ონლაინრომანი "შეხვედრა წარსულთან"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
იხილეთ პირველი ნაწილი
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავი გულდაღმა დამხობილი. შეიძლება ერთი საათი, იქნებ მეტიც... ძლივს ავითრიე ტანი, მთელ სხეულში ისე მტეხდა, თითქოს გვარიანად ნაბეგვი ვყოფილიყავი. კარგი ის იყო, რომ აღარ მაკანკალებდა, ნერვები დამმშვიდებოდა. ჩემდა უნებურად, აპათიამ შემიპყრო. საერთოდ არ განვიცდიდი, ასე რომ მოხდა. ისე გულგრილად აღვიქვამდი მომხდარს, როგორც ვიღაც მესამე პირის თავს გადახდენილ სევდიან ამბავს.
მანქანა დავქოქე და შინისკენ გავეშურე. ეზოში შემოვედი თუ არა, თავისი კარის ზღურბლთან ევა დავინახე. ჩემი მანქანის ხმაზე გარეთ გამოსულიყო და მელოდებოდა. ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა.
- ცუდად გამოვიყურებით, ქირურგო, რა გვემართება? შემოგვიტიეს ქალებმა?! - შემომღიმა და ბოთლი ცხვირთან ისე მიიტანა, თითქოს სახეზე აფარება სურსო.
- გამოიცანი! ასე ცუდად მგონი, არასდროს ვყოფილვარ.
- იტყუები, ასე ცუდად ხშირად ყოფილხარ, უბრალოდ, აღარ გახსოვს. უფრო სწორად, გახსოვს, მაგრამ ეს ახალია და უფრო მძაფრად აღიქვამ. შესაბამისად, გეჩვენება, რომ ყველაზე ცუდად სწორედ ახლა ხარ. აბა, დაფიქრდი, არ ვარ მართალი?
დავფიქრდი. უყურე შენ! როგორ ზუსტად ჩამოაყალიბა ჩემი მდგომარეობა. მართალი იყო.
- კი, მართალი ხარ.
- როგორც ყოველთვის, - ხალისიანად დააყოლა.
- ეგ რა გიჭირავს ხელში? შენც არ უნდა იყო უკეთეს დღეში, მგონი, არა?
- ხო. იმ ლაწირაკმა გადამაგდო.
- ვინ ლაწირაკმა?
- იმან, სიყვარულს რომ მიხსნიდა და გასაქანს რომ არ მაძლევდა.
- ხომ დაშორდი? კიდევ გირეკავს?
- წუხელ დამირეკა, მთვრალი იყო. მაშინვე მივხვდი, ფხიზელი ხომ აღარ რეკავს და დათვრება თუ არა, მაშინვე ტვინის ბურღვას იწყებს. ხვალ უნდა გნახოო, უნდა გელაპარაკოო, ასე დისტანციურად არ შემიძლიაო.
- მერე?
- კარგი-მეთქი, ვიფიქრე, ჯანდაბას, შევხვდები. იქნებ დაწყნარდეს და მომეშვას-მეთქი. პირველზე დამირეკე! - ვეუბნები. - გაგიჟდი? მაგდენ ხანს რა მომათმენინებს? თერთმეტზე დაგირეკავ! - მეუბნება. ამაზეც დავთანხმდი. ჰოდა, ვზივარ დღეს დილიდან და ამ დრომდე ველოდებოდი, როდის დამირეკავდა. შენც არ მომიკვდე! აი, უკვე რომელი საათია და არ დაურეკავს. არც კი გავახსენდი.
- დაიკიდე, რა. საერთოდ აღარ დაელაპარაკო, გაუთიშე ხოლმე, როცა გირეკავს და მორჩა.
- ეგრეც ვაპირებ, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, ახლა რომ არ დავლიო, მოვკვდები. არ გინდა ერთად დავლიოთ? კომპანიონი მჭირდება.
- შენთან ერთად ყველაფერი მინდა, - ტკბილად ვუთხარი და მისი თავი მკერდზე მივიხუტე.
ეს გოგო მართლა გულით მიყვარდა. ალალ-მართალი იყო და იმიტომ. სულ არ მაინტერესებდა მისი ცხოვრების სტილი. ჩემთვის ყველაზე სუფთა და ფაქიზი ადამიანი იყო ამქვეყნად, როგორც ნინი.
- მადლობა, ანდრია! - გულაჩუყებულმა მითხრა, ხელები წელზე მომხვია და თავის შამპანურიანად ჩამეხუტა.
- წამო, შევუდგეთ საქმეს, - კიბის მოაჯირს დავეყრდენი, - მაგრამ მე საჭმელი არაფერი მაქვს, შენ?
- არც მე... ყველი მაქვს და პური... და კიდევ მწნილი.
- ოჰ, მეტი რაღა გინდა, შე ქალო! მეფური სუფრა გაგვიშლია და ეგაა! - სიცილით მივაძახე თავისი ოთახისკენ გაქცეულს და შამპანურის ბოთლი, ხელში რომ მომაჩეჩა, გასაგრილებლად გახურებულ შუბლზე მივიდე.
აბა, ორ კაცს ერთი ბოთლი შამპანური რას გვიზამდა? თანაც, მე ცოტას ვსვამდი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შამპანურს არ ვწყალობ, გულძმარვა მეწყება და მეორეც - არ მათრობს. ძმაკაცები მეხუმრებიან, შამპანური არისტოკრატების სასმელია და შენ, როგორც არისტოკრატს, რას მოგერევაო. მე კი ვიცი, რომ არისტოკრატობა არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც არ ვეკამათები. დაე, ილაყბონ.
მე, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს, ბარი გამოტენილი მაქვს სასმელებით. რა გინდა, სულო და გულო, რომელი ქვეყნის რა სახის სასმელს მოისურვებთ, მე რომ არ მქონდეს. მაგრამ ხანდახან ისე მენანება ხოლმე ჩემი იშვიათი ეგზემპლარები, რომ გახსნა მიძნელდება და თუ დავაპირე, ხელები მიკანკალებს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და კოლექციონერობას ზედმეტად სცოდნია მიჩვევა. შეგროვების პროცესი უფრო და უფრო მიტაცებდა, აი, გახსნის კი პირიქით, მინელდებოდა. ჩემი მეგობრები ისე არ ჩამოვიდოდნენ საზღვარგარეთიდან, ჩემთვის ერთი ბოთლი უცხო სასმელი არ ჩამოეტანათ. ყველაზე ძვირიანებს და ყველაზე უცხოებს ხელს არ ვახლებდი, სამარიაჟოდ მჭირდებოდა, უფრო წვრილ-წვრილებს კი შეძლებისდაგვარად ვიმეტებდი გასახსნელად. ყველაფერი მაინც სტუმარზე იყო დამოკიდებული. სტუმარზე და... სიმთვრალის ხარისხზეც. კარგა გვარიანად შემთვრალი ძალიან გულუხვი ვხდებოდი და შემეძლო, ნებისმიერი ბოთლი გამეხსნა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასიც კი, მაგრამ თუ ჭკუა მომეკითხებოდა, მაშინ ვერავინ შეძლებდა ჩემს ცდუნებას.
ახლა შემთვრალიც კი არ ვიყავი, მაგრამ ევასთან თავის მოწონება მომინდა და ყველაზე ძვირიანი ვისკი გავხსენი. ამოვიღე თუ არა თავისი მეტალის ყუთიდან, ევა გადაირია.
- აუ, ეს ყუთი თუ არ მაჩუქო, შენ იყო უსინდისო ადამიანი!
- წაიღე, გოგო, რა ოხრობად მინდა, თუ იცი? - ასეთ ადვილ თხოვნაზე უარს როგორ ვეტყოდი?
- მაგარი ხარ, ანდრო, გენაცვალე მე შენ! - ევა კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული, - მე ამას ვერ დავლევ, თორემ სასმლის არევა ბოლოს მომიღებს, მაგრამ გიყურებ, შენ როგორ დალევ.
- შენ შამპანურს გაგიხსნი. გგონია, არ მაქვს?
- არ მინდა, ამაში კიდევ ბლომად ასხია, ვიმყოფინებ. თუ არადა, მერე ვნახოთ. აქ არაა? სად წავა.
- მართალი ხარ, სად წავა.
- ისე, თუ აკვირდები, ბოლო დროს სულ ერთფეროვანი ცხოვრება რომ გვაქვს მე და შენ? დავეჩვიეთ ლოთურ ყოფას, აი. - და სიცილი ატეხა. მეც გამეცინა.
- ნეტავ სად უფრო გვიჭირს, ტვინში თუ გულში? - დააყოლა და ტვინის წარმოთქმისას თითი თავის შუბლზე მიიდო, გულის წარმოთქმისას კი მე მატაკა მკერდში.
- ალბათ უფრო ტვინში, - ეშმაკური გამომეტყველებით მივუგე.
- გიჯერებ... როგორც მედიცინის მუშაკს, გიჯერებ... შენ უკეთ იცი, ამ დროს სად უფრო ძლიერად ფეთქდება სიყვარულის ჭურვები. ისე, ჩვენში დარჩეს და... არ მომიყვები, რა გჭირს?
- მოგიყვები, აბა, რას ვიზამ! - და მოვუყევი, რაც ნანამ მითხრა.
- საინტერესო ამბავია, - სანამ ვყვებოდი, კრინტი არ დაუძრავს, არც გაკვირვება გამოუხატავს და არც გაბრაზება, თვალებს აფახულებდა მხოლოდ. როცა ლაპარაკს მოვრჩი, მაშინღა ამოიდგა ენა, მაგრამ ისევ ისე, უემოციოდ, - გჯერა მისი?
- არ მჯერა, მაგრამ მაინც მჯერა... არ ვიცი, რა ვიფიქრო. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში გადავამოწმებ, მაგრამ ამისთვის უდიდესი სიფრთხილის და ტაქტის გამოჩენა იქნება საჭირო. არ მინდა, ნინი დავაშინო... არც ის მინდა, ტყუილად გული ვატკინო.
- იქნებ არც გატყუებს... აუცილებლად უნდა გაარკვიო, - შეცვლილი ხმით გამოთქვა თავისი მოსაზრება, - ბანალური შემთხვევაა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ბანალური არ არის? არავის არაფერი არ უკვირს უკვე. სურათი არ გაქვს იმ ქალის? მაჩვენე და გეტყვი, რამდენად გულწრფელია. ადამიანს სახეზე აწერია საკუთარი ბუნება.
- კი, მაქვს, ნინის დაბადების დღეზე მობილურით გადავიღეთ. აგერ მაქვს, ალბომში. - მობილურში ალბომი მოვძებნე და ევას გავუწოდე.
თავისი ჩამოქნილი თითებით დაიწყო ფოტოების გადაფურცვლა. ხმას არ იღებდა. ერთი-ორჯერ ძალიან სერიოზული და გამომცდელი თუ დაკვირვებული მზერით გამომხედა, თქმით კი არაფერი უთქვამს. დიდხანს ათვალიერებდა. ბევრი ფოტო არ მქონდა მობილურში, მაგრამ იმდენ ხანს ათვალიერებდა ერთსა და იმავეს, რომ გეგონებოდათ, სქელტანიანი ალბომი უდევს წინ და მის გადაფურცვლას ვერ აუდისო.
- აი, თურმე რა ყოფილა! - თქვა ბოლოს ყრუ ხმით და ტელეფონი გამომიწოდა, - იცი რამდენი წელია, ამ ქალს ვეძებ? მხოლოდ ახლა, ამწუთას მივხვდი, რომ ვერც ერთი ადამიანი თავის ბედისწერას ვერ გაექცევა.
- რატომ ეძებ? აგერაა და როცა გაგიხარდება, მაშინ მიგიყვან, რა პრობლემაა? არ მითხრა ახლა, ვალი აქვს ჩემიო.
- თანაც რამხელა!.. ვერასდროს ვერაფრით რომ ვერ გადაიხდის.
დამაინტრიგებელი შემთხვევა იყო. გაოცებული დავრჩი. საიდან იცნობდა ნანას? განა რა უნდა ყოფილიყო ისეთი ვალი, რომლის გადახდას ადამიანი ვერასდროს შეძლებდა? ან კი რად უნდოდა ამდენი ფული, თუ დიდძალ თანხაზე მიდიოდა საუბარი? ახლავე უნდა გამერკვია ეს საკითხი...
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი - პოსტლუდია. ჩემი დარჩენილი სიცოცხლის დარჩენილმა მონაკვეთმა ათვლა დაიწყო. თუმცა, სანამ ახალ ამბავს გავიგებდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ პოსტლუდიის ფაზაში უნდა შემებიჯებინა.
ხმას არ ვიღებდი, შევყურებდი ევას და ნანაზე ვფიქრობდი. რატომ გადაეჯაჭვა ასე ყველაფერი ერთმანეთს? სად ნანა და სად ევა? რატომ მაინცდამაინც ჩემი მდგმური? ის არ იყო საკმარისი, თვითონ რომ გამომეცხადა მოჩვენებასავით და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა? ნეტავ არ შემხვედროდა, ნეტავ სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან!
- როდის შემახვედრებ, ანდრია? - ევას ხმა შეეცვალა.
- არ მეტყვი, რატომ დაეძებ ასე გამწარებული?
- არ ღირს, გითხრა. სასტიკად არ მოგეწონება.
- რატომ, რა არის ასეთი?
- ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვარ, - გაფითრებულ ევას შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.
- ევა, რა გემართება?
- ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ნინი შენი შვილი არ აღმოჩნდეს.
- მაგას უკვე ვევედრები ღმერთს. ახლა მთავარი ისაა, როგორ გავიგო სიმართლე.
- მარტივად. დნმ-ის ანალიზით.
- ჰო, მაგრამ ეგ როგორ მოვახერხო? რა ვუთხრა? ნინი, მგონი ჩემი შვილი ხარ და ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთო? მაგას ვერ ვიზამ. იქით ნანა აყვირდება, ჩემი არ გჯერაო...
- მაგის გარკვევა ჩემი დნმ-ითაც შეიძლება, - მოგუდული ხმით ამოთქვა და მზერა ამარიდა.
- შენი? შენ რა შუაში ხარ? - ვერაფერი ვერ გავიგე.
- მე და ნინი ტყუპისცალები ვართ. მაგ საზიზღარმა ქალმა მე გამაშვილა, ნინი კი დაიტოვა. აი, რატომაც ვეძებ ამ დრომდე.
ეს არ იყო თავზარდაცემა, არც სასოწარკვეთა, არც მოულოდნელობით გამოწვეული შიში, არც შოკი! ეს რაღაც სრულიად უცხო განცდა იყო, რომელიც ცხოვრებაში არ გამომიცდია. ალბათ ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად, თან კუბში აყვანილი. ვგრძნობდი მხოლოდ იმას, რომ თვალთ დამიბნელდა, ენა გამიშრა და მეტყველების უნარი დავკარგე. შემეშინდა, ინსულტმა ან ინფარქტმა არ მხიოს-მეთქი. ჩემს ასაკში ხომ ყველაზე მეტადაა გახშირებული ეს ორი დაავადება. ამაზე ამაზრზენი რა უნდა გამეგო? ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? იქნებ მესიზმრება და კოშმარიდან ვერ გამოვდივარ?
- ანდრია! ანდრია! - ვიგრძენი, რამდენჯერმე როგორ გამილაწუნა ევამ სახეზე.
- დამშვიდდი, კარგად ვარ, - ამოვილუღლუღე.
- რაღა კარგად ხარ, თვალები გვერდულად წაგივიდა, სადღაც იყურებოდი ალმაცერად, თითქოს მარცხნივ და თითქოს ზეცაში. - შეშინებულმა ისე ჩქარა-ჩქარა მომაყარა, ძლივს გავიგე, რა მითხრა.
- არა, გადავრჩი, როგორც ჩანს, გავუძელი, - ვთქვი და ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ისე ძლიერად დავაჭირე, ყბები მეტკინა, - ასე არ შეიძლება იყოს, ევა! დავიჯერო, ღმერთმა ასე გამწირა? შენ რომ ჩემი შვილი აღმოჩნდე, ხომ ყველა ვარიანტში უნდა მოვიკლა თავი, ა?
შემომხედა. ნელ-ნელა ეღრიცებოდა სახე, ებრიცებოდა ტუჩები და უსევდიანდებოდა თვალები. მერე ცრემლები ჩაუდგა გუგებში, მერე შიში, მერე სიბრაზე...
- სისულელეა... ეს ყველაფერი სისულელეა, - ამოიჩურჩულა, - ის ქალი არ არის ნორმალური. მანია აქვს, ტყუილები მოიგონოს და სხვები "დააბოლოს". ჩვენ მას გავშიფრავთ.
- ევა, დარწმუნებული ხარ, რომ ნანა ის არის, ვისაც ეძებ? იქნებ ფოტოზე ჰგავს მხოლოდ და გეშლება?
- არა, არ მეშლება. ეგაა, ზუსტად ვიცი. ერთხელ შევხვდი და მაშინაც მომატყუა, დამემალა. მერე კი ვეღარ ვიპოვე.
- მაგრამ... მოიცა, შენ ხომ ოცდაექვსი წლის ხარ? ნინი კი ოცდახუთისაა. - მოულოდნელად მომაგონდა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა რომ იყო და ისე გამიხარდა, თითქოს ერთ წამში მილიონი მეშოვოს.
- არ ვარ ოცდაექვსის. მხოლოდ დაბადების მოწმობაში მიწერია ასე. ისიც იმიტომ, რომ დედაჩემს ცხრა თვის ბავშვი გარდაეცვალა თურმე, გოგონა, და ქმარს არაფერი სცოდნია, რადგან ციხეში მჯდარა მკვლელობისთვის. ამასაც უფიქრია, სხვა ბავშვს ავიყვან და სანამ ის ციხიდან გამოვა, ბავშვი გაიზრდება და ვერ მიხვდებაო. ერთი სიტყვით, ჩემი და, მგონი, შენი ცხოვრებაც ძალიან ჰგავს თურქულ სერიალს.
- ბრაზილიურს, - შევუსწორე ნერვიული სიცილით.
უკანასკნელი იმედიც გამიხუნდა. მეგონა, მისი წლოვანება სხვა გზაზე დაგვაყენებდა, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
მოცელილივით გადავესვენე დივანზე.
- ევა, რა ვქნათ? - ძლივს გასაგონი ხმით ვკითხე და თვალები მივლულე.
- პირველ რიგში, დნმ-ს მივხედოთ. მერე კი გავიგოთ, რომელ სამშობიაროში იმშობიარა ქალბატონმა და 1990 წელს ვინ იყო ჩვენი გაჩენის ღამეს მორიგე ექიმი ან ბებიაქალი, ან ვინ ჩაიბარა მშობიარობა... როგორც იყო, რა.
თავში ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ვერა და ვერ ვწყნარდებოდი. ამხელა კაცი გულში ქალივით ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, ამ საშინელი მდგომარეობიდან როგორმე გამოვეყვანე, ოღონდ ეს გოგოები ჩემი შვილები არ აღმოჩენილიყვნენ, და ყველა სხვა სასჯელზე, ასჯერ უარესზეც თანახმა ვიყავი, თუ განგება მომივლენდა.
ისე ვიყავით ანერვიულებულები, რომ ლაპარაკის თავიც არ გვქონდა. ჯეელობის შემდეგ სიგარეტი არ მომიწევია, ახლა კი რომ მივეძალე ევას წვრილღერიან რაღაც უცნაურს, სანამ კოლოფი არ ჩავამთავრე, პირიდან არ გამიგდია. არც ჩემი მდგმური თუ შვილი იყო უკეთეს დღეში.
- რა უცნაურია, შენ მართლა ჰგავხარ ნანას. ეს მაშინვე შევნიშნე, როცა პირველად დაგინახე, მაგრამ ნინი არც შენ გგავს და არც ნანას. ტყუპისცალები როგორ ხართ?
- მერე რა? არ გინახავს ისეთი ტყუპისცალები, ერთმანეთს რომ არ ჰგვანან? მე მინახავს და თანაც არა ერთი და ორი.
- ისე, ჰო, ეგეც მართალია... - კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი.
- არ გვინდა ამდენი მკითხაობა და თვითგვემა. იცი სად აკეთებენ დნმ-ის ტესტებს?
- როგორ არ ვიცი, მაგის მეტი რა ვი... - წინადადება ვერ დავამთავრე, ისეთი ხველება ამიტყდა. როგორც ჩანს, ერთდროულად ამდენის მოწევამ თავისი ქნა.
- წავალ, სიგარეტს ამოვიტან, - ევა წამოდგა.
- რა დროს სიგარეტია ამ შუაღამეს, სადღა იქნება ახლა რამე ღია.
- არა, ოთახში მაქვს მთელი ბლოკი. მე ხომ ვიმარაგებ. ქვემოდან ამოვიტან.
- ააა, - გამეღიმა, როგორი თავშენახული ქალია. ამ მხრივ მართლა მგავს. ამის გაფიქრებაზე შემაკანკალა. ღმერთო, მე ხომ ამ გოგოსთან სექსი მქონდა. მოაწყვე ისე, რომ ჩემი შვილი არ აღმოჩნდეს, თორემ თავს არ ვიცოცხლებ!
ევაც დაბრუნდა და მოტანილ სიგარეტს თხელი ცელოფანი შემოაცალა. ეს ხმაც კი ნერვებს მიწიწკნიდა უკვე. ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი.
- ანდრია, ახლა მე და შენ ვიძინებთ, ხვალ დილით კი მივდივართ სადაც საჭიროა, იქ და დნმ-ის ტესტს ვიკეთებთ. გასაგებია? - საქმიანი ტონით მომიბრუნდა.
- ჰო, სხვა რა დაგვრჩენია... მთელი უბედურება ისაა, რომ იქ უამრავი ნაცნობი მყავს. იმათ რა უნდა ვუთხრა? ამის დედა ვატირე! როგორ შემომიტრიალდა ეს აწყობილი ცხოვრება, ხედავ?
ევამ ჩაიცინა. ირონიას ძალიან ჰგავდა ეს ჩაცინება.
- მეც ეგრე შემომიტრიალდა ცხოვრება, ჩემი დაბადების ამბავი რომ გავიგე.
- როგორ გაიგე?
- დედაჩემმა და მისმა დაქალმა იჩხუბეს და იმ ქალმა წამოაძახა, ეს გოგოც იმიტომ გაგიბოზდა, ბოზი ქალისგან რომ იშვილეო. მე ამ დროს სააბაზანოში ვიყავი, ვიბანავე და უკვე გამოვდიოდი. ალბათ არც უფიქრია, რომ გავიგონებდი. არ ვიცი... შეიძლება შეგნებულადაც კი თქვა. ისე გავმწარდი, რომ გამოვუვარდი და სულ თმით ვითრიე. მერე კი დავსვი დედაჩემი და ყველაფერი მოვაყოლე. სიმართლე გითხრა, დედაჩემს ნაკლებად მიუძღვის ამ აფერაში ბრალი. ბავშვი რომ მოუკვდა, თურმე მული შეუჩნდა, ჩემი ძმა მოგკლავს, ციხიდან რომ გამოვა, შვილს როგორ ვერ უპატრონეო და იმას მოუგვარებია ყველაფერი. იმან მიუყვანა თურმე ჩემი თავი ჩემს დედობილს და ამიტომ არ იცოდა, რომელი სამშობიაროდან გამომიყვანეს. მულს არ უთქვამს ეს ამბავი, მერე კი ის ქალი, "მამიდაჩემი", ავარიაში დაიღუპა და ეს ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა. ერთადერთი, რაც ჩემმა გამზრდელმა იცოდა, ნანას დეიდის სახელი და თანამდებობა იყო. მეც ამით მივაგენი. დეიდამისი გარდაცვლილი ყოფილა, მაგრამ დედაჩემის მობილურის ნომერი მაინც მომცეს. ხომ იცი, კეთილი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან, როცა ძალიან გინდა რაღაც. ჰოდა, დავურეკე. ისე ვიყავი ანერვიულებული, მაშინვე მივახალე, ესა და ეს ვარ და შენი ნახვა მინდა-მეთქი. ძალიან დაიბნა. სად ხარ, ახლავე მოვალო. ჰოდა შევხვდით ერთმანეთს. იტირა, გადამეხვია, პატიება მთხოვა, რა ვიცი, ისე მოიქცა, გული მომილბა. მერე შემპირდა, შენს დას გაგაცნობო, ახლა თბილისში არ არისო, ორ დღეში ჩამოვა და დაგირეკავო, იმასაც შევამზადებო, არაფერი არ იცისო... ასე დავშორდით ერთმანეთს და იმ დღიდან დაიკარგა. ის ნომერი ალბათ გადააგდო, რომლითაც დავუკავშირდი, ძველ მისამართზე რომ მივაკითხე, სადაც დეიდამისი ცხოვრობდა, ბინა გაყიდული დამხვდა და მორჩა, მერე მის კვალს ვეღარ მივაგენი. მისი სახელისა და გვარის ხუთი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, დაახლოებით მისი ასაკის, მაგრამ ეგ არც ერთი არ აღმოჩნდა. ის კი არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ქმრის გვარზე ყოფილიყო გადასული. აი, ასე იყო ეს ამბავი. ახლა შენ ის მითხარი, რამდენი ჯდება ეს ტესტირება და რამდენ ხანში იქნება პასუხი?
- პასუხი, წესით, ერთ თვეში იქნება, ეს იმ შემთხვევაში, თუ არ გეჩქარება. ბიოლოგიურ მასალას ალბათ გერმანიაში ან შვეიცარიაში გადააგზავნიან, მაგრამ მე ერთი თვე ვერ მოვითმენ, ამიტომ დაჩქარებული წესით უნდა გავაკეთებინო. ამას ხუთი დღე უნდა და ორმაგი თანხა დაჯდება, მაგრამ არ დავეძებ.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. იმ ღამესაც ჩემთან დარჩა ევა, ტანსაცმელი არც გაგვიხდია, ისე წამოვწექით საწოლზე, ახლა უკვე მამა-შვილივით და შუაღამემდე ვილაპარაკეთ. არც ერთს თვალზე ძილი არ გვეკარებოდა. არ მახსოვს, როდის ჩამთვლიმა, ალბათ გამთენიისას. ევას ჩემზე ადრე ჩაეძინა. ვუსმენდი მის არათანაბარ სუნთქვას და გული შუაზე მეხლიჩებოდა. აი, რამდენი ადამიანის გამწარება შეუძლია ერთი ადამიანის შეცდომას. შეცდომაც არის და შეცდომაც!
გაგრძელება