"დედასთან საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი... მამის ღალატი ვერ ვაპატიე" - მშობლები

"დედასთან საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი... მამის ღალატი ვერ ვაპატიე"

2022-07-19 13:31:01+04:00

ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"ავტორი: სვეტა კვარაცხელიადასაწყისიეთო და ელო, ჩემი კლასელები, ერთად ქირაობდნენ ბინას სანზონაში, ზედ მეტროს თავზე, თექვსმეტსართულიან კორპუსში. როგორ მინდოდა მეც მათ შევერთებოდი, მათთან ერთად მეცხოვრა, მაგრამ ჯერ ერთი, ოროთახიან ბინაში იყვნენ და ვერ დავეტეოდით, მეორეც, მამაჩემს ვერ ვეტყოდი, ცალკე მინდა გადასვლა-მეთქი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მიხვდებოდა, ესმას გამო რომ გავრბოდი სახლიდან და გული დასწყდებოდა.არადა, დედაჩემისთვის ერთი სიტყვა რომ მეთქვა, უთქმელად მიქირავებდა ან მიგირავებდა ერთოთახიანს სადმე და ჩემთვის, თავისუფლად ვიქნებოდი. თუმცა ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. დედასთან საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი და რამდენჯერაც ეცადა მის აღდგენას, იმდენჯერ გავუცრუე იმედი. მისკენ გახედვაც არ მინდოდა. არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ჯერ არ მომწიფებულიყო ჩემს გულში პატიების გრძნობა, იგი ისევ და ისევ "აკრძალულ ხილად" რჩებოდა ჩემთვის. მამის ღალატი ვერ შევარჩინე. მამაზე მაბოდებდა, ისე მიყვარდა.ამ ფიქრებში გართულმა მანქანა დავძარი და გზას გავუდექი.ძლივს ვიპოვე ჩემი პატარ "ჰონდას" დასაყენებელი ადგილი, გაძეძგილი იყო იქაურობა. როგორც იქნა მერამდენეღაცა კორპუსთან გავაჩერე რომელიღაც დანგრეულ მაღაზიასთან და გადმოვხტი. გოგოები მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ამიტომ ფეხით ავედი, ლიფტის დალოდების ხასიათზე არ ვიყავი. ერთი სული მქონდა, ისინი მენახა და ჩემი გაჭირვება მომეყოლა, ბოლომდე დავცლილიყავი.კარი, როგორც ყოველთვის, ღია დამხვდა. შევედი, მაგრამ ბინაში სრული სიჩუმე იდგა, რაც უჩვეულო იყო. აქ ყოველთვის ხმაური იგრძნობოდა. ახლა კი თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო. ჰაერიც კი სულგანაბული მეჩვენა.- არის აქ ვინმე? - ხმამაღლა ვიკითხე და ჩანთა და გასაღები შემოსასვლელთან კამოდზე შემოვდე.- პრივეტ! - სამზარეულოდან ეთომ გამოყო თავი. ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორეში მწვანილის კონა, - დღეს არ მუშაობ? რა ქარმა გადმოგაგდო?- ქარმა კი არა, გრიგალმა! - უკმაყოფილო ტონით გამოვაცხადე და სკამზე მოწყვეტით დავენარცხე, თან ვეება ოხვრა ამოვაყოლე. - თქვენკენ რა არის ახალი?- არ მითხრა! ეგე, წევს თავის ოთახში და ტირის. დამსტრესა, რა.წარბები შევმართე.- რა იყო, რა დაემართა?- რა და, მთელი კვირაა ის ვაჟბატონი არ გამოჩენილა, გერა თუ ვიღაც ჯანდაბა! რამ შეაყვარა, არ ვიცი, რა. ურეკავს, კორპუსთან დარაჯობს. ის კი ცოცხალი თავით არ ეკარება. ესეც მოთქვამს და არის! - გაცხარებით ჭრიდა ეთო მწვანილს და ასევე გაცხარებით ლაპარაკობდა.- კი მაგრამ, წუხელ არ უნდა შეხვედროდა? - თავი ისე მოვიქექე, თითქოს ტილები მყავდა დასეული, - ხომ სწორად მახსოვს?- კი ბატონო, სწორად გახსოვს, მაგრამ არ მოვიდა ის კეთილაფეთქებული! რას უშვრება ამ გოგოს, გაგიჟდები რა! ამას კიდევ არაფრის გაგონება არ უნდა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, თუ გინდა კაცი გამოგეკიდოს, კი არ სდიო უკან, პირიქით, უნდა გაექცე-მეთქი. ესმის? არ ესმის. მე აი, საკმარისზე ჩქარა რომ არ გავრბოდი, იმიტომაც დამიჭირეს, - მშრალად დაამატა, - ცუდადაა ამის საქმე. არ ვიცი, რა ეშველება. რა ჭირად უნდა ან ის კაცი, ან მაგის ცოლობა? გათხოვება კარგი რომ ყოფილიყო, კახას დავშორდებოდი? არ იცის, წინ რა ელოდება!- შენი კახა ეჭვიანი იყო, ეთო, და იმიტომაც გაშორდი. რაც თავი მახსოვს, სულ გიბაგუნებდა. ეს ბიჭი მასეთი არ ჩანს.- არ ჩანს, ხო! შენ რა იცი? არც კახა ჩანდა "მა-სე-თი", - გამოკვეთილად წარმოთქვა, - მაგრამ თავისად რომ დამიგულა, მერე წამოუარა!- მდაააა, - საჭიროზე მეტი "ა" წარმოვთქვი, ეთოს უწვრილესად დაჭრილი მწვანილი ორი თითით ავიღე და პირისკენ გავაქანე, - რას აკეთებ?- უხორცო სუპს. მომკლა ამის ვეგეტარიანელობამ, მეც ლამის ბალახისმჭამელი გამხადოს, მაგრამ ახლა ისეთ ხასიათზეა, რამეზე როგორ ვეტყვი უარს. აჰა, ახლა მწვანილსაც ჩავამატებ და მერე გამისინჯე ერთი გემო, კარგი? მლაშე არ მომივიდეს, ვარაუდით ვყრი მარილს. ამ კორონას მერე არც ყნოსვა დამიბრუნდა და არც გემოს შეგრძნება. რა მითხარი იმ დღეს, რა ჰქვიაო მაგეებს?- რას, მაგეებს? - ცნობისმოყვარედ ავხედე.- ყნოსვისა და გემოს დაკარგვას.- ააა, ანოსმია და ჰიპოგევზია... არა უშავს, ეგ დროებითია, ცოტა ხანიც და დაგიბრუნდება.- რა ვიცი, სამი თვე კი გავიდა და...- დაგიბრუნდება, დაგიბრუნდება. შევალ ერთი, დავხედავ.- მიდი, შენი ჭირიმე, იქნებ შენ მაინც შეაგნებინო რამე.საძინებლის კარი დაუკაკუნებლად შევაღე. ელო ემბრიონის პოზაში მიწოლილიყო საწოლზე და კვნესოდა.- ეი, ინის პოზაში გაშხლართულო, იანის მოლოდინში ხარ? - გახუმრება ვცადე და საწოლზე ჩამოვუჯექი.იმწუთასვე გადმოტრიალდა ჩემკენ, ცრემლით დაწითლებული თვალებით საცოდავად ამომხედა და ტუჩები დაბრიცა.- აბა, აბა, ახლა ცრემლები არ დამანახვო! წინასწარ რას ტირი? ჯერ ხომ არ იცი, რა ხდება. იქნება და რაღაც უჭირს ადამიანს, ვერ იცლის, რამე პრობლემა აქვს. გულს უმიზეზოდ რატომ იხეთქავ?- იცი წუხელ რამდენ ხანს ველოდებოდი? მთელი საუკუნე! ვურეკე, კარზეც ვაკაკუნე. შენც არ მომიკვდე! ნული რეაქცია!- იქნებ არ იყო სახლში? - სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან მზრუნველად გადავუწიე.- შეიძლება არ იყო, არ ვიცი. ისე, შუქი არ ენთო, მაგრამ ზარზეც რომ არ მიპასუხა? ავუფეთქე მობილური, მესიჯებიც მივწერე. ვერა, პასუხი არ მაღირსა. ხომ შეუძლია მითხრას, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო და მეცოდინება მაინც. ასე მოქცევა რაღა უბედურებაა?- ცოტაც მოითმინე და ყველაფერი გაირკვევა.- ოჰ, კარგი რა, ნენე, რაღაა გასარკვევი, ყველაფერი ცხადზე ცხადია. ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? მისი დატირების პროცესში.- ანუ უკვე გამოიტირე?- აბა რა! რა ვქნა, შენი ჭირიმე, ვერავის ვერ გადავყვები თან. ვისაც არ ვუნდივარ, ჯანდაბამდე ჰქონია გზა.- მაშინ რაღას კვნესი? ვერ ხედავ, ეთო როგორ ნერვიულობს?- ეგ ისედაც ნევრასთენიკია. როცა არაფერია სანერვიულო, მაშინაც ნერვიულობს.- კაი რა.- ხო, იმაზე ნერვიულობს, რატომ არაფერია სანერვიულოოო.გამეცინა. ელოსაც გაეცინა. ჯერ ისე, ხმადაბლა ვიცინოდით, მერე ხარხარი აგვიტყდა და ვერ გავჩერდით. ორივეს აშკარა ნერვული შეტევა დაგვემართა. გაოცებულმა ეთომ ოთახში თავი შემოყო.- რა სიკვდილი გეტაკათ? - დაინტერესდა.- არაფერი ისეთი, ვნერვიულობთ, - სიცილისგან თვალაცრემლებულმა მივუგე.- ამას კაი, გასაგებია, რაც სჭირს, მაგრამ შენ რაღა დაგემართა?- მე-ეეე, ჰა, ჰა, ჰა, - სიცილს ვერ ვიკავებდი, - მე დამემართა, თუ დამემართააა, ხა,ხა, ხააა! - ვერ ამოვისუნთქე, - სამსახურიდან წამოვედი! - უცებ დავსერიოზულდი და გამოვაცხადე.გოგოები გაოგნებულები მომაჩერდნენ.- რა-აა? - საწოლიდან წამოწია ელო, - სულ წამოხვედი?- კი, სულ, - მტკიცე, მაგრამ სევდიანი ხმით წამოვიძახე და ხელისგულები მუხლისთავებზე დავიტყაპუნე.- რატომ, ქალო? - დასვა მორიგი შეკითხვა ელომ.- მერედა, შენი რეზი? - შეენაცვლა ეთო.- ეჰ, გოგოებო, დღეიდან აღარც სამსახურია და აღარც ჩემი რეზი. მორჩა, მსხვილი წერტილი დავსვი.- რას ამბობ, ნენე. ხომ კმაყოფილი იყავი? იჩხუბეთ რამეზე?- ნეტავ გვეჩხუბა, - ჩავიცინე, - არ გვიჩხუბია, მაგრამ ვიჭიდავეთ. - განვავრცე თემა.- როგორ, როგოოორ? - თვალები მოწკურა ეთომ და თავი ისე შეაბრუნა, თითქოს ყური მომიშვირაო.მეც ავდექი და შეულამაზებლად ჩამოვარაკრაკე, რააც თავს გადამხდა.- გადიიი! - ხელი მხარზე დამკრა ელომ, - არ არსებობს!- მართლა ეგრე იყო, მამას გეფიცები!- დედააა! რაც შენ მაგ კაცზე ოცნებობდი... - წამოსცდა ეთოს, - რას ვიფიქრებდი, თუ...- შენ წარმოიდგინე! პა-პა-პა-პა! - ტუჩები თევზივით ავაცმაცუნე და ასეთი ხმა გამოვეცი, - მეც არ ვიფიქრებდი, მაგრამ ასე მოხდა. ასე რომ, ჩემო ელო, მე უარეს დღეში ვარ, მაგრამ შენსავით კი არ ვიკლავ თავს გლოვით.- გოგო, ძლივს შეუმჩნევიხარ იმ კაცს და ხელი როგორ ჰკარი? - ვერ მოითმინა ელომ.- აბა რა მექნა? მტრისას, ეგ ამბავი მაგის ცოლის ყურამდე რომ მივიდეს! თავი მომეჭრება!- მაგის ცოლს რას დაეძებ? ცოლი რომ სდომებოდა, შენ კი არ მოგახტებოდა. რახან აერიათ ურთიერთობა, გაშორდება კიდევაც და მორჩა, ბურთი და მოედანი შენია.- არაა, ეგრე არ მინდა. რა ძალა მადგია? კაცი დაილია? სხვა გამოჩნდება. - ისე უდარდელად გამომივიდა, თითქოს სათადარიგო კაცი კარს მიღმა მელოდებოდა.- კაცი კი გამოჩნდება, მაგრამ სამსახური? - ეთო კედელთან ჩაცურდა და იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა, - მასეთ სამსახურს სად იშოვი?- რაღაცას ვნახავ. შევალ ამაღამ ინტერნეტში, მოვიძიებ ვაკანსიებს და სივის გავგზავნი. დავიჯერო, არავის მოეწონება ჩემი კანდიდატურა?- კი, რატომაც არა, - ეჭვშერეული ტონით დამეთანხმა ეთო, - მაგრამ ისევ თავიდან მოგიწევს კარიერის აწყობა. პირდაპირ ეგრე კარგ პოზიციაზე არავინ დაგსვამს.- დამსვამენ! - თავდაჯერებით მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, ამდენი ენა ვიცი, საოფისე საქმეებში ბადალი არ მყავს, გარეგნობითაც არ დავიწუნები, ასაკით - მით უმეტეს. რა პრობლემაა? - მოჩვენებითი მხიარულებით ამოვატრიალე ხელისგულები.- ღმერთმა გისმინოს... - ამოიოხრა ეთომ და ადგა, - გამოდით ახლა, ჩემი ნაცოდვილარი სუპი შევხვრიპოთ, თორემ კუჭი დამიპატარავდა შიმშილისგან.ელო, ბოლო რამდენიმე წუთს რომ ჩუმად იჯდა და ჩვენს საუბარს ისმენდა, სწრაფად წამოხტა, თვალებზე მუჭები ამოისვა და პირველი გავიდა საძინებლიდან.ცოტა არ იყოს, ჩემმა აღსარებამ შემამსუბუქა, შვება ვიგრძენი. აი, რატომაა კარგი მეგობრებთან დარდის დაცლა. მნიშვნელობა არა აქვს, გაგიგებენ თუ ვერ გაგიგებენ, მთავარია, რომ ყოველთვის გვერდით დაგიდგებიან და ან გაგამხნევებენ, ან გითანაგრძნობენ. ამწუთას კი მე ორივე მჭირდებოდა.რა ვიზამ, ხან ასე იქნება, ხან ისე. ისეთი დრო მოვიდა, საკუთარ მომავალს შენს გემოზე ვერ დაგეგმავ. მით უფრო ჩემი კატეგორიის ადამიანები, - ისინი, ვინც ცხოვრებისგან მეტს ითხოვენ, მაგრამ ნაკლებს იღებენ... განსაკუთრებით ოცდამეერთე საუკუნეში. ჩვენი ეპოქა ხომ დიდი დელიკატურობით არ გამოირჩევა.გოგოებთან ყოფნამ ცოტა შემამსუბუქა, მაგრამ როგორც კი შინ დავბრუნდი, სევდამ ისევ დამამძიმა. ასე მეგონა, 69-კილოგრამიანი ქვა მეკიდა ზურგზე. არა, - გულზე. მკერდქვეშ რაღაც ისე მიჭერდა, სუნთქვას გზას უღობავდა. ჰაერი ვერ მიმქონდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, ხომ არ ვიჩქარე-მეთქი. იქნებ ჯობდა სამსახური არ დამეკარგა? სადღა ვიშოვიდი ახლა უკეთესს? რა კარიერა დამეშალა... მეცხრე საფეხურიდან ჩამოვვარდი. არადა, მშვენიერი ტემპით მივიწევდი მაღლა, უმაღლესი მწვერვალისკენ, კარიერის მეცამეტე საფეხურისკენ.კარი რაც შეიძლებოდა უხმაუროდ გავაღე, ფეხზე გავიხადე და თითის წვერებზე შემდგარმა პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე. ჩემებს არ ეძინათ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ტელევიზორთან ისხდნენ და რაღაც კონცერტს უყურებდნენ.ოთახში შევიპარე, შუქი არ ამინთია. სიგიჟემდე მინდოდა წყლის გადავლება, მაგრამ ახლა ვერა. ესმას დანახვას მერჩივნა, დაუბანელს დამეძინა. გაუხდელად მივწექი საწოლზე და გონებით ფიქრებში გადავეშვი. სიბნელეში ფიქრი ერთი სიამოვნებაა. ფიქრი და სიბნელე უხდება ერთმანეთს, შეუდარებელი ტანდემია.რაღაც უნდა ვიღონო. უსამსახუროდ ვერ გავძლებ. უსამსახუროდ გამიძნელდება. ესმას ვერ გამოვუჯდები სახლში. ესმა და უმუშევრობა ცხრაჯერ უფრო სწრაფად მომიღებს ბოლოს.რაღაც უნდა ვიღონო... რაღაც...უცნაურია, რეზიმ რომ არ დამირეკა. ნეტავ რატომ? რა იფიქრა? სინდისმა ხომ არ შეაწუხა? თუ პირიქით, კმაყოფილებაც კი დაეუფლა, ასე რომ მომექცა? იქნებ ჰგონია, რომ მისი პირველი თავდასხმითი ნაბიჯი მომავალი გამარჯვების საწინდარია? იქნებ ამით ფორას მაძლევს, რომ შემდეგში უფრო მედგრად შემომიტიოს? ეს სიჩუმე კი, მისგან ასეთი ხმაურით რომ მოდის, იმისთვის არის გამიზნული, რომ ლოდინით გულგაწვრილებულმა სასოწარკვეთა ვიგრძნო და პირველი მე შევეხმიანო? ამის იმედი აქვს? ვერ მივართვი! განცხადების დასაწერადაც კი არ მივალ. კონტრაქტს რაც შეეხება, მისი დარღვევის არ მეშინია. რეზი ვერ გაბედავს ჩემთან კონტრაქტის ენით დალაპარაკებას.იმედია...ისე, რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? მე ხომ მიყვარდა იგი. ოცნებებში განა არ წარმოვიდგენდი, როგორ მეფერებოდა და მკოცნიდა? განა ამით არ ვცოცხლობდი? როცა საქმე რეალობაზე მიდგა, რამ შემაშინა?რამ და რეალობამ. ოცნება სხვა სამყაროა, რეალობა - სხვა. ეს იგივეა, ვირტუალურად ვიღაც შეგიყვარდეს, თვალით ნანახი არ გყავდეს, მერე შეხვდე და უეცრად იმედგაცრუება იგრძნო. ასე ხშირად ხდება. ასე ყოველთვის ხდება. მეც ასე დამემართა.სამსახურზე ფიქრმა თავი ამატკივა. უეცრად დეიდაჩემი გამახსენდა, ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში რომ მუშაობდა. პრინციპში, მაგ სააგენტოებით დიდ ვერაფერ სამსახურს იშოვის ადამიანი, მაგრამ იქნებ დროებით მაინც გამომიძებნოს რამე. ტუმბაზე შემოდებულ ჩანთას დავწვდი, მობილური მოვიმარჯვე და ნაცნობი ნომერი მოვძებნე.დეიდაჩემთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივად ვეწყობოდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან კონტაქტი გავწყვიტე, ერთი საყვედური არ უთქვამს. ის კი არა, გამამართლა კიდევაც, სწორად მოიქეციო.- ნუცი, გცალია? რაღაც მინდა გითხრა, - ეგრევე ვკითხე, როგორც კი მიპასუხა.- შენთვის ყოველთვის მცალია, ჩემო ბარტყო, რა იყო, რა მოწყენილი ხმა გაქვს? მოგუდულად რატომ ლაპარაკობ?- არ მინდა ჩემებმა გაიგონონ, ჩემს ოთახში ვარ შემოპარული. ხომ არ გაგაღვიძე?- არა, რა გამაღვიძე. ასეთ დროს რა დამაძინებს, ვმუშაობ. ხომ იცი, საკუთარი სააგენტო რომ გავხსენი?- რას ამბობ, მართლა? ვაა, გილოცავ, დეიდიკო, გამიხარდა. აქამდე რატომ არ მითხარი?- ჯერ ბოლომდე არ მომიგვარებია რაღაც საბუთები, თუმცა ფინიშისკენ გავდივარ. ერთი კვირა და დავლაგდები.- ანუ იქიდან წამოხვედი?- არა, ჩემს შემცვლელთან ვმუშაობ ჯერ. არ არის საქმეში ჩახედული, ცოტა გავარჯიშება უნდა და ვეხმარები. შენ ის მითხარი, რა გჭირს, რამ შეგაწუხა?- რამ და... - ამ დროს ესმას ხმა შემომესმა, მამაჩემს გასძახოდა, რა დროს ყავაა, ჩაის მოგიდუღებო. გამორიცხული არ იყო, ჩემს ოთახშიც შემოეხედა, ამიტომ გადაწყვეტილება მყისიერად მივიღე.- ნუცი, ტელეფონით არ მინდა გელაპარაკო. ამაღამ შენთან რომ ამოვიდე და დავრჩე, პრობლემა ხომ არ იქნება?- გაგიჟდი? რა პრობლემაა, მოდი, გოგო, მოდი და რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. გენრისაც გაუხარდება.გენრი ბიძაჩემია, ნუცის მეუღლე. საყვარელი და ბუნჩულა კაცი. უკვე ასაკოვანი, მთელი 19 წლითაა დეიდაჩემზე უფროსი, მაგრამ ისეთი მყარი ოჯახი აქვთ, მოყვარესაც რომ შეშურდება.- კარგი, გამოვდივარ.- გამოფრინდი, ბარტყო. ხომ იცი, ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა შენთვის.სახლიდან გაპარვა უკვე აღარ გამოვიდოდა. რომ დამინახა, ესმას თვალები გაუფართოვდა, როდის მოხვედიო და როცა ვუთხარი, ისევ მივდივარ-მეთქი, ლამის გადმოეკარკლა.- საით გაგიწევია ასე გვიან? - და ლოჯიისკენ გაიხედა, სადაც მამაჩემი ეგულებოდა.- დეიდაჩემთან. კორონა გადაუტანია და უნდა ვინახულო. - უმოწყალოდ ვიცრუე.- ოჰჰ! - შეიცხადა და ლოყაზე შემოირტყა ხელი, - რომ გადაგედოს და მერე ჩვენც გადმოგვდო?- უკვე მოიხადა-მეთქი, ესმააა! - ხაზგასმით განვუმარტე და გაღიზიანებულმა კარისკენ ავიღე გეზი.- გე... გე... - ენა დაება ქალს, ბოღმისგან ისე გაწითლდა, - გეთქვა მაინც მამაშენისთვის.ის დამემართა, რაც არ მჩვეოდა და მასთან მით უმეტეს, არასდროს გამომიმჟღავნებია - ავენთე. თვალები დავაბრიალე და რაც შემეძლო, თავშეკავებულად მივუგე:- პატარა გოგო არა ვარ, ვიცი, რასაც ვაკეთებ. სად და რა დროს მიდივარ. მამას შენ უთხარი, თუ ასე გინდა! - გაგულისებულმა კარი გავიჯახუნე და კიბეზე დავეშვი...ნახევარი საათის შემდეგ უკვე დეიდაჩემის პატარა კაბინეტში ვიჯექი. მოვუყევი, სამსახურიდან რომ წამოვედი.- მიზეზი შეგიძლია ამიხსნა? მაგისთანა სამსახურს უმიზეზოდ არ დატოვებდი.თავი გავაქნიე და სიგარეტის ბოლი ხელის გაქნევით გავფანტე. ნუცი უზომოდ ბევრს ეწეოდა, როგორც ყოველთვის:- არ შემიძლია, ნუცი.- იქნებ არ იჩქარო, დაფიქრდე და უკან დაბრუნდე?- უკვე ვიფიქრე და არ დავბრუნდები.- აბა, რა გიყო ახლა მე შენ? ერთადერთი, რაც შემიძლია, იქნებ რაღაც დროებითი გიშოვო, სანამ რამეს გავარტყამთ. ჩემთან ხომ იცი, ისეთი არაფერია.- ვიცი. ამ ეტაპზე ნებისმიერი რამ მაწყობს, მთლად დამლაგებლად ვერა, მაგრამ მომვლელად მაინც ვიმუშავებ, ოღონდ რამდენიმე თვით. მერე რაღაცას გამოვნახავ.მაგრამ რას? ამაზე ფიქრი მხრავდა. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას გავაკეთებდი მომავალში და ეს "რამდენიმე თვე" რამდენ თვემდე გაგრძელდებოდა.- ოხ, შენ რა გითხარი. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში სამსახურის დაკარგვა იქნებოდა? კომპანიები პანტაპუნტით ყრიან თანამშრომლებს სამსახურიდან, კოვიდმა ბიზნესი დაგვიზარალა და ზედმეტი ხალხი არ გვჭირდებაო. შენ კიდევ როგორი აწყობილი გქონდა საქმე და...- რაც იყო, იყო. ახლა წინ უნდა გავიხედო. ადრე იქნება თუ გვიან, ვიშოვი სხვა სამსახურს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მსუბუქი საქმე მაწყობს. ჩემი სპეციალობით თანამდებობაზე უცებ არავინ დამსვამს. მერე ვნახოთ. ოდესმე ხომ ვიქნები მზად ამისთვის.- ოდესმე! - დანანებით წამოისროლა ნუციმ.გამეღიმა.- სიმართლე გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა იმით დავკავდე, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იქნებ პროფესია გამომეცვალა?- იხუმრე, იხუმრე, სხვა რა დაგრჩენია, - სათვალე მოიხსნა დეიდაჩემმა, ნახევრად მოწეული სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და მონიტორს თვალი მოაცილა, - დამიჯერე, შენ ყველაფერს გაართმევ თავს, რასაც ხელს მოჰკიდებ. ვიცი, როგორი ყოჩაღი მყავხარ. გახსოვს, სტუდენტობის პერიოდში ბარში მიმტანად რომ მუშაობდი? გიჟს ჰგავდა დედაშენი, - გაიცინა და თავისი ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა, - სხვათა შორის, მაშინ რომ მოგესურვებინა, იქ კარგ თანამდებობასაც გამოჰკრავდი ხელს.- იქნებ მიმტანობა სჯობდეს, ვინ იცის, - მეც გავიცინე, - ახლა კი შევალ, წყალს გადავივლებ, კარგი? სახლში ვერ მოვახერხე. მაგ ესმას შემყურე ოთახიდან გამოსვლა არ მინდა.- რა იყო, დედინაცვალი ნერვებს გიშლის? - ალმაცერად გამომხედა დეიდამ.- ისე რა. ბევრი ლაქლაქი უყვარს. ისე იქცევა, ვითომ გიჟდება ჩემზე. არ იცი, როგორ ცდილობს ჩემთან დადაქალებას, - თავშეუკავებელი ხარხარი ამიტყდა და უცებ ავიფარე პირზე ხელი, - გენრი ძიას ხომ არ გავაღვიძებ?- არაა, ბომბი რომ აუფეთქო ახლა ყურებთან, მაინც ვერ გაიგებს. დამიბერდა ჩემი ბუთქუნა, შეღამდება თუ არა, ეგრევე ლოგინში დურთავს ხოლმე თავს. არ გშია?- არაა. წეღან ეთოსთან ვიყავი და სუპით გავსკდი.- მომისმინე, ცალკე გადასვლას რომ აპირებდი, გადაიფიქრე? - გაახსენდა უცებ ნუცის.- მაგას რა დამავიწყებს, მაგრამ ჩემი გადასვლა ესმასთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ლამის მოსამსახურედ გამიხადა. სადილი ჩემი გასაკეთებელია, სახლი - ჩემი დასალაგებელი. სულ ცუდადაა, სულ თავი სტკივა, სულ წნევა აქვს. ნუ, მოკლედ... როგორც კი ამაზე სახლში საუბარს წამოვიწყებ, მაშინ გაახსენდებათ ყველა ოჯახური პრობლემა.- ეგ პრობლემები არ დაილევა. გახსოვს, კიბიდან რომ დაგორდა და კინაღამ ფეხი მოიტეხა? მაშინაც გადასვლას აპირებდი. აფერისტი ქალია, სპეციალურად დაგორდა მაშინ კიბიდან, თორემ არც არაფერი სჭირდა, გასივებითაც კი არ გასივებია ფეხი.- რა უცებ უღებ ალღოს ადამიანებს, ნუცი.- ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ესმას მანამ ვიცნობდი, სანამ შენი დედინაცვალი გახდებოდა.- ჰო, გამახსენდა, ნათქვამი გაქვს.- მიდი მაშინ, იბანავე და დაწექი. შენი ლოგინი ისევ ისე ხელუხლებელია. თეთრეული არც გამომიცვლია, პიჟამაც იქვე დევს, ტუმბას უჯრაში.დეიდას ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და სააბაზანოს მივაშურე...მეორე დილით სამივემ ერთად ვისაუზმეთ. გენრი ძიას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, მისაყვედურა, წუხელ რატომ არ გამაღვიძე, უფრო მეტ დროს გავატარებდი შენთანო.- ისე "ტკბილად" ხვრინავდი, ხელი არ შეგიშალეთ, - გაუცინა ცოლმა.- მებომ რაო, როგორ ვარო? რეკავს ხშირად? - ახლაღა გამახსენდა ჩემი კბილა დეიდაშვილი, რომელიც ბათუმში მუშაობს.- ძაან დაკავებულია, მაგრამ დარეკვას ახერხებს.- ცუდი ბიჭი, მე კი არ დამირეკავს, თუ იქით არ შევეხმიანე.- რას იზამ, თავზე აყრია საქმეები. იმხელა ქსელს ემსახურება... ახლა კიდევ ორი სასტუმრო ჩააბარეს და ჭკუაზე არ არის.- დავურეკავ ერთი, მოვიკითხავ, - ბოლო ლუკმა გადავყლაპე და წამოვხტი, - მეჩქარება, უნდა გავიქცე. გენრი ძია, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.- მეც, ჩემო გოგო, მეც. ხომ იცი, ჩემს მებოსავით მიყვარხარ.- ვიცი და ამიტომაც მეც მაგრად მიყვარხართ სამივენი, - ორივეს ვაკოცე და წასასასვლელად გავემზადე.ნუციმ კარამდე მიმაცილა.- უკეთ ხარ? წუხელ ცოტა არეული მეჩვენე.- კი, შედარებით უკეთ, - იდუმალი ღიმილი ვესროლე.- არა უშავს. ოცდაოთხ საათში ისე დაგავიწყდება ყველაფერი, როგორც ცუდი სიზმარი. - დამარწმუნა დეიდამ.ეჰ, როგორ მინდოდა დეიდაჩემი მართალი გამომდგარიყო, მაგრამ სულაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გუშინდელი სტრესი ასე უცებ და ადვილად გამივლიდა.ის იყო კარი შევაღე, რომ ესმა აფოფრილი შემომეგება.- ამიხსენი, ნენე, რა ხდება? - მისი გულის გამაწვრილებელი ხმა ჰაერში გაიბნა, - ორჯერ დარეკა შენმა უფროსმა, რეზია თუ ვიღაცა. შენთან დალაპარაკება უნდოდა. მიმტკიცებდა, მობილურზე ბევრჯერ ვცადე დარეკვა, მაგრამ გამორთული აქვსო. რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? მართლა დეიდაშენთან იყავი? - მისი ეჭვიანი მზერა გარს შემომეხვია.- აბა, სად ვიქნებოდი, ესმა, რა უცნარ რამეს მეკითხები? თუ არ გჯერა, დაურეკე და გეტყვის. მობილური გამოვრთე წუხელ, რადგან მშვიდად დაძინება მინდოდა. დილით კიდევ ჩართვა დამავიწყდა.მართლა ასე იყო. ჩართვა დამავიწყდა. თანაც, რადგან მანამ არ დამირეკა, რეზის ზარს უკვე აღარ ველოდებოდი.- ჰოდა, შენ თვითონ გადაურეკე. ნეტავ რაში დასჭირდი, ამ დილაუთენია რომ ვერ ითმენს?- წარმოდგენა არა მაქვს, - თავი მოვიკატუნე, - სადილის მომზადება ხომ არ დაგიწყია? - ვკითხე, რათა სხვა რამეზე გადამეტანა საუბარი და ფეხსაცმლის გახდა დავიწყე.- არა, ნენე, არა, დილიდან საშინლად მტკივა თავი. სადილის გაკეთება შენზეა დღეს, რა ვქნა. მე სულ არ შევჭამ არაფერს, მაგრამ მამაშენს რა ვუყო? საღამოს ისეთი დაღლილი მოვა, რომ არაფერი დავახვედრო, მისაყვედურებს."დავახვედრო"... მე უნდა მოვამზადო და ამან დაახვედროს! ჰმ! აწყობილი აქვს ცხოვრება!ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოს მივაშურე სადილის მოსამზადებლად.თორმეტი საათი იქნებოდა, საქმეს რომ მოვრჩი. მერეღა გამახსენდა, ტელეფონის ჩართვა რომ გადამავიწყდა და ჩავრთე. ექვსი გამოტოვებული ზარი დამხვდა რეზისგან. გულმა დაგადუგი ატეხა. წარსული ჩემს აწმყოში გაუფრთხილებლად ლამობდა შემოჭრას.როგორც ჩანს, მესიჯი მიუვიდა ჩემი მობილურის ჩართვის შესახებ, რადგან ეკრანი წამსვე განათდა და მის სახელზე დაყენებული მელოდია ამჯერად უსიამოვნოდ ამღერდა. როგორ მიყვარდა ეს სიმღერა. სპეციალურად დავაყენე რეზის ნომერზე, რომ მის ყოველ ზარზე გული გამთბობოდა. ახლა კი საშინელი სიცივე ვიგრძენი.არ ვუპასუხე. არ მქონდა მასთან საუბრის თავი. წყენას და ტკივილს ერთნაირი დოზით ვგრძნობდი. ის რეკავდა და რეკავდა. მე კი არა და არ ვპასუხობდი. რა მელოდება წინ? მაღელვებს კი კარიერული აღმასვლა? მჭირდება ეს რამეში? სრული დაბნეულობა დამეუფლა.ისევ და ისევ მისი კოცნა მახსენდებოდა. ძალიან მწირი გამოცდილება მქონდა მსგავს რამეებში, მაგრამ ის კი მესმოდა, რომ რეზის კოცნა სულაც არ ჰგავდა მეგობრულს.ამ დროს მესიჯის სიგნალმა დაიწკაპუნა. ის იყო. მწერდა: "რატომ მარიდებ თავს? რა გაწყენინე? მეგონა, შენც გიყვარდი. კი არ მეგონა, ვიცი, რომ ასეა. მოდი, შემხვდი. ვილაპარაკოთ. ვცადოთ ერთად ყოფნა, კარგი?"მისმა სმს-მა გულის სწორედ იმ ნაწილში მომიჭირა, რომელიც ყველაზე ემოციური იყო. მივწერო პასუხი? არ მივწერო? გადაწყვეტილება სინათლის სიჩქარით მივიღე და ტექსტი უსწრაფესად, თან უშეცდომოდ ავკრიფე: "დიდი მადლობა, მაგრამ მაგ ექსპერიმენტში მონაწილეობას არ ვაპირებ! ნუღარ შემეხმიანები. მე წამოვედი სამსახურიდან!" - და როგორც კი გაგზავნის ღილაკს თითი დავაჭირე, ტელეფონი ისევ გავთიშე. კიდევ რომ მოეწერა რამე და მეც მეპასუხა, ეს უკვე დათმობის ნიშანი იქნებოდა და არ მომეშვებოდა. მეც, რომ ვაღიარო, საკუთარი თავის იმედი არ მქონდა.არადა, რას ვემალები? რატომ არ მივახლი პირში, რისი ღირსიცაა? ასე როგორ მომექცა? როგორ გამიბედა? ან როდის მიხვდა, რომ მიყვარდა? ფორიაქმა შემიპყრო. უეცრად ზიზღი ვიგრძენი იმ ყველაფრის გამო, რაც უთქმელი დამრჩა. მშიშარა! მშიშარა ვარ და მეტი არაფერი! მხდალი, უსუსური!არა, არა, ასე არ შეიძლება. როგორმე კისერი უნდა მოვუგრიხო ჩემს უსიამოვნო წარსულს!შევეცადე გასული დღის მოვლენები გონებაში ისევ აღმედგინა, ამჯერად უფრო დეტალურად. მას მერე, რაც ჩემი კაბინეტიდან გამოვვარდი, ლიფტთან მივირბინე, იქ კი... გამახსენდა, ვიღაც ბიჭი რომ გამომელაპარაკა და უკმეხად მოვიშორე. ნეტავ რას ვერჩოდი? საწყალი... არაფრის გამო ვეუხეშე. არადა, რა სიმპათიური იყო... კარგად კი დამამახსოვრდა, ისე. მაღალი, თვალებლამაზი... ოღონდ რაღაც უცნაური ფერის თვალები ჰქონდა. ცისფერი? არა, არც ნაცრისფერი... მოკლედ, რაღაცნაირი. ისე, მგონი, მართლა გულით სურდა ჩემი დახმარება, მე კი ერთობ არათავაზიანად მოვექეცი.არა უშავს, როგორმე გადაიტანს. მე შენ გეტყვი, ყოველდღე შემხვდება სადმე ლიფტში.ამწუთას ის უფრო მადარდებდა, ჩემებისთვის როგორ მეთქვა, რომ სამსახურიდან წამოვედი. მამა, ალბათ, ინერვიულებდა, რაც ახლა სულ არ მაწყობდა. კიდევ კარგი, შაბათი იყო და წესით, შემეძლო "დასვენება", თუმცა "ბედნიერ დროს", ანუ გუშინდლამდე მე შაბათობითაც სამსახურში გავრბოდი.უცებ ესმას ხმა გავიგონე, მეძახდა. მაშინვე გამოვედი საძინებლიდან.- კარგი სუნები კი დაგიყენებია, ნენე, - დედინაცვლური ღიმილი მომაფრქვია, - დღეს არ მუშაობ? მეგონა, უკვე წახვედი.სწორედ ამ დროს სახლის ტელეფონის ზარი გაისმა და ესმაც მაშინვე ყურმილს ეცა.- ალო? გისმენთ, გისმენთ! ვინ? რეზი? ააა! როგორ, არ დაგირეკათ? მე გადავეცი, თქვენ რომ დაურეკეთ! - ენად გაიკრიფა ჩემი დედინაცვალი და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, სანამ ჩემს ყოფილ ბოსს ესაუბრებოდა.სასოწარკვეთილმა თავი გავაქნიე და ესმას თვალებითა და ხელების ქნევით "არ ვარ სახლში" ვთხოვე იმ იმედით, რომ არ გამცემდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მისი ხმაც გაისმა:- სამწუხაროდ, ნენე ახლა შინ არ არის. თუ რამეს დამიბარებთ, აუცილებლად გადავცემ.რეზიმ აშკარად არ მოისურვა ჩემს დედინაცვალთან საუბრის გაგრძელება, რადგან ესმამ ყურმილი დაკიდა და "ამიხსენი ერთი, რა ხდება" მზერით შემომაშტერდა.- მოკლედ... საქმე ისაა, რომ... სამსახურიდან წამოვედი, - უხერხულად ამოვთქვი და ყურის ბიბილო მოვისრისე.- სუულ? - თვალები დააჭყიტა ესმამ.- სულ, - დავუდასტურე.- მერე რას გირეკავს? არ იცის, თუ?- კი, იცის, მაგრამ უნდა, რომ უკან დამაბრუნოს.ქალი მაშინვე დაფაცურდა, გვერდით ამომიდგა და შეეცადა ბოლო წვრილმანამდე გაეგო ჩემი კომპანიიდან წამოსვლის მიზეზები, მაგრამ მაგის ჩიტი ვიყავი, ეგ მეჭამა? პატარა უსიამოვნების გამო-მეთქი, მოჭრილად მივუგე და დავდუმდი.უეცრად ესმას თვალები გაუნათდა, თითქოს იდეალური აზრი მოუვიდა თავშიო და მლიქვნელურად გამიღიმა.- ძაან კარგი გიქნია, ნენე. გადასარევია! ჩვენთან იქნები და სანერვიულოც არაფერი გექნება."კი, როგორ არა! შენთან ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მოსამსახურედ მაქციო. დარეცხე, დაალაგე, საჭმელი გააკეთე, მიდი, მოდი..."- თქვენთან ისედაც ვარ და ასედაც, მაგრამ შინაბერასავით შინ ჩაჯდომას არ ვაპირებ. უკვე ვეძებ ახალ სამსახურს. იმედია, რაღაც გამომიჩნდება. ნუცისთანაც მაგიტომ წავედი წუხელ.უცებ შეეცვალა სახე, ეს ამბავი დიდად არ ეჭაშნიკა.- რატომ ჩქარობ, გოგო, ცეცხლი გიკიდია? დაისვენე ცოტა, გაიარ-გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე. მეც წამეხმარები ცოტას. ვერ ხედავ, რა ცუდად ვარ? ძლივს დავდივარ, ისეთი თავის ტკივილები მაწუხებს ბოლო დროს. ფეხებიც საშინლად მისივდება. მეშინია, ვაითუ დიდი დრო არ მაქვს დარჩენილი.- შენ რა მოგკლავს, ესმა, - სიცილი ვერ შევიკავე, - ბარე ცხრა ჩემნაირს მოინელებ. რა დროს შენი სიკვდილია, ძლივს... - და ენას კბილი დავაჭირე, თორემ უნდა მეთქვა, ძლივს გათხოვება გეღირსა-მეთქი.მაინც მიხვდა და აიმრიზა, თუმცა არ შემომპასუხებია. სწორედ მისი ეს თვისება გვშველოდა ორივეს, კამათით ერთმანეთი არ დაგვეხოცა.- რაც შეეხება საშინაო საქმეებს, დაგეხმარები, არაა პრობლემა. - დავამშვიდე, - მაგრამ იცი რა ვიფიქრე? რახან შენ არ შეგიძლია, იქნებ ვინმე აგეყვანა? ყოველდღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს რომ იაროს, სახლი დაალაგოს, სარეცხი, საჭმელი, რა ვიცი... - სრული გულწრფელობით შევთავაზე.- ღმერთო ჩემო, საღ-სალამათი გოგო ჰყავხარ მამაშენს, ჯან-ღონით სავსე და მოსამსახურეში ვყაროთ ფულები? რას მოიგონებ ხოლმე! ბარემ თქვი, მე არაფრის გამკეთებელი ვარო და გვეცოდინება.ისევ გამეცინა. აღარ ავყევი. ამჯერად მე დავთმე, თორემ აუცილებლად ჩხუბში გადაგვივიდოდა. ეს კი მამაჩემს ააღელვებდა, რასაც ყოველთვის ვერიდებოდი.- არ უთხრა მამას ჩემი ამბავი, კარგი? - ბანზე ავუგდე სიტყვა.- ვითომ რატომ? რა, ვერ გაიგებს, თუ?- მერე თვითონ ვეტყვი, ცოტა მოგვიანებით. არ მინდა ინერვიულოს.- კაი, ბატონო, - თავის გვერდზე გადახრით და ცალი მხრის აჩეჩით მომიგო ესმამ, მაგრამ ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა, გიორგის ამ ამბავს "ახარებდა".ისევ ოთახში შევბრუნდი, მობილური მოვიმარჯვე და კადრებში დავრეკე განცხადების თაობაზე. ეიჩარს ვუთხარი, სხვაგან გადავდივარ სამუშაოდ და განცხადება ელფოსტით რომ გადმოგიგზავნოთ, პრობლემა ხომ არ იქნება-მეთქი. როცა დადებითი პასუხი მივიღე, ავდექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე. წამში გავაშანშალე განცხადება, ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეთ-მეთქი და გადავაგზავნე.ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ფოსტაზე თალაკვაძის წერილი მომივიდა. რეზი მწერდა: "მაპატიე, ნენე, უაზროდ მოვიქეცი. პირობას გაძლევ, მსგავსი არასდროს განმეორდება, ოღონდ კი დაბრუნდი. არ ვიცი, რამ მომიარა, ვხვდები, დიდი შეცდომა დავუშვი. როგორც ჩანს, რაღაცები მომელანდა და ვიჩქარე. შენ მაინც ნუ იჩქარებ. ხომ იცი, ჩემი კომპანიის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის".ძლივს ვიკავებდი ცრემლებს, სანამ წერილს ვკითხულობდი. ვგრძნობდი, რომ ახლა უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დაბრუნება არ შემეძლო და ეს უარეს ტკივილს მაყენებდა.პასუხი არ მიმიწერია, რაც უკვე საბოლოო უარს ნიშნავდა. ეს ნაბიჯი მოვუწონე ჩემს თავს, თუმცა რის ფასად დამიჯდა ამის გაკეთება, ნუ მკითხავთ.

გაგრძელება