ონლაინრომანი "შეხვედრა წარსულთან"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
იხილეთ პირველი ნაწილიმგონი, კარგ ფორმაში ვიყავი. ბოლოს სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. არც კი ვიცი, რატომ ვიპრანჭები ასე. ვითომ მასთან ურთიერთობის ადღგენა მინდა? შეიძლება. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ მინდა, ცოტათი მაინც ინანოს, რომ მიმატოვა. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, კარი რომ გაიჯახუნა და დამტოვა. უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად... ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე... არ გავაჩერე... არ გავეკიდე... მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, ვერ შეძლებდა ჩემს მიტოვებას... მეგონა, რომ მისი სიყვარული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩემი... რომ სხვასთან ვერ გაძლებდა, მოიყირჭებდა და მაინც ჩემთან დაბრუნდებოდა... მე კი ვაპატიებდი... ვაპატიებდი, რადგან ეს გაკვეთილი იქნებოდა მისთვის და მეორედ ჩემს ღალატს და სხვის გაკიდებას გულშიც არ გაივლებდა...
შევცდი. ყველაფერში შევცდი, ერთის გარდა. მისი სიყვარული ჩემსაზე ძლიერი იყო, არა მხოლოდ სიყვარული, თვითონაც ჩემზე ძლიერი იყო... ძლიერი ყველაფრით - ხასიათით, გამბედაობით, სიჯიუტით, პრინციპულობით... ამიტომაც არ დაბრუნდა. ამაშიც შემამოწმა და დარწმუნდა, რა მშიშარაც ვიყავი...
და აი, ახლა, წლების შემდეგ, კვლავ მასთან შესახვედრად მივიჩქაროდი. რას ველოდი ამ შეხვედრისგან? რა უნდა დამემტკიცებინა მისთვის? თუ თავი მემართლებინა? ყველა კითხვა, რომელიც თავში მიტრიალებდა, უპასუხოდ მრჩებოდა. ახლა საკუთარ თავთან ინტერვიუს დრო არ იყო.
კვლავ საცობში მომიწია სიარულმა. კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ და იმაზე ვფიქრობდი, ადგილზე მისულს მანქანის დასაყენებელი ადგილი თუ გამომიჩნდებოდა. იქნებ ჩემს ეზოში დავაყენო და მერე ფეხით გავაგრძელო მის სახლამდე გზა? ეს ჭკვიანური აზრი იყო და ასეც მოვიქეცი.
ცხრა დაიწყო, როცა მის ეზოში შევედი. ეზოში შესულს მარცხნივ უნდა გამეხვია და პირველსავე კიბეს მეორე სართულზე ავყოლოდი. მერე მეორე კარზე უნდა დამერეკა ზარი, შავად შეღებილ რკინის კარზე.
დავრეკე... წამიც და გაიღო... იმაზე ადრე, ვიდრე მოველოდი. ესე იგი, სულმოუთქმელად მელოდა.
- შემო! - ღიმილით მითხრა და განზე დადგა, გზა დამითმო.
ვარდების თაიგული გავუწოდე. უფრო სწორად, ხელში მივაჩეჩე, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ერთი ბოთლი კონიაკი, შამპანური და ბამბანერი იდო, შესვლისთანავე მრგვალ მაგიდაზე შემოვდე.
- მარტო ხარ? - ვკითხე და მიმოვიხედე.
ძველებური ბინა იყო, გაურემონტებელი. ოდესღაც ვიღაცას მსუბუქი რემონტი გაეკეთებინა და მას მერე ხელიც არ იყო ნახლები არც კედლებისთვის, არც იატაკისთვის. საღებავი კარგა ხნის გახუნებული ჩანდა, შპალერი კი გაუფერულებული.
- კი, მარტო ვარ. ლელის აგვიანდება.
- ლელი ჰქვია შენს შვილს?
- ჰო.
- დედაჩემსაც, - გავიღიმე.
- ვიცი...
იქნებ ამიტომაც დაარქვა თავის შვილს დედაჩემის სახელი? რაღაცნაირად შემიფართქალდა გული. რატომ, წარსული რომ არ დავიწყებოდა?
- ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. ამ მხრივ მაინც ავიხდინე ოცნება, - სევდა გაურია ხმაში.
გული მეტკინა. ვხვდებოდი, რომ გადამიკრა და თავისი აუხდენელი ოცნებები მე გადმომაბრალა, მაგრამ ვერ გავამტყუნებდი. ასი პროცენტით მართალი იყო.
- არა უშავს, ჯერ არც ისე ბებრები ვართ, ადამიანები ამ ასაკშიც კი იწყებენ თავიდან ცხოვრებას.
- ალბათ...
- რა ვქნათ, დაველოდოთ ლელის? - მოხერხებულად დავჯექი სკამზე და ნანას მივაჩერდი, რომ სინათლეზე კარგად შემეთვალიერებინა.
ისეთი სხივი აღარ ჰქონდა თვალებში, როგორც ახალგაზრდობაში, ნაოჭებიც მომრავლებოდა. ცოტა მოსუქებულიყო კიდევაც... ცოტა კი არა, ბევრად, მაგრამ ფორმა არ ჰქონდა დაკარგული. მკერდი გაზრდოდა, საგანგებოდ დეკოლტეიანი კაბა ჩაეცვა.
ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ევა მართალი აღმოჩნდა. ისე დავმშვიდდი, მიკვირდა, რა მაღელვებდა-მეთქი. თითქოს არაფერი. თითქოს ერთი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი მენახოს და მორჩა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რამე მინდოდა მისგან? მიხაროდა მაინც, რომ ვხედავდი? ალბათ მიხაროდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მისგან წამოსვლა დამზარებოდა. ვნებათაღელვა წამითაც არ მიგრძნია, მისი მოფერების სურვილი ახლოსაც არ გამკარებია. რატომ? ნუთუ ვერ ვპატიობ, ოდესღაც რომ მიმატოვა? რა დროს ეგ არის ამდენი წლის შემდეგ?
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- დაჯექი, რატომ დგახარ? - ნანას მივაჩერდი.
- ახლავე, სუფრას გავშლი და დავჯდები. ლელის ნუ დაველოდებით, ვერ ვუკავშირდები.
- თუ ღმერთი გწამს, არაფერი არ გინდა. არ მშია. უბრალოდ, თითო ჭიქა დავლიოთ და წავალ, არ მოგაცდენ.
- მომაცდენ, თორემ მეც თავზე მაყრია საქმეები. მიხარია, რომ შეგხვდი, რომ უარი არ მითხარი და მოხვედი, - თან ლაპარაკობდა, თან გადი-გამოდიოდა და სუფრას კერძებს ამატებდა.
- ნან, არ გინდა ამდენი რამე, რა, მოდი, დაჯექი, - ისევ ისე მივმართე, როგორც შეყვარებულობის დროს მოფერებით ვეძახდი.
- რამდენი წელია, ეს სიტყვა არ გამიგონია, - აკვნესებული ხმით წარმოთქვა.
- რატომ, ჩემ გარდა "ნან" არავისთვის ყოფილხარ?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ შენ მერე ბევრი მამაკაცი მყოლია.
- ბევრი რამდენი?
- რა მნიშვნელობა აქვს... რაც შენგან წავედი, ცხოვრება ამეწეწა. მას მერე ვერა და ვერ დავლაგდი.
- ოღონდ მე არ დამაბრალო ეგ აწეწვები. შენ ხომ გინდოდა, რომ შენი ცხოვრება დაუსრულებელი ფლირტის ჯაჭვი ყოფილიყო, რომლის ყოველი რგოლი ახალი მამაკაცი იქნებოდა? მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდი ხოლმე, ამას მოვწონვარ, იმას მოვწონვარ, ამან ეს მითხრა, იმან...
- მინდოდა, შენ გეეჭვიანა, სხვა მიზნები არ მქონია.
- კარგი ერთი... მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, თორემ გული მიგრძნობს, ვიჩხუბებთ.
- შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. რაც იყო, იყო. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ შენი დაკარგვით ჩემი ცხოვრების გაუგონარი მსხვრევა დაიწყო.
- როდის დაქვრივდი? - ბანზე ავუგდე სიტყვა.
- დიდი ხანია.
- ახლა გყავს ვინმე?
- მუდმივი არა.
- ეგ როგორ გავიგო?
- ჩვეულებრივად. ჩემი ასაკის ქალი აღარავის სჭირდება გამუდმებით გვერდით. ახლა ინვალიდს თუ მოუნდება ჩემი ცოლად შერთვა, თორემ სხვას არავის. თანაც, სხვა დრო დადგა. ახლა ქალები არჩენენ კაცებს და არა კაცები ქალებს. ნაღდად არ მინდა სარჩენი კაცი. სექსი რომ მომინდება, როგორღაც ვახერხებ ჩემი სურვილების დაკმაყოფილებას.
იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი აზრები, რომ გაოცებულმა შევხედე, ვინმე სხვა ხომ არ ზის ჩემ წინ-მეთქი. თან ისე თამამად გაახმოვანა თავისი სურვილები, თითქოს მისი უახლოესი დაქალი ვყოფილიყავი.
- რატომ მიყვები ამ ყველაფერს? - ვერ მოვითმინე და ვკითხე.
- იმიტომ, რომ შენ არასდროს არაფერს გიმალავდი და არც ახლა ვაპირებ.
- ახლა როდის, დღეს? თუ დღეიდან?
- დღეიდან. იმედია, ამ საღამოთი არ ამოიწურება ჩვენი ურთიერთობა. რაღაც ფორმით მაინც ხომ გავაგრძელებთ ერთმანეთის ნახვას, არა?
- არ ვიცი... ალბათ... ეს შენზეა დამოკიდებული.
- მე უარს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ძალიან გამახარა შენმა ნახვამ. არ მეგონა, აწი რამე თუ გამიხარდებოდა.
- ცუდი წლები იყო, მაგრამ კარგი მოგონებები დაგვიტოვა.
- კარგი, მაგრამ სევდიანი... ახლაც იმავე აზრზე ხარ?
- რა აზრზე?
- ჩემნაირი მდგომარეობის ქალს ცოლად ვერ შეირთავ, რამე რომ იყოს?
- შენს თავს გულისხმობ?
- არა, რას ამბობ, - გაიცინა, - ზოგადად ვამბობ. დღევანდელ ცხოვრებაში რომ მომხდარიყო ჩვენი წარსული, ისევ ისე მომექცეოდი?
- არა, ახლა სულ სხვა ჭკუაზე ვარ და ბევრი რამ ფეხებზე მკიდია.
- ცოლი? შვილი?
- მსგავსი არაფერი! ქარივით თავისუფალი ვარ.
- რატომ მერე? - მკითხა, მაგრამ ისე შეეფაკლა ღაწვები, აშკარად ესიამოვნა, როცა ჩემი ბერბიჭობის ამბავი შეიტყო.
ადამიანი საოცარი არსებაა. ყოველთვის იპოვის ან აღმოაჩენს რაღაცაში იმედის ნაპერწკალს.
- რა ვიცი... შენ შემდეგ ვეღარ ვენდე ქალებს.
- მე მაბრალებ შენს მარტო დარჩენას? - ირონიულად გამომხედა.
- ვხუმრობ. შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, თავისუფლებას ვერ შეველიე. დროებითი კავშირები უფრო მხიბლავს, ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ.
- ჰო, ეგ კი. ეგ ყოველთვის ჭარბი დოზით იყო შენში, - სარკასტულად გაიცინა.
- ერთი შვილის მეტი რატომ არ გააჩინე?
- აღარ მომინდა და იმიტომ. მეც თავისუფლება მინდოდა, შენი არ იყოს. ჩემ გემოზე მსურდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდევაც. არაფერი დამიკლია, რაც ცხოვრებამ შემომთავაზა. ვიგრიალე, სანამ ლამაზი და ახალგაზრდა ვიყავი.
- შენ ახლაც ახალგაზრდა ხარ.
- მაგრამ ისეთი ლამაზი აღარ ვარ, თუმცა რაღაც-რაღაცებზე არც ახლა ვამბობ უარს. აი, დავუახლოვდებით ერთმანეთს და უკეთ გამიცნობ. ცუდი დღეებიც ბევრი მქონია და კარგიც. მაგრამ არაფერსაც არ ვნანობ. მთავარია, შვილი მყავს ისეთი, არავის რომ არ ჰყავს. საამაყო. საუკეთესო. გაიცნობ და მიხვდები, რომ არ ვცდები. იმედია, მას მაინც გაუმართლებს... შენ კი ახლა უფრო სიმპათიური ხარ, ვიდრე მაშინ. სასწაულად გამოიყურები. მიკვირს, მარტო რომ ხარ. შენნაირი კაცი როგორ გამოეპარათ ქალებს?
- ნან, ცოტათი მაინც არ ნანობ? - ხმადაბლა, შეცვლილი ხმით ვკითხე.
- შენ? - შემომიტრიალა კითხვა და თვალი თვალში გამიყარა...
იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. არა, ამიტომ არა, უფრო იმიტომ გავწითლდი, რომ არასდროს მიფიქრია ამაზე. არასდროს მიფიქრია, ვნანობდი თუ არა მის ხელიდან გაშვებას. რომ შემეკითხა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდი. და რადგან არ მიფიქრია, გამოდის, არც ვნანობდი. მეთქვა ეს? ვერ ვეტყოდი... ეწყინებოდა. მომეტყუებინა? ტყუილის თქმაც არ მინდოდა.
- შენ რომ არ მიგეტოვებინე, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, - მაინც მას დავაბრალე.
- ესე იგი, ჩემი ბრალია? - ჩაიცინა, - ტყუილად ცდილობ გადმობრალებას, შენ მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებდი, მე კი ისე ცხოვრება აღარ შემეძლო.
- მერე?
- რა მერე?
- შეცვალე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდოდა?
- რა თქმა უნდა. მართალია, ქმარი გარდამეცვალა, მაგრამ შვილი დამრჩა.
- მაშინ რომ გნახე, იმ ბიჭს გაჰყევი ცოლად? სხვათა შორის, კარგი ტიპი ჩანდა.
- არა, იმას არა, სხვას.
- სხვას? - გაოცება ვერ დავმალე.
- ჰო. იმას მალევე დავშორდი და უცებ სხვა გამოჩნდა. საერთოდ რომ არ ველოდებოდი, ისე და ერთ თვეში დავქორწინდით. არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, გიჟდებოდა ჩვენზე, თავზე გვევლებოდა.
- რა დაემართა, რისგან გარდაიცვალა?
- ავარია. ავტობუსს შეეჯახა მანქანით და საჭემ გულმკერდი შეუნგრია.
- მდაა... ცუდია.
- ჰო, ცუდია, როცა დაქვრივდები და შვილის მარტო გაზრდა გიწევს. დედამთილ-მამამთილი კი ისე გიყურებენ, თითქოს მათი რძალი კი არა, ვიღაც გადამთიელი იყო... მერე მეორედაც გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. შევცდი არჩევანში.
- რა მხრივ?
- სმა უყვარდა. ისე საზიზღრად იქცეოდა მთვრალი, რომ მის შემყურეს გული მერეოდა. მერე ჩემს გოგოსაც დაუპირა ღლაბუცი. ბავშვმა მაშინვე მითხრა და აი, მანდ გადამეკეტა. იმ დღესვე დავახვევინე. კიდევ კარგი, ოფიციალურად არ ვიყავით დაქორწინებულები.
- საინტერესო თავგადასავლები გქონია, - თავის კანტურით წარმოვთქვი და შემწვარი კარტოფილი გადავიღე.
- ეჰ, ამაზე უარესებიც გადამხდენია, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი.
- თავგადასავლები ლამაზი ქალების ხვედრია, რას იზამ.
- მართალი ხარ. ამიტომ ვცდილობ, ლელი დროზე ჩავაბარო პატრონს, რომ ჩემი ბედი არ გაიზიაროს. მარტოობაზე საშინელება არაფერი არ არის.
- მარტო ყოფნა სულაც არ ნიშნავს მარტოობას. ბევრი ვიცი, გარშემო უამრავი ახლობელი ახვევია, შვილიც ჰყავს, ოჯახიც, მეგობრებიც, მაგრამ მაინც მარტოა.
- ეგეცაა... შენი ამბებიც მომიყევი, სულ ჩემზე რომ ვლაპარაკობთ.
- არც არაფერია სათქმელი. ვცხოვრობ ცალკე, ჩემთვის. ვცხოვრობ კარგად, უპრობლემოდ. ვმუშაობ. ვარ კარგი ქირურგი. არ მყავს არც ცოლი, არც შვილი. ოჯახის შექმნას აღარ ვაპირებ. მორჩა, სულ ეგაა.
- ცოლი რომ არ მოგიყვანია, არ მიკვირს. უღლის დადგმა ყოველთვის სიკვდილივით გეზარებოდა, მაგრამ შვილის ყოლა რატომ არ მოგინდა, არ მესმის. მაშინ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? რისთვის ცოცხლობ? რას ელოდები მომავლისგან? რა მოტივაცია გაქვს?
გამეცინა.
- სანამ საჭირო ვარ, როგორც პროფესიონალი ქირურგი, მოტივაციაც მექნება. დანარჩენი მერე გამოჩნდება. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ეგეთ რამეებზე არასდროს ვფიქრობ. შენ შემდეგ არავინ მყვარებია. არც მოწონებით მომწონებია ვინმე ისე, რომ გავგიჟებულიყავი. უცოლოდაც ალბათ ამიტომ დავრჩი. დედაჩემსაც ისეთი რძალი უნდოდა ყოველთვის, მგონი, მსგავსი დღემდე არ დაბადებულა. ჰოდა, ყველაფერს ერთად გავუწიე ანგარიში.
- ახლა გყავს ვინმე? მეგობარი ქალი მაინც?
- შენი არ იყოს, მუდმივი საყვარელი არ მყავს, თუ ამას გულისხმობ. სხვა მხრივ, ქალები არ მაკლია. ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მთლად ლოველასური ცხოვრებით არ ვცხოვრობ.
- მიკვირს. შენ ყველანაირი მონაცემი გაქვს ამისთვის, - გულიანად გაიცინა ნანამ და ვაშლი ჩაკბიჩა, - დაასხი, ერთი ჭიქა მაინც დავლიოთ, დავილოცოთ.
დიდხანს არ დავრჩენილვარ. რაღაცნაირად ვერ ავაწყვეთ დიალოგი. როცა ჩვენ-ჩვენს ცხოვრებაზე საუბარი დავამთავრეთ, სალაპარაკო გამოგველია. რატომღაც, სასმელმა შვება ვერ მომგვარა, უფრო და უფრო ვიძაბებოდი. რაღაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა. ათი დაწყებული იყო, როცა წამოსვლა დავაპირე. მისი ქალიშვილი არ მოვიდა. ალბათ სპეციალურად დააგვიანა, რომ მარტო დავეტოვებინეთ. ხომ იცოდა, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა და, მისი აზრით, ხელი შეგვიწყო.
არადა, მაგ მხრივ პრობლემა სრულიადაც არ შემქმნია. ორიოდე ჭიქის მერე ნანამ კი დამიწყო თვალების ჟუჟუნი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ ლტოლვა ოდნავ მაინც ვიგრძენი. საერთოდ ვერ შეძლო ჩემი აგზნება. არ ვიცი, რისი ბრალი იყო ეს. ნანაზე უკეთეს ქალებთან დავდივარ-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ისეთი მადის აღმძვრელი ფორმები ჰქონდა, არც ერთი კაცი უარს არ იტყოდა მასზე, მე კი... მე არ მიზიდავდა. იოტისოდენა სურვილიც არ გამჩენია მასთან დაწოლაზე. ნუთუ წარსულის ურთიერთობამ თავისი გაიტანა და უკვე მოყირჭებული მყავდა? არა, ასე ნამდვილად არ იყო. როცა ჩემგან წავიდა, თვეების განმავლობაში მის გახსენებაზე ისევ და ისევ ჟრუანტელი მივლიდა. მაშინ რა მემართებოდა? ალბათ უფრო სიფრთხილის ბრალი იყო. ფრთხილად ვიყავი, ხელმეორედ რომ არ აღმოვჩენილიყავი მისი ხიბლის ტყვეობაში. ჩემმა სხეულმა კი ინსტინქტურად აღმართა თავდაცვის ბარიერი. არადა, როგორი სურვილით ჰქონდა თვალები ანთებული, როცა ვემშვიდობებოდი. კართან დადგა და ხელებგადაჯვარედინებულმა თავისი სავსე მკერდი მკლავებში ისე მოიქცია, აშკარად ჩემს საცდუნებლად იყო მომართული. მე კი სასწრაფოდ თვალი ავარიდე, რადგან ვიგრძენი, როგორ მიჯანყდებოდა სხეული.
სახლამდე ისე მოვედი, ვერ დავწყნარდი. გახურებულმა დამშვიდება ვერ შევძელი. ისეთი გიჟური ლტოლვით მომინდა ქალი, აუცილებლად უნდა დამერეკა ვინმესთვის, რომ დროზე შევხვედროდი და ჟინი მომეკლა.
თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, არავისთან დარეკვა აღარ დამჭირვებია.
როგორც კი ეზოში ფეხი შევდგი, ევა წინ ამესვეტა.
- ვა, ევა, სამსახურში არ წახვედი?
- ამაღამ არ ვმუშაობ. აბა, როგორაა საქმე?
- რა ვიცი, არის რა.
- რაღაც ადრე მოხვედი. რაო, არაო? პირველ შეხვედრაზე ვერ დაგნებდებიო?
გამეცინა, მაგრამ პასუხი არ გავეცი. ხომ არ ვეტყოდი, მე თვითონ ვთქვი უარი-მეთქი.
- დავლიოთ? - მკითხა, როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო.
- დავლიოთ. - დავყაბულდი, თუმცა ახლა დალევაზე მეტად ქალის ალერსი მწყუროდა.
არა უშავს-მეთქი, გავიფიქრე. ეს ისეთი გოგოა, ადვილად გადამატანინებს ამ ღამეს, ცოტას შევთვრები და თუ არ მიშველა, ქალებთან დარეკვას მერეც მოვასწრებ-მეთქი.
ევამ თავისთან შემიპატიჟა, პაწაწკინტელა ოთახში. უცნაური ის იყო, რომ სუფრა უკვე გაშლილი დამხვდა. მაგიდაზე ტორტში ჩასარჭობი სანთლები ენთო. მიწის თხილი, არაყი, ლუდი და კარტოფილის ჩიპსები შეადგენდა ევას სუფრის მენიუს.
სიცილი ვერ შევიკავე.
- რა გაცინებს? - გაკვირვებულმა მკითხა.
- რომანტიკული სუფრა არყისა და ლუდის ფონზე პირველად ვიხილე.
თვითონაც გაეცინა.
- აბა ღვინო ტონა უნდა დალიო, ხასითზე რომ მოხვიდე. არაყი კიდევ ჰოპ! და უცებ გაგამხიარულებს. სანთლებსაც თავისი დანიშნულება აქვს. როცა სანთლის შუქზე გაჰყურებ ადამიანს, მის აალებულ თვალებში უფრო მეტს კითხულობ, ვიდრე სხვა დროს. ყველა საიდუმლოს უცებ ეხდება ფარდა.
- ბევრი საიდუმლო გაქვს, ევა?
- სიმართლე გითხრა, არ მიყვარს საიდუმლოებები. ახლობლებთან არასდროს არაფერს ვმალავ. თუმცა, რა ვიცი, იქნებ მაქვს კიდევაც და თვითონაც არ ვიცი, - გაიცინა.
მაგიდას მივუსხედით. ჩემ გვერდით დაჯდა და მხრით ოდნავ მომეყრდნო.
- დაასხი და დავლიოთ შენი ყოფილის ჯინაზე! ისეთ ხასიათზე დაგაყენებ, ამ შეხვედრას დაგავიწყებ! - ომახიანად შესძახა და თავისი სირჩა გამომიწოდა.
დავუსხი და ჩემთვისაც დავისხი. ერთმანეთს მივუჭახუნეთ, ჩვენ გაგვიმარჯოსო, ვთქვით და გადავკარით. კაცურად მომყვებოდა, არც დალევაში ჩამომრჩენია და არც სადღეგრძელოებში.
ნახევარი ბოთლი არაყი გამოვცალეთ, თან ჩიპსებს ვახრამუნებდით და მიწის თხილს ვაკნატუნებდით. შემთვრალმა სხვა მზერით დავიწყე ევას შეთვალიერება. იგი ისე ჰგავდა ახალგაზრდობის დროინდელ ნანას, რომ მისი ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. როცა სანთლები ჩაიწვა და ევა მორიგი სანთლების მოსატანად ადგა. სწორედ იმ დროს გამომხედა, როცა მეექვსე სანთელს ანთებდა. მის თვალებში ცეცხლის ალი დათარეშობდა, ბრჭყვიალებდა და საიდუმლოს საიდუმლოზე გასცემდა. როგორი ნდომა იკითხებოდა ამ გამოხედვაში.
- ერთი წუთით გაჩერდი, არ გაინძრე! - ხმადაბლა წარმოვთქვი და საჩვენებელი თითი გავფშიკე მის შესაჩერებლად.
წელში გასწორდა და გახევდა, თითქოს ქანდაკებად იქცაო. წამწამებსაც კი არ ახამხამებდა. დავიწყე შესწავლა მისი ტანსაცმლის ყოველი დეტალის, მისი თმის თითოეული ღერის. ნდომამ ცხელებასავით დამიარა მთელ სხეულში და არა მარტო სხეულში, არამედ გულში, გონებაში, სულში... მინდოდა, ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყო და მხოლოდ ევასთვის მეყურებინა, მხოლოდ მისთვის შემევლო მზერა და შევხებოდი...
მერე მახსოვს, როგორ მომიახლოვდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა. კინაღამ გადავიფიქრე, როცა მაკოცა...მას არაფერი უთქვამს, არც უკითხავს... კალთაში ჩამიჯდა და თავის საქმეს შეუდგა... ცოტა არ იყოს, გული მეთანაღრებოდა, ის ბავშვი იყო ჩემთან შედარებით, მაგრამ ახლა რომ უარი მეთქვა, მის ნდობას სამუდამოდ დავკარგავდი. ან კი ჩემი რა მიდიოდა, როცა თვითონ იყო თანახმა ყველაფერზე.
თავდავიწყებით ვკოცნიდი, ქალს დახარბებულივით, თუმცა, ეს არ იყო უსექსობით გამოწვეული ჟინით სავსე სიხარბე, ეს უფრო ფიზიკური სიახლოვით გამოწვეული ვნება იყო. რაღაც სხვანაირი სხეული ჰქონდა, ვნებით გადავსებული, უცნაურად მთრთოლარე, გახურებული, რომელიც ვნებიანად იკლაკნებოდა ჩემს მკლავებში...
იმ ღამიდან სხვა ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის. მართალია, ისევ ცალ-ცალკე გვეძინა - მას თავის ოთახში, მე - ჩემსაში, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებდა. ახლა ისე ხშირად აღარ გადიოდა ღამით სახლიდან. მითხრა, სმენა გადავცვალე და ყოველღამე აღარ ვივლი სამსახურშიო.
მიუხედავად იმისა, რომ ასე დავუახლოვდით ერთმანეთს, ის მაინც არ არღვევდა დისტანციას. არ იქცეოდა ოჯახის დიასახლისივით, პრეტენზიებს არ აყენებდა და ჩემთან მხოლოდ მაშინ ამოდიოდა, როცა მე დავუძახებდი. ხანდახან ვთხოვდი, ღამითაც დარჩენილიყო, ერთად დაგვეძინა და ისიც რჩებოდა. ათას რამეზე ვლაპარაკობდით და ვჭორაობდით. სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. არ მძაბავდა, არ მთრგუნავდა, ის ერთადერთი ქალი იყო, ვინც ჩემი თავისუფლების შეზღუდვას არ ცდილობდა. დღითი დღე იმდენად ვეჩვეოდი, რომ ერთ მშვენიერ დილას, გამეღვიძა თუ არა, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც დილაობით მისი ალერსი იყო. როცა ამის შესახებ ვუთხარი, პირზე ხელი ამაფარა, მეორედ მსგავსი რამ არ წამოგცდესო.
- შენ თუ ასე გააგრძელებ, ერთ მშვენიერ დღეს შეგიყვარდები და ორივეს დაგვერხევა. - სრულიად სერიოზულად მითხრა.
ვერაფერი ვუპასუხე, სადღაც მართალი იყო. არ ვიცი, კიდევ შევძლებდი თუ არა ვინმეს შეყვარებას, მაგრამ გამორიცხული არ იყო. სიყვარული განა ვინმეს ეკითხება, როდის მოვა ან როდის წავა?
ჩემი ცხოვრება ერთ კვირაში სრულიად შეიცვალა. თვითონაც მიკვირდა ჩემი თავის. ჩემი შეცვლა იმით დაიწყო, რომ კერძების მომზადება დავიწყე. ადრე სადილებს არასდროს ვამზადებდი, ყოველთვის მზას ვყიდულობდი და მერე ვაცხელებდი. ახლა კი, პირსახოცის ხალათში გამოხვეულიც კი გაზქურასთან ვტრიალებდი და ევასთვის გემრიელობების მომზადებას ვცდილობდი. ეს კი მეხერხებოდა. ბებიამ ბევრი რამის გაკეთება მასწავლა ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
საოცარი გოგო იყო ევა. ალბათ ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი. არა მარტო ჩემი, არამედ ზოგადად კაცების. იცოდა, ზედმიწევნით კარგად იცოდა, რა სურთ კაცებს და რას ითხოვენ ქალებისგან. გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ამ ფენომენის შესწავლას მოანდომაო. არადა, სულ რაღაც ოცდაექვის წლის იყო.
მასთან ურთიერთობამ ნანა სულ გადამავიწყა. ნანა კი არა, ჩემს ვირტუალურ შეყვარებულსაც კი ვერ შევეხმიანე ბოლო ხანებში. ისე გამოვიდა, რომ როცა ის იყო საიტზე, მე არ ვიყავი, როცა მე შევდიოდი, ის უკვე გასული მხვდებოდა. ამიტომ მხოლოდ წერილებს ვუტოვებდით ერთმანეთს.
გაგრძელება