ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა" ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისი
დილიდან მარჯვენა თვალი მითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მეწყინება. ნეტავ მარცხენა ამთამაშებოდა. უთუოდ სასიხარულო ამბავს გავიგებდი. რა ვქნა, ასეთი რამეების მჯერა. ცოტათი ცრუმორწმუნე ვარ. მაგალითად, თუ მარცხენა ხელისგული მექავება, იმ დღეს ჩემს ბიუჯეტს აუცილებლად შეემატება გარკვეული თანხა. ყველაზე ცოტა, 6 ლარი მაინც. გგონიათ, სულ ესაა? არა, რა თქმა უნდა. აი, ცხვირი თუ მექავება, ვიღაც მესტუმრება, თანაც ისეთი, ვისი ნახვაც გამიხარდება. თუ მარჯვენა ხელისგული მექავება, ვინმეს ხელს ჩამოვართმევ - ახალგაცნობილს ან უკვე დიდი ხნის ნაცნობს და კარგა ხნის უნახავს. კიდევ მაქვს ერთი რაღაც დაცდილი - ყურის ბიბილოები რომ აგეწვება ან ღაწვები შეგიხურდება, ოღონდ ეგ ორი შეგრძნება სულ მერევა ერთმანეთში. როცა ყურები მიხურს, ესე იგი, ვიღაც მაქებს ან პირიქით, მჭორავს. იმავეს ნიშნავს ღაწვების შეხურება და ვერაფრით დავიმახსოვრე, როდის მაქებენ - ყურების აწითლებისას თუ ღაწვების აფორაჯებისას. ამიტომაც ორივე შემთხვევაში ვამბობ, რომ ვიღაც მჭორავს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ცოტათი პესიმისტი ვარ, ცოტათი მელანქოლიკი. შეიძლება ცოტაზე მეტადაც. ყოველი ახალი დღის მეშინია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ზეგ, ერთი კვირის, ერთი თვის და, მით უმეტეს, ერთი წლის შემდეგ... და ვცხოვრობ დღევანდელი დღით. თუმცა, ზედმეტი დოზით ჩემში მაინც წარსულია. ტკბილი მოგონებები მასაზრდოებს, მივტირი ჩემს ახალგაზრდობას და ყოველ ჯერზე ამოოხვრით ვამბობ: ეჰ, რა კარგი დრო იყო! ჰოდა, ამიტომაც ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ყოველ საღამოს, დაწოლის წინ, ღმერთს ვევედრები, იმაზე უარესად არ მამყოფოს, ვიდრე დღეს ვარ. ასე გრძელდება ყოველდღე, გაღვიძებიდან დაძინებამდე. ღმერთს კი, როგორც ჩანს, ხანდახან ეღიმება ჩემს ვედრებაზე და ფიქრობს კიდეც, რა მომაბეზრა თავი ამ გოგომ, ერთი გემრიელი განსაცდელი უნდა მოვუვლინო და მერე ნახოს, რა ხასიათზეც დადგებაო. ასეც მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა ქმარმა გამომიცხადა, შენგან მივდივარო. კინაღამ გავგიჟდი. ასე მეგონა, ჩვენი ურთიერთობა არასდროს დამთავრდებოდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ისეთ ოჯახზე, ქალი და მამაკაცი საიმტკბილობით რომ შეაბერდებიან ერთმანეთს. ხომ გინახავთ ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული ხანდაზმული წყვილი? ხელჯოხიანი ბაბუ და წელში მოხრილი ბებო? აი, ასეთ სიბერეს ვნატრობდი მუდამ. რომ გითხრათ, მე და გოჩას იდეალური ცოლქმრობა გვქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. მთლად ასე არ იყო, მაგრამ შეუხმატკბილებლობასაც არ ვუჩიოდი. პირადად მე, ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ცოლი ვყოფილიყავი. ხომ არის ნათქვამი, კარგი ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც დაეტევაო. თანახმა ვიყავი, დავტეულიყავი, მაგრამ... ეჰ, ერთი ის თოხის ტარი მაჩვენა, ცოლ-ქმარი რომ ეტევა ან ის ცოლ-ქმარი, თოხის ტარზე რომ ეტევა და არაფერი მინდა. მე კი ვცდილობდი მაგ თოხის ტარზე დატევას, მთელი 16 წელი, მაგრამ არ გამომივიდა. ჰოდა, გამომიცხადა, მივდივარო. სხვა შემიყვარდაო. ის სხვა ორსულად არის ჩემგან და ბავშვს აჩენსო... აი, სად მაჯობა იმ სხვამ. ბავშვს უჩენს. მე კი არა და არ მეღირსა დაორსულება. რა არ ვცადე, რა სახის მკურნალობა არ ჩავიტარე, წურბელებიც კი დავისვი მუცელზე, ექიმბაშმა მითხრა, ასე ჯობია, სისხლი გასუფთავდება და დაორსულდებიო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერ მომართვეს! ალბათ ამის ბრალიც იყო, ქმარი ასე რომ მიყვარდა. შვილის მაგივრად მასზე ვზრუნავდი. ამიტომაც განვიცადე ასე მტკივნეულად, როცა მიმატოვა. და კიდევ იმიტომ, რომ ის წავიდა ჩემგან და არა მე მისგან. თავმოყვარეობის ამბავია, რომელიც ამ შემთხვევაში დამარცხდა! მშვიდად გავუშვი. ისტერიკებს ადგილი არ ჰქონია. წადი-მეთქი, მხრები ავიწურე და ზურგი შევაქციე. ამას არ მოელოდა. კარგა ხანს გაშეშებული იდგა და ელოდა. რას? ალბათ იფიქრა, ჯერ ვერ გაიაზრა რაც ვუთხარი და როცა მის გონებამდე დავა, დაიწყებს სცენების გამართვასო. ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ამჯერად იმარჯვა ჩემმა თავმოყვარეობამ და მეორედ აღარ მოინდომა დამარცხება. გოჩასაც სხვა რა დარჩენოდა, უსიტყვოდ დაიხურა ქუდი და უხმაუროდ გაიხურა კარი. ქურდულად გავიდა სახლიდან. კი არ გავიდა, გაიძურწა. მას შემდეგ მარტო ვარ. პირველ ხანებში გამიჭირდა. ვტიროდი, ვგოდებდი, მოვთქვამდი. ვერ შევეგუე მარტოობას. დაქალები ყოველდღე მოდიოდნენ ჩემთან, მანუგეშებდნენ, მაწყნარებდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არადა, საერთოდ ძალიან ჩუმი ადამიანი ვარ. არასდროს ვხდები აგრესიული, რაც უნდა მოხდეს. ყოველთვის ყველაფერს მშვიდად ვხვდები, ყველანაირ გასაჭირს, ყველა პრობლემას. ტკივილი კი მეტყობა ხოლმე სახეზე, მაგრამ ამ ტკივილს სხვას არასდროს ვახვევ თავზე. რაც უნდა ანერვიულებული ვიყო, მაინც მშვიდად გამოვიყურები. ჩემი მზერა არასდროს ფრთხება. ისეთი თვალები მაქვს, მათი სიმშვიდე შეგაძრწუნებთ ხანდახან. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის გოჩას გადაწყვეტილება. ვერ მივხვდი, როდიდან დაიწყო "გვერდითი" რომანი, როდის მოუნდა სხვასთან წასიყვარულება, მე როდის გადამიყვარა და რა ეტაპზე შეეპარა გულში სიცივე... სად მიმატოვა, საერთო გზის რომელ მონაკვეთში. დღესაც არ ვიცი. ეგ არაფერი. უკვე შევეგუე. გავმხიარულდი კიდეც. სამსახურიც ისეთი მაქვს, გულს ადვილად ვაყოლებ. იქ ჩემ გარშემო ჩემზე უარეს დღეში მყოფი ადამიანები არიან, ამიტომ გულს ვიმშვიდებ - ჩემზე უარესადაც არის ვიღაც. მკითხავთ ალბათ, რა სამსახური გაქვს ასეთიო. რა და... სათნოების სახლის დირექტორი ვარ. ჩემი საკუთრებაა ეს სახლი, მე თვითონ გავხსენი. იცით, რამდენ ხანს ვოცნებობდი ამაზე? ნუ გეცინებათ. მართლა მინდოდა. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მომეხერხებინა ეს და როგორც იქნა, მოვახერხე. როგორ იცვლება ოცნებები. ახალგაზრდობაში საკუთარ რესტორანზე ვოცნებობდი. წარმოვიდგენდი, როგორ გამოვიდოდი დიდ, ფართო დარბაზში თეძოების რხევით და ამაყი მზერით, გადავხედავდი მოქეიფეებს და ჩემი საფირმო ღიმილით გავიღიმებდი. საერთოდ, ღიმილს სურდოსავით ვავრცელებ, მინდა ყველას გადავდო. ჩემს რესტორანში ყველაზე მეტად ის მესიამოვნებოდა, სიმპათიური მამაკაცები ჩემს დანახვაზე ერთმანეთს რომ გადახედავდნენ და იკითხავდნენ, ვინაა, ბიჯო, ეს ქალი? აუ, რა მაგარი ქალია! და წავიდოდა შეჯიბრი, ვინ მოახერხებდა ჩემს ჯერ გაცნობას და მერე მოხიბვლას. თან რა ადვილი იყო ჩემი მოხიბვლა. გული სამკაულების ზარდახშასავით მეხსნებოდა და სულ გაღეღილი მქონდა ახალგაზრდობაში.
ჩემი სარესტორნო ოცნებები ახალგაზრდობის წლებმა გაიყოლა თან. ასაკთან ერთად, სურვილებიც შეიცვალა და რატომღაც, მოხუცთა თავშესაფრის გახსნა ავიჩემე. უფრო სწორად, ეს აზრი მამიდამ ჩამაგონა. გაუთხოვარი მამიდა მყავს. "პლეხანოვზე" 6-ოთახიანი გაშანშალებული ბინა ჰქონდა. თავის დროზე ქალაქკომის მეორე მდივანი იყო და ბევრი ფული იშოვა. ჩემ მეტი არავინ ჰყავს ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, ბინასაც მე მიტოვებს ანდერძით, თავის ანტიკვარულ ავეჯსაც და ძვირფას სამკაულებსაც მთლიანად. ფაქტობრივად, მისი გაზრდილი ვარ. მამა სულ მივლინებებში დადიოდა, დედა მუშაობდა და ჩემთვის არ ეცალა. ამიტომ ბავშვობა თითქმის მამიდასთან გავატარე. სიბერის ჟამს მამიდამ მირჩია, თავის ბინაში სათნოების სახლი გამეხსნა და მისნაირი მოხუცებისთვის მომევლო. შენზე კარგად ვინ იზამს ამას, სითბოს განსახიერება ხარ თავიდან ბოლომდეო. სულ მე მგავხარო, დააყოლებს ხოლმე, როცა შემაქებს. უყვარს თავისი თავი. შინაბერა კი არის, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს შინაბერას. დამყოლი ხასიათი აქვს, ყველა უყვარს და ყველას ეფერება. ხანდახან ზედმეტი მოსდის და აფერისტობაშიც გადასდის. ჭკუაში დამიჯდა მამიდას აზრი, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას რომ ფული სჭირდებოდა? შემოვიკრიბე დაქალები და გავანდე ჩემი ჩანაფიქრი. სესხის აღება მინდოდა. გაიგიჟეს თავი - თავშესაფრიდან რა თანხა უნდა შემოგივიდეს, რომ სესხი დაფარო, ტყუილად ზარალს ნახავ და ვალებში ჩავარდებიო. ეჰ, რა ცუდია, როცა ფული წყვეტს მნიშვნელოვან რამეებს. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი დაქალების ნათქვამმა ცოტა შემაშინა. სპონსორი მოვიძიოთო. ასეც მოვიქეცით. შევიკრიბეთ სამი დაქალი, შევეკარით ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველაფერიც გამოვიდა. თავიდან ქველმოქმედება ქველმოქმედებაზე მოდიოდა. ფაქტობრივად, მხოლოდ კვებაში მეხარჯებოდა ფული. ინვენტარი, ტანსაცმელი და ტკბილეულობა სულ მუქთად შემომდიოდა. წაიწია საქმემ წინ. არ ავშენებულვართ, მაგრამ ბედს მაინც არ ვუჩიოდით. თან რა საინტერესო იყო მოხუცებთან ურთიერთობა. ძალიან ვუყვარვარ ყველას. 13 ხანდაზმული მყავს - 9 ქალი და 4 მამაკაცი. მივუჯდები ხოლმე გვერდით და ვისმენ სასიამოვნო ისტორიებს თითოეული მათგანის წარსულიდან. კონცერტებსაც ვატარებთ ხოლმე, ვმხიარულობთ ყველა ერთად. ჯვარი გვწერია და ჯერ არავინ გარდაცვლილა ჩემს თავშესაფარში. მამიდაც მათთანაა და ის ყველაზე მეტადაა კმაყოფილი. დადის ოთახიდან ოთახში თავისი მედიდური ღიმილით, ამაყი გამოხედვით და თესავს სიკეთეს თავისნაირების მოფერებით. 3 წელია, ჩვენი მოხუცთა თავშესაფარი არსებობს და უკვე გვიცნობენ თბილისში, ყველამ იცის ჩვენ შესახებ. სათნოების სახლი "საჩინო". ბებიას ერქვა საჩინო და აბა უკეთესი რა უნდა მომეფიქრებინა? მამიდამ არ იცის, გოჩას რომ დავშორდი. ვიცი, ეწყინება. მოსწონდა გოჩა, ყურადღებიანია და არასდროს ეშლება, ქალთან როგორ მოიქცესო. ყველაზე სასაცილო იცით, რა არის? გოჩას ბებიაც ჩემს მოსავლელ მოხუცებში ირიცხება. მასაც ვუვლი. როგორ მაინტერესებს, როცა გაქცევა დააპირა, ჩემი ქმარი სინდისმა არ შეაწუხა? ბებიამისის ფულს ხომ არ ვიხდიდით, რადგან ჩვენი ოჯახის წევრად მიიჩნეოდა. არც წასვლის შემდეგ მომითხოვია, ამას როგორ ვიზამდი. ქმარმა კი მიმატოვა, მაგრამ ბებია რა შუაში იყო? მას ხომ არაფერი დაუშავებია. ალბათ არც მან იცის, ჩვენ ერთად რომ არ ვართ. გგონიათ, აკითხავენ? არა, არ დაიჯეროთ. გოჩას მამა გარდაცვლილია, დედას კი, ანუ ჩემს დედამთილს, სულ არ აინტერესებს, სად და როგორ არის მისი დედამთილი. ალბათ ფიქრობს, რადგან ჩემთანაა, ესე იგი, კარგადაა. როგორ გავერთე ლაპარაკით და ერთხელაც არ მიხსენებია, რა მქვია, რამდენი წლის ვარ. რომ ვწუწუნებ, ახალგაზრდობა კარგი იყო-მეთქი, არ გაინტერესებთ, რამდენი წლის ვარ? 39-ის. ვარ თუ არა სიბერის ზღვარზე? ვარ, აბა რა! ეს ის ასაკია, როცა მიჩქმალული სურვილების ნებაზე მიშვება არ შეიძლება. მსგავსი რამ მხოლოდ სიზმარშია დასაშვები. არადა, ახლა თავისუფალი ქალი ვარ. თამამად შემიძლია გავთხოვდე, ან საყვარელი გავიჩინო. რა შემიშლის ხელს? არაფერი. ვინ? - არავინ. თუმცა, ეს ყველაზე რთული საქმეა. ძნელია, დღეს ვინმეს ენდო. მით უმეტეს, მე ხომ ძალიან მშიშარა ვარ. ყველაფერში და ყველასთან. რისკზე წასვლა არ მიყვარს. თუ ვინმეს არ დავეყრდენი, მარტო არაფერი გამომდის. ამიტომაც დავიყენე საქმეში გვერდით ჩემი ორი დაქალი - ნინო და ფიქრია. ყველაზე გამტანი და ყველაზე ამტანი გოგოები. ჰო, მართლა, მე მერი მქვია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სახელია, მე რომ მქვია, არ მომწონს. რატომ მაინცდამაინც მერი? ხომ შეიძლებოდა, მრქმეოდა ანა, ქეთი, თამუნა ან კიდევ სხვა თანამედროვე სახელი? თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ. 39 წლის წინ ისეთი სახელები იყო მოდაში, მტრისას! მაყვალა, ნანული, მზია, მთვარისა, ჟუჟუნა და რა ვიცი, ვინ მოთვლის! "გადარჩენილი" ვარ. არა, ისე რას ვერჩი ჩემს სახელს? მერი ინგლისური წარმოშობის სახელია და ნიშნავს შეყვარებულს, კეთილშობილს. ცუდია? თუ ასოების მიხედვით მივყვებით, ჩემი სახელი ასე გამოიყურება: მ - ნიშნავს პრაქტიკულს, გაწონასწორებულს. ე - კომუნიკაბელურს, ინტელექტუალურს, რ - აქტიურს, უკონფლიქტოს, თავდაჯერებულს, ი - ემოციურს, კეთილს, შემოქმედს და პესიმისტს. ხომ ვამართლებ ყველანაირად? ორი აზრი არ არსებობს. წარმოუდგენელიცაა, ჩემთვის სხვა სახელი დაერქმიათ. ზედგამოჭრილი ჩემზეა. ჩემი სახელის პლანეტა მზეა. სტიქია - ცეცხლი. ფერი - წითელი, ლითონი - ოქრო, მინერალი - ალმასი. მთლიანად ემთხვევა ჩემი შინაგანი ბუნება ჩემს სახელს. მზე საოცრად მიყვარს, ის ჩემთვის სიცოცხლის სიმბოლოა. მზის სათვალესაც კი არ ვხმარობ, იმდენად მსიამოვნებს, როცა თვალებში მიჭყიტინებს. ქუჩაში ყოველთვის გზის იმ მხარეს გადავდივარ, სადაც მზე უდგება. ზამთარი არ მიყვარს, უსაშველოდ მცივანა ვარ. ხე რომ ხეა, სახელი მერის ზოდიაქოს მიხედვით, ისიც კი წითელი ვარდია, თანაც ველური. ეს ყველაფერი ერთ რუსულ საიტზე წავიკითხე, როცა ჩემი სახელის შესახებ ინფორმაციას ვეძებდი. მცირე დეტექტივური გამოძიება ჩავატარე და ფრიად კმაყოფილი დავრჩი, თუმცა მაინც არ მომწონს ეს სახელი. შერვაშიძე რომ ვიყო გვარად ან პოპინსი, კიდევ ჰო. მე არც ერთი ვარ და არც მეორე. ჩიქოვანი ვარ გვარად. ისე, ჩემი წინაპრები თავადები იყვნენ. არა უშავს, ხომ? დედით კი ურუშაძე ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგრელისა და გურულის ნაჯვარი გახლავართ. რამდენი ვილაპარაკე და ვაქე ჩემი თავი. მაგრამ სხვანაირად როგორ მოვქცეულიყავი? მე თუ არ მოგიყევით ჩემზე, ვისგან გაიგებთ? ვერავისგან. ახლა დავუბრუნდეთ იმ ამბავს, რომ დილიდან მარჯვენა თვალი მითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც მეწყინება. დღეს შაბათია და სამსახურში არ მივდივარ. ვისვენებ. აბა რისი დირექტორი ვარ, შაბათ-კვირასაც თუ ვიმუშავე? ახლა გამოვიპრანჭები და ნინოს დავადგები შინ. ორი თვეა, მისი ქმარი ციხიდან გამოვიდა და ვალდებული ვარ, ვინახულო. ისე კი, არ არის ღირსი, მაგრამ არ გამოდის სხვანაირად. ეს ერთი დაქალი გვყავს, ვინც ოჯახის შენარჩუნება მოახერხა. 9 წელია, ელოდება ზაზას. ორი შვილი მარტომ გაზარდა. პატიოსნად დაელოდა ქმარს, ერთხელ არ გაუხედავს გვერდზე. რატომღაც, ვუდი ალენის სიტყვები გამახსენდა: წესიერება და პატიოსნება ძვირად ღირებული საქონელია და ნუ ელოდებით მას იაფფასიანი ადამიანებისგანო. ნინოს ქმარი იაფფასიანი ადამიანი აღმოჩნდა. გამოსული არ იყო ციხიდან, რომ ორ კვირაში ისევ დაიჭირეს. 5 ათასი ლარი დაუჯდა მისი ხელახლა დახსნა ჩემს მეგობარს. ესაა საქმე? ამისთანა ცოლ-შვილის პატრონს ძლივს თავისუფლება გეღირსა. შეირგე, რა, შე დალოცვილო! საგანგებოდ გამოვიპრანჭე და სარკის წინ დავტრიალდი. კონსტანტინე გამსახურდია ალბათ ასე იტყოდა ჩემზე: მშრალი ქვიშისფერი თმა ჰქონდაო ქალს, ჩაფიქრებულ ღამესავით აბრიალებდაო შავ თვალებს. არ ვარ ურიგო ქალი, საერთოდ არ მეტყობა ასაკი. წონაშიც კი არ მომიმატია. ალბათ ბავშვი რომ არ გამიჩენია, იმიტომ. მშობიარობის მერე ხომ სუქდებიან ქალები. მე ეგ ბედნიერება არ მარგუნა ღმერთმა. ძალიან მაინტერესებს ზაზას ნახვა. რამდენი წელია, არ შევხვედრივარ. ნეტავ როგორ შემხვდება? მე ხომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი? ნინო ყოველ შეხვედრაზე ყურებს მიჭედავს - ზაზამ მოგიკითხა, სულ შენზე მელაპარაკება, მე კი არა, დღემდე შენ უყვარხარო. მე კიდევ პირიქით ვუმტკიცებ. რომ არ ყვარებოდი, აქამდე გაგეყრებოდა-მეთქი. უცნაურია ცხოვრება. მე რომ არ გავყევი ცოლად, ადგა და ჩემი დაქალი შეირთო. უფრო სწორად, მოიტაცა. ალბათ იფიქრა, რომ ამით სამაგიერო გადამიხადა. ჩემთვის კი სულერთი იყო, ვის შეირთავდა. ზაზა არასდროს მყვარებია, უბრალოდ, ცოტათი მომწონდა. ხომ იცით, გარდატეხის ასაკში როგორც ხდება, როცა შენზე ბევრად უფროს მამაკაცს უყვარხარ, გსიამოვნებს. 13 წლით იყო ჩემზე უფროსი. თანაც გზას აცდენილი, ნარკომანი. არ მინდოდა, ასეთ ადამიანთან დამეკავშირებინა ცხოვრება. იმ დროს კი მეყო ჭკუა, მაგრამ მერე აღარ. პალტო ჩავიცვი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. ეგრევე ავიღე ყურმილი, მეგონა, ნინო მირეკავდა. იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი. - გისმენთ! - როგორ ხარ? - ძალიან იდუმალი, ნამდვილი სატელეფონო ხმა ჰქონდა მამაკაცს. - კარგად, დიდი მადლობა. რომელი ხარ? - უკვე ვეღარ მცნობ, არა? განა ამდენი დრო გავიდა? სუნთქვა გამიჩერდა. ეს გოჩა იყო. რატომ დამირეკა? ვაითუ, გაყრა მომთხოვოს. რა თქმა უნდა, ამას ისედაც ველოდებოდი და შეჩვეულიც ვიყავი, მაგრამ მე სხვა რამ მაფიქრებდა - სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი. ეს ბინა გოჩას საკუთრებას წარმოადგენდა და თუ გავიყრებოდით, ალბათ თავის ბინას მოითხოვდა. მე რა უნდა მექნა მერე? ჩემს "საჩინოში" უნდა გადავბარგებულიყავი. იქ სულაც არ იყო ცუდი, მით უმეტეს, რომ შარშან მანსარდა დავაშენეთ და ჩემთვის მშვენიერი ორი ოთახი მოვიწყვე მთელი თავისი ატრიბუტიკით - აბაზანა-ტუალეტს ვგულისხმობ. მაგრამ ჩემთვის მაინც ვერ ვიქნებოდი. აქ როცა მინდა, გამოვტანტალდები ნახევრად შიშველი და პირსახოცშემოხვეული აბაზანიდან. თუ მინდა, ვიყვირებ, თუ მინდა, წავიღიღინებ, დაქალებს მოვიყვან, გავერთობი, ვიხმაურებ. იქ კი თავშეკავება მომიწევს. მოხუცებს ხომ არ შევაწუხებ. ისე, რაღაც მეც მეკუთვნის ამ ბინიდან. რემონტი რომ გავაკეთეთ, მამიდამ მომცა ფული. აბა გოჩას სად ჰქონდა საშუალება? თავისი 600-ლარიანი ხელფასით შორს ვერ წავიდოდა. ნახევრად დანგრეული იყო აქაურობა. რაც ეს ბინა თავის დროზე ღირდა, სწორედ იმდენი დაჯდა მისი რემონტი 5 წლის წინ. მიუხედავად ამისა, რომ მითხრას, დამიცალეო, უსიტყვოდ დავუცლი. მასთან ჭიდილის თავი არ მაქვს. თუ ნამუსი აქვს, რაღაც მაინც უნდა მომცეს. თუ არადა, კარგად იყოს, მისი არაფერი მინდა. ისიც მეყოფა, გული რომ მატკინა. მგონი, კიდევ მიყვარს. ვერ შევიძულე. მე ხომ სიძულვილი არ შემიძლია. ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში გადახაზულია. - გამარჯობა, გოჩა, - იმაზე მშვიდი ხმით მივესალმე, ვიდრე საჭირო იყო. - კარგია, რომ არ დაგვიწყებივარ. არ ვუპასუხე. - დღეს რას აკეთებ? - ისეთს არაფერს, ნინოსთან ვაპირებ გასვლას, ზაზა გამოვიდა ციხიდან. - ოოო! ეგ კარგი ამბავია, მაგრამ მეც რომ მინდა შენი ნახვა? ვიგრძენი, როგორ დაიწყო სხეულმა გახურება ფეხებიდან და როგორ ამოაღწია სახემდე. შემახურა. - რა ხდება, ხომ მშვიდობაა? - რომ მოხვალ, გეტყვი. - სად უნდა მოვიდე? - ჰაერი აღარ მყოფნიდა, ისე ავღელდი, "ნუთუ ბინის შესახებ უნდა მელაპარაკოს?" - ჩემმა ფიქრებმა ტორტმანი დაიწყო. - ჩვენს სასტუმროში, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს. ოი, საოცრებავ! ჩვენს სასტუმროშიო! რაღაც სხვა ამბავია აქ. საქმეზე სალაპარაკოდ სასტუმროში არ დამიბარებდა. "სამოთხე" ერქვა იმ სასტუმროს, ეს მგონი, ერთადერთი ძველი სასტუმროა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისს შემორჩა. ისე, კი განაახლეს, მგონი. ყოველ შემთხვევაში, ფასადი რომ შეუცვალეს, ნამდვილად ვიცი. - როდის უნდა მოვიდე? - ახლავე წამოდი, მე აქ ვარ და გელოდები. - ახლავე აუცილებელია? ცოტა გვიან რომ მოვიდე, არა? - შევყოყმანდი, ნინოც მელოდებოდა. - არა, ახლავე უნდა წამოხვიდე. აუცილებელი საქმე მაქვს. - სასა ბებიას ეხება? - უცებ გამინათდა გონება. კიდევ კარგი, ერთხელ მაინც გაახსენდა ბებიამისი. - ა-არაა, მაგრამ მასზეც ვისაუბრებთ, - დააბნია ჩემმა შეკითხვამ. - კარგი, მოვდივარ. - ყურმილი დავკიდე და ფეხარეული გავედი შინიდან. როგორ წამებში შეიცვალა ჩემი განცდები. წეღან სასიამოვნოდ ვიყავი აფორიაქებული, ზაზას ნახვის მოლოდინში, ახლა კი უსიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა. არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა ამ შეხვედრიდან. რა ისეთი საშური საქმე ჰქონდა გოჩას, ასე ადრიანად რომ დამიბარა, თანაც მალულად, სასტუმროში? თავისმა ახალმა სიყვარულმა რომ არ გაუგოს, იმიტომ ნეტავ? მერედა, რა? ვითომ იეჭვიანებს? მის გამო მე მიმატოვა და მაგას რა სჭირს საეჭვიანო? ფიქრი ფიქრს ცვლიდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მივხვდი, რატომ მიბარებდა ქმარყოფილი. ქუჩაში გავედი და ტაქსის დაველოდე. აი, გამოიარა ერთმა, მაგრამ მანქანა არ მომეწონა. "მერსედესია", ბენზინზე იქნება ეგ, ბევრს დაწერს, "ოპელი" ჯობია, გაზზე მომუშავე, სამ ლარად გამიყვანს, - ველაპარაკებოდი ჩემს თავს. ვერ ვხვდებოდი, დროს ვწელავდი, თუ მარტოობამ დამაწვრილმანა ასე. ვგრძნობდი მხოლოდ ერთ რამეს - გოჩას მოულოდნელმა ზარმა ზედმეტად ამრია... გაგრძელება 1-ელ ოქტომბერს