ონლაინრომანი "შეხვედრა წარსულთან"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
იხილეთ პირველი ნაწილიგაგანია ზაფხული იდგა. ერთ კვირაში შვებულებაში უნდა გავსულიყავი და დღეებს ვითვლიდი, როდის მოვიდოდა ნანატრი დრო, რომ ადამიანურად დამესვენა. ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, რაც მუშაობა დავიწყე და ზღვისკენ ვაპირებდი გავარდნას. წინ თავისუფლების ოცდაოთხი დღე მელოდა - ცხელი, მზიანი და ზღვიანი. ძილშიც კი ზღვა მესიზმრებოდა.
ორშაბათი დღე იყო. შემოვლა რომ დამთავრდა, მთავარმა ექიმმა, როგორც ყოველთვის, თათბირი ჩაგვიტარა. სამსახურში ყველაზე მეტად ეს ორი პროცესი მეჯავრებოდა - შემოვლა და თათბირი. იმიტომ არა, რომ მოწადინებული არ ვიყავი, ჩემი პროფესია არ მიყვარდა ან ვზარმაცობდი, უბრალოდ, წმინდა ფორმალობად მიმაჩნდა ეს ყველაფერი და იმიტომ. არაფერი არსებითი ამ დროს არ კეთდება, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხია და მორჩა. ფუჭი დროის ფლანგვაა, მე თუ მკითხავთ. თუ მძიმეა ავადმყოფი, კონსილიუმია მოსაწვევი და სამსჯელო საქმეა, სხვა ამბავია. დანარჩენ შემთხვევაში კი ყველა ექიმს თავად შეუძლია მიხედოს თავის პაციენტს.
ერთი სიტყვით, ჩავამთავრეთ თათბირი და დავბრუნდი ჩემსა და ალიკას კაბინეტში. ალიკას ერთ საათში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, მეც უნდა მივხმარებოდი, ამიტომ უნდა მომესწრო ყავის დალევა, რომ მხნედ ვყოფილიყავი. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც დღეს ყავით არ იწყებენ. დილით მხოლოდ კარგი საუზმე და ჩაი, ყავა კი მოგვიანებით, საუზმესა და სადილს შორის. ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი ბევრად სასარგებლოა.
ორიოდე წუთის შესული ვიყავი კაბინეტში, ალიკა რომ შემოვიდა თავისი ნიჩბისხელა ხელების ქნევითა და ეშმაკური ღიმილით.
- აუ, ბიჭო, რა გოგოა, იცი? - ხელისგულები გემრიელად მოისრისა და მომაჩერდა.
- ვინ გოგო? - ზანტად ავხედე და უჯრიდან ყავის პაკეტი ამოვაძვრინე.
- მიდი, გასინჯე, ზუსტად საშენოა, - სიცილით მითხრა და მაგიდას მიუჯდა, - ასეთი ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება გვყავდეს, სხვას არავის.
- ვინ გოგო, რა გოგო, ალიკ! ვერაფერი გავიგე, - ყავა მადუღარაში ჩავყარე, ერთი კოვზი შაქარიც დავამატე და საპროცედურო ოთახში დავაპირე გასვლა, რომ იქ ამედუღებინა. მხოლოდ საპროცედუროში გვქონდა ელექტროღუმლის ჩართვის უფლება, მთავარი ექიმი ამას კაბინეტებსა და საორდინატოროში გვიკრძალავდა.
- ანრი, შე ძველო, როდის იყო, ყავას შენ თვითონ იყუღებდი, ა? ვერ უთხარი ვერიჩკას, უცებ მოგიცუნცულებდა. ისედაც სულ თვალებს გიჟუჟუნებს.
- ალიკ, რამდენჯერ გითხარი, ეგეთი რამეები არ მითხრა-მეთქი. ხომ იცი, რომ ექთანი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
- კი, აბა, უცებ დაგიჯერე! ლიკა ექთანი არ იყო, თუ? შენ გამო ქალმა სამსახური მიატოვა.
გულზე უსიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები, მაგრამ ვამჯობინე, უპასუხოდ დამეტოვებინა, თორემ უნდა ავყოლოდი ლაპარაკში და აუცილებლად გავღიზიანდებოდი. ამიტომ სიტყვის უთქმელად გავედი ოთახიდან.
საპროცედუროს კარი მიხურული დამხვდა. ვიფიქრე, ეს ექთანები რამე ქალურ საქმეში არ იყვნენ გართულნი, უცებ კაბააწეულს არ წავადგე-მეთქი და ყოველი შემთხვევისთვის დავაკაკუნე.
თითქოს მე მელოდნენო, კარი იმწამსვე გაიღო და ვერა შემრჩა ხელში, ახალგაზრდა, შავგვრემანი, თვალებბრიალა პუტკუნა ექთანი.
- ანდრია ექიმო, თქვენ უნდა გასინჯოთ, არა? - მკითხა და ჯეზვე გამომართვა, - მე მოგიდუღებდით, რატომ არ მითხარით? - ამ სიტყვებით ზურგი შემაქცია და მომცრო ოთახში გავიდა, სადაც ჩვენი ექთანები, ჩვეულებრივ, ყავას ადუღებდნენ.
მე კი... მე კი შევრჩი პაციენტს, რომელიც თურმე უნდა გამესინჯა...
ვერ გეტყვით, რა დამემართა... გოგონა სკამზე იჯდა. თივისფერი თმა უკან გადაეყარა და დაძაბული მზერით მომჩერებოდა. ყველაზე გამაოგნებელი მისი თვალები იყო - ლურჯზე ლურჯი, დიდრონი, მზერა თითქოს საიდანღაც, სიღრმიდან მოდიოდა. ჯერ მარტო ამ თვალების შემონათება ღირდა ერთ სიცოცხლედ. ალბათ ამაზეა ნათქვამი, უძიროო. შევყურებდი და ვგრძნობდი, სადღაც უსასრულოდ რომ ვიძირებოდი, ვერ ვხვდებოდი, სად მთავრდებოდა ამ საოცარი თვალების სიღრმე. შავი და ხშირი წამწამები ისე შემოხვეოდა ამ თვალებს, გეგონებათ, შავი ფანქარი უსვიაო, არადა, საერთოდ არ იყო დახატული. მაკიაჟშეუხებელი სახის კანი ჰქონდა და კოცნას დახარბებული ჟოლოსფერი ტუჩები. ოღონდ არ მკითხოთ, საიდან დავასკვენი ეს. უბრალოდ, გუმანით მივხვდი, რომ მის ტუჩებს მამაკაცის კოცნა აკლდა.
ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა.
- გამარჯობათ. მე მეექვსე პოლიკლინიკიდან გამომგზავნეს, - ნაზად ამოთქვა.
- იურამ? - ვკითხე და თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე.
პატარა მკერდი ჰქონდა, თითები - ნატიფი, ფეხები - ჩამოსხმული, სიმაღლე - საშუალოზე მაღალი. სხვა რაღა იყო საჭირო იდეალური სილამაზისთვის? ნამდვილად ვერც ერთი მაშინდელი ეკრანული ვარსკვლავი ვერ შეედრებოდა.
რა თქმა უნდა, ალიკა მართალი იყო. ქართველების გარდა ვის შეიძლებოდა ჰყოლოდა ასეთი სრულყოფილი არსება?
- დიახ, იურა ექიმმა მირჩია. ალიკა თქვენ ხართ?
- არა, მე ანდრია ვარ. ალიკა ექიმს ამწუთას არ სცალია. რას ვუჩივით? დაბრძანდით, დაბრძანდით, - ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე, გავიარ-გამოვიარე, მერე ექიმის მედიდური მზერა ავიფარე, სკამს ხელი დავავლე და წინ დავუჯექი.
- აი... ეს იქ მომცეს, პოლიკლინიკაში, - და დიაგნოზდასმული თაბახის ქათქათა ფურცელი მომაწოდა.
ჩავხედე დასკვნას. ნანა მელიქიშვილი, 19 წლის... შემდეგ მოდიოდა ჩამონათვალი სამედიცინო ტერმინებისა და ბოლოს დიაგნოზი.
გოგონას სწორი ნაწლავი ჰქონდა დახეთქილი, თუ ამ ფურცელს დავუჯერებდით. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთ ნაზ გოგოს საიდან უნდა გასჩენოდა სწორ ნაწლავზე ნახეთქები და შეკითხვებისთვის მოვემზადე. მეშინოდა, ენა არ დამბმოდა, იმდენად არამიწიერად ლამაზი იყო.
- ნამშობიარები ხართ? - დავსვი პირველი სამედიცინო შეკითხვა.
- არა, გათხოვილიც არ ვარ, - თავი გააქნია და ანერვიულებულმა თითები ერთმანეთს ჩააწნა, თითქოს გამომძიებელთან ყოფილიყო დაკითხვაზე.
- ნუ ნერვიულობთ, საშიში არაფერია. უბრალოდ, მიზეზს ვიკვლევ, რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია, - თან გავუღიმე, - ცხარე საჭმელი გიყვართ?
- არა, არც ისე... - დაბნეულმა მომიგო და თვალები დახარა.
- კუჭის მოქმედება როგორი გაქვთ? ყაბზობა ან...
- ნორმალური, - სიტყვა შუაზე გამიწყვიტა, - არც შეკრული მაქვს და არც აშლილი.
- მდა... კარგი, გაიხადეთ და სავარძელზე ადით, გაგსინჯავთ.
- სულ გავიხადო? - გაუფართოვდა ისედაც ფართო თვალები.
- არა, სულ არა, მხოლოდ წელს ქვემოთ.
- ყველაფერი?
ჩამეცინა.
- იურამ როგორ გაგსინჯათ? ჩაცმული?
- ა..რაა... მაგრამ...
- არავითარი მაგრამ. გაიხადეთ! - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, მომეჩვენა, რომ სპეციალურად მიამიტობდა ასე, თორემ მშვენივრად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
გაიხადა და სავარძელზე ავიდა. ცხოვრებაში პირველად შევცქეროდი პაციენტს სხვა თვალით. ანუ, არა ექიმის თვალით, არამედ მამაკაცის, რომელიც ქალის სილამაზემ მონუსხა. მართლაც უნაკლო გოგო იყო.
დავათვალიერე პრობლემური ადგილი, რაც ერთობ მტკივნეული პროცესია, მაგრამ გაუძლო, ერთი-ორჯერ დაიკვნესა მხოლოდ და ეგ იყო. დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდებოდა. იურას სწორად ჰქონდა ყველაფერი შეფასებული. ჩემი პაციენტი ოპერაციას ვერ ასცდებოდა, რამაც გამახარა, რადგან ბევრჯერ მომიწევდა მისი ხილვა.
- ჩაიცვით! - მოკლე ბრძანება გავეცი და ხელთათმანები გავიძრე, მერე ონკანს მივადექი და ხელების დაბანვას შევუდექი.
ამასობაში ჩაიცვა და კვლავ დაჯდა. მოუხერხებლად იჯდა, სკამის კიდეზე. მვხვდი, უჭირდა დაჯდომა, ტკივილი აწუხებდა.
- დაჯდომას ვერ ახერხებთ?
- დაჯდომას კი არა, სიარულსაც ვერ ვახერხებ. ძალიან მტკივა, - თვალები ცრემლით აევსო.
უჰ, თვალცრემლიანი უკეთესი სანახავი იყო. მზერას ვერ ვწყვეტდი, მინდოდა სულ მეყურებინა.
- არა უშავს, მოვუვლით მაგ საქმეს, - დავამშვიდე, - წამობრძანდით.
- ყავაც გაიყოლეთ, ანდრია ექიმო! - მომაძახა ვერამ, რომელსაც ჯეზვე ხელში ეჭირა.
- მერე საოპერაციოში შემომიტანე, ვერიკო, ხო? - ხვეწნის გამომხატველი მზერით გავხედე.
- როგორც მეტყვით, - მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა ვერამ.
კაბინეტში გავედი და ნანაც თან გამოვიყოლე. ალიკას უზარმაზარი ღვეზელი ეჭირა ხელში და გემრიელად იღმურძლებოდა. თითები ერთიანად ცხიმში მოსვროდა და გაზეთილი ტუჩებიც უბზინავდა.
- უი, ბოდიში, მაპატიეთ... - უცებ დაფაცურდა, როგორც კი ნანა დაინახა და ღვეზელი მაგიდაზე შემოდებულ პარკში ჩადო, - ახლავე მოგხედავთ, - თქვა და ოთახიდან გავარდა ხელ-პირის დასაბანად.
ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და ალიკას დაბრუნებას ველოდებოდით. ხმას ვერ ვიღებდი, დავმუნჯდი. მორჩა, ეს გოგო ჩემთვის მინდოდა. არა მხოლოდ ის, რომ მომეწონა, არამედ სხვა რამეც ვიგრძენი. თითქოს ეს ის იყო, ჩემი სადღაც გაბნეული მეორე ნახევარი, რომელიც ჩემთან შერწყმით ერთ მთლიანს შექმნიდა. ასე მეგონა, უკვე მიყვარდა.
ალიკა ფაცხაფუცხით შემოვიდა, სველი ხელები თმაზე გადაისვა და დაჯდა.
- აბა, რა პრობლემა გვაქვს? - იკითხა და ჩემი მიწოდებული ფურცელი გადაიკითხა.
- ჰო, - გადააქნია თავი, - იურა არ შეცდებოდა, ხომ? - მზერა მომაპყრო.
- არა, არ შემცდარა.
- ნუ, რაცაა, ესაა, - ფურცელი მაგიდაზე ისროლა და პრიალა ზედაპირზე თითების რაკუნს მოჰყვა, თან ხან მე შემომხედავდა, ხანაც ნანას.
- ანუ? - ნანა წინ გადმოიხარა და მუხლებზე დადებულ ხელჩანთას დაეყრდნო.
- ქალბატონო ნანა! - დაიწყო ალიკამ, - იმას, რაც თქვენ გაწუხებთ, სწორი ნაწლავის ნახეთქი ჰქვია, რასაც უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ცხარე, მჟავე, ზედმეტად მარილიანი საკვები, მშობიარობის პრობლემები ან კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება. ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ყველა ვარიანტში ოპერაციის გაკეთება მოგვიწევს, სხვანაირად ვერ მოვრჩებით. აქ წამლები და სტაციონარული მკურნალობა ვერაფერს გვიშველის.
გოგონას ისეთი შიში დაეუფლა, რომ თვალები მოუსვენრად აუცეცდა და სახე აელეწა.
- მის გარეშე ვერა? - ტირილნარევი ხმით იკითხა.
- მის გარეშე ვერა, - მივუგე მე, - მარტო ხართ მოსული?
- დიახ.
- მშობლები გყავთ?
- დეიდა მყავს.
გული შემეკუმშა. თურმე დედაც არ ჰყოლია... არც მამა. საწყალი დეიდა. ასეთი გოგოს მწყემსვა არ გინდა?
- ახლა წაბრძანდით სახლში, მოელაპარაკეთ დეიდას და ხვალ ორივენი მოდით. საჭირო ნივთები წამოიღეთ და დაგაწვენთ. ერთ-ორ დღეში ანალიზებს გავიკეთებთ და სადღაც ხუთშაბათისთვის ოპერაციასაც დავნიშნავთ. სულ რაღაც ერთი საათი და მორჩა, თქვენი პრობლემა მოიხსნება. - აუხსნა ალიკამ.
ნანას თვალებში ცრემლი გამრავლდა, ნიკაპი აუკანკალდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო.
- აბა, აბა, ცრემლები არ დამანახვოთ. რა არის აქ სატირალი? ვერაფერს გაიგებთ, ისე გავაკეთებთ ყველაფერს. აბა, შეხედეთ, ამისთანა ბიჭი იზრუნებს თქვენზე. პირიქით, უნდა გიხაროდეთ! - და "ყასაბმა" მზერა ჩემკენ "გამოიშვირა". ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ალიკას მეტსახელად ყასაბი შევარქვით.
- რა ღირს ოპერაცია? - ძლივს გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი.
- მაგაზე დეიდათქვენთან დავილაპარაკებთ. სასურველია, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, თორემ სიტუაცია უფრო გართულდება. უკვე ვატყობ, რომ წესიერად ვერ ჯდებით, ხომ ასეა?
- სიარულიც უჭირს, არათუ დაჯდომა, - შევაშველე სიტყვა.
- მით უმეტეს. სწავლობთ თუ მუშაობთ?
- ვსწავლობ... სტუდენტი ვარ.
- ოპ! კარგია! ხე-ხე-ხე! - უადგილოდ გაიცინა ალიკამ და ადგა.
- მე უნდა დაგტოვოთ, ოპერაციაზე შევდივარ. ანდრია, გელოდები. ხუთ წუთში ჩემთან! - საჩვენებელი თითი მაჯაზე დაიკაკუნა, თვალი ჩამიკრა და გავიდა.
მხრებში მოკუნტული ნანა ნელა წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
- ხომ დამაძინებთ?
გულში გავივლე, ჩემი ნება რომ იყოს, ყოველდღე ჩემ გვერდით, ჩემს საწოლში დაგაძინებდი-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამე ვთქვი:
- არა, დაძინებით არ დაგაძინებთ. ეს არ არის რთული ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიაც საკმარისი იქნება, მაგრამ თქვენ ვერაფერს გაიგებთ, საერთოდ არ გეტკინებათ, დამიჯერეთ.
- ღმერთო, არ შემიძლია! - წვრილი ხმით წამოიძახა და უეცრად ისეთი ტირილი ამოუშვა, კინაღამ გული გამიჩერდა.
მივუახლოვდი, მხარზე ხელი მოვხვიე და დამშვიდება დავუწყე.
- რა გატირებთ? საშიში არაფერია. პატარა ხომ არ ხართ? ყველაფერი კარგად იქნება.
ხუთი წუთი კი მოვუნდი მის დამშვიდებას. ჩემი ცხვირსახოცი მივეცი, რომ ცრემლები მოეწმინდა. ტირილისგან ცხვირიც კი გასწითლებოდა.
როგორც იქნა, გავაცილე და საოპერაციოში შევვარდი, დრო აღარ იცდიდა...
***
მთელი დღე გაბრუებული ვიყავი. ოპერაციაზეც კი სულ ნანაზე ვფიქრობდი. უკვე დავაწყვე მომავლის გეგმები. ამ გოგოს ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი. თუ ოდესმე ცოლს შევირთავდი, მხოლოდ და მხოლოდ მას და სხვას არავის. ობოლი რომ იყო და დეიდა ზრდიდა, ეს კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ასეთ გოგოს პატრონი სჭირდებოდა, პატრონი მამაკაცის სახით, თორემ ვინ იცის, რა ფათერაკს გადაეყრებოდა თავისი სილამაზის გადამკიდე.
ღამითაც არ მიძინია წესიერად. დილით ერთიანად დათეთქვილს გამეღვიძა. ვიბანავე და საგანგებოდ კოხტად ჩავიცვი, რომ მისთვის და დეიდამისისთვისაც თავი მომეწონებინა. გასვლის წინ, როგორც ყოველთვის, სარკეში ჩავიხედე. შევყურებდი სარკეში არეკლილ ანდრიას და კმაყოფილება მიპყრობდა. აბა, ვინ დაიწუნებდა ასეთ სიმპათიურ ექიმს. საკუთარი გარეგნობით ნასიამოვნებს გული დამიმშვიდდა...
ნანას დეიდა, ქალბატონი კლარა (ნეტავ ვინ დაარქვა ეს სასწაული სახელი?) ერთობ მომხიბვლელი მანდილოსანი აღმოჩნდა. ოცდაცხრამეტი წლის იყო და ისეთი შენახული, თვითონ რომ არ ეთქვა, ოცდაათისაც არ გეგონებოდათ. მაღალი, თხელი ქალი იყო, მკერდსავსე და წვრილწელიანი. დეიდა-დისშვილი იერით ჰგავდნენ ერთმანეთს. რომ არ მცოდნოდა, დედა-შვილადაც კი აღვიქვამდი. ალბათ დებიც ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან ნანა დეიდას გამოემგვანა. მისნაირი სხეული ჰქონდა, სახის ნაკვთებიც, მხოლოდ თვალების ფერში იყო განსხვავება და ღიმილში. ნანას თბილი ღიმილი ჰქონდა, კლარას - ცივი და ოფიციალური. აშკარად ჩანდა, თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო, თითქოს ზემოდან გადმოგვყურებდა. ცხვირის კეხზე წამოსკუპებულ სათვალეს წარამარა მაღლა სწევდა, თანაც - ნეკით, თითქოს საჩვენებელი თითის ხმარება უზრდელობაში ჩაეთვლებოდა.
- ეს ბავშვი ობლადაა გაზრდილი, - გულგრილი სახით გვიყვებოდა მე და ალიკას, თან მბრძანებლური ტონით, როგორც დირექტორი თავის ხელქვეითებს, - სამი წლის იყო, რომ ჩავიბარე. დედამისი მეორე ბავშვის მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი სიძე კი ნარკოტიკებს მიეძალა და სამ წელიწადში უკან მიჰყვა ჩემს დას. ამის მეტი ქვეყნად არავინ მყავს. მე ვიღაც არ ვარ, საკმაოდ სერიოზული ადგილი მიჭირავს საზოგადოებაში, ამიტომ გთხოვთ, ყურადღება არ მოაკლოთ. იმედია, ზარი ზემოდან საჭირო არ იქნება, - ლამის დაგვემუქრა.
- ქალბატონო კლარა, სხვა თუ არაფერი, თქვენნაირ მშვენიერებას ვერ გავუბედავთ, რამე ვაწყენინოთ და გული ვატკინოთ. ჩვენ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. იცით, დღეში რამდენ ასეთ ოპერაციას ვაკეთებ? აუუ, ბევრს, - ხელი აიქნია ალიკამ და თავის ქებით აშკარად გაეპრანჭა ნანას დეიდას, - ასე რომ, დამშვიდდით, დაწყნარდით და თქვენს დისშვილს ერთ კვირაში საღ-სალამათს ჩაგაბარებთ...
ნანა იმ დღესვე დაწვა ჩვენთან. ორკაციან პალატაში მოვათავსებინე, რომ თავი ამითაც მომეწონებინა. დეიდამისს, ჩანდა, რომ კარგი შთაბეჭდილება დარჩა ჩემზე. ისე მათვალიერებდა, როგორც გასაყიდ საქონელს, რომლითაც აღფრთოვანებული არიან და აუცილებლად შეიძენენ. მეც ეს მინდოდა.
იმ დღეს უკვე დაგვიანებული იყო და ანალიზების აღება მეორე დილისთვის გადაიდო. დილით უჭმელი უნდა ყოფილიყო, რომ ლაბორანტს თავისი საქმე გაეკეთებინა.
ძალიან აღტყინებული ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში ერთი სული მქონდა, მის პალატაში შემეხედა და კიდევ ერთხელ, ვინ იცის, მერამდენედ, თვალი მისთვის შემევლო. ყოველ კარის შეღებაზე ვეკითხებოდი, აბა, როგორ ხარ, ხომ არ გეშინია, რამე ხომ არ გინდა, ხომ არ მოიწყინე და ა.შ. მეორე პაციენტი, სამი შვილის დედა, რომელიც იმავე პალატაში იწვა და ბუასილის ოპერაცია წინა კვირას გავუკეთეთ, ჩემს ყოველ დანახვაზე ეშმაკურ ღიმილს გადაიფენდა სახეზე, თითქოს მეუბნებოდა, მიგიხვდი, ასე წარამარა აქ რატომაც შემორბიხარო.
ერთი სიტყვით, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნანას ანალიზები აუღეს, პასუხები საღამოს მაგიდაზე დამიდეს და საოპერაციოდაც გავამზადეთ.
გათენდა ხუთშაბათი და შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ალიკა თან მუშაობდა, თან ხუმრობდა. ნანა განაბული იწვა, ხანდახან თუ შეეცვლებოდა სახის ნაკვთები, მაგრამ ეს უფრო უსიამოვნო შეგრძნებისგან იყო, ვიდრე ტკივილისგან, რადგან იმდენი ნემსი ჰქონდა გაკეთებული, რომ ნამდვილად არ უნდა სტკენოდა. ფაქტობრივად, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.
იმ ღამეს სამორიგეოდ დავრჩი, გიგის გავუცვალე მორიგეობა, რათა ნანასთან მე დავრჩენილიყავი. სწორედ იმ დღეს გაწერეს პალატაში მწოლიარე მეორე პაციენტი და იგი ახლა მარტო იწვა. ლამის მის საწოლთან გავატარე ღამე. როცა ძალიან შეაწუხებდა ტკივილი, გამაყუჩებელს ვუკეთებდი, რომ ზედმეტად არ გატანჯულიყო. ძირითადად, მთელი ღამე ძილში გაატარა, ოღონდ მშფოთვარე ძილში. კარგა ხანს მეჭირა მისი თლილი თითები ხელში და სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლიდა. ძალიან რბილი და საყვარელი თითები ჰქონდა, რომელიც უმწეოდ, ლამის უსიცოცხლოდ ესვენა ჩემს ხელში.
მეორე დღეს ცოტათი გამოცოცხლდა. დეიდამისმაც ინახულა, ჩვენ დიდი მადლობა გადაგვიხადა, ფული ჩუმად ჩაგვიცურა ხალათის ჯიბეებში ორივე ექიმს და საიდუმლოდ გვიჩურჩულა, თუ დამატებით რამე იქნება საჭირო, უკან არ დავიხევო.
იმის აღებაც არ მინდოდა, რაც მომცა, მაგრამ უარის თქმაც არ გამოდიოდა. ისეთი კმაყოფილი და სავსე ვიყავი ნანას გაცნობით, რომ საკუთარ სხეულში ვერ ვეტეოდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, ასე ხანმოკლე თუ გამოდგებოდა ჩემი სიხარული, ვინ წარმოიდგენდა, წინ საშინელი დღეები თუ მელოდა...
ოპერაციიდან მესამე დღე გათენდა. ადრიანად მივედი სამსახურში, რომ ნანა მენახა და მომეკითხა. წინა საღამოს ტემპერატურა ჰქონდა, ღამით კი უფრო აუწია და, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, პერიტონიტი არ განუვითარდეს-მეთქი. სკალაზე წითელი ხაზი ოცდაცხრამეტს რომ მიაღწევს, ყველა ექიმს ექმნება შეშფოთების საფუძველი. ალიკა კი იყო მშვიდად, ისეთი ყოჩაღი და ჯანმრთელია, არაფერი ემუქრებაო, მაგრამ მე ჩემი დამემართა. სამსახურში მისული კაბინეტშიც კი არ შევედი, პირდაპირ მის პალატას მივადექი. ღამით დავრეკე და მითხრეს, ექვსი ხაზით დაუწია სიცხემო, მაგრამ ეს მთლად სანუგეშო სიტუაცია არ იყო.
მშვიდად იწვა, ფანჯრისკენ მიებრუნებინა ლამაზი სახე. ჩემს დანახვაზე ოდნავ წამოიწია საწოლში.
- იწექი, იწექი, - ხელით ვანიშნე, - როგორ ხარ, აბა?
- კარგად. სიცხე აღარ მაქვს, - მორიდებულად გამიღიმა და დიდრონი თვალები შემომანათა.
სადღაც, სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შეაღწია ამ მზერამ და იქაურობა გაანათა. არათუ გაანათა, გაათბო კიდევაც. ასეთი სასიამოვნო ჟრუანტელი ჯერ არ მახსოვდა ცხოვრებაში.
- ჩვენ კი გვარიანად შეგვაშინე და... - მეც გავუღიმე და ხელი ავწიე, რომ თმაზე გადამესვა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი, ჯერ ნაადრევია ასეთი გაშინაურება-მეთქი.
- როდის გამწერენ? - ხმა ჯერაც მისუსტებული ჰქონდა.
- მალე. ასე ძალიან გინდა აქედან გასვლა?
- მინდა, - პატარა ბავშვივით სხარტად მიპასუხა.
- არაფერი გაჩერებს აქ? სულ არაფერი? - დავაწვრილმანე კითხვა, რომ მიმენიშნებინა, რასაც ვგულისხმობდი.
გაწითლდა. მიმიხვდა. თვალები მინაბა და ჩურჩულით თქვაა:
- რაც აქ მაჩერებს, იმას გარეთაც ვნახავ, მაგრამ რაც გარეთაა, იმას აქ ვერ ვპოულობ, - ფილოსოფიური პასუხი გამცა.
- მართლა? მათ შორის მეც... მნახავ გარეთ? - ჩავაცივდი.
მზერა ამარიდა, თან არაფერი არ თქვა.
საოცარი სანახავი იყო. ირიბად იცქირებოდა, თითქოს რაღაც საინტერესოს მიშტერებიაო, წამითაც არ დაუხამხამებია თვალი. ამწუთას ფაიფურის თოჯინას ჰგავდა.
- მიპასუხე... - გავუმეორე.
- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, - ჩურჩულით თქვა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა.
ისე ამოვიხვნეშე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე, როცა მისი ენისა და ტუჩების მოძრაობას ვუცქეროდი. იმხელა ნერწყვი გადავაგორე, სასულეში გადამცდა. ამიტყდა ხველა და ვერ გავჩერდი. ავიფარე პირზე მუშტი, სახე შევაბრუნე და ვახველე და ვახველე. ნანამ ზურგზე რამდენჯერმე დამკრა ხელი, ბებიებმა რომ იციან ისე.
- გაცივებული ხართ? - მკითხა, როცა ცოტა მომეშვა.
- არა, ნერწყვი გადამცდა სასულეში, - გავუღიმე და ამ ღიმილით მივეფერე.
- ცუდია, - ისევ ჩურჩულზე გადავიდა და მოულოდნელად მკითხა, - ცოლი გყავთ?
ლამის სიცილი ამიტყდა. ესე იგი, მოვწონვარ. სხვა შემთხვევაში ამ შეკითხვას არ დასვამდა.
- ჯერ არა, მაგრამ მეყოლება. - ცოტა არ იყოს, მეხამუშა ჩემი პასუხი და შევიშმუშნე, ეს კი იმით გამოვხატე, რომ საჩვენებელი თითი ცხვირის ნესტოებთან გავისვ-გამოვისვი.
- როდის? - ახლა ის ჩამეძია.
- მალე.
- ისა... - უეცრად შემომხედა, თავისი ლამაზი მზერით მოეპარა ჩემს თვალებს და ცალი წარბი უცნაურად აწკიპა მაღლა, ძალიან მაღლა. პირველად ვნახე, ასე მაღლა აზიდულიყო ადამიანის წარბი, - ეს "მალე" აქ მოდაშია? ყველაფერზე მალეს მეუბნებით, - და გაიცინა. ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რადგან უცებ დაიჭყანა, ჭრილობას არ მოუხდა სიცილი.
- მე ყველაფერი მალე მიყვარს, - ავუხსენი ჩემი "მალეს" "მოდურობის" მიზეზი. - მეც, - მომიგო და ისე კმაყოფილმა გაიღიმა, თითქოს აღმოჩენა გაეკეთებინოს.
- აი, ხომ ხედავ, რაღაც საერთო გვქონია, - საზეიმო ხმით წარმოვთქვი და ხელის ზურგზე ხელისგული შევახე. შევახე და დარჩა ჩემი ხელი მის ხელზე.
არ გაუწევია. არც არაფერი უთქვამს, მრავალმნიშვნელოვანი მზერით გამომხედა მხოლოდ. ოდნავ მოვუჭირე თითები. რეაქცია ნოლი. კიდევ მოვუჭირე. კვლავ გამომხედა. ამჯერად მაგრძნობინა, ყველაფერი გასაგებიაო.
ამ დროს გარედან ხმაური მოისმა. სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გამოვედი, ვერც კი მოვასწარი, რამე მეთქვა.
თანამშრომლები იყვნენ, სამუშაო დილა იწყებოდა.
კაბინეტში გავედი, ალიკა ჯერაც არ მოსულიყო. ერთიანად აღგზნებული ვიყავი. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მეც ერთი სული მქონდა, როდის გავწერდით, რომ გარეთ რაც შეიძლება მალე შევხვედროდი და ურთიერთობა გამეგრძელებინა. ვგრძნობდი, უკვე ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მაინტერესებდა, ყველა კაცს ასე ემართებოდა მის დანახვაზე, თუ მე ვიყავი გამონაკლისი? მინდოდა, მხოლოდ მე ვყოფილიყავი გამონაკლისი, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩემთვის იყო გაჩენილი, თან უფრო მშვიდადაც ვიქნებოდი, თუ სხვა მამაკაცები შლეიფივით არ ეყოლებოდა აკიდებული.
თორმეტი საათი იქნებოდა, ვერიკო რომ შემოვიდა. ცენტრალური ლაბორატორიიდან პაციენტთა ანალიზის პასუხები შემოიტანა და მაგიდაზე დამიდო.
- ალიკა არ გამოჩენილა? - ვკითხე და პასუხების შეკვრა ჩემკენ მოვაჩოჩე.
- არა, ორ საათში მოვალო, დარეკა.
- მადლობა, ვერიკო.
ექთანმა კარი გაიხურა, მე კი ანალიზის პასუხების გადათვალიერება დავიწყე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ნანასი მანტერესებდა, მაგრამ მაინც გულდასმით, ნელა ვავლებდი თვალს თითოეულ ფურცელს, რამე საეჭვო არ გამომპარვოდა.
აი, ისიც... ნანა მელიქიშვილი... რაო?.. ფურცელი ახლოს მივიტანე თვალებთან. ეს რა წერია? არ არსებობს! ეს შეუძლებელია! უეცრად თვალწინ ყველაფერი ერთბაშად აყირავდა, მათ შორის მეც და სადღაც ჰაერში დავრჩი გამოკიდებული.
შიდა ტელეფონს ვეცი და ვერიკო ვიხმე.
- ვერა, მელიქიშვილს როდის აუღე სისხლის ანალიზი?
- ოპერაციის წინა დღეს, რა იყო? - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
- ტემპერატურა ხომ არ ჰქონდა მაშინ?
- არა მგონია... რა ვიცი, არ უთქვამს.
- იმედია, არაფერი შეგეშლებოდა.
- რას ნიშნავს, შემეშლებოდა?
- ანუ... სხვისი სისხლი ხომ არ გაგზავნე შემთხვევით ცენტრალურში...
- არა, ანდრია, რას ამბობ! - ისეთი ტონით მომიგო, ეგ როგორ მაკადრეო, მაგრძნობინა.
- კარგი, მადლობა.
ვერა გაბუტული გავიდა კაბინეტიდან, მე კი ჭკუაზე არ ვიყავი. გაოგნებული და დაბნეული მუშტებს ვურტყამდი მაგიდის ზედაპირს, რა თქმა უნდა, მსუბუქად. ისევ ვიხმე ვერა.
- ვერიკო, მელიქიშვილს კიდევ ერთხელ აუღე სისხლი, სანამ უსაუზმია, რამე შეცდომა არ გაგვეპაროს.
- კარგი, - ექთანი ვერაფერს მიმხვდარიყო, გაოცებული შემომცქეროდა, - რამე ცუდია?
- ჰო, - ცივად მივუგე და შუბლი მოვისრისე, - რატომღაც, მგონია, რომ ასე არ უნდა იყოს.
ცოტა ხანს შევიცადე, დაახლოებით იმდენ ხანს, რამდენსაც ვერა ვენიდან სისხლის აღებას მოანდომებდა, მერე კი ნანას პალატაში შევაბიჯე.
ისევ ის მზერა... დამბანგავი, გამაბრუებელი... ხელი მაჯაში მოეხარა და თითები მოემუშტა. ვერიკოს თავისი საქმე უკვე გაეკეთებინა.
სკამი მოვწიე და წინ დავუჯექი.
- წესით, ახლა კაბინეტში უნდა დამებარებინე და იქ გველაპარაკა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდა ჩვენს საუბარს ვინმე დაესწროს.
- დიახ, - მოსწავლესავით მიპასუხა.
- აგიღეს სისხლი, ხომ?
- დიახ.
ჩავახველე, მიჭირდა ლაპარაკის დაწყება.
- ნანა, შენ მითხარი, რომ გათხოვილი არ ხარ და არც ყოფილხარ.
- დიახ.
- შეყვარებული? გყავს შეყვარებული?
- არა. - სახე ღიმილმა გაუნათა, ეგონა, სიყვარულის ახსნას ვაპირებდი და იმიტომ მიჭირდა თავისუფლად ლაპარაკი.
- ისე მამაკაცი? - ყველაზე ძნელი შეკითხვა დავსვი და თან დავაშტერდი, მზერით გავბურღე.
ჭარხლისფერი გაუხდა სახე, თვალები უეცრად ჩაუქრა და გაუქვავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოცხალ ადამიანს კი არა, ნახატს მივჩერებოდი.
- არა, - რამდენიმე წამის შემდეგ ძალიან ხმადაბლა მიპასუხა, ძლივს გავიგონე.
- მომისმინე... შეიძლება ეს შეცდომაა, მაგრამ... იმ დღეს, აქ რომ დაგაწვინეთ, სიცხე ხომ არ გქონდა?
- არა. რატომ მეკითხებით? რა მოხდა?
- ქალწული ხართ? - ჭირის დღესავით მეჯავრებოდა ხოლმე ამ შეკითხვის დასმა, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო?
მიტკლისფერი დაედო სახეზე, თვალებში კი ძრწოლისმაგვარი რაღაც გაუკრთა. მაშინვე შევნიშნე ეს, არ გამომპარვია.
- კი... ვარ, - შეშინებულმა მომიგო, საწოლში ჩაცურდა და საბანი ნიკაპამდე აიფარა.
- ანუ... არ ვიცი, როგორ გითხრა... სექსი არ გქონია არავისთან?
პაუზა გაიწელა, მის თვალებში ჩაბუდებული შიში კი უფრო გაიზარდა, თვალებში ვეღარ ჩაეტია და სახეზე გადმოვიდა. ნანას აშკარად დასცხა, რადგან საბანი კვლავ ჩამოწია და მკლავები ზემოდან დააწყო, შუბლზე კი ოფლის წვეთები დაასხდა.
- რა ხდება, ანდრია ექიმო, რატომ მეკითხებით? - გაბზარული ხმით მკითხა.
მიმძიმდა იმის დაჯერება, რომ ასეთი მორცხვი, მოკრძალებული და სათნო გოგო შეიძლებოდა წამხდარი ქალი აღმოჩენილიყო.
- იმიტომ, რომ შენს სისხლში ოთხი ჯვარი აღმოჩნდა. - როგორც იქნა, მთავარ სათქმელს მივადექი.
- ოთხი ჯვარი? ეგ რას ნიშნავს?
- არ იცი ოთხი ჯვარი რას ნიშნავს? - გავოცდი.
- არა... პირველად მესმის.
აი, სასწაული პირდაპირ! გოგოს გაქანებული ათაშანგი ჰქონდა და ოთხი ჯვარი რას ნიშნავდა, არ იცოდა.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ათაშანგით ხარ დაავადებული.
- ათაშანგი რა დაავადებაა? - იმდენად გულწრფელად მეკითხებოდა, ვერ დავიჯერებდი, რომ თამაშობდა.
- ეს იგივეა, რაც... სიფილისი.
ალბათ ასე გამოიყურება ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად თავზარი დაეცემა. მეგონა, გული გაუსკდებოდა. უცებ წამოჯდა, თითქოს რაღაცას მიაყურადა, გაირინდა, მერე მომჩვარდა, თვალები დახუჭა და სუნთქვა გაიჩერა. მხოლოდ ცხვირის ნესტოები უთრთოდა უცნაურად. შემდეგ თვალები გაახილა და დავინახე, როგორ ევსებოდა ისინი ნელ-ნელა ცრემლით.
- ის არ რჩება, ხომ? სულ მექნება?
თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე, დღეს უკვე მეორედ.
- შენ ის მითხარი, საიდან შეიძლებოდა აგეკიდებინა ეს დაავადება. რამეს მიმალავ? სიმართლე უნდა მითხრა. ეს სერიოზული ამბავია, გესმის? ჩვენ იძულებული გავხდებით, ინსპექტორი გამოვიძახოთ.
- არა! - უღონოდ შესძახა, - დამიჭერენ?
- სიმართლე მითხარი, არავინ არ დაგიჭერს. - უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
- მე... მე გამაუპატიურეს. - თქვა და მოწყვეტით დავარდა საწოლზე. დავარდა და დაიკვნესა, ისევ ეტკინა ჭრილობა.
ალბათ სადღაც იქვე, ერთ მეტრში ბომბი რომ აფეთქებულიყო, ასე ვერ შემახტუნებდა. სკამიდან წამოვხტი და განზე გავდექი, თითქოს კეთროვანს უნდა გავრიდებოდი.
გონებას გუგუნი გაუდიოდა, მიხურდა ყველაფერი, გული საშინელი დარტყმებით აწყდებოდა ოთხივე საკანს.
- როდის? ვინ? სად? - ამჯერად მხოლოდ მოკლე-მოკლე შეკითხვების ჯერი დავაყარე.
პასუხი არ გამცა. ვიფიქრე, რაღაცას იგონებს-მეთქი და მივვარდი, მაჯაში ჩავავლე ხელი და მოვუჭირე:
- რას ფიქრობ ამდენს? მითხარი, რომ გეკითხები! - თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა. ერთიანად მიცახცახებდა სხეული. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და გამღვიძებოდა!
ხელი გამომტაცა და შუბლშეკრულმა ამომხედა. მტრული იყო ეს ამოხედვა. თითქოს მეუბნებოდა, რა შენი საქმეაო. გამწარებული გამოვვარდი პალატიდან და საპროცედუროს კარი შევაღე. ვერა ყავას სვამდა.
- ვერა, გინეკოლოგი მჭირდება, გამოიძახე პოლიკლინიკიდან.
- რა ხდება? - ვერამ პირისკენ წაღებული ფინჯანი ლამბაქზე დადგა.
- სწრაფად! - ნანას ჯავრი მასზე ვიყარე და ვუღრიალე. წყობილებიდან გამოვედი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
გინეკოლოგი ათ წუთში მოვიდა.
- რა ხდება, ანდრია? - კაბინეტში შემოსვლისთანავე სათვალე თავზე დაიკოსა ქალმა.
- მედეა, მეცხრე პალატაში ერთი პაციენტია. თუ შეიძლება, შეამოწმე, ქალწულობის აპკი ხელუხლებელია თუ არა, - ამის თქმაზე ცივმა ოფლმა დამასხა.
- ახლავე, - როგორც ჩანს, ჩემმა ხმამ შეაშფოთა მედიკო, რადგან არც უკითხავს, რაში მჭირდებოდა პაციენტის ქალწულობის დადგენა, ეგრევე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა...
გაგრძელება