ნაღდი თუთუნიო, იტყვის ხოლმე.
- რაშია საქმე, ამხანაგო, რამე ახალი წიგნი გამომიძებნე? - მეგონა, ასეც იქნებოდა.
- ო-ო-ო! შენ თუ იცი, რას ნიშნავს "ვარსკვლავეთის ომები"? - გამომცდელად შემომხედა.
დავიბენი. არ ვიცოდი. შემრცხვა.
- არა, არ ვიცი.
- აბა, დაფიქრდი!
ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ჩავფიქრდი. შთაგონებული სახეც მივიღე, ტვინიც ბევრი "ვიჭყლიტე", "თავიც გავანძრიე", როგორც ლიზა მამიდა შემომძახებს ხოლმე, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა.
- არ ვიცი, აზრზეც არა ვარ, - დავყარე ფარ-ხმალი.
- შენმა ისტორიის მასწავლებელმა თუ იცის? - ისე საზეიმოდ შემომხედა, თითქოს ჩემი ისტორიის მასწავლებელი, ეს-ესაა, უვიცობაში გამოიჭირაო.
- ვერ გეტყვი, - ავიჩეჩე მხრები.
არადა, ისტორიას დირექტორი მასწავლის. მაგას როგორ არ ეცოდინება! ჭკვიანი კაცია.
- არ ეცოდინება! - თითქოს მიმიხვდაო, დაბეჯითებით თქვა, - თუ გინდა, ხვალ სკოლაში რომ მიხვალ, შეეკითხე, აბა რას გეტყვის, - თავისი "აღმოჩენით" კმაყოფილმა ხელები მოისრისა.
- რას ნიშნავს? - უკვე ძალიან დავინტერესდი.
- მერე გეტყვი, ჯერ იმის პასუხი მომიტანე, - დირექტორის მისამართით თქვა გივიმ, - შენ კი აი, ეს წაიკითხე. ამას ვერსად ნახავ, აკრძალული ლიტერატურაა.
- ვისია? - ხელი გავიწვდინე საქაღალდეში ჩადებული ხელნაწერი თაბახებისკენ.
- ერთი კარგი პოეტის ლექსებია. მიხეილ ქვლივიძე გაგიგია?
- პირველად მესმის, - ვთქვი და ჩამოვართვი. მივხვდი, რაღაც განსაკუთრებულს მაძლევდა. როგორც განძი, ისე ეჭირა ხელში.
- ჩვენ დროში ამისთანა რამის თქმა გმირობის ტოლფასია, - მითხრა, - წაიკითხე, ისწავლე და შენთვის შეინახე, არავის უთხრა. მოვა დრო და გამოგადგება, - მხოლოდ ეს თქვა და ხელით მანიშნა, თავისუფალი ხარ და წასვლა შეგიძლიაო.
2 მარტი
გაკვეთილებზე გაოგნებული ვიჯექი. თავიდან არ ამომდიოდა წინა ღამით წაკითხული ლექსები და გონებაში, ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი: "ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა"... არც ბიძინა გამხსენებია და არც გეგა. სხვათა შორის, გვიან ღამით გეგამ დამირეკა. მომიკითხა. მე კი რატომღაც ცუდი განწყობით შევხვდი. ვთხოვე, სხვა დროს დაერეკა. იმ წუთში საუბრის სურვილი საერთოდ არ გამაჩნდა. მგონი, ეწყინა, ცივად დამემშვიდობა და გამითიშა. მაინცდამაინც გულთან ახლოს არ მიმიტანია. ჯერ ერთი, ამდენი ხანია, უყურადღებოდ დამტოვა, ბოდიშიც არ მომიხადა ამისთვის და მეორეც, ვგრძნობდი, იმ წუთებში რაღაც მიფორიაქებდა სულს. ეს "რაღაც" კი აკრძალული ლექსები იყო, რომელმაც სასწაულებრივად შემძრა და მთლიანად ჩამითრია. თუმცა, რატომ უნდა გამოეჩინა ყურადღება, რა - მეგობარი იყო ჩემი, ძმაკაცი თუ შეყვარებული? ნანახიც არ მყავს არასდროს. ტელეფონით გავიცანი და სულ რამდენჯერმე ველაპარაკე. რა პრეტენზიები მაქვს? ან ბოდიში რისთვის უნდა მოეხადა? დეგენერატი ვარ! ვიჩქარე. ასე არ უნდა მოვქცეოდი. ჩემი მოკლე ჭკუით, ვითომ დავსაჯე. აბა, გამალებით რომ ველოდებოდი მის ზარს? ლოდინით რომ დამღალა? მასე უნდა! მოუხდება! მაგრამ... რატომ ველოდებოდი? თანაც... მოუთმენლად?
8 მარტი
დღეს დასვენების დღეა. გუშინ ბიჭებმა ყოჩივარდები და პატარა სუნამოები გვაჩუქეს სათითაოდ ყველა "ქალს" კლასში. გაგვიხარდა. ვიცოდით, ასე რომ მოიქცეოდნენ. 23 თებერვალს ხომ ჩვენ გავუკეთეთ სიურპრიზი - ოქროსფერთავიანი ჩინური კალმისტრები ვაჩუქეთ და ბლოკნოტები. სარვამარტოდ "სამაგიერო გადაგვიხადეს". როგორ დახარჯულან! არა უშავს, რა ჩვენი ბრალია, თუ კლასში ბიჭები ჩვენზე ცოტანი არიან. ცამეტი მოსწავლიდან მხოლოდ ხუთია ბიჭი. პარალელურში პირიქითაა - თექვსმეტიდან შვიდი გოგონაა მხოლოდ, დანარჩენი - "ვაჟები" .
მთელი დღე არაფერი მიკეთებია - თუმცა, როგორ არაფერი! გაკვეთილები ვისწავლე, დავალებებიც დავწერე, ინგლისურშიც ვიმეცადინე, ცოტა ხნით პიანინოსაც მივუჯექი. მთლად დამავიწყდა დაკვრა. ისე ცივა დიდ ოთახში, შესვლა მეზარება, თანაც მეორე სართულზე - პიანინო "საპატიო" ოთახში დიდი ამბით დადგა ბებიამ. პირველ კლასში ვიყავი, ბაბუაჩემმა რომ მიყიდა ეს "ბეკერი", ამან მაინც ისწავლოს დაკვრაო. მამას და მამიდას არცერთს "დაკვრის ნიჭი არ აღმოაჩნდათ". მთელი საგვარეულო, მგონი ჩემზე ამყარებდა იმედებს. სამასი მანეთი დაუჯდა შალვა ბაბუას ეს პიანინო. ბებიაჩემმა კი ყველაზე დიდ ოთახში შეიტანა და გამოაცხადა - პიანინო ავეჯიაო, მერე კი იმავე წელს მუსიკალურ სკოლაში მიკრა თავი. როგორ არ მიყვარდა! სულ ვაცდენდი გაკვეთილებს. თვეში ერთხელ მივდიოდი ხოლმე. დირექტორი ჩემს დანახვაზე "ახალი მთვარე" მოსულაო, იტყოდა გაგულისებული და წარამარა იბარებდნენ სილვა ბებიას საყვედურების სათქმელად. "რატომ მარცხვენ, შვილო, რატომ მარცხვენ, - გაწვრილებული ხმით შემომტირებდა ხოლმე, - რა სიკვდილად მინდა ეს პიანინო, თუ არ დაუკრავ. თავს მოვიკლავ, თავს მოვიკლავ, იცოდე", - დააყოლებდა ბოლოს წიკვინით და დამუშტულ ხელებს უმწეოდ ცხვირწინ ამიქნევდა ხოლმე. "ახალი მთვარე" კი ერთ ყურში შეუშვებდა და მეორიდან გამოუშვებდა. სულ არ მედარდებოდა ბებიაჩემის ნერვიულობა. თუმცა, დაკვრა მაინც ვისწავლე და მუსიკალური სკოლაც და მისი დირექტორიც სამი წელია, წარსულს ჩაბარდა. შვიდი კლასის დამთავრების მოწმობა კი ქალბატონ სილვას დიდის ამბით აქვს შენახული კაი დიპლომივით, რა იცი, რაში გამოგადგებაო.
ჰოდა, იმას ვამბობდი, ცოტა ხანს დავუკარი კიდეც. ასე ვთქვათ, "წავუბარტყუნე". მერე, კიდევ უფრო დიდხანს პროსპერ მერიმეს ვკითხულობდი. ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე იმხელა წიგნი. სამი დღის წინ დავიწყე და ვეღარ მოვწყდი. ამ ხნის განმავლობაში მისი გმირების სამყაროში ვცხოვრობდი. დიდად ვისიამოვნე. დიდი მადლობა პროსპერ მერიმეს!
ახლა ვინ წავიკითხო? დამრჩა ვინმე? გივის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წიგნი არ დამრჩა წაუკითხავი. თანაც, რასაც მომცემს, გულისყურით უნდა წავიკითხო იმიტომ, რომ მერე "ანალიზს" მთხოვს. აბა, ეს როგორ იყო, რატომ იყო და რა დასკვნა გამოგაქვს აქედანო. უხარია, როცა მისთვის მოსაწონ პასუხს გავცემ. თავი გიმუშავებსო, მეტყვის ხოლმე. ერთხელ, მახსოვს, "სიკვდილი ვენეციაში" მომცა წასაკითხად. ვერაფრით დავუდე გული. უკან დავუბრუნე - მომკალი და ამას ნუღარ წამაკითხებ-მეთქი. არ დამანება. მაინც წამაკითხა. მისი წიგნები სულ წითელი ხაზებითაა აჭრელებული. მნიშვნელოვან ციტატებს აღნიშნავს ხოლმე და მეც მარიგებს, ესენი ყველაფერი წაიკითხეო. საჭირო აზრებია და ოდესმე გამოგადგებაო. უკვე სამი ბლოკნოტი გავავსე მაგდაგვარი ციტატებით. ზოგი ზეპირადაც ვისწავლე...
საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა. აი, გეგასთან კი მთელი ორი საათი ვილაპარაკე. რა კარგი მოსაუბრეა, თან ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს. ქვეყნის რაღაც მიამბო თავის თავზე. შვიდი წლით ყოფილა ჩემზე უფროსი. ეგ არ ვიცოდი. ექიმია. ქირურგი. ოღონდ მაგის გაკეთებული ოპერაციის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია. ხომ წარმოგიდგენიათ პატარა, პროვინციულ ქალაქში თუ რაიონში რა პერსპექტიულ სასიძოდ იქნება მიჩნეული? მთელი ქვეყანა იცნობს - ძაღლი და მამაძაღლი. ნეტავ, ნარკომანი ხომ არ არის? ამბობენ, ექიმი მამაკაცების უმეტესობა ნარკომანიაო. ისე, ისიც თქვეს, ძველ ბიჭებთან მეგობრობსო. ალბათ, მათ თუ ამარაგებს წამლით. თუმცა, ნარკომანი რომ ყოფილიყო, არ დაიმალებოდა. ამ რაიონივით პატარა ქალაქში როგორ გინდა, რამე დამალო. გამორიცხულია. საბჭოთა კავშირის ჰიმნივითა აქვს ყველას დაზეპირებული ერთმანეთის ცხოვრება.
- რა გაჩუქო სარვამარტოდ? - ეს გეგა მეკითხება.
- არაფერი, რა უნდა მაჩუქო, - თავმდაბლობას ვიჩენ.
- მინდა, ჩემგან რაღაც დაგრჩეს სამახსოვროდ.
- ყვავილები ხომ გამომიგზავნე ერთხელ.
- "ერთხელ" არ ითვლება. თანაც ეგ უკვე დიდი ხნის გადაყრილი გექნება.
კინაღამ ვუთხარი, გადაყრილი კი არა, დიდი მოწიწებით გავახმე და წიგნში მაქვს ჩადებული-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დროზე დავაჭირე. ამის თქმა როგორ შეიძლება! ეგ უკვე სხვა რამეს ნიშნავს. როგორც ჩემი კლასელი ბიჭები იტყვიან, "ტეხავს".
- ნატა, შენ საავადმყოფოსკენ არ გიწევს ხოლმე გამოვლა? - აგრძელებს საუბარს გეგა.
- თითქმის არა, ძალიან იშვიათად, - წამოწოლილი ვარ, თან ვესაუბრები, თან მეღიმება და საჩვენებელი თითით წარბებს "ვივარცხნი".
- რატომ მეკითხები? - ვითომ ვერ მივუხვდი.
- შევხვდებოდით ერთმანეთს.
- დიდად მოხიბლული არ დარჩები, აქედანვე გაფრთხილებ.
- რატომ, მე შენ ნანახი მყავხარ.
- სად, სცენაზე?
- თუნდაც.
- ჰმ, სცენაზე ხომ "დაგრიმული" და გაპრანჭული გამოვდივარ. იქ ყველა ლამაზი მოჩანს, - ჩავიცინე.
- არც მასეა საქმე. ცდები, - არ დამეთანხმა.
ისე, მეც მაინტერესებს, ნეტავ როგორი გარეგნობისაა? არასდროს მინახავს. ზოგი ამბობს, ძალიან სიმპათიურიაო, ზოგი კი აძაგებს - ეგეთი უსიმპათიო "არაფერი" მინახავსო. ამიტომ, გაგონილს ნანახი სჯობსო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. რა ვიცი, თუკი უშნოა და არ "შეიხედება", რას აკლავენ ქალები თავს?
- შენ რატომ არ მირეკავ ხოლმე? - ეს ისევ გეგას ხმაა.
- მე იქით უნდა დაგირეკო? - წამომცდა და უცებ ენაზე ვიკბინე. ასე ხომ საყვედური გამომივიდა! ღმერთო ჩემო, ასეთ პრეტენზიას ზოგი ქალი შეყვარებულს არ უყენებს. რამ გადამრია!
- რატომ, რა მოხდება? დაგიჭერენ? - სიცილი გაისმა ყურმილში.
- არა, უფრო დამაჯერებელი მიზეზიც არსებობს, - ნიშნისმოგებით ვუთხარი.
- მაგალითად?
- მაგალითად ის, რომ მე შეყვარებული მყავს და არ არის ლამაზი, სხვა მამაკაცებს ვურეკო, - გავეცი საკადრისი პასუხი.
- მერე? ვინ გიშლის, გყავდეს. შენ რა, აბა შენს მეგობარ ბიჭებს არ ურეკავ ხოლმე? თუ მე მთვლი ცოტა უფრო სხვა "კატეგორიებში"?
ენა ჩამივარდა. ვიგრძენი, როგორ ტალღასავით მომასკდა ალმური, მაგრამ მაინც არ დავიბენი.
- შენ ჩემი მეგობარი არა ხარ, - და შვებით ამოვისუნთქე, ასე უცებ რომ ვიპოვე გამოსავალი.
- აბა ვინა ვარ მე შენი? - ჩამეძია.
- არავინ, - ხმა ნელ-ნელა მეკარგებოდა.
- სულ არავინ? - დაჟინებით მიმეორებდა.
- არ ვიცი, - ახლა უკვე სიმართლე ვთქვი.
- ეგ სხვა საკითხია. ჯერ არც არის საჭირო, რომ იცოდე. მალე გაიგებ, - კვლავ გაიცინა და ისე დაკიდა ყურმილი, ერთი ნახვამდისო, არ უთქვამს.
ხედავთ, რა თავხედია? მე კი...
9 მარტი
დღევანდელი დღე ცოტა უსიამოვნოდ დაიწყო. დილით, მაინცდამაინც სკოლის ჭიშკართან შევეფეთეთ მე და ბიძინა ერთმანეთს. რაღას ვიზამდით. მივესალმე, მომესალმა, შეფარვით ჩავიღიმეთ და ერთად შევედით ეზოში. ძალაუნებურად სამასწავლებლოს ფანჯარას ავხედე. ზიზა მასწავლებლის ექიდნურ მზერას წავაწყდი. ყურებიც კი გამიწითლდა. გულმა რეჩხი მიყო. ვიცოდი, მასთან "ახსნა-განმარტებითი" საუბარი არ ამცდებოდა.
ასეც მოხდა. სანამ მესამე გაკვეთილი დაიწყებოდა, შესვენებაზე, თავის კაბინეტში მიმიხმო. შევედი. საკმაოდ გულადად ვიყავი. თავიდანვე დავქოქე ჩემი თავი, მედგრად დავხვედროდი შემოტეულ სიტყვას. თვალ-თითით მანიშნა, დაჯექიო. ჩქარა-ჩქარა სუნთქავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნერვიულობდა. კარგა ხანს უხმოდ მზვერავდა თვალებმოწკურული.
- სანამდე აპირებ ასე? - დაბალი ხმით დაიწყო.
- რა დავაშავე, ზიზა მასწავლებელო? - საწყალობლად დავიჩივლე.
- არ იცი?
უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი.
- კი მაგრამ, ჩვენ ხომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, უბრალოდ, ჩვენი სკოლაში მოსვლის დრო დაემთხვა ერთმანეთს, - მოვყევი თავის მართლებას.
- შენ სარკეში არ იხედები, შვილო? - უცებ ხმას აუწია.
შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე. ხომ ვიცოდი, რატომაც მეკითხებოდა.
- მერე? არ გეცოდება შენი თავი? ან ბებიაშენი? ვისთვის გზრდის, ვიღაც ვიგინდარას რომ ჩაუგდოს შენი თავი ხელში, იმისთვის? ვიღაც "სპეკულანტისთვის"? შენ მომავალი გაქვს და უნდა იფიქრო ამ მომავალზე. საკუთარი თავის ფასი არ იცი! შეიძლება ბრაზდები, ამას რომ გეუბნები, გგონია, ჯინი მჭირს შენი, მაგრამ ოდესმე მიხვდები, რომ ამას შენი სიყვარული მალაპარაკებს. მე შენ გამორჩეულად მიყვარხარ. ამიტომ - არის საქციელი, რომელსაც ვერ მოგიწონებ.
- ის კარგი ბიჭია, ზიზა მასწ, რატომ არ მოგწონთ? რითი ვარ უკეთესი? თქვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, - ვცადე ბიძინას დაცვა, - ვერ ხედავთ, რას ვგავარ?
- იცი, ნატა, მეც ვყოფილვარ შენხელა და მეც შენნაირი გამხდარი და შავტუხა ვიყავი. სკოლაში დამცინოდნენ, "ფიჩხას" მეძახდნენ. ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი, - თქვა და გულზე მიიდო ხელი.
ზიზა ულამაზესი ქალია. ვერ დავიჯერებ მსგავს რამეს. გამოდის, რომ წლების შემდეგ მეც გავლამაზდები? მეტი არაა ჩემი მტერი!
- შენ ჩემზე ბევრად ლამაზი იქნები, კალმით ნახატივით, აი ნახავ, - კვლავ მიმიხვდა ნაფიქრს, - ახლა წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. გავა წლები და მერე იტყვი, რა მართალი ყოფილა ზიზა მასწავლებელიო.
- მერე? თუ ჩემნაირი იყავით, ესე იგი, თქვენც გყვარებიათ ჩემს ასაკში...
- მყვარებია და საკუთარ თავზე რომ გამომიცდია, იმიტომ გეუბნები. მე ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა და სისულელე ჩავიდინე. არ მინდა, შენც შეცდომა მოგივიდეს. ამიტომ გეუბნები. შენ იმდენად კარგი გაიზრდები, ნებისმიერი მამაკაცი ქედს მოიხრის შენს წინაშე, დაიმახსოვრე! - ლოზუნგივით მესროლა.
სიყვარულით შევხედე და კაბინეტიდან გამოვედი. რა უნდა მითხრას ამ ქალმა ისეთი, რომ მაწყენინოს. უსაზღვროდ მიყვარს, ენით აუწერლად. თითქოს დედას ვხედავ მასში. დედას, რომლის დედობაც საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ სულ ვნატრობ - ნეტავ ზიზასნაირი დედა მყავდეს-მეთქი. ბიძინას თაობაზე გამუდმებით კამათი მოგვდის. ვერ ვთანხმდებით. აუჩემებია - არ არის შენი ტოლი, თავს როგორ უყადრებ ვიღაც ვაჭრუკანას შვილსო და რა ვიცი. მე კი ჯიუტად ჩემსაზე ვდგავარ - სიყვარულმა ვაჭარ-მაჭარი არ იცის-მეთქი... მაინც არ მეშვება.
გაგრძელება