"დეკრეტში გასული თანამშრომლის ადგილი დავიკავე, ორსულობამ ძალა გამოაცალა და ჯობია, დავითხოვოთო" - მშობლები

"დეკრეტში გასული თანამშრომლის ადგილი დავიკავე, ორსულობამ ძალა გამოაცალა და ჯობია, დავითხოვოთო"

2022-07-24 06:18:59+04:00


ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი

ერთი კვირა გავიდა, მე კი მაინც ვყოყმანობდი. საშკა არ მომწონდა, მაგრამ აუცილებელი იყო, მომწონებოდა? ჩემი წინა ბოსი საერთოდაც მიყვარდა, მაგრამ სწორედ ამ სიყვარულის გამო დავკარგე სამსახური.
სამაგიეროდ, ერთ რამეში ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული - თუკი მაჭავარიანთან დავიწყებდი მუშაობას, მსგავსი არაფერი მემუქრებოდა. ის არასდროს შემიყვარდებოდა.
დღეს დილით ქალბატონმა ელისომ დარეკა და მითხრა, ხუთშაბათს გამოვალ სამუშაოდო. გამიხარდა. ესე იგი, უკვე შემეძლო ოთხაშაბათს სახლში დავბრუნებულიყავი. ახალი სამსახურის პერსპექტივამ, ცოტა არ იყოს, მომაბეზრა ჩემი ახლანდელი სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ოთარზე ჭკუა მეკეტებოდა. ბოლოს და ბოლოს, სანამ უნდა ვყოფილიყავი ვიღაცის მომვლელი? დრო იყო, კარგი პერსპექტივების მქონე სამსახური დამეწყო.
მაჭავარიანმა დასაფიქრებლად დრო მომცა, რაც ტყუილუბრალოდ არ გამიფლანგავს. მან მითხრა, სამსახური დროებითია და მხოლოდ დაეხმარები ქეთის საქმეებშიო. რაც მთავარია, არც ფუჭი იმედები მოუცია და არც არაფერს დამპირებია. პატიოსნად მითხრა, რაც მელოდა. როცა ქეთი დეკრეტში გავიდოდა, მის ადგილს მე დავიკავებდი, თუმცა ესეც დროებითი იქნებოდა. ჰოდა, საკმარისი იყო, ელისოს დაერეკა, რომ მივხვდი, ეს სამსახური უცილებლად მჭირდებოდა. მჭირდებოდა ისევე, როგორც წყალი, როგორც ჰაერი. ეშმაკსაც წაუღია რეზი და მისი "რას იფიქრებს". მე ჩემი მომავალი უნდა ამეწყო. თუმცა ერთი კითხვა მაინც არ მასვენებდა. რატომ საკუთარი კადრებიდან არ შეარჩია საშკამ ვინმე ქეთის შემცვლელად? ხომ თქვა, ადგილობრივი კადრების გადამზადებას ვახდენთ ძირითადადო? შესაძლებელია იმიტომ, რომ გამოცდილი კადრი სჭირდებოდა, მუშაობის მრავალწლიანი სტაჟით და ამ დროს მე შევრჩი ხელში, თორემ მე რომ არ გავეცანი და ბატონ ოთარს სრულიად უნებურად არ "ეპროტექტორა", ალბათ სხვა გზას გამონახავდა.
ეჰ, მე კი მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ მაღიზიანებდა ის, რომ საშკა თავის დაპირებას არ ასრულებდა - "იმ კვირის დასაწყისში დაგირეკავთ, ორშაბათს ან სამშაბათს"-ო, ასე მითხრა ბოლო წუთებში. დღეს თუ არ დარეკა, ხვალ უკვე სახლში ვიქნები და მერე გინდ დაურეკავს და გინდ არა.
სადილის მერე ბატონი ოთარი, სანამ ძილს გამოაცხობდა, ჯერ თავის ქალიშვილს ესაუბრა სკაიპით, მერე კი ღიღინით ავტოფარეხში გავიდა მანქანის მისახედად. მე სამზარეულოში დავრჩი, რათა იქაურობა მიმელაგებინა. სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა და მეც ვეცი, იქნებ საშკა იყოს-მეთქი.
- ალო? - მოუთმენლად ჩავძახე ყურმილში.
- საშკა ვარ, მაჭავარიანი, - გაისმა ნაცნობი ხმა და ვიგრძენი, სრულიად უმიზეზოდ რომ გამიხურდა სახე, - რა ქენით, იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე?
- გადავწყვიტე, შევხვდე ქეთის, დანარჩენი მერე ვნახოთ, - ცოტა არ იყოს, ოფიციალური ტონით ვუპასუხე.
- ელისომ დარეკა? გამოდის თუ ისევ აჭიანურებს?
- ხუთშაბათს გამოვალო.
თითქოს პინგ-პონგს ვთამაშობდით, სწრაფი ჩაწოდებებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს.
- ქეთი პარასკევს შეგხვდებათ, დილის თორმეტის ნახევარზე. ნახვამდის, - მომაყარა საშკამ და ყურმილი დაკიდა.
რაღაცნაირად გაწბილებულად ვიგრძენი თავი. ისე მომეპყრა, როგორც რიგით თანამშრომელს. ვერ მივხვდი, ეს საქმიანი დიალოგი იყო თუ აგდებული საუბარი, მოვალეობის მოხდის მიზნით? თუმცა არც მე მისაუბრია დიდი რევერანსებით, საკმაოდ მშრალად ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ასე რომ, ბარიბარში ვიყავით.
არა უშავს, გადავხედავ სიტუაციას და ადგილზე გამოჩნდება, მიღირს თუ არა მასთან მუშაობის დაწყება. ბოლოს და ბოლოს, უარის თქმაზე ადვილი რაღაა?

ქალბატონი ელისო, დაპირებისამებრ, ხუთშაბათ დილით მოვიდა. ის-ის იყო ვისაუზმეთ და სადილის მომზადება დავიწყე. ბატონ ოთარს თან გაუხარდა მისი დაბრუნება, თან გული დასწყდა, მე მეტად რომ ვეღარ მიხილავდა. რა თქმა უნდა, თბილად გამოვემშვიდობე ორივეს, მადლობა გადავუხადე პატივისცემისთვის და წამოვედი.
რაც უფრო ვშორდებოდი ბატონი ოთარის სახლს, მით უფრო მწყდებოდა გული, რადგან მის გვერდით მართლაც საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს, ოჯახის წევრივით ვცხოვრობდი და ერთგვარ რელაქსაციას ვიღებდი.
სამაგიეროდ, შინ მოსულს წამიხდა ხასიათი. დროზე უნდა მიმეხედა ჩემი თავისთვის, როგორმე უნდა მექირავებინა ბინა, თორემ აქ დიდხანს ვეღარ გავძლებდი.
- მადლობა ღმერთს, რომ შენი ნახვის ღირსი გაგვხადა! - ისეთი ტონით მომესალმა ესმა, მივხვდი, რომ მოსამსახურის დაბრუნებამ ძალიან გაახარა.
- როგორ ხართ? - ცალყბად გავუღიმე და მიმოვიხედე.
მართალი აღმოვჩნდი, ბინას დალაგებულის არაფერი ეტყობოდა.
- რას ინებებ სადილად? - მკითხა დედინაცვალმა და უკვე გასაგები იყო, სადილი ყველა შემთხვევაში მე უნდა მომემზადებინა...
აგინა და ლანძღა მოსამსახურე, რომელმაც თურმე თავი ვერ გაართვა მის კაპრიზებს და დაითხოვა.

მეორე დილით ადრე ავდექი. ლურჯი პიჯაკი ჩავიცვი, მოკლე თეთრი ქვედაბოლო, რომელიც მუხლს ნახევრამდე მიფარავდა. მინდოდა რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და მიხაროდა, ძალიან ლამაზი ფეხები რომ მქონდა, - გრძელი, ჩამოსხმული, გლუვი, ხავერდივით კანით.
სანამ გზაში ვიყავი, გული გაორმაგებული სიხშირით მიცემდა. მინდოდა მიმეღო ეს სამუშაო და ვიმედოვნებდი, რომ გამიმართლებდა. ჩემთვის ხომ ესოდენ ნაცნობი იყო ის მოვალეობა, რაც უნდა შემესრულებინა. ჩემი საქმე ხუთიანზე ვიცოდი და რაც მთავარია, ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბრის წამოწყებაც და დამთავრებაც, საქმიანი საურთიერთო ენა ათვისებული მქონდა.
მანქანა სწორედ იმ ადგილზე დავაყენე, სადაც ადრე ვაყენებდი. გამიკვირდა, აქამდე რომ არავის მიესაკუთრებინა ეს ადგილი.
რატომღაც, წინათგრძნობა მეუბნებოდა, რომ ქეთის მოვეწონებოდი. თუ ასე მოხდებოდა, საშკა სამსახურში მიმიღებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც თვითონ წყვეტდა ამას.
- ქეთი თქვენ ხართ? გამარჯობა, - ოთახში შესვლისთანავე მივმართე შავთმიან მინიატიურულ, სიმპათიურ გოგოს, უფრო სწორად ქალს, რომელი დაახლოებით 29-30 წლის იქნებოდა. ის მაგიდაზე წახრილიყო და ქაღალდზე რაღაცას იწერდა. ჩემს ხმაზე სწრაფად მოაბრუნა თავი, შემათვალიერა და თბილად გამიღიმა.
- ნენე ხართ, როგორც მივხვდი, არა?
- დიახ, არ შემცდარხართ.
არის! მოვეწონე, ღიმილზე შეეტყო!
- მობრძანდით. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, - მან ხელი გამომიწოდა, - ყავას დალევთ?
- სიამოვნებით. - მეც არ დავიშურე ზომაზე მეტად გამთბარი ღიმილი.
- საშკამ აგიხსნათ სიტუაცია?
- კი, როგორ არა. ისე, მუცელი სულ არ გეტყობათ.
ქეთიმ მუცელს ხელისგული სათუთად მოუსვა.
- ჯერ არა, მაგრამ ერთ-ორ თვეში ამის დამალვას ვეღარ შევძლებ.
- გილოცავთ. ეს უდიდესი ბედნიერებაა.
- მადლობა, ნენე. რომ იცოდეთ, როგორ ველოდები. აგერ დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ? - მსუბუქი სავარძელი ჩემკენ გამოაცოცა.
ატმოსფერო დარბილდა... განწყობაც. ცოტათი მოვეშვი...
ყავა დავლიე და ქეთი საქმეს შეუდგა. ჯერ წინა სამსახურზე გამომკითხა, შემდეგ კი მომიყვა, რა შედიოდა საშკა მაჭავარიანის პირადი თანაშემწის მოვალეობაში. ნელა, მშვიდად, მოზომილად და გასაგებად მიხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გავლილი მქონდა და ჩემთვის ძალზე ნაცნობი იყო, მაინც გულდასმით ვუსმენდი, თავს ვუქნევდი და საქმიანი მზერით შევყურებდი. მე მჭირდებოდდა ეს სამუშაო და რადაც უნდა დამჯდომოდა, უნდა მიმეღო. ყველა სიკეთესთან ერთად, ანაზღაურება სამჯერ მეტი იყო, ვიდრე "რეზისთალში", რამაც ცოტა დამაბნია. ამას არ ველოდი.
- მაგრამ ილუზიები ნუ გექნებათ, - დაამატა ბოლოს ქეთიმ, - თითეული თეთრის გამომუშავება მოგიწევთ. საშკას არ უყვარს უგულისყურო და ზარმაცი თანამშრომლები.
- ასეთი არ ვარ... არც არასდროს ვყოფილვარ და აწი რა ღმერთი გამიწყრება? - ალალად ვაღიარე, რაზეც ორივეს გაგვეცინა.
- აბა, რას იტყვით, არ გაგიძნელდებათ? ხომ არ გადაიფიქრეთ?
- არა, რას ამბობთ! სწორედ ასეთ სამსახურზე ვოცნებობდი! - მივუგე.
- ისიც ხომ იცით, რომ დროებითია? მხოლოდ ერთი წელი, - შემახსენა.
- ვიცი, ვიცი. ბატონმა საშკამ მითხრა, მხოლოდ დეკრეტულში გადის და მერე დაბრუნდებაო.
- "ბატონმა საშკამ"... - გაიცინა ქეთიმ, - უჩვეულოდ მომხვდა ყურში. მას აქ ყველა საშკას ეძახის. ფამილარობა არ უყვარს, ყველასთან შინაურულადაა, მაგრამ მკაცრი კია, რომ იცოდეთ. მასთან იერარქიულ დისტანციას ვერავინ დაარღვევს.
- გასაგებია.
- ძალიან კარგი. ისე, თუ თავს გამოიჩენთ და საშკა კმაყოფილი დარჩება, მერწმუნეთ, ის არსადაც არ გაგიშვებთ, სადმე სხვაგან გადაგიყვანთ ჩემი დაბრუნების შემდეგ. ეს ზუსტად ვიცი, ასეთი ტიპია. კარგ კადრს ხელიდან არ გაუშვებს. ახლა კი დავურეკავ. იმედია, მოიცლის და გაგესაუბრებათ.
მივხვდი, რომ ქეთიმ ჩემი კანდიდატურა მოიწონა, თორემ სხვა შემთხვევაში, მეტყოდა, დაგიკავშირდებითო, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება. რახან ურეკავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ახლა ისღა მრჩებოდა, საშკასთან გასაუბრებისას არ შემერცხვინა თავი.
- ხუთ წუთში გავთავისუფლდებიო, - ქეთიმ ყურმილი ბერკეტზე დადო, - კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებთ? მკითხეთ, თუ რამე გამომრჩა.
- მგონი, არაფერი. დაწვრილებით ვისაუბრეთ ყველაფერზე, ქეთი. ამისთვის დიდი მადლობა.
- არაფრის. ორშაბათიდან ერთად მოგვიწევს აქ ჯდომა. ასე რომ, პრობლემა არაა, რაც დაგაინტერესებთ, თანდათან აგიხსნით.
თავი დავუქნიე და მღელვარება მომეძალა. ქეთის ყველა მითითება გავისიგრძეგანე, მაგრამ რამდენიმე წუთში უნდა შევხვედროდი ადამიანს, რომელიც ჩემში ჯერ კიდევ ანტიპათიას იწვევდა. ახლა მთავარია, ეს მას არ შეემჩნია, რათა სამსახური არ დამეკარგა.
თითქმის ექვსი წელი ვიმუშავე რეზისთან და არასდროს არაფერზე გავწიწმატებულვარ. საშკამ კი საკმარისია, ორი სიტყვა მითხრას და მაშინვე ვენთები. რატომ ვღიზიანდები ასე, არ ვიცი. სავარუდოდ, ჩემი აწეწილი ნერვების ბრალია. ნეტავ როგორი უფროსია? თალაკვაძეს ჩემთან ცხოვრებაში ხმისთვის არ აუწევია, როცა რამე არ მოსწონებია. ნეტავ ამას როგორი რეაქცია ექნება, თუკი რამე არმოსაწონს გავაკეთებ? ვნახოთ, ვნახოთ. რეზი მშვიდი და გაწონასწორებული ბოსი იყო, საშკა კი მთლად ასეთი არ ჩანს. თუმცა რას ვადარებ, რა აზრი აქვს? მთავარია, მოვერგო და მომერგოს.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა კაბინეტის კარი გაიღო. ზღურბლზე საშკა მაჭავარიანი იდგა. მას საქმიანი კოსტიუმი ეცვა. სწორედ ასეთი დამამახსოვრდა ჩვენი პირველი შეხვედრის დროს იქ, ლიფტში, იმ განსხვავებით, რომ ტყავის ჩანთა არ ეჭირა ხელში.
- მაპატიეთ, რომ გალოდინეთ. შემოდით, ნენე, - წარმოთქვა მან.
სავარძლიდან წამოვდექი და ვიგრძენი, გულმა გვირაბში შესული მატარებელივით რომ ატეხა გუგუნი.
მიუხედავად ამისა, თავი თამამად ავწიე და მის კაბინეტს მივაშურე. ეს იყო დიდი, ნათელი ოთახი, რომელსაც კიდევ ორი კარი ჰქონდა. ერთი აივანზე გადიოდა, მეორე კი, სავარაუდოდ, სააბაზანოსა და საპირფარეშოში.
კაბინეტში დივანი და ორი სავარძელი იდგა, მაგრამ საშკამ იმ ორ პუფზე მიმითითა, რომელიც საჟურნალე მაგიდის გვერდით იდო. ზოგადად, მომწონდა ეს ტომარა ბურთები, შენ გემოზე რომ იზნიქება დაჯდომისას, მაგრამ რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა მასთან სასაუბროდ, ვერ წარმომედგინა.
წითელ პუფში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე მოხერხებულად გადავიდე.
- აქ ჯობია, უფრო შინაურული ატმოსფერო შეიქმნება. ალბათ, ცოტას ნერვიულობთ, არა? - პასუხს არ დაელოდა, ისე ჩაჯდა მეორე, მეწამულისფერ პუფში და შემომხედა, - ქეთისთან ყველაფერი მოგვარდა, ხომ?
- დიახ. ჩემი აზრით, საინტერესო სამუშაო მელოდება.
მდაა... ისე, არც ისეთი უსიამოვნო ტიპია, როგორიც მანამდე მეჩვენებოდა. საკმაოდ ლამაზი თვალები აქვს, ტუჩებსაც არა უშავს. ღმერთო, რაზე ვფიქრობ? მგონი, სხეულთან ერთად აზრებიც გამიხურდა.
- და რა გადაწყვიტეთ?
ისევ მომიარა ბრაზმა. რახან ამ დრომდე აქ ვარ, უნდა მიმხვდარიყო, რომ თანახმა ვარ!
- მგონი, შევძლებ. - თავშეკავებულად მივუგე.
- ალბათ გესმით, რომ ზოგი რამ კონფიდენციალური ინფორმაცია იქნება.
- ამის შეხსენება არ მჭირდება, მიმუშავია ამ თანამდებობაზე და ყველაფერი მშვენივრად მესმის, - ამჯერად მოთმინების მარაგი გამომელია.
როგორც ჩანს, ჩემმა ნათქვამმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ამწუთას რას არ გავიღებდი, ოღონდ გამეგო, სინამდვილეში რა იმალებოდა მისი მშვიდი ნართაულის უკან.
- რეკომენდაციები, ალბათ, გექნებათ...
- მე... - უცებ დავიბენი. რაც არ მქონდა, არ მქონდა. მის მისაღებად რეზისთვის უნდა მიმემართა. ეჭვიც არ მეპარებოდა, ის საუკეთესო რეკომენდაციას გამიწევდა, მაგრამ მინდოდა ახლა მისი ნახვა? - მე მხოლოდ ერთი მუდმივი სამსახური მქონდა და თუ საჭიროა...
- რომელიც რატომღაც, სასწრაფოდ დატოვეთ. რატომ? - საუბარში ხისტად ჩამეჭრა.
მთელი ძალისხმევით შევეცადე, ჩამეხშო შიგნიდან ამოზრდილი გაცოფება, რომელიც მისმა ტონმა გამოიწვია და, ღვთის მადლით, გამომივიდა. კონფიდენციალობა უნდოდა? კარგი, ის მიიღებას ამას!
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, - გამოვუცხადე.
- კონფიდენციალურობაზე თანახმა ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს უშუალოდ საქმეს ეხება. რაღაც გული მკარნახობს, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი უფრო პირადული ხასიათის იყო.
- ვითომ რატომ? - არ შევეპუე და თავხედური მზერით გავუთამამდი.
- მგონი, ეს ისედაც აშკარაა. რატომ იჩხუბეთ თალაკვაძესთან?
- ჩვენ არ გვიჩხუბია. - გაყინული ხმით მივუგე. ვხვდებოდი, სამსახური ხელიდან რომ მისხლტებოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. არადა, ცოტა ხნის წინ მეგონა, სამუშაო გარანტირებული მქონდა.
- თქვენი არ მჯერა. ხუთი წელი იმუშავეთ მასთან, მერე კი სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე წამოხვედით. თქვენივე სიტყვებით, რეზი თალაკვაძეს არ გაუთავისუფლებიხართ. გამოდის, თქვენი წამოსვლის მიზეზი პირადულია.
- დიახ, მე ჩემი სურვილით დავტოვე "რეზისთალი".
- მაშინ რატომ არ გააფრთხილეთ იგი თუნდაც ერთი თვით ადრე, რომ თქვენი შემცვლელი ეპოვა? - ხმას ერთი რეგისტრით აუწია.
უეცრად თავის საშინელმა ტკივილმა შემომიტია. ეს ნერვების ბრალი იყო. სამსახურის დაკარგვის საფრთხე მოჩვენებასავით წინ ამესვეტა. სრულიად მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოვჩნდი. დავდუმდი... ვფიქრობდი, რა მეთქვა. ვდუმდი, მაგრამ ჩემი დუმილი მთელი ხმით გაჰკიოდა.
გადაწყვეტილება სინათლის სიჩქარით მივიღე:
- თუ ასე საჭიროა ამის ცოდნა, გეტყვით. მე ის შემიყვარდა! - მგონი, ვიყვირე.
- ვაუ! - პუფის ტომარას მთელი ტანით მიეყუდა და დაბლა ჩაცურდა, - რა საინტერესოა... და რა, მისი მეუღლისთვის ეს სულერთი იყო?
- მისმა მეუღლემ არ იცოდა... არც თვითონ, სხვათა შორის. მე მისი ლოგინის კომპანიონი არ ვყოფილვარ.
- კონკუბინი.
- რა? - ვერ გავიგე, რა მითხრა. ეს სიტყვა პირველად მესმოდა.
- ლოგინის კომპანიონს ლათინურად კონკუბინი ჰქვია.
პასუხი არ გამიცია. ტკივილი საათის წიკწიკივით მონოტონურად მხრავდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში საშკა ყურადღებით მაკვირდებოდა. არ ვიცი, რა მეწერა ალმოდებულ სახეზე, მაგრამ შინაგანად სრულიად დაცლილი ვიყავი. ოთახში გაუსაძლისი სიჩუმე გაბატონდა, რომელიც ნისლივით შემომეხვია. რა ცივი ყოფილა თურმე!..
- რატომღაც, მგონია, რომ ეს ყველაფერი არ არის, - გაწელვით წარმოთქვა, - მითხარით, ნენე, ჩვევად გაქვთ შეიყვაროთ ნებისმიერი მამაკაცი, ვინც სამუშაოდ დაგიქირავებთ?
რა ახვარია! ამას ჰგონია, რომ ბაბუამისსაც ვეფლირტავებოდი. ახლა კი რეზის სიყვარულშიც გამოვუტყდი. როგორ ჩავხლართე ყველაფერი, რა. ამაზეა ნათქვამი, ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო.
მაშინვე ავდექი. გასაგები იყო, რომ სამსახური დავკარგე.
- დიახ, ნებისმიერი, - ურცხვად მივუგე, - თუმცა თქვენს შემთხვევაში გამიადვილდებოდა ამ ჩვევისთვის გადამეხვია. თქვენ ნამდვილად გამონაკლისი იქნებოდით!
სანამ კარისკენ ნაბიჯს გადავდგამდი, მოულოდნელად გადაიხარხარა. ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ გაოგნებული მივაჩერდი.
როგორ უხდება ამ საზიზღარს სიცილი!
- ოხ, ნენე, ნენე! - მან თავი გააქნია და ხელი გამომიწოდა, - ორშაბათს ზუსტად ცხრა საათზე აქ იყავით.
ისეთი ელდანაცემი ვიყავი, თითქოს მიწისძვრა დაიწყო და ჩემ ირგვლივ ოთახი დაირწა, ამიტომ უნებლიეთ ჩამოვართვი ხელი, გაუაზრებლად.
- გინდა მითხრათ, რომ სამსახურში ამიყვანეთ?
- მინდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე ჩემი თანამშრომელი ხართ. იმედი ვიქონიოთ, რომ არც თქვენ და არც მე ამას არ ვინანებთ.
"ყოველ შემთხვევაში, შენი კონკუბინი არ გავხდები!" - გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.

ორშაბათიც გათენდა და "ელეისერში" გამოვცხადდი. დღეს ჩემი დებიუტი შედგა. თითქოს ტრანსში ვიყავი. არსებობისთვის ბრძოლას ვიწყებდი. ქეთი ისე მეგობრულად შემხვდა, თითქოს ძირძველი მეგობრები ვყოფილიყავით. მის გვერდით თავს მჩატედ ვგრძნობდი. პირველი, რაზეც მოვილაპარაკეთ, მიმართვის თავაზიანი ფორმა უნდა დაგვევიწყებინა. რახან ერთად ვიმუშავებდით, ესე იგი, ახლო ურთიერთობა უნდა გვქონოდა და არანაირი ზღუდე არ იყო ჩვენ შორის საჭირო. შესვენებაზეც ერთად გავედით. ქეთიმ იქვე ახლომდებარე კაფეში დამპატიჟა და დონატებით გამიმასპინძლდა. სასიამოვნო საურთიერთო ქალი იყო. ვხვდებოდი, მასთან არ გამიძნელდებოდა.
ერთი კვირა ისე გავიდა, ვერც გავიგე. საშკასთან შეხება მაინცდამაინც არ მქონდა, რადგან ჯერ ისევ ქეთი მუშაობდა და აგვარებდა კომპანიის საქმეებს. მე, უბრალოდ, ყველაფერს ვისრუტავდი და ქეთი საქმის კურსში მაყენებდა. ჩემი და მაჭავარიანის ურთიერთობა ამ ეტაპზე მხოლოდ გამარჯობა-ნახვამდის დონეზე იყო. თუ იქ, ბაბუამისის სახლში ენაწყლიანობდა და ცხრაას რამეზე ჩამომიგდებდა საუბარს, აქ თითქოს პირში წყალი ჩაეგუბებინა. მეტიც, ვხედავდი, რომ ზედაც არ მიყურებდა. ეს კარგი იყო, დაძაბულობას არ ვგრძნობდი. იმ დღის მერე ისედაც არ მინდოდა ახლოს გავკარებოდი, ყოველ შემთხვევაში, იმდენ ხანს მაინც, სანამ სიბრაზე გამივლიდა.
მომდევნო ორშაბათს, შენობაში რომ შევდიოდი, ელთემელეთი დამემართა, რადგან სწორედ ზედ ლიფტთან რეზის შევეფეთე. ვგრძნობდი, როგორ იკლებდა და მატულობდა ჩემს სახეზე ტემპერატურა და როგორ გადამდიოდა ფერები ერთმანეთში. ერთიმეორის მიყოლებით ჯერ გავწითლდი, მერე გავფითრდი და ბოლოს გავმწვანდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მასთან შეხვედრას ამ შენობაში ვერ ავცდებოდი.
- ნენე? - თვალები გაუფართოვდა.
- სალამი, რეზი! - უღიმილოდ მივესალმე.
- დილა მშვიდობისა... აქ... აქ საიდან? დაბრუნება ხომ არ გადაწყვიტე?
ამასობაში ლიფტის კარი გაიღო, მაგრამ მან უცებ იდაყვში ხელი ჩამავლო და განზე გამიყვანა.
- არა, არა. სხვა ფირმაში დავიწყე უბრალოდ მუშაობა.
- აქ? ამ შენობაში? - თვალები აატრიალა და მაღლა აიხედა.
- ჰო, აქ, ამ შენობაში.
- რომელ ფირმაში?
- მაჭავარიანთან. - ისე მშვიდად ვპასუხობდი, თითქოს მასთან არასდროს არაფერი მაკავშირებდა.
- საშკასთან? და იქ რას აკეთებ? - ეს ისეთი დამამცირებელი ტონით წარმოთქვა, გეგონებოდათ, სუპერმარკეტში დამლაგებლად მოვეწყვე.
- მისი პირადი თანაშემწე ვარ, - ნიშნის მოგებით მივახალე.
- რა-ა? მართლა? - არ დაიჯერა. ალბათ, იფიქრა, რომ მისთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა.
- მართლა. რა, ვერ გავქაჩავ?
- არა, როგორ არა, მაგრამ... არ მეგონა...
- რომ მაინცდამაინც ამ შენობაში დავბრუნდებოდი? - ნერვიულად ჩავიცინე, - რა ვქნა, იღბალმა საითაც გადმომისროლა, იქ მოვხვდი. შენს ჯინაზე ნამდვილად არ დამიწყია მასთან მუშაობა. თანაც, ის შენი კონკურენტი ფირმა არ არის.
- ეგ რა შუაშია... - რატომღაც, დაიბნა.
- ცოლს შეურიგდი? - აგდებულად ვკითხე.
- არა. არც ვაპირებ. უკვე შეიტანა განქორწინებაზე განცხადება. - თვალები დახარა და ისე წარმოთქვა.
- თანაგიგრძობ.
უცებ თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა. მისი უტყვი მზერა მთელ აბზაცებს მოიცავდა, საყვედურებისა და ლანძღვის კორიანტელს, რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებებით.
- არ დამიწყო ახლა, "რატომ წახვედი ჩემგან? რა გეწყინა? ამისთანა რა გავაკეთე?" - დავასწარი, სანამ თავის მზერაში არეკლილ საყვედურებს გაახმოვანებდა.
- არ დაგიწყებ. უბრალოდ, ერთს გკითხავ. ხომ არ მომჩვენებია, რომ გიყვარდი?
თვალები დავხუჭე. ღრმად ჩავისუნთქე, რათა ტკივილიანი კვნესა არ აღმომხდენოდა.
- ეს უკვე წარსულში დარჩა, რეზი.
- მერე? მერე რა? მახსოვს, მეუბნებოდი, ჩემი წარსული მე ყოველთვის თან დამაქვსო.
- არ გინდა, გთხოვ. დაივიწყე, რაც იყო.
- ნენე, მომისმინე, გთხოვ, - წინ გადამიდგა, წასვლა რომ დავაპირე, - მოდი, ამ საღამოს შევხვდეთ და ყველაფერი თავიდან გავიაროთ. მე უკვე აღარ მქვია ცოლიანი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. მე მზად ვარ, შენი სიყვარულისთვის ბრძოლაში თავით გადავეშვა.
შუბლი შევიჭმუხნე და "ხომ არ გაგიჟდი" მზერით მივაშტერდი:
- გესმის მაინც, რას მთავაზობ? ძლივს ჭორებმა გვერდით ამიარა, ახლა გინდა ვიღაცების სალაყბო ყბაში ჩამაგდო?
- მე სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობ, გოგო! - განაწყენებულმა ხმას აუწია.
- მე კი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, - გამქირდავი ღიმილით მივუგე.
- კარგი, კარგი. მაშინ გავაგრძელოთ ისევ არასერიოზული ურთიერთობა და დანარჩენი მერე ვნახოთ.
უკვე მაგვიანდებოდა სამსახურში. როგორმე უნდა მომეშორებინა თავიდან. გონება ავამუშავე, რომელიც ყოველთვის სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს. ჰოდა, ახლაც მიშველა. ჯერ მადლობა გადაუხადა რეზის შემოთავაზებისთვის, მერე გაუღიმა, მერე კი გატრიალდა და კიბეს აუყვა, რათა ისევ ლიფტს არ დალოდებოდა.
ყოჩაღ, ჩემო გონებავ! გადამარჩინე! შენ ყოველთვის იდეალური იყავი!..
არადა, სხეული მომეჩვარა, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი. ძლივს ამოვიღე ჩემი ფიქრების მენიუდან თალაკვაძის გვარ-სახელი და ისევ არ შემახსენა თავი?
კვლავ თავიდან უნდა დამეწყო მისი დავიწყება... ამჯერად არ იქნებოდა მთლად ადვილი, მაგრამ ამისთვის ყველა ღონე უნდა მეხმარა...

ერთი თვე გავიდა, რაც მუშაობა დავიწყე. ჰოდა, ერთ დღესაც, სამსახურის სასადილოში რომ ვსადილობდი, უეცრად აღმოვაჩინე, რომ რეზი თალაკვაძეზე აღარ ვფიქრობდი. საოცრად გამაკვირვა ამ აღმოჩენამ. მეგონა, იმ დღის მერე, ლიფტთან რომ შემეფეთა, ჩემი ფიქრები კვლავ მისი პერსონით გაივსებოდა. გასაკვირი ისიც იყო, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ერთხელაც არ მინანია მისგან წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და კარიერის გაკეთების უკეთესი ვარიანტებიც მეჩითებოდა.
ნეტავ ისევ მიყვარს? - დავუსვი შეკითხვა საკუთარ თავს და პასუხმაც არ დააყოვნა: არა, არ მიყვარს. როგორც ჩანს, მე უკვე გავთავისუფლდი ამ სიყვარულისგან. უცნაურია კია, რომ ხუთი წელი მიყვარდა და რაღაც ორ თვეში გადავიყვარე. მართალია, ახლა სიყვარულზე საფიქრელად დრო არ მრჩება, მაგრამ როცა მრჩებოდა, არც მაშინ ვიკლავდი მისი გახსენებით თავს. პირველი დღეები მართლა გამიჭირდა, მაგრამ იმან მიშველა, რომ სამსახურის დაკარგვის გამო უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ისედაც დაკარგული სიყვარულის ორმაგად დაკარგვის გამო.
რა თქმა უნდა, წარსულს არასდროს ვივიწყებ. რეზი მართალი იყო, როცა შემახსენა, შენ ხომ შენი წარსული სულ თან დაგაქვსო. დამაქვს, მაგრამ გონების ერთ-ერთ ზარდახშაშია ჩაკეტილი და სანამ არ გავხსნი, თავს არ შემახსენებს. მე კი გახსნას არამც და არამც არ ვაპირებ. იყოს დაკეტილი, დაედოს მტვერი, დაე, თავისით გაცამტვერდეს.

ახალი სამსახურის უკმაყოფილო არ ვიყავი. მე და ქეთი თავიდანვე შევთახმდით, რომ ერთმანეთთან გულღია ურთიერთობა გვექნებოდა. თუ რამეს ვერ გავიგებდი, უნდა მეთქვა და ის თავიდან ამიხსნიდა. მასთან ურთიერთობა პირველივე დღიდან გამიადვილდა, მაგრამ გასაკვირი ის იყო, როცა საშკამ შემომთავაზა, ოფიციალური მიმართვები არ მიყვარს და შენც, როგორც სხვებმა, შენობით მომმართეო.
ასეთ დიდ კორპორაციაში თანამშრომელთა დამოკიდებულება უფროსის მიმართ პირადად მე უცნაურად მეჩვენებოდა. არადა, სანამ მისი თანამშრომელი გავხდებოდი, იქ, ბაბუამისთან მხოლოდ თავაზიანი ფორმით მელაპარაკებოდა. ნეტავ როგორ ახერხებდა? ამის გაფიქრებაზე სულ მეღიმებოდა.
საშკა ოფისში ყოველთვის პირველი მოდიოდა. რაც უნდა ადრე გამოვჩენილიყავი სამსახურში, ის ყოველთვის იქ მხვდებოდა. ხანდახან მივლინებებში მიდიოდა და როცა ბოსი ოფისში არ იყო, თითქოს მიმკვდარებული იყო იქაურობა, მაგრამ ჩამოვიდოდა თუ არა, მაშინვე დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა. ვხვდებოდი, იგი ყველას უყვარდა, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. ეს უდიდესი მონაპოვარი იყო. არ მეგულება ორგანიზაცია, ყველა თანამშრომელს მოსწონდეს თავისი უფროსი და სასაყვედურო არაფერი ჰქონდეს. მასთან კი ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა.
მანქანა ჩავკეტე და შენობაში შევედი. დაცვის ბიჭებს მივესალმე და ლიფტისკენ გავეშურე. ქეთიმ პირველსავე დღეს თანამშრომლებთან როგორც თავისი ასისტენტი, ისე წარმადგინა. ჯერ არავინ იცოდა, რომ მალე ის მე უნდა შემეცვალა. ყველა კარგად შემხვდა, ჩემ მიმართ ანტიპათია არავისთვის შემიმჩნევია, გარდა ერთისა. ის ერთი კი მაღალი, დაახლოებით ოცდახუთი წლის გოგო იყო, რომელმაც იმწამსვე პროტესტი გამოთქვა:
- რომ მცოდნოდა, ასისტენტი გჭირდებოდა, მე დავწერდი განცხადებას. ვაკანსია რატომ არ გამოაცხადეთ?
ქეთი არ დაიბნა:
- ეს მხოლოდ დროებითი სამუშაოა, დაკო. რთულ პროექტზე ვმუშაობთ მე და საშკა, ამიტომ სხვა საქმეებისთვის ვერ ვიცლი. სწორედ ამიტომ ავიყვანეთ ნენე. - დაამშვიდა დაკოდ მონათლული დარეჯანი.
მერე კი, როცა მარტონი დავრჩით, მეჭორავა, საშკა დაკოს არაფრის დიდებით ჩემს შემცვლელად არ დანიშნავდაო.
- რატომ, ვერ შეძლებს?
- სავარაუდოდ, შეძლებდა, - გამიღიმა ქეთიმ, - მაგრამ აქ სხვა რამ ხდება. დაკო არ მალავს, რომ ჩვენი ბოსი სიგიჟემდე მოსწონს. შეიძლება უყვარს კიდევაც. საშკას კი სწორედ ეს აღიზიანებს.
- ოოო, გასაგებია. როგორც ჩანს, მაჭავარიანს უყვარს, როცა თვითონ ნადირობს და არა მასზე ნადირობენ, - გავიხუმრე.
- თანაც როგორ, - მიჩურჩულა ქეთიმ, - მაგრამ ცოტა სხვა ტიპია საშკა. ის სამსახურებრივი რომანების წინააღმდეგია, ამიტომ დაკოს შანსი არა აქვს. სამსახურში საყვარელი ან შეყვარებული ჩვენი უფროსისთვის მიუღებელია, ასეთი გართულებები არაფერში სჭირდება.
გულში გამეღიმა. ესე იგი, როცა ვუთხარი, შენ არ შეგიყვარებ და ამის მცირეოდენი შანსიც არ გაქვს-მეთქი, ჩემს სასარგებლოდ ჩამიწერია ქულა. კარგია, რომ გავიგე.
საშკასთან ძირითადად ქეთი ურთიერთობდა, თუმცა ხანდახან მეც მიწევდა მასთან შეხება, როცა, მაგალითად, რამე წერილი ჰქონდა რომელიმე უცხო ენაზე სათარგმნი ან დასაბეჭდი. რადგან ქეთიმ მხოლოდ ინგლისური იცოდა, მე კი ოთხ ენას ვფლობდი, ამ კუთხით საქმეების მოგვარება მე უფრო მიწევდა. გარდა ამისა, ქეთის ტოქსიკოზი აწუხებდა, წარამარა გული ერეოდა და ზოგჯერ ვეღარ ახერხებდა ვერაფრის გაკეთებას. რადგან თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ მისი ორსულობის შესახებ, საშკამ შესთავაზა თურმე, ჩემი კაბინეტის საპირფარეშოთი ისარგებლეო და ქეთიც იქითკენ გარბოდა სულ.
დღესაც შურდულივით გავარდა ტუალეტში, მაგრამ რატომღაც გამოსვლა დააგვიანა. საშკა არ იყო ოფისში, ამიტომ გადავწყვიტე, შევსულიყავი და მენახა. ხომ შეიძლებოდა, ცუდად გამხდარიყო, დაცემულიყო ან გული წასვლოდა?
სააბაზანოში შესულს ქეთი ნიჟარაში გადაყუდებული დამხვდა, სახეზე ფერი არ ედო. ჩემს დანახვაზე ამოიკვნესა:
- ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა. პირველ ბავშვზე ასე არ ვიყავი. ახლა რაღა დამემართა? - შემომჩივლა.
- ალბათ, სქესი შეიცვალა და იმის ბრალია. ამბობენ, ვისაც გოგოზე ტოქსიკოზი აქვს, ბიჭზე არ ექნებაო.
- ნეტავ მართალია?
- არ ვიცი. კი ამბობენ და... ვნახოთ, რომ გააჩენ, მაშინ ზუსტად გვეცოდინება.
ფრთხილად მოვხვიე ხელი და საშკას კაბინეტში შევიყვანე.
- აქ დაჯექი, იქაურობას მე მოვასუფთავებ, - ალერსიანად ვუთხარი.
ქეთი დაჯდა და მადლიერების ნიშნად გამიღიმა. ტუალეტში შევბრუნდი, თუმცა იქ გასასუფთავებელი ბევრი არაფერი იყო, ამაზე უკვე ეზრუნა მას. ნიჟარის გარშემო იატაკი მოვწმინდე, ხელები დავიბანე და ირგვლივ მიმოვიხედე. სააბაზანოში ვიწრო გარდერობიც იდგა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გამოვაღე. იქ საშკას გამოსასვლელი კოსტიუმი ეკიდა, სავარაუდოდ, საგანგებო შეხვედრებისთვის გამიზნული. ალბათ, სერიოზულ შეხვედრაზე რომ მოუწიოს უეცრად წასვლამ, ამას ჩაიცვამს, - გამიელვა გონებაში. ან სულაც, საღამოობით, როცა წყალს გადაივლებს, გამოიცვლის და სადმე გასართობად მიდის. არც ეს იყო მიუღებელი ვარიანტი, ის ხომ ყველაზე ბოლოს გადიოდა ოფისიდან.
ქეთისგან ვიცოდი, რომ მაჭავარიანის პირადი ცხოვრება საკმაოდ "მსუყე" იყო. ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ.
ერთი ზარის მომსწრე ამას წინათ მეც გავხდი. ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა და ქალის ხავერდოვანმა ხმამ საშკა იკითხა.
- ახლავე, - მივუგე უცნობს და ყურმილს ხელი დავაფარე. ჯერ უფროსისთვის უნდა მეკითხა, უპასუხებდა თუ არა, სანამ მასთან დავაკავშირებდი, - საშკა, ლიზი ტალახაძე რეკავს, - ვაცნობე ჩემს შეფს.
- დამაკავშირე! - მითხრა მან და მეც მაშინვე გადავრთე, მაგრამ სანამ ყურმილს დავკიდებდი, გავიგონე, ლიზი, როგორ ხარო, რომ მოიკითხა.
- როგორც ჩანს, ახალია, - მიჩურჩულა ქეთიმ, - აქამდე არ დაურეკავს. პირველად მესმის მისი სახელი.
მდაა. ამ ერთ თვეში ბევრი რამ გავიგე ქეთის წყალობით ყველა თანამშრომელზე და თვით საშკაზეც...

ლფტის კარი გაიღო, გამოვედი და ჩემი და ქეთის საერთო კაბინეტს მივაშურე, მაგრამ ის იქ არ დამხვდა.
- დილა მშვიდობისა, ნენე, - ამ დროს საშკა შემოვიდა და ყურადღებით შემათვალიერა.
დღეს შავი შარვალი და თეთრი პერანგი მეცვა.
- ქეთიმ დამირეკა, ცუდად ვარ და დღეს ვერ გამოვალო. როგორ ფიქრობ, მარტო მუშაობას შეძლებ? აუხვალ საქმეებს?
ღმერთო, შენ მიშველე! შევძლებ? განა სხვა არჩევანი მაქვს?
- არაა პრობლემა, - მხიარულად მივუგე, თითქოს ტაფამწვარი უნდა მომემზადებინა და მეტი არაფერი.
იმედი მქონდა, ვერ შეამჩნევდა, თავდაუჯერებლობამ როგორ გაიჟღერა ჩემს ხმაში.
ასე დაიწყო დღე, რომლის მსგავსი აქ ყოფნის პერიოდში ჯერ არ მქონია. მუშაობას შევუდექი და კარგა ხანს თავი არ ამიწევია. როცა საათს დავხედე, უკვე შუადღე დამდგარიყო. რა უცებ გამქრალა დილა!
ორის ნახევარზე გადავწყვიტე შემესვენა და ცოტა წამეხემსა. ბუფეტს მივაშურე. წვნიანის ჭამის დრო არ მქონდა, ამიტომ ფენოვანი ხაჭაპური ვიყიდე, რათა თან წამეღო და დრო არ დამეკარგა.
უკან მობრუნებულს გზად ერთი თანამშრომელი შემხვდა, რამაზი, რომელმაც ერთხელ სადილად დამპატიჟა და უარი ვუთხარი. უბრალოდ, იმ მომენტში მართლა არ მეცალა.
- მგონი, დღეს ბედი მწყალობს, - თქვა მან და გვერდით ამომიდგა.
ნაბიჯი არ შემინელებია.
- ეს კარგია, - ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მივუგე.
გამიღიმა.
- ვფიქრობ, დღეს რომ სადმე დაგპატიჟო, შეიძლება დამთანხმდე. ვალში ხარ ჩემთან, არ დაგავიწყდეს. ამას წინათ უარით გამისტუმრე.
სიცილი ამიტყდა.
- ძალზე მომთხოვნი ხარ, რამაზ. ვალდებული ვარ, ვალი დაგიბრუნო.
- ესე იგი, ჰო?
რა სასაცილო ბიჭია. კიდევ ერთხელ უნდა გავუღიმო.
ამასობაში კაბინეტს მივუახლოვდით. კარი გავაღე და ვუთხარი:
- იქნებ დღეს მთლად ყველაფერში არ გიმართლებს, ა?
- ოხ, რა უგულო ხარ, ნენე! ნამდვილი ჯალათი! - მოისაწყლა თავი რამაზმა.
- ვიცი, - სერიოზული სახითა და ხმით მივუგე, ოთახში შევედი და კარი ცხვირწინ მივუხურე.
- ვინ იყო? - მომესმა ამ დროს საშკას ხმა.
მოულოდნელობისგან შევკრთი. არ მეგონა, საშკა აქ თუ იყო. ჩვეულებრივ, ამ დროს ისიც საჭმელად გადიოდა. მისი კაბინეტის კარი ღია იყო. როგორც ჩანს, გამოსულა და მეძებდა.
- ხომ არ მეძებდი? - კარის ძგიდეს ლოყით მივეყრდენი და კაბინეტში შევიჭყიტე.
- რამაზი იყო, ხომ? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა.
- კი, სწორედ ის ბრძანდებოდა.
- და უგულო და ჯალათი იმიტომ გიწოდა, რომ არ მოისურვე სადმე გაჰყოლოდი? - ჩაიცინა.
უყურე შენ! რამხელა ყურები გვქონია თურმე?
- ასე გამოდის. კვირაში სულ რაღაც შვიდი დღეა, - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- ანუ რიგი დაგიდგა? ბევრია შენი მიპატიჟების მსურველი და ჯერ ვერ აგირჩევია?
რა უნდა მეპასუხა? მასაც ყოველდღე სხვადასხვა ქალი ურეკავდა და რატომ უნდა ეფიქრა, რომ მე საღამოობით შინ ვიყავი გამოკეტილი? თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, ნათქვამია.
- არა, მაგის გამო არ მითქვამს უარი. უბრალოდ, არის ხოლმე საღამოები, როცა შინ დარჩენა მსურს და თუნდაც რამის წაკითხვა. - წავიბურტყუნე.
ტუჩები ოდნავ შეერხა. მეგონა, გაიღიმებდა, მაგარმ პირიქით მოხდა, წარბები შეიჭმუხნა და მომაჩერდა. მომეჩვენა, რომ მთლად კმაყოფილი ვერ დარჩა ჩემი პასუხით. თუმცა რა სისულელეა, მისთვის სულერთი არაა, რითი ვერთობი მე საღამოობით?
უეცრად წინ გადმოიხარა და გამომიცხადა:
- დღეს ვაპირებ სამსახურზე დაგელაპარაკო.
გულმა მუცელში ტყაპანი მოადინა. რას მიპირებს? თავი ვერ გავართვი ჩემს სამუშაოს? ჩემი გაშვება ხომ არ გადაწყვიტა?
- რამე ისე ვერ გავაკეთე? - აკანკალებული ხმით ვკითხე.
- საიდან მოიტანე? არა, არა. შემოდი, დაჯექი. - გამიღიმა.
დავმორჩილდი.
- ეს კარგია, - შვებით ამოვთქვი და ჩემი ლამაზი თვალებით მივაჩერდი, როგორც კი მის წინ დავჯექი.
- საქმე ისაა, რომ ქეთის ეგონა, დროთა განმავლობაში უკეთ იგრძნობდა თავს, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს არც ისე მალე მოხდება.
- ქეთი თავდაუზოგავად მუშაობს, - მაშინვე ავლაპარაკდი მის დასაცავად, - ის...
- მას შენი დაცვა არ სჭირდება, - ტუჩის კუთხეები აეწია, - ვიცი, როგორ ცდილობს ის თავისი მოვალეობების შესრულებას და მეტსაც კი აკეთებს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დასუსტდა. ვფიქრობ, ორსულობამ ძალა გამოაცალა და დასვენება არ აწყენს, - საშკამ პაუზა გააკეთა, - ახლა საუბარი შენზე იქნება და არა მასზე.
- ხომ იცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქეთის დავეხმარო, - თამამად მივუგე.
- ვიცი და მომწონს შენი შემართება. ახლა ის მითხარი, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ, მოგეწონა დამოუკიდებლად მუშაობა?
- რა თქმა უნდა, თუმცა ცოტა მძიმე დღე კი მქონდა.
- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დრო არ გეყო, წესიერად გესადილა, - და თვალით ცელოფანის პაკეტზე მიმითითა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა.
- უი, ამის დადება სულ დამავიწყდა, - შევცბუნდი და გავწითლდი. არ ვიცოდი, პაკეტი სად დამემალა.
- არა უშავს, მე ასეთი რამეები პირიქით, მომწონს. - ამოიხვნეშა საშკამ და გააგრძელა, - იცი? არ მინდა ქეთი მთელი დღე მუშაობდეს. მოდი, დროებით დავითხოვოთ ან თავისუფალ გრაფიკზე გადავიყვანოთ. შეუძლია საერთოდ არ მოვიდეს. - თვალებში ჩამხედა და ისევ გამიღიმა, - შენ გაწყობს ასე?
- მე მგონი, ძალიან კარგი აზრია. - საპასუხო ღიმილი დავუბრუნე.
- მაგრამ შენ მოგიწევს მთელი დატვირთვით მუშაობა.
- სამსახურში გვიანობამდე დარჩენა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
- ოღონდ არ მინდა ამის გამო მთლად მოსწყდე საზოგადოებას.
- ამაზე ნუ იდარდებ. სანერვიულო არაფერია.
დავუბრუნდი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდას, ხაჭაპური გადავსანსლე და საშკასთან საუბარი გონებაში ხელახლა გადავახვიე.
წეღან პანიკამ შემიპყრო, ჩემი გაშვება ხომ არ უნდა-მეთქი. ხელმეორედ ამის გაფიქრებამ უეცრად მიმახვედრა, რომ არა მხოლოდ ჩემი ახალი სამსახურით ვიღებდი კმაყოფილებას, არამედ სწორედ მასთან მუშაობა მომწონდა! უცნაურია, არა? ადამიანი, რომელსაც სულ ახლახან ვერ ვიტანდი და ანტიპათიას იწვევდა ჩემში, მოულოდნელად სასურველ უფროსად გადაიქცა.
და რა არის ამაში გასაოცარი? მე ვნახე, როგორ მუშაობს ის, დავრწმუნდი, რომ ჭკვიანია და საზრიანი, თავისი საქმე ათიანზე იცის და აღმაფრთოვანებს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს რთულ მომენტებში.
საშკა მაჭავარიანი ნიჭიერი ბიზნესმენია, ამიტომაც შემეცვალა მასზე წარმოდგენა. სულ ესაა.
გაგრძელება