ონლაინრომანი "შეხვედრა წარსულთან"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
იხილეთ პირველი ნაწილიმეორე დილით, როგორც კი მოვწესრიგდით, გზას გავუდექით. მთელი ღამე ვფიქრობდი, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავსულიყავი, სადაც უამრავი ნაცნობი მყავდა, თუ რომელიმე კერძო კლინიკა ამერჩია? კერძო კლინიკა მერჩია, ისეთი, სადაც ნაცნობი არ მყავდა, რომ ნაკლებად შევრცხვენილიყავი, მაგრამ იქ დაჩქარებული წესით პასუხი არ გამოვიდოდა. ისე, თავის შესარცხვენი რა მჭირდა, ამ ხნის კაცს უცებ ამხელა, გაზრდილი შვილი რომ გამოგიჩნდება, მაგრამ ჩემი მდგომარეობა სულ სხვა იყო, რასაც ვერავის ვერ ავუხსნიდი. იმ შემთხვევაში, თუ ევა და ნინი ჩემი ქალიშვილები აღმოჩნდებოდნენ, წესით და რიგით აუცილებლად უნდა მომეკლა თავი, რაღა საცოცხლებელი მე ვიქნებოდი, მაგრამ რას იტყოდნენ ჩემი სიკვდილის მერე? იმდენად ვერ აიტანა, შვილი რომ გამოუჩნდა, თავი მოიკლაო?
ამდენი ფიქრისგან ლამის ტვინი მეღრძო. მთელი გზა უხმოდ გავიარეთ, თითქოს პირი ამოკერილი გვქონდა. ისე, რაღა დაგვრჩენოდა სალაპარაკო? ახლა ყველაფერს ტესტირება გადაწყვეტდა.
ეროვნული ბიუროდან გამოვედით თუ არა, გეზი სამსახურისკენ ავიღე.
- სად მიდიხარ? - მკითხა ევამ.
- სამსახურში. ამ კვირაში ოპერაცია არ მაქვს, ამიტომ უფასო შვებულებას გავაფორმებ. ისე ცუდად ვარ, სამსახურში სიარული არ შემიძლია.
- მოდი, იცი, რა ვქნათ? ჩვენ ნუ დაველოდებით პასუხს, მანამ გავიგოთ, რომელ სამშობიაროში იწვა, იქ ვინმე ვნახოთ, იქნებ რამე უფრო ადრე გავარკვიოთ, თორემ...
- ეგ როგორღა გავიგო? - უიმედოდ ავიჩეჩე მხრები.
- როგორ და, ახლავე დაურეკე ნინის, მხიარულად უთხარი, იცი ამწუთას სად ვარ? იმ სამშობიაროში აღმოვჩნდი, სადაც დავიბადე-თქო. ვითომ შემთხვევით. მერე შენ რომელში დაიბადე-თქო და მორჩა. სულ ეგაა.
აღტაცებულმა გავხედე.
- როგორ გიჭრის გონება, შე მამაძაღლო! საიდან მოგაფიქრდა ასე უცებ ასეთი იდეალური ტყუილი?
- მე ხომ იდეალური მატყუარა ვარ, - გადაიკისკისა ევამ.
მანქანა მოხერხებულ ადგილას გავაჩერე და ნინის დავურეკე. ზუსტად ისეთი სცენა გავითამაშე, როგორიც ევამ მირჩია და საქმეც გაკეთდა.
- აბა, რაო? - გაფართოებული თვალებით შემომხედა ევამ, როცა ტელეფონი გავთიშე.
- წავედით ადამაშვილის სამშობიაროში, იქ გაჩენილა თურმე.
- ეგ სადღაა?
- მივალთ და ნახავ. კარგია იმით, რომ თბილისშია და არა სადმე რაიონში, მაგრამ ცუდია იმით, რომ ოცდახუთი წლის წინანდელი თანამშრომლების მოძებნა შეიძლება არც ისე იოლი აღმოჩნდეს.
- შენ რა იცი? იქნებ ახლაც იქ მუშაობენ და არსადაც არ წასულან?
- ვინ? - ამწუთას სრულიად სხვა რამეზე ვფიქრობდი, ამიტომ ანგარიშმიუცემლად დავუსვი შეკითხვა.
- ვინ, ვინ... ვინ და ექიმი, ექთანი, ბებიაქალი... რა ვიცი, აბა! ვინც გამაჩინა.
- ხო... ვნახოთ, ვნახოთ....
ჯერ ჩემთან შევიარე სამსახურში, უფასო შვებულება გავაფორმე, ჩემი პაციენტები მოვინახულე, თბილისიდან არ გავდივარ, ამიტომ ყოველდღე შემოვირბენ-მეთქი, დავიბარე და წამოვედი.
ამ სამშობიარო სახლში არასდროს ვყოფილვარ, არც არავის ვიცნობდი მედპერსონალიდან. ამან მოქმედება გამიადვილა, თუმცა მე ჯერ ჩუმად ვიყავი, ევა აქტიურობდა. გადავწყვიტეთ, მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავრეულიყავი, თუ ჩემი სტატუსის გამოყენება დაგვჭირდებოდა.
ევას ვარაუდი არ გამართლდა. ოცდახუთი წლის წინ მომუშავე პერსონალიდან მხოლოდ ერთი ექთანი იყო დარჩენილი, დაახლოებით ჩემი ასაკის ქალბატონი, რომელსაც ირმა ერქვა.
მასთან საუბარი ნაყოფიერი გამოდგა. ჩამოგვითვალა ორი ექიმი და ერთი ბებიაქალი, რომლებიც 1990 წელს სამშობიაროში მუშაობდნენ. ზუსტად იმიტომ ახსოვდა, რომ თვითონ სწორედ იმ წელს დაუწყია მუშაობა და, როგორც ახალბედას, ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვდა. რაც შეეხება ტყუპის გაჩენას ან ჩვილის გაშვილებას, ეგეთი რამეები მას არ ჰქონდა განაგონი და ეს ბუნებრივიცაა, პრაქტიკანტს კი არა, სტაჟიან თანამშრომლებსაც არ ეუბნებიან ასეთ რამეს, თუ ყველაფერი საიდუმლოდ კეთდება. და რადგან ეს ქალბატონი საქმის კურსში არ იყო, ესე იგი, სერიოზული "სპეცოპერაცია" ჩატარდა, რომლის გამომჟღავნება არც ისე ადვილი იქნებოდა ჩვენთვის.
გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, ექიმი გვეპოვა, გულიკო მათიაშვილი. თუ მისგან ბევრს ვერაფერს გავიგებდით, მერე ელზა შალამბერიძესთან მივსულიყავით. მისი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება უკვე აღარც ყოფილიყო ცოცხალი. მაშინ "სამოცამდე წლის ქალი", როგორც ირმამ გვითხრა, ახლა ალბათ 85 წლის მაინც იქნებოდა.
ახლა მთავარი ამათი მისამართების გაგება იყო. ისევ ჩემი გავლენა და ნაცნობთა წრე გამოვიყენე. ბევრ პოლიციელს ვიცნობდი, თანამდებობის პირებსაც, ვისაც ჩვენნაირი ადამიანების დოსიეებთან ხელი მიუწვდებოდა და დავრეკე ერთ-ერთთან. გელა სიხარულიძესთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ოპერაცია გაუკეთე და საძულველი ბუასილი მოვაშორე. ნაცნობობამ გაჭრა და ნახევარ საათში ორივე მისამართი ხელთ მქონდა.
გულიკომ გაამართლა თავისი სახელი და გულითადად მიგვიღო, ყავაც კი მოგვიდუღა. ისე ვიყავით მე და ევა დაღლილები, მართლა ძალიან გვინდოდა ყავა, ამიტომ თავპატიჟი აღარ გამოვიდეთ, მაგრამ როგორც კი მთავარ საკითხს შევეხეთ და გულიკოს ვუთხარით, რის გასაგებადაც ვეწვიეთ, დაიზაფრა. ისეთი შეშინებული სახით მოგვაჩერდა, მაშინვე მივხვდი, ამ ქალმა ბევრი რამ იცოდა, მაგრამ არაფერსაც არ გვეტყოდა.
- ეს ისე ადრე იყო... შორეულ წარსულში... მაშინ ხომ გახსოვთ, როგორ არეული დრო იყო... საშინელი წლები... ჯერ 9 აპრილი... მერე სამოქალაქო ომი... სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი მახსენდება. ტყუპის დაბადება... გაშვილება... არა, არა, ეგეთი არაფერი ყოფილა. საიდან მოიტანეთ, ვინ გითხრათ, რომ ჩვენთან მოხდა ეს ყველაფერი?
- ქალბატონო გულიკო, როგორც კოლეგა კოლეგას, გთხოვთ, თუ რამე იცით, დაგვეხმაროთ. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია, გესმით? შეიძლება ეს გოგონები ჩემი ღვიძლი შვილები აღმოჩნდნენ. ჩვენ ხომ ჩივილს არ ვაპირებთ ან ვინმესთან ჩხუბს და აყალმაყალს. უბრალოდ, გვაინტერესებს, მართლა ასე იყო თუ არ იყო. მე მაქვს თუ არა მამობის პრეტენზია, მხოლოდ ამის გაგება მინდა. მეტი არაფერი.
ქალი აშკარად უნდო მზერით მიცქეროდა. ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა, რასაც ვეუბნებოდი.
- არა, ბატონო, მე არაფერი ვიცი. ჩვენთან ასეთი არაფერი მომხდარა. იმ ქალბატონს ჰკითხეთ, დედათქვენს, ნამდვილად ჩვენთან იმშობიარა? რატომღაც მგონია, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ. თვითონ მას ჰკითხეთ, მას ხომ ზუსტად ეცოდინება, ბავშვები სად გააჩინა.
ქალი ისე დაჟინებით მოითხოვდა, გინდა თუ არა, "იმ ქალბატონს" ჰკითხეთო, რომ მივხვდი, ის რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა და იმედოვნებდა, რომ "ის ქალბატონი" სხვა სამშობიაროს დაასახელებდა და თავის თავს არ გასცემდა.
გულიკოსგან მეტს ვერაფერს შევიტყობდით, ეს აშკარა იყო, ამიტომ დავემშვიდობეთ და ელზას მოსაძებნად გავეშურეთ. ეს ქალი რუსთავიდან იყო, ამიტომ რუსთავში მოგვიწია ჩასვლამ. კითხვა-კითხვით მივაგენით საჭირო მისამართს. ლამაზი, კოხტა ბელეტაჟი სახლის წინ გავაჩერეთ მანქანა. ევა გადავიდა და ზარი დარეკა. თავდაპირველად არავინ გამოგვეპასუხა. ევამ კიდევ დააწკარუნა. ვერც ამჯერად გავაგონეთ ვერავის. ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ჭიშკრიდან კაფანდარა გოგონა გამოცქრიალდა, დაახლოებით ოცი წლის.
- ვინ გნებავთ?
- ელზა შალამბერიძე აქ ცხოვრობს? - ევა მასპინძელს მიესალმა.
- დიახ... - გაკვირვებული ტონით მიუგო გოგონამ, - თქვენ რომელი ორგანიზაციიდან ხართ?
- მე არ ვარ ორგანიზაციიდან, - გაიღიმა ევამ, - მე ქალბატონმა ელზამ გამაჩინა... უფრო სწორად, დედაჩემმა რომ გამაჩინა, თქვენმა ბებიამ... ალბათ თქვენი ბებიაა, ხომ? ჰო, ეგრეც მივხვდი... და ის იყო ბებიაქალი...
- ააა. გასაგებია... მობრძანდით, მაგრამ ელზა ბებო ისე ცუდადაა. ლოგინად ჩავარდა, უკვე ექვსი თვეა, გავწამდით. ფეხები მოიტეხა, ორივე ერთად, მერე ინსულტი გადაიტანა და... ასაკი, ხომ გესმით...
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... სულ რამდენიმე წუთით, რაღაცის დაზუსტება გვინდა, არ შევაწუხებთ.
- არა, რას ამბობთ, პირიქით, გაუხარდება, ვინმე დამლაპარაკებელი თუ გამოუჩნდება. მთელი დღე მარტოა საწყალი და დარდობს, არავის ვჭირდებიო, - გაიცინა გოგონამ და ამ ლაპარაკ-ლაპარკში შინ შეგვიყვანა.
ისე ვიყავი დაძაბული, კრიჭა შემეკრა. ეს ქალი ჩვენი ბოლო იმედი იყო, რადგან დნმ-ის ტესტი საიდუმლოს ნაწილობრივ გაამჟღავნებდა, ეს ბებო კი იმდენ რამეს ახდიდა ფარდას, რომ შეიძლებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა.
შევედით თუ არა ოთახში, პირველ რიგში, წამლების მძაფრი სუნი მეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნს მიჩვეული ვიყავი, მაინც უსიამოვნოდ იმოქმედა. ხმაურზე მოხუცმა თვალები გაახილა და დაღლილი მზერით შემოგვხედა. ამ მზერაში სიცოცხლე აღარ იგრძნობოდა...
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
- სტუმრები არიან, ლილი? - შეეკითხა შვილიშვილს, თან ჩვენ გვათვალიერებდა.
ხმა რომ ამოიღო, უფრო მხნე გამოჩნდა და იმედი მომეცა, ლაპარაკი შესძლებია-მეთქი.
- ჰო, ბებო, შენს სანახავად მოვიდნენ. აი, ეს ქალბატონი თურმე შენს ხელში დაიბადა.
ელზა ბებომ ჩამქრალი მზერა ევას მიაპყრო.
- რომელ წელს დაიბადე, შვილო? - ოდნავი ღიმილით ჰკითხა.
- 1990 წლის 22 მაისს.
- ჩვენს სამშობიაროში? - ქალს სახეზე ნაკვთიც არ შერხევია, რომ გვეფიქრა, ამ თარიღმა საიდუმლო გარიგება გაახსენაო.
- დიახ, თქვენს სამშობიაროში.
მოხუცმა ამჯერად ფართოდ გაიღიმა და მე შემომხედა.
- აი, როგორი შვილი მიჩუქებია თურმე თქვენთვის. მამა ხართ, არა?
- მმმ... ჯერ არ ვიცი, - დამძიმებულად ამოვთქვი.
მოულოდნელად ეს ავადმყოფი ქალი ლამის წამოიმართა ლოგინში, ორივე ხელს დაეყრდნო და წამოწევა ააპირა.
- ბებო, რას აკეთებ, გაგიჟდი? - მივარდა ლილი.
- წამოჯდომა მინდა, ბალიშები დამიდე ზურგს უკან, - მკაცრად მიმართა შვილიშვილს.
ლილიმ თხოვნა შეუსრულა და მოხერხებულად დასვა.
- 22 მაისი... 1990... მახსოვს... - ძალიან ხმადაბლა თქვა და შუბლი შეეჭმუხნა.
- სწორედ მაგის გასაგებად მოვედით, ქალბატონო, - ტონი შევარბილე, უცებ არ გადაიფიქროს-მეთქი და "კეთილი მზერა" ვესროლე.
- მაგ ცოდვამ მიწია, ბავშვებო, სწორედ მაგ ცოდვამ. ვის შერჩენია, რომ მე შემრჩენოდა. აი, მაგიტომაც ვეწამები ახლა.
მე და ევამ ყურები ვცქვიტეთ. აშკარა იყო, საშინელ საიდუმლოს ფარდა ეხდებოდა და ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.
- გახსოვთ ის დღე? - ფრთხილად შევაპარე.
- რა დამავიწყებს... დღე კი არა, ღამე იყო. თორმეტის ნახევარი. მთელი ცხოვრება არ დამვიწყებია 22 მაისი. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ცუდი საქციელი, მაგრამ რა მექნა, ისეთმა ადამიანმა მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი. არც სამსახურის დაკარგვა მინდოდა.
- ხომ მოგვიყვებით? - ევა თავთან დაუჯდა და სკამი ახლოს მიაჩოჩა ელზასთან, თითქოს ამ სიახლოვეზე თუ მოუსმენდა, უფრო მეტს გაიგებდა.
- ჩემთვის უკვე სულერთია, მაინც ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია. ცოდვა იმის კისერზე იყოს, ვინც ამისკენ მიბიძგა, თუმცა მაგათაც ვერ გაიხარეს...
დაძაბულები ვისხედით და ხმას ვერ ვიღებდით იმის შიშით, ქალს ამბის მოყოლა არ გადაეფიქრებინა.
- ყავას ხომ არ ინებებთ? - ლილი დაფაცურდა.
- არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, - ორივემ ერთდროულად ვიუარეთ.
ლილი გავიდა და მოხუცთან მარტო დაგვტოვა.
ელზამ ჯერ ევას შეხედა, მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა და თქვა:
- ახლაც ყურში ჩამესმის ნანას სიტყვები... ხომ ნანა ჰქვია? იმედია, არ მეშლება... ეგ ქალი ცხოვრებაში არ დამვიწყებია. ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი და თანაც ტყუპს ველოდებოდი, იმ დღესვე მიმატოვაო. ტიროდა... ცხარე ცრემლით ტიროდა... ძალიან შემეცოდა.
- ანუ, იცოდა, რომ ტყუპი ჰყავდა? - ჩავეძიე.
- როგორ არა, იცოდა, - თავი დააქნია მოხუცმა, - აბა, სხვას რას ვამბობ? ის კაცი თქვენ ხართ? მისი შეყვარებული?
მწარედ გამეცინა.
- არ ვიცი, რომელ შეყვარებულზე გელაპარაკათ, ქალბატონო. ჩემთვის არ უთქვამს, ორსულად ვარო, მით უფრო - ტყუპს ველოდებიო. შეიძლება სხვა იგულისხმა.
- შეიძლება... მაგდენი არ ვიცი... მერე გულიკო იყო ერთი, კარგი მეანი, ჩვენთან მუშაობდა. ჰოდა, იმან გასინჯა, ექოც გადაუღო და გოგო და ბიჭი ჰყავდა მუცელში.
- გოგო და ბიჭი? - ლამის ერთდროულად ვიყვირეთ მე და ევამ.
- გოგო და ბიჭი, - დაგვიდასტურა ელზამ, - ეჰ, ხალხნო, მაშინ იმდენი რამ მოხდა, მაგის მოსაყოლად ერთი დღე არ მეყოფა ალბათ.
- არა უშავს, ჩვენ არსად გვეჩქარება, ქალბატონო, ოღონდ კი სიმართლე გავიგოთ, - ევამ საბანი მზრუნველად შემოუკეცა ქალს და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო.
- ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს ორი ქალი მშობიარობდა. ჩვენი საავადმყოფოს დირექტორი, ლალი ქვარიანი და ეგ ნანა. გვარიც კი მახსოვს მისი, მელიქიშვილი... ოხ, რა ლამაზი გოგო იყო. სულ მინდოდა, რომ მეყურებინა, თვალს ვერ ვაშორებდი. ვიფიქრე, ამას ულამაზესი ბავშვები ეყოლება-მეთქი და არც შევმცდარვარ. სანამ იმშობიარებდა, ამ ნანამ მთხოვა, იქნებ ვინმე იყოს ისეთი, ვინც ბიჭს იშვილებს, მარტო ორივეს ერთად ვერ გავზრდიო. ამ ჩვენს დირექტორს, ლალის, ნათესავი ჰყავდა, რომლის რძალსაც ცხრა თვის ბავშვი დაეღუპა და ქმარმა, ანუ ამ ქალის ძმამ არაფერი იცოდა, რადგან იმ დროს პატიმარი იყო. ამიტომ ცოლს სასწრაფოდ უნდოდა ბავშვის აყვანა, რომ ქმრის ყურამდე არ მიეღწია ბავშვის დაღუპვის ამბავს. უფრო სწორად, მულს უნდოდა. ამის გამო, ამ ქალმა მერე, ბავშვი რომ იშვილა, თბილისში სახლ-კარი გაყიდა და სამტრედიაში გადასახლდა. კი არ გადასახლდა, წარმოშობით იქიდან იყო და სახლიც ჰქონდა იქ. ჰოდა, დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. ახლა მაგის ამბავი აქ რა მოსატანია, მაგრამ ამის გარეშე ყველაფერს ზუსტად ვეღარ გადმოვცემ.
გესმით ალბათ, როგორი ჩახლართული ისტორია გამოვიდა, ხომ? ჩვენი სამშობიაროს დირექტორს ბიჭი უნდოდა, რადგან ექვსი გოგო ჰყავდა და ქმარმა უთხრა, სახლიდან წავალ, კიდევ გოგო რომ გაგიჩნდესო. სპეციალურად არ გაიკეთა ექოსკოპია, ისევ გოგო რომ დაიბადოს, გული გამისკდებაო და ელოდებოდა, ღმერთი რისხვას მოუვლენდა თუ გადაარჩენდა. ჰოდა, თითქოს ტუზი დაგვეცა. როგორც კი მელიქიშვილმა მიხსენა, ერთის გაშვილება მინდაო, თანაც ბიჭისო, ლალისთან სხვათა შორის ვახსენე, ასე და ასეა საქმე და ის თქვენი ნათესავი ხომ არ იშვილებს-მეთქი. არადა, დირექტორს ვერ შევბედე, თორემ მისთვის მინდოდა საქმის მოგვარება. თუ მეშვიდეც გოგო დაიბადებოდა, გავცვლიდით ბიჭში და მორჩა, ამით მოგვარდებოდა საქმე. ჩემს ნათესავს ბიჭი კი არა, გოგო უნდაო, უკმეხად მომახალა და ხელით მანიშნა, პალატიდან გადიო. რა თქმა უნდა, როგორც დირექტორი, ცალკე პალატაში იწვა. ის იყო, კარი გამოვიხურე, რომ მეძახის: ელზა, ელზაო. ისევ შევედი. წეღან რომ გარეთ გამისტუმრა, სწორედ იმ ხელით მიმიხმო, ახლოს მოდი და საწოლზე ჩამომიჯექიო. დავჯექი და ჩურჩულით მეუბნება:
- ვინ არის ის გოგო, საიდანაა, როგორი ოჯახიდანაა?
მეც ვაქე და ვადიდე. ისიც ვუთხარი, დეიდამისი თანამდებობის ქალია, კარგი ოჯახი ჩანს-მეთქი. მამა ვინ არისო. შეყვარებული ჰყოლია და იმისგანაა ორსულად, იმას კიდევ შეშინებია და მიუტოვებია-მეთქი. ისეთი დახატული გოგოა, შვილებიც დახატული ეყოლება, ამას ფიქრიც არ უნდა-მეთქი. წამითაც არ შეყოყმანებულა, მაშინვე გულიკო ექიმს დაუძახა და სამივემ დავგეგმეთ, თუ ლალის გოგო გაუჩნდებოდა, ბავშვებს გავცვლიდით, ბიჭს ლალის მოვუყვანდით, გოგოს კიდევ - ნანას. მაგრამ რჩებოდა ერთი ძალიან რთული საკითხი - ნანას ერთის გაშვილება უნდოდა და არ იტყოდა, ეს მეორე გოგო საიდანო? ვეღარ მოვატყუებდით, თურმე მუცელში გოგო და ბიჭი კი არა, გოგოები გყოლიაო. სკანდალი რომ აეტეხა, შარში გავეხვეოდით. და უცებ გულიკოს მოუფრინდა აზრი თავში - იმ შენი დეიდაშვილისთვის ხომ დაეძებთ გოგონას, ჰოდა, იმან წაიყვანოს, ამას კიდევ ფული გადავუხადოთ და ვუთხრათ, ვითომ ბიჭი გავყიდეთო. ამის გაგონებაზე ლალი შეშინდა. ჯერ ერთი, არ უნდოდა, თავისი შვილი საკუთარი დეიდაშვილისთვის გადაელოცა. გული გამისკდება, მაგათთან ჩემი შვილი რომ გაიზარდოს და ამას ყოველდღე ვუყუროო. ამან სამივე შეგვაფიქრიანა. ბოლოს ისევ გულიკომ მოძებნა გამოსავალი. ლალის გოგო ნანასთვის დაგვეტოვებინა, ნანასი კიდევ გაგვესხვისებინა.
დაზაფრული ვუსმენდი ამ ჩახლართულ ისტორიას და მეგონა, საშინელ სიზმარს ვხედავდი. საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ ნანას ღვიძლი შვილი ევა იყო და არა ნინი და ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ქალბატონმა ელზამ ხელით ანიშნა ევას, წყალი დამალევინეო, მერე კი, როცა წყალი მოსვა და სული მოითქვა, გააგრძელა:
- ყველაფერს შეიძლება გამართლება მოეძებნოს ამქვეყნად, ხალხო, ყველაფერს, მაგრამ დედას ღვიძლი შვილი წაართვა და სხვისი შეაპარო გასაზრდელად, მოუნანიებელი დანაშაულია. იმ საწყალ ქალს ალბათ ჰგონია, რომ თავის პირმშოს ელოლიავება, ამ დროს სრულიად სხვა ადამიანის შვილი ჰყავს გვერდით. არ ვიცი, ამ საქციელს რა ჰქვია, მაგრამ ღმერთმა მაპატიოს ჩემი შეცოდება.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, ლალიმ იმ ღამეს ისევ გოგო გააჩინა. ლალის მერე ეგრევე ნანამ იმშობიარა. ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ დაზიანებულა. ჯერ ბიჭი დაიბადა, მერე გოგო. ორივე ძალიან კარგი ბავშვი იყო. რა თქმა უნდა, როგორც დავთქვით, ისე მოვიქეცით. ბიჭი სასწრაფოდ ლალის შევუყვანეთ, ლალის გოგონა კი ეგრევე მივუწვინეთ ნანას, ხოლო ნანას გოგო მაშინვე ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანეთ და მეორე დღეს ცისანას მულს ჩავაბარეთ. ასე ერქვა იმ ქალს, ვისაც უნდა ეშვილა. ამ გაცვლა-გამოცვლით მე კარგა გვარიანად ვიხეირე. ნანას თანხიდანაც მერგო წილი და ლალიმ კიდევ ცალკე გადამიხადა საიდუმლოს შენახვისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე ჩავატარეთ, არავის არაფერი გაუგია და ყველანი კმაყოფილი დარჩნენ. რა თქმა უნდა, ნანას დეიდამაც იცოდა ჩვენი საიდუმლოს ამბავი და ისიც საქმის კურსში იყო, ოღონდ იმანაც იმდენი იცოდა, რამდენიც მისმა დისშვილმა. ისე, დეიდამისს არც სცოდნია თურმე, თავისი დისშვილი ტყუპს რომ ელოდებოდა. მაგიტომაც გადაწყვიტა გაყიდვა, დეიდა მაინც ვერაფერს მიხვდებაო, ჩვენ კი დავიბარეთ დეიდამისი და იმ დღესვე ყველაფერი ვუთხარით. ჯერ გადაირია ის ქალი, არავითარ შემთხვევაში, ორივე ბავშვს წავიყვანთ და ჩვენ თვითონ გავზრდითო, მაგრამ მე და გულიკო ისე შევუჩნდით, რომ გადავაფიქრებინეთ. დავაჯერეთ, რომ თუ ბიჭს გაყიდდნენ, აღებული ფული მეორის გასაზრდელად გამოადგებოდათ. ნანამაც თავი გაიგიჟა, შვილები ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. თუ უარს მეტყვი, შენ მოგიგდებ იმ ბიჭს და თავად გაზარდეო. სხვა რა გზა ჰქონდა, შეშინდა ქალი, სამსახური არ მიმატოვებინოს ამ ჩემმა დიასშვილმა თავისი პრიციპების გამოო და დაგვნებდა.
მას შემდეგ აგერ, ოცდახუთი წელი გავიდა და არასდროს არავისთვის არ მითქვამს, იმ ღამეს რაც მოხდა. ან კი როგორ დავძრავდი კრინტს, ამხელა დანაშაულის ჩადენას ვინ მაპატიებდა? ახლაც არ უნდა მეთქვა წესით და რიგით, მაგრამ უკვე აღარაფერს არა აქვს აზრი. ღმერთმა ყველა დაგვსაჯა, ვინც ამ საქმეში ვიყავით გარეული. ჩვენი სამშობიაროს დირექტორს ეს სიმწრით ნაპოვნი ვაჟიშვილი ავარიაში დაეღუპა რამდენიმე წლის წინ, იმ ცისანას ქმარი კიდევ ციხეში მოკლეს და იმ საწყალმა კაცმა ვერც ის გაიგო, შვილი რომ დაეღუპა და ვერც ის, მისი ცოლი სხვის შვილს რომ დაახვედრებდა ციხიდან გამოსულს. მახსოვს, მაშინ დაბადების მოწმობაც კი შეუცვალეს ბავშვს, ვითომ ერთი წლის იყო, რადგან შვილის დაღუპვიდან უკვე სამი თვე იყო გასული. გულიკოს, მეან-გინეკოლოგს, ვინც იმ ღამეს მშობიარობა ჩაიბარა, მთლად საშინელება დაემართა. ქმარ-შვილი იმ ცუდ წლებში გაზით გაეგუდა. მაშინ გაზით მოწამვლა ძალიან იყო გახშირებული. თვითონ მორიგე იყო საავადმყოფოში და მეორე დილით, მორიგეობიდან შინ მიბრუნებულს ორივე მკვდარი დახვდა სახლში. კინაღამ გადაყვა საწყალი ამ ამბავს. არც მე დამდგომია უკეთესი დღე, რაღა დავმალო. ჩემი ორი ძმა, მთლად ახალგაზრდები, დამეღუპნენ, ერთი ინსულტით, მეორე ინფარქტით... ზედიზედ, ერთ თვეში, ერთმანეთის მიყოლებით... ახლა კიდევ ფეხები მოვიტეხე და სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში ლოგინად ჩავვარდი. ასე რომ, დაუსჯელი არც ერთი არ დაგვტოვა ღმერთმა.
სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა... ახლა ის მითხარი, შენ რომელი ხარ? რომლის გოგო ხარ? - ევას მიაპყრო ქალმა მზერა და ხელზე ხელი მსუბუქად მოუჭირა.
- მე ცისანას გოგო ვარ, მაგრამ გამოდის, რომ სინამდვილეში ნანასი ვარ, - ძლივს ამოიღო ხმა ევამ. ისეთი დათრგუნვილი ჩანდა, შემეცოდა.
- ჰოოო. კი, სინამდვილეში ასეა... მიდი, შვილო, უთხარი შენს ღვიძლ დედას, რაც ხდება. ამის გამო ნუ დაკარგავ. მთლად მისი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა.
- აბა ვისი ბრალია?
- რა ექნა იმასაც... პატრონი არავინ ჰყავდა, თავის თავს ვერ არჩენდა და შვილები როგორღა ერჩინა? აი, თქვენ რომ არ გეთქვათ მაშინ უარი და არ შეგშინებოდათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, - მე მომიბრუნდა ელზა.
- მე? - ისე დავიბენი, სათქმელს თავი ვერ მოვუყარე, - იცით? მე არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო, მართლა არ უთქვამს ჩემთვის.
- ეს არაფერ შუაშია, მაშინ დედაჩემი სხვასაც ხვდებოდა, ამიტომ ჯერ არ ვიცით, ვინ არის სინამდვილეში მამაჩემი. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ყველაფრის გარკვევა, - თქვა ევამ და მე გადმომხედა.
- ჩემგან უკვე ყველაფერი გარკვეულია, ჩემო ძვირფასებო, - ამოიჩურჩულა ელზამ, - უცნაურია, არა, როცა საკუთარ ცხოვრებას თავიდან სწავლობ. აბა, შეუსწავლელი ცხოვრება რაღა ცხოვრებაა, - უცნაურად გაიცინა, - მეც გულზე მომეშვა. აწი თუ მოვკვდები, აღარ ვინაღვლებ, შემსუბუქებული სინდისით დავტოვებ ამ ქვეყანას, დანარჩენს ღმერთი შემინდობს...
დაძმარებულები წამოვედით იქიდან. ევას პატარა ბავშვივით ჩაებღუჯა ჩემი ხელი, თითქოს მისი ერთადერთი მშველელი მე ვიყავი დედამიწის ზურგზე.
- იცი რა მგონია, ანდრია? - შეფიქრიანებულმა დაიწყო, - რადგან მაშინ არ გითხრა, ორსულად ვარო, არა მგონია, შენი შვილი ვიყო. ალბათ სხვისგან იყო ორსულად, თორემ რაღაცაში მაინც ხომ გთხოვდა დახმარებას, არა? შენ როგორ გგონია?
- საქმე რა არის, იცი? მან მითხრა, ორსულად ვარო და მე რომ სიფათი შემეცვალა, გეხუმრეო, გადაასხვაფერა ნათქვამი... ანუ, აღარ მითხრა ბოლომდე, გადაიფიქრა... ამიტომ ახლა ნამდვილად არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. თუ შენ ჩემი შვილი ხარ და, შესაბამისად, თურმე ბიჭიც უნდა მყოლოდა, გამოდის, რომ ღმერთმა მე ყველაზე სასტიკად დამსაჯა. ერთი შვილი მომიკლა, მეორესთან კი... - სათქმელი აღარ დავამთავრე, რადგან ღმუილი მომინდა.
- რატომღაც, გული სულაც არ მიგრძნობს ამწუთას განგაშს, იცი? ასე მგონია, შენ მამაჩემი არ ხარ. ყოველ შემთხვევაში, ის ხომ არის კარგი, რომ ნინის მამა მაინც არ ხარ. ის მაინც შეგრჩება.
- არავინაც არ შემრჩება, ევა. როგორც უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, მე უკვე აღარ ვვარგივარ ადამიანად. ოღონდ კი ახლა ნუ გამწირავს ღმერთი და ახლოსაც არ გავეკარები არც ნინის და არც ნანას.
- და მე? - სათნო ღიმილი გამოესახა ტუჩებზე.
- შენ... შენ თუ ჩემი შვილი აღმოჩნდი, თავს მოვიკლავ, თუ არ აღმოჩნდი, ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდები. არა, მეგობარი ისედაც ხარ, უნდა მეთქვა, ჩემს საუკეთესო მეგობრად დარჩები-მეთქი. თანაც, ყოველგვარი სექსის გარეშე.
- ჰო, მესმის... - თავი ჩაჰკიდა, - რა უცნაური რამაა ეს ცხოვრება, არა? რას ვიფიქრებდით ან შენ, ან მე, რომ ასეთი რამ გადაგვხდებოდა თავს?
- იცი რა? ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ ნანა მატყუებს და მამა მე არ ვარ, მოვკლავ ცილისწამებისთვის და ციხეში ჩავჯდები.
- აპა, აპა-პა-პა, ეგეთები არ გვინდა, ანდრია! დაივიწყე! მაგას ისედაც მიუზღო ბედისწერამ თავისი. შურისძიება იცი რა იქნება? ხვალ რომ მივალ ნინისთან და ვეტყვი, ეს ქალი დედაშენი კი არა, დედაჩემია-მეთქი და ღვიძლი დედის ამბავს რომ გავუმხელ, მერე ნახე ნანას გაგიჟება. შენი მოკვლა აღარ დასჭირდება, თვითონ მოიკლავს თავს.
- აპირებ ამის გაკეთებას? - ცოტა არ იყოს, შევცბუნდი.
- რა თქმა უნდა, ვაპირებ. ის კი არა, მიკვირს, იმ ქალმა, ლალიმ, აქამდე რატომ არ მოძებნა თავისი შვილი. ის ხომ მოუკვდა, რომელიც იშვილა, ანუ ჩემი ტყუპისცალი, მაგრამ ხომ იცოდა, რომ თავისი ქალიშვილი ცოცხალი იყო? რატომ არ მოიკითხა?
- იმიტომ, რომ გოგოების მთელი არმია ჰყავს სახლში და კიდევ ერთის მიმატება რაღაში სჭირდებოდა?
- აი, ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ, გეხვეწები, ამიხსენი ერთი, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გყავს? შვილები ერთმანეთისგან როგორ უნდა გამოარჩიო?
- ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, ევა, რას გაიგებ. ვისთვის ყველა შვილი ღირებულია, ვისთვის არა. მით უფრო, თუ არ გაგიზრდია. არ გესმოდა, რა თქვა იმ ქალმა? ქმარმა ასე უთხრა, კიდევ გოგოს თუ გააჩენ, მიგატოვებო.
- ჰო, მესმოდა... შენ?
- რა მე? - ვერ მივუხვდი.
- შენ რომ გცოდნოდა, შენგან იყო ნანა ორსულად და ტყუპი ჰყავდა მუცელში, შეირთავდი ცოლად?
დავმუნჯდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი. შემეძლო ევა დამეიმედებინა, აუცილებლად შევირთავდი-მეთქი, მაგრამ შევირთავდი? ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ ვერაფერი ვთქვი, ევას მოტყუება არ მინდოდა.
- ანრი! რატომ არ მცემ პასუხს?
- არ ვიცი, ევა, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი და რა გიპასუხო?
- ახლა რომ შეგქმნოდა მსგავსი სიტუაცია? - "გამიადვილა" ევამ მდგომარეობა.
- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, სრულიად განსხვავებული შეხედულებებით. ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე წარსული ცხოვრებიდან. ახლა წამითაც არ დავფიქრდებოდი. გგონია, მეშინია, შენხელა შვილი რომ გამომიჩნდა? ჩემი შიში ამჯერად სულ სხვა შიშია.
- მესმის შენი... მოდი, მოვითმინოთ ეს რამდენიმე დღე, დაველოდოთ ტესტის პასუხს და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ, კარგი?
- მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, გენიალური აზრები მოგდის.
- ახლა კი წავიდეთ და დავთვრეთ. თუ რამეა, ერთხელაც გამოვიტიროთ ჩვენი წარსული, შენი და ჩემი უნებლიე შეცდომა და ამით მაინც მოვიოხოთ გული.
- მოვიოხოთ და მოვიოხოთ, - ღრმად ამოვიხვნეშე და მანქანის სიჩქარეს მოვუმატე...
ახლა ერთადერთ იმედად დნმ-ის ტესტის ანალიზი გვრჩებოდა. თუ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა და საშინელების მოლოდინი აგვცდებოდა, პირობას ვდებდი, რომ ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შევცვლიდი; არა მარტო ჩემსას, არამედ ევას ცხოვრებასაც, ოღონდ როგორ, ჯერ არ ვიცოდი...
გაგრძელება