"სანამ მე მუშაობით თავს ვიკლავდი, ჩემს ცოლს სხვა შეუყვარდა... თურმე ამდენი ხანი მატყუებდა" - ონლაინრომანის დასასრული - მშობლები

"სანამ მე მუშაობით თავს ვიკლავდი, ჩემს ცოლს სხვა შეუყვარდა... თურმე ამდენი ხანი მატყუებდა" - ონლაინრომანის დასასრული

2022-08-01 11:48:04+04:00
ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

რომანის დასაწყისი

ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა ვიბანავე, ჩავიცვი და ბარგის ჩალაგება დავიწყე. მიხვდა ნეტავ, რომ მიყვარს? თუ ასეა, მაშინ მომიწევს სამსახურიდან წამოსვლა, მას ვეღარ დავენახვები. იტყვის, ამ გოგოს თავის ბოსების შეყვარება მანიად ექცაო. რას ვფიქრობდი?! ვიფანტაზიორე, რომ შეიძლებოდა მას მოვწონებოდი. უფრო მეტიც, შევყვარებოდი. ვერ მოგართვეს, ნენე! ვის როლში შეიჭერი შენი მუყაოს ფრთებით? რომელი ქვეყნის პრინცესა გეგონა თავი?
როცა ბარგი გავამზადე, სამზარეულოში ჩავედი. ჩემდა გასაკვირად, საშკა უკვე ფეხზე იყო და ყავას იმზადებდა.
- მივდივარ, - გამოვაცხადე.
- რატომ? - შემობრუნდა.
ვითომ არ იცის, რატომ!
- მგონი ასე უკეთესი იქნება. - ვცდილობდი, რაც შეიძლება მშვიდად მელაპარაკა.
შემომხედა. მეც თამამად გავუსწორე მზერა და მის თვალებში სინაზე დამხვდა.
- წუხანდელი ღამის გამო? მაგიტომ?.. ნანობ?..
- კი, ძალიან ვნანობ.
თვალები მოჭუტა. როგორც ჩანს, არ მოეწონა ჩემი სიცივე.
- რა გაწუხებს? ის, რომ შენ, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქალს, შეგიძლია ვნებების ღელვა განიცადო?
- მე არ მინდა შენთან დაწოლა! - ეს უკვე ზედმეტი მომივიდა, მაგრამ უკან არ დავიხიე, - მე ნამდვილად მინდა კარიერის გაკეთება. და, და...
- და?
- და ამიტომ არ უნდა...
- შენი აზრით, საკუთარ უფროსთან არ უნდა დაწვე?
- თვითონაც უნდა გესმოდეს ეს. - ლოყები დამებრაწა, ისე შემრცხვა.
- სამწუხაროა, რომ ამას ვერ მიხვდი წუხელ ღამით, როცა შენს საწოლში მეპატიჟებოდი. - იმედგაცრუება გაისმა მის ხმაში.
ამის გაგონებაზე კინაღამ მოვკვდი.
- სულერთია, ეს აღარასოდეს განმეორდება, - ცივად ვთქვი, - მია როგორაა?
- კარგად. დღეს სახლში იქნება. - პირქუშად შემომხედა.
- ო! გინდა აქ დაველოდო მას?
- მაგაზე არ ინერვიულო! ძალიან არ მჭირდები, თუმცა ადრე სხვანაირად ვფიქრობდი.
შოკირებულმა პირი დავაღე. საშკამ გვერდით ჩამიარა და კიბეს აუყვა. იმის შეგრძნებით, რომ ცრემლები ყელში მომაწვა და აღრიალებას არაფერი მაკლდა, მეც ზემოთ ავქანდი, ჩემი ოთახისკენ.
მალევე გავიგონე, რომ საშკამ სახლი დატოვა. არ დამემშვიდობა და ისე წავიდა. რა მიზეზით? ტკივილს მძაფრად ვგრძნობდი ყველა უჯრედში, ყველა კუნთსა და ქსოვილში. მივხვდი, რომ დავკარგე არა მარტო საყვარელი მამაკაცი, არამედ სამსახურიც. გაუსაძლისი იყო იმაზე ფიქრი, რომ საშკას ვეღარასდროს ვნახავდი. ჩემი ბარგი ავიღე, გასაღები საშკას კაბინეტის მაგიდაზე დავტოვე და წავედი. ვიცოდი, რომ უკვე გვიანი იყო იმაზე სინანული, რაც ახლა გავაკეთე.
მანქანა დავქოქე და გზას გავუდექი.

ორი საათის შემდეგ საკუთარი საძინებლის ფანჯარასთან ვიჯექი. ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, თავი არ მიმუშავებდა. რახან სამსახური დავკარგე, ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო მქონდა, მაგრამ მთელი ჩემი ფიქრები ექსკლუზიურად საშკა მაჭავარიანით იყო დაკავებული. იქნებ უნდა მეთქვა, რომ მიყვარს? იქნებ მაშინ ყველაფერი სხვანაირად დამთავრებულიყო?
ნაშუადღევს გამახსენდა, რომ რეზისთან ვაპირებდი დარეკვას, რათა მეთქვა, რომ არ მსურდა მასთან დაბრუნება და მუშაობა, მაგრამ რადგან შევპირდი, უნდა დამერეკა.
- ახლა სად მუშაობ, ისევ მაჭავარიანთან? - მკითხა თალაკვაძემ თბილი მოკითხვის შემდეგ.
- ახლა არსად.
- გუშინ მივიღე შენი შემცვლელი, მაგრამ შემიძლია მისი სხვა განყოფილებაში გადაყვანა, შენ მხოლოდ მითხარი, რომ თანახმა ხარ.
- არა, არ ღირს, რეზი. გადავწყვიტე ცოტა შევისვენო.
- იქნებ ისე მაინც დამეხმარო, დროებით, რომ ჩემი ახალი ასისტენტი საქმის კურსში ჩააყენო? ძალიან ახალბედაა.
„დამეხმარო“ და „დროებით“გავიგონე, თუმცა ისევ საშკაზე ვფიქრობდი.
- კარგი, - უნებურად დავეთანხმე და შევეცადე აბეზარი ფიქრები გონებიდან მომეშორებინა, - შემოგივლი მაშინ. ხვალამდე.
- შესანიშნავია! გელოდები!
მობილური გავთიშე.

ოთხშაბათიც გათენდა. დილით, როცა გავიღვიძე, ისევ საშკაზე ვფიქრობდი. მინდოდა დამერეკა და მეკითხა, როგორ იყო მია, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. არა მგონია მას ჩემი ზარი გახარებოდა.
რეზის სამსახურში მივაკითხე და ერთი საათის შემდეგ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს არასდროს დამიტოვებია აქაურობა. სამუშაო მსუბუქი იყო ჩემთვის, რადგან წლები შევალიე მას, რასაც მაჭავარიანის კორპორაციაში მიღებული გამოცდილებაც დაემატა.
ვცდილობდი დავეხმარებოდი შორენას, რეზის ახალ ასისტენტს, რომელიც ჭკვიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ეს გოგო ყველაფერს რამდენიმე დღეში აითვისებდა და ამის შესახებ თალაკვაძესაც მოვახსენე.
- მაგრამ კვირის ბოლომდე ხომ მაინც დარჩები? - მკითხა.
- თუ გინდა დავრჩები. ვწუხვარ, რომ შენ და ელენე შორდებით. ყოველთვის კარგ წყვილად მოგიაზრებდით!
- მეც ასე მეგონა, სანამ არ გავიგე, რომ მატყუებდა... - და როცა სახეზე გაკვირვება შემატყო, სევდიანად გაიღიმა. - მეც შენსავით შოკირებული დავრჩი. სანამ მე მუშაობით თავს ვიკლავდი, მას სხვა შეუყვარდა.
- ვწუხვარ! ძალიან.
- მეც. მაგრამ რა გაეწყობა.
- მან მიგატოვა?
რეზიმ თავი გადააქნია.
- მე წამოვედი. ისინი ახლა ერთად ცხოვრობენ. იმ დღეს, როცა გაკოცე, ძალიან ცუდად ვიყავი. საშინლად მჭირდებოდა ადამიანური სითბო და მეგონა, შენში ვიპოვიდი მას. დარწმუნებული ვიყავი, რომ გიყვარდი და მომეჩვენა, რომ მეც შემიყვარდი... მაგრამ ეს ილუზია ყოფილა. ცოტა ხნის მერე თვითონაც მივხვდი. მაპატიე, ეს არ უნდა გამეკეთებინა.
- უკვე დავიწყებულია, - გავუღიმე.

პარასკევამდე არაფერი შეცვლილა. სამ საათზე კი რეზისთან შევედი გამოსამშვიდობებლად.
- მე მივდივარ, - ვუთხარი.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა დარჩენა? - მიმიკებით მუდარა გამოხატა.
- სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენი პირადი ასისტენტობა ისევ მინდა, - ლოყაზე ვაკოცე, - იმედი მაქვს, დარდებისგან მალე გამოჯანმრთელდები.
ლიფტში შესულმა სხვა ვიღაცებთან ერთად საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაციც შევნიშნე და გული ამიჩქარდა. პირველ სართულზე ყველა გამოვიდა ლიფტიდან, დარჩა მხოლოდ ის და მე. თვალები ავწიე. საშკა მაჭავარიანი მზერას არ მაშორებდა!
ერთიანად შოკირებული ჩანდა.
- რამით ხარ უკმაყოფილო? - ხმადაბლა ვკითხე.
- რა ნაგლი ხარ! - კოცონი აბრიალდა მის მზერაში.
- ასეთი რა გაგიკეთე? - დაბნეულმა ვიკითხე.
- წამოდი და გეტყვი. - ლიფტის კარი გაიღო თუ არა, მკლავში ჩამავლო ხელი და თან გამიყოლა.
გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა მისი მანქანის გვერდით ავტოსადგომზე აღმოვჩნდი.
- რას აკეთებ?
- ჩაჯექი! - კარი გააღო.
- არ ღირს, საშკა.
- ცოცხლად, მანქანაში! - პირველად დამიყვირა ასეთი ტონით.
უცებ ფეხები მომეკეცა. მას რაღაცის გარკვევა სურდა. დაე, სცადოს!.. უსიტყვოდ ჩავჯექი და კარი მოვიჯახუნე...

საშკამ უხმოდ დაძრა მანქანა.
- რა ჩავიდინე? - მისკენ მივბრუნდი, მაგრამ წამითაც არ მომაქცია ყურადღება. ეს არ მომეწონა. - სად მივდივართ?.. მისმინე... - ავნერვიულდი, ამავდროულად სიბრაზემაც ამიტანა.
საშკა კვლავ გზას გასცქეროდა.
მარშრუტის შესწავლა დავიწყე. სად მივყავდი? აჰა, გასაგებია. თავის სახლში.
ათი წუთის შემდეგ მან მანქანა გააჩერა და ჩემი კარი გააღო. ცივად შევხედე და მანქანაში დავრჩი. გადმოსვლა არც მიფიქრია.
მოღუშულმა შემომხედა და ღრმად ამოიხვნეშა.
- თამაშის ხასიათზე არ ვარ. ზუსტად ნახევარი წუთი გაქვს მანქანიდან გადმოსასვლელად.
- გინდა შენთან შემოვიდე?
- შენით გადმოდი, თორემ მე გადმოგიყვან!
გადავწყვიტე არ გამერისკა. მანქანიდან გადმოვედი და ეზოში შევედი.
საშკამ გადამასწრო და მეორე სართულზე ავიდა, თან რამდენჯერმე მოიხედა, თუ მივყვებოდი უკან. თავის კაბინეტში შემიძღვა და კარი მიხურა.
- დაჯექი.
- დიდი დრო დაგჭირდება იმის სათქმელად, ასეთი რა საშინელება ჩავიდინე?
- შენ გეყო თავხედობა, მაგ ნაბიჭვართან დაბრუნებულიყავი სამუშაოდ, როცა...
- ახ, თურმე რა ყოფილა! - ამოვთქვი, - გაბრაზებული ხარ იმიტომ, რომ...
- შენ ჩემთან მუშაობ და არა მასთან! შენ აქ მუშაობ და არა იქ!
- მაგრამ შენ ხომ დამითხოვე სამსახურიდან!
- ვინ მოგახსენა? როდის გაგათავისუფლე, რა გგონია?
- მშვენივრად იცი, როდის! შენ არ მითხარი, ძალიან არ მჭირდები, თუმცა ადრე სხვანაირად ვფიქრობდიო?
- და იფიქრე, რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი?
- რა თქმა უნდა, შენ…საშინლად მომექეცი!
- იმიტომ, რომ სიამაყე მეც მაქვს.
- სიამაყე რა შუაშია?
- ჩემთან სექსი რომ გინდოდა, ამით მაწყენინეო, არ მითხარი?
გავწითლდი.
- მე არ... ვგულისხმობ, არ ვგულისხმობდი... - დივანზე ჩამოვჯექი. საშკა კი ჩემს პირისპირ სავარძელში ჩაესვენა.
- თალაკვაძეზე ისევ შეყვარებული ხარ?
- რა კავშირშია ეს ჩვენს საუბართან?
- პირდაპირ კავშირშია.
- ჰოჰ! ისევ დროებით სამუშაოს მთავაზობ? - დავცინე.
- მუდმივი რომ შემოგთავაზო, წამოხვალ მისგან? - საშკა ძალიან დაძაბული ჩანდა.
ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ძალიან უნდოდა ჩემი დაბრუნება!
- გინდა დავბრუნდე?
- მინდა რომელია! ერთი სული მაქვს.
უზომო სიხარულმა ამიტაცა. მე მას ყოველდღე ვნახავდი!
ავდექი. მანაც მომბაძა. მის სახეს თვალი ავარიდე.
- ორშაბათს ცხრა საათზე მოვალ, თუ გაწყობს.
მან ამოისუნთქა. აშკარად შვებით.
- მაწყობს. - მითხრა თუ არა ეს, კარისკენ გავემართე, მან კი გზა გადამიღობა. - ერთი წუთით.
სუნთქვა შემეკრა.
- უკაცრავად, მეგონა დავასრულეთ საუბარი, - მისი სიახლოვით სასომიხდილმა ჩავიჩურჩულე.
- მართალია, საქმიანი საუბარი დასრულდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მითქვამს.
- ო! გისმენ! - ზედმეტად სარკასტულად გამომივიდა.
- ქეთი ყოველდღე კონსულტაციაზე დადის. მია გამოჯანმრთელდა. ჩემმა სიძემ მშვენივრად დაისვენა, ჩემი და კი თავს გადასარევად გრძნობს. - სარკაზმს მიმიხვდა და მომაყარა.
- დამცინი, არა?! - ავიჯაგრე.
- შენ მაიძულებ.
- მე? არა, რატომ, - უარყოფას ვაპირებდი, მაგრამ სულ სხვა რამ აღმომხდა, - სინამდვილეში ვნერვიულობ.
- ჩემ გამო?
- ჰო, შენ გამო! უბრალოდ, არ ვიცი რა გინდა ჩემგან. სამსახურზე საუბარს მოვრჩიო და სხვა რა გინდა? რა შუაში იყო ქეთი, ან მია, ან სალომე? სხვა რაზე უნდა მელაპარაკო?
- იქნებ პირადზე?
გაკვირვებულმა შევხედე.
- არა... არ მგონია, პირად საკითხებზე შენთან საუბარი მსურდეს, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. სამსახურის საქმესთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს.
- მე კი მგონია, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, უბრალოდ, ვილაპარაკოთ. ისევ შეყვარებული ხარ რეზიზე? მის ცოლობას აპირებ?
- მე არასოდეს ვყოფილვარ მასზე შეყვარებული. ის, უბრალოდ, კარგი ადამიანია! მაგრამ ეს არ იყო სიყვარული.
დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
- საიდან იცი? - შეარბილა ტონი, - სიყვარულია, როცა საყვარელი ადამიანის თანდასწრებით გული გიჩერდება და ეჭვიანობ, თუ შენი შეყვარებული იცინის და შენ კი არა, სხვას ელაპარაკება.
- ღმერთო, ასე მხოლოდ ვიღაცაზე შეყვარებულ ადამიანს თუ შეუძლია ლაპარაკი. არ ვიცოდი ვინმე თუ გიყვარდა, საშკა! და მერე რა, მას არ უყვარხარ? არ გაუზიარე შენი გრძნობები?
- აბა რა ჯანდაბას ვაკეთებ ამდენი ხანი, თუ იცი?
გაოგნებულს პირი გამიშრა. ის…მე მგულისხმობდა, ჩემს სიყვარულს! არა! ვერ დავიჯერე, მაგრამ მაინც…შევძრწუნდი.
- გინდა მითხრა, რომ შეყვარებული ხარ ჩემზე?
- ჰო, მიყვარხარ! ეს ასე ძნელი მისახვედრია? ის მაინც მითხარი, თავად რას გრძნობ ჩემ მიმართ?
ვყოყმანობდი.
- შენ რა, არ იცი? - შეკითხვა უდიდესი სიფრთხილით დავსვი.
- ვიცი, მაგრამ ხანდახან მეეჭვება. შენ მითხარი, გიყვარვარ?
- ოჰ, მაჭავარიანო! მიყვარხარ, აბა რაა! - გრძნობებით სავსემ ამოვიხავლე. თან მეტირებოდა, თან მეცინებოდა.
- ხომ ვამბობდი, მომაკვდინებელი საფრთხე ხარ-მეთქი! - საშკამ გაიღიმა, შემდეგ ნაზად შემომხვია ხელები და მიმიზიდა. - გაიმეორე!
- მიყვარხარ. გთხოვ მაგრად დამიჭირო, რათა დავიჯერო, რომ ეს რეალურად ხდება.
- როდის შეგიყვარდი? მითხარი, რა, ჩქარა მითხარი! - მოთმენლობამ შემიპყრო.
- მგონი, იმ დღიდან, ლიფტში ატირებული რომ შემოვარდი. თვალებით მას შემდეგ სულ გეძებდი და ვერსად მოგიხელთე. მერე ბაბუაჩემთან გნახე და ენაჩავარდნილი საბოლოოდ მივხვდი, რომ არ ვცდებოდი. შემდეგ ერთბაშად ორი დუშაში გამიგორდა. შენ ბაბუაჩემთან მუშაობას ამთავრებდი, მე კი ქეთის ორსულობის გამო შემცვლელს ვეძებდი. ავდექი და დაგიქირავე. მერე უცებ აღმოვაჩინე, რომ შენი ყოველდღე ჩემს ოფისში გამოჩენა ჩემთვის დღესასწაულის მსგავსი იყო.
- ო!
- რა ო?!
- მაგრამ ქალებში სულ დადიოდი.
- მითხარი, რომ ეჭვიანობდი.
- ვეჭვიანობდი. - არ დავმალე.
ორივეს გაგვეცინა. მან ისევ მაკოცა.
- შენ გამო დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ინტერესს ვკარგავდი სხვა ქალების მიმართ.
ისევ მაკოცა, ახლა უფრო ხანგრძლივად.
- რაზე ვლაპარაკობდი? - კოპები შეიკრა და თვალები ჭერისკენ აატრიალა.
- გგონია მახსოვს? - და ერთად გაგვეცინა.
- შენ როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდი? - თვალები მოჭუტა და ეშმაკურად გამომხედა.
- რაღაცნაირად შეუმჩნევლად, თავისთავად მოხდა. დავიწყე შენთან მუშაობა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ რეზი აღარ მიყვარდა. შემდეგ მთხოვე, ჩემთან გადმოდი და დამეხმარეო. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი...
- იცი? ჯერ არ მითქვამს შენთვის, როგორ ვგრძნობდი თავს იმ ღამეს. უბრალოდ, უცებ მივხვდი, რომ სწორად არ ვიქცეოდი. მია სახლში არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სიტუაციას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ვფიქრობდი, იმედი მქონდა... შენთვის სიყვარულის ახსნას ვაპირებდი და ურთიერთობის გაგრძელების იმედი მქონდა. ჩვენი დილის საუბარი საერთოდ არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდი. ნახევარი საათის წინ კი ისევ ლიფტში შეგეფეთე და სასიკვდილოდ შემეშინდა... ეჭვიანობა და გაბრაზება ერთდროულად მომაწვა... რამდენიმე წამში ოთხმოცდაცხრამეტი ემოცია განვიცადე. ერთი კვირაა გელოდები. შენ კი არ გამოჩნდი. და უცებ რეზისგან გამოსული დაგინახე. არ მეეჭვიანა? ჰმ... ახლა კი ბოლო ათი წუთია ვცდილობ გითხრა, რომ თუ გინდა ჩემს კაბინეტში მუშაობა გააგრძელო, ცოლად უნდა გამომყვე და რაც შეიძლება მალე.
- რა? - ჩავიჩურჩულე ლამის გონდაკარგულმა.
- ვერ გაიგე? კარგი, მარტივად აგიხსნი: მე მჭირდები, როგორც ცოლი, რადგან ჩემს გულში ზიხარ. ისე მიყვარხარ, ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ცოლად გამომყვები.
- ხოოო! - მაცდურად შევათვალიერე, - საშკა, იცი რა? მე ვერ გადავიტან, შენ რომ უბედური იყო.
მან გაიღიმა.
- ანუ ჩემი ბედნიერებისთვის თავს წირავ?
- თავსაც და გულსაც. რაც მთავარია, ჩემი ოცნების მუყაოს ფრთებს არასდროს დავემშვიდობები, რადგან მაინც მომიყვანა შენამდე. წვიმამაც დაასველა, მზემაც დაწვა, მაგრამ მაინც მომიყვანა.
- მე სულ მქონდა შენი ფრთების იმედი. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. - მითხრა და ვნებისგან აცახცახებულმა მკერდზე მთელი ძალით მიმიკრა.
თურმე სცოდნია...
დასასრული
იხილეთ რომანის დასაწყისი