"დედამ თავად დაუნგრია ცხოვრება ერთადერთ ვაჟს, დააშორა საყვარელ ქალს, რადგან ფიქრობდა, რომ ქალს მათი ქონება აინტერსებდა" - მშობლები

"დედამ თავად დაუნგრია ცხოვრება ერთადერთ ვაჟს, დააშორა საყვარელ ქალს, რადგან ფიქრობდა, რომ ქალს მათი ქონება აინტერსებდა"

2022-11-07 16:05:24+04:00

ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

რომანის დასაწყისი

ჰო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ნინოს არაერთხელ უნანია, შორეულ წარსულში ერთადერთი შვილი და მასზე ექვსი წლით უფროსი გოგო ერთმანეთს რომ დააშორა. იცოდა, რომ ამ საქმეში ლომის წილი მას მიუძღოდა. რომ არა თვითონ, გოჩა მაიას ცოლად შეირთავდა. მაგრამ შეეშინდა. შეეშინდა არა იმის, რომ მაიკო მის ვაჟს ვერ შეეწყობოდა, პირიქით, თავისი შვილის მყიფე ხასიათის შიში ჰქონდა. ჯერაც ჩამოუყალიბებელ და ზრდადაუსრულებელ ბიჭს ოჯახის შექმნას ვერ ანდობდა. თუმცა მაშინ იმასაც ფიქრობდა, ის გოგო ალბათ ჩვენს ქონებას დახარბდაო. არადა, ერთხელაც არ უკითხავს, ვისი შვილი იყო მაია, რა შესაძლებლობის პატრონი ან სად ცხოვრობდა. უბრალოდ, შვილსა და მომავალ რძალს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა მიუღებლად მიაჩნდა.
- როგორ გამოიყურება? - ეგრევე დაუსვა მორიგი შეკითხვა, როგორც კი გოჩა საბაზანოდან გამოვიდა.
- როგორც ყოველთვის, ლამაზია და კარგი, - ღიმილით მიუგო.
- მაშინ მოგწყობია საქმე.
- ხო-ო? რამე რომ იყოს, წინააღმდეგი არ იქნები? ის ხომ ახლაც იმდენივე წლითაა ჩემზე უფროსი.
- ახლა არ შეგეტყობათ ამხელა სხვაობა. თანაც... აღარ დავეძებ, ოღონდ კი დაოჯახდი და ვინც გინდა, ის მოიყვანე. ძალიან დაგიგვიანდა უკვე.
- ჯერ არ დავბერებულვარ, სხვათა შორის.
- ოცდათვრამეტი წლის გახდი, ბიჭო, სიბერეს რა ეძახი შენ, ა? საწყალი მამაშენი გადაჰყვა შენზე დარდს, ცოლს არ ირთავსო. გიჟდებოდა, ისე უნდოდა შვილიშვილი. ის აღარ არის, მაგრამ მე ხომ დავრჩი? მოვკვდი ამ ოთხი კედლის ცქერით. ის სახლი რა სახლია, ბავშვების ჟრიამული რომ არ ისმის?
- მას უკვე დიდი შვილი ჰყავს, დედა, აღარ გათხოვდება. გარდა ამისა, უკვე 44 წლისაა. გგონია, დაფეხმძიმდება?
- რა მოხდა მერე! ბოლოს და ბოლოს, იშვილებთ ვინმეს და ეგ იქნება.
- ახლა მოიცა! - ხელის აწევით შეაჩერა გოჩამ დედა და თვალები დაუბრიალა, - შენ ერთხელ უკვე ჩაერიე ჩემის პირად ცხოვრებაში და ყველაფერი გამიფუჭე. მეტად ამის უფლებას აღარ მოგცემ, გასაგებია? მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. მორჩა, თემა დახურულია!
ნინომ უკმაყოფილო მზერა გააყოლა საძინებლისკენ მიმავალ შვილს და თვალზე ცრემლი მოადგა. ყოველთვის ხვდებოდა, რომ შვილმა არა და არ აპატია ის ნაბიჯი, რომელსაც წლიდან წლამდე თვითონაც უფრო და უფრო ნანობდა. თუმცა ახლა იმიტომ კი არ ურჩევდა მაიკოსთან ურთიერთობის აღდგენას, რომ დანაშაული გამოესყიდა, უბრალოდ, უნდოდა, შვილი ერთხელ მაინც ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული ენახა. მხოლოდ ეს უნდოდა, სხვა არაფერი. იქნებ მაიასთან შერიგებით მაინც ამოვსებულიყო ის უფსკრული, რომელიც მათ შორის ორი ათეული წლის წინ გაჩნდა.
როგორ მოუნდა, ენახა ის გოგო და დალაპარაკებოდა. "ის გოგო"... რაღა გოგო? გოჩა 38 წლისაა, მაია უკვე 44-ის. ისე, ამ გადასახედიდან 6 წელი არაფერია, სრულიად არაფერი. ალბათ არც კი შეეტყობათ ასაკობრივი სხვაობა. მაგრამ შვილი გაუჩნდება?
საინტერესოა, რამხელა გოგო ჰყავს? რამდენ ხანში გათხოვდა? ნეტავ თუ მუშაობს?
კითხვები გონებიდან არ შორდებოდა, პასუხები კი არ ჰქონდა. დღეიდან კატეგორიულად აუკრძალეს ამ თემაზე ლაპარაკი. იქნებ მის გარეშე მოახერხოს მაიას პოვნა? მივა, ინახულებს და იმას მაინც გაიგებს, რას ფიქრობს.
ეჰ... იქნებ სულაც არ არის ისე საქმე, როგორც თვითონ ვარაუდობს? იქნებ აღარც უყვარს იმ ქალს მისი ვაჟი? ამისთვის პირველი სიყვარული იყო და რომ არ გაუმართლა, იმიტომაც განიცადა ასე. მაგრამ იმისთვის? იმისთვის იყო კი პირველი სიყვარული? ან კი უყვარდა საერთოდ? თვითონაც ბოჭავდა ალბათ, გოჩაზე უფროსი რომ იყო, თორემ ასე ხელაღებით არ დათანხმდებოდა ნინოს წინადადებას. შეყვარებულებს, ზოგადად, ჯიუტად გააქვთ თავისი. ბოლოს და ბოლოს, მის გაფრთხილებას არად ჩააგდებდა და მაინც გაჰყვებოდა, რომ ჰყვარებოდა.
ისე, გარეგნულად სულაც არ ჰგავდა მაია მაშინ გოჩაზე უფროსს. კი არასდროს უნახავს ნინოს, მაგრამ სურათებიდან იცნობდა. გოჩას მთელი ცხოვრება უბის წიგნაკში ჰქონდა შენახული ერთი ფოტო, სადაც მაიკო და მისი ვაჟი ერთად იყვნენ გადაღებული ბანაკში, ზღვის სანაპიროზე. გოგოს ცისფერი სარაფანი ეცვა, მის შვილს - შავი შორტი, წელზევით კი შიშველი იყო.
- არ ვიცი, არ ვიცი! - ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ისე მწარედ ამოიოხრა, ლამის გულიც ამოაყოლა...

გოჩამ საშინაო ხალათი მოიცვა და კომპიუტერს მიუჯდა. რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა გაეგო, ვინ იყო ის ქალი, ვინც მაიას მოსაკლავად დაიქირავა. რა დაუშავა? მისი "მაი-მაო" არ ჰგავდა იმ ქალს, სხვის ქმარს რომ დახარბებოდა და კაცებში ერბინა. მართალია, ბოლომდე არ გადაუშალა გოჩას გული და ყოფილ ქმარზეც გაკვრით ილაპარაკა, მაგრამ ქარაფშუტობის ვერაფერი შეატყო. მაშ, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? სამსახური? შური? თანამდებობა არ ჰქონია, რომ ამის გამო მისთვის ვინმეს ემტრო. გამომცემლობის სტილისტობა და მწერლობა კიდევ რა დიდი ამბავია? დღეს ყოველი მეორე მწერალია საქართველოში და არავის ბლოკავენ, ყველას შეუძლია თავისი წიგნი დაბეჭდოს და გამოსცეს. არა, აქ სხვა რაღაც ხდება, რაც შეიძლება თვითონ მაიკომაც არ იცოდეს. როგორმე უნდა აალაპარაკოს დამქირავებელი, როგორმე უნდა ათქმევინოს, ასე რამ გააბოროტა.
არ ჰქონდა იმედი, რომ დამქირავებელი ფეისბუქში დახვდებოდა, მაგრამ წერილი მაინც მისწერა:
- როგორ ხარ? ხომ არაფერი შეიცვალა? შენს მითითებებს ველოდები!
პასუხი არავის გაუცია.
გაბრაზებულმა მსუბუქი მუშტი დაჰკრა მაგიდას და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის ვიღაც არაფერს იწერებოდა, კომპიუტერი გამორთო, შუქი ჩააქრო და ლოგინში შეწვა. სხვა დროს აუცილებლად რომელიმე ფილმს ჩართავდა და უყურებდა, ახლა კი აღარაფრის თავი არ ჰქონდა. ერთადერთი, რაც ამწუთას სურდა, სიბნელეში წოლა და მაიაზე ფიქრი იყო. თითქოს რაღაცით შეივსო დღეს, რაღაცით სუნთქვა გაუადვილდა. ცოტათი შემსუბუქდა კიდევაც, სიხარულითაც აივსო. იმდენად აივსო, რომ დანაყრდა, ჭამაც აღარ მოუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაიკოსთან ერთი ლუკმა ნამცხვარიც კი არ გაუსინჯავს. ახლაც გრძნობდა ქალის სურნელს, გოჩას სხეული მთლიანად რომ გაეჟღინთა. გულში რომ ჩაიკრა, მაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, თვითონაც მიეკრა. როგორ უთრთოდა მხრები და გულიც გოჩასავით ძლიერად უცემდა.
რამდენი ხანია, მსგავსი არაფერი განუცდია. ძალიან, ძალიან დიდი ხანია. აწი როდისღა ნახავს? ყოველდღე ხომ არ მიადგება სახლში. ვაითუ, ამით ყველაფერი გააფუჭოს. არა, ასე არ მოიქცევა. ჯერ დაურეკავს, მოიკითხავს. მერე... მერე შეხედავს, როგორ შეხვდება, რას ეტყვის და იმის მიხედვით გადაწყვეტს, ისევ ესტუმროს თუ სადმე დაპატიჟოს.
ეჰ, რომ იცოდეს მაიკომ, რა გზას დაადგა ის "პატარა ბიჭი", ხმასაც აღარ გასცემდა. ალბათ ფიქრადაც კი არ დაუშვებს, გოჩა რომ ადამიანებს ხოცავს. თანაც, როგორ? ფულის გამო. არა, ამას არასდროს არ ეტყვის, არასდროს. ეს რომ უთხრას, კიდევ ერთხელ დაკარგავს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, თუ მაიასთან ისევ აღადგინა ურთიერთობა, სულაც დაანებებს თავს ამ საზიზღარ პროფესიას, რომელიც არასდროს მოსწონდა, მაგრამ ვითარებამ აიძულა, ამ გზას დასდგომოდა. სხვანაირად თავის რჩენას ვერ შეძლებდა. სამხედრო სამსახურს აფხაზეთის ომის შემდეგ თავი დაანება. აღარც არავინ დაინტერესებულა მისი ბედით. პენსია დაუნიშნეს და მორჩა, თითქოს არც არსებულა. არადა...
უეცრად მაიკოს ნაჩუქარი წიგნი გაახსენდა. შემოსვლისთანავე იქვე შემოდო, ჰოლში, ტელეფონის მაგიდაზე და გადაავიწყდა. საინტერესოა, რაზე წერს, როგორ წერს... ხელი კედელს გააყოლა და ჩამრთველს მიაჭირა, შუქი აანთო, ადგა, ხალათი მოიცვა და ოთახიდან გამოვიდა. დედა კვლავ დივანზე იჯდა, მაგრამ აღარ ქსოვდა. გოჩას თვალები გაუფართოვდა... ნინოს ხელში მაიას წიგნი ეჭირა და კითხულობდა...

ორი დღეა, მაიკო ადგილს ვერ პოულობს. ყურში გამუდმებით გოჩას ხმა ჩაესმის, ცხვირში კვლავ უღიტინებს მისი ოდეკოლონის სურნელი და მამაკაცის გახშირებული სუნთქვა თითქოს ახლაც სახეს უთბობს. რას იფიქრებდა, ასე თუ ააღელვებდა მასთან შეხვედრა? თემოც ხომ შეხვდა ამას წინათ, გოგაც, მაგრამ ასე არ განუცდია. თუმცა რა გასაკვირია... თემო ბავშვურად უყვარდა ერთ დროს, გოგა - ახალგაზრდულად, გოჩა კი... გოჩა ისე უყვარდა, როგორც მოწიფულ ქალს შეუძლია უყვარდეს.
როგორი ვერაგია ცხოვრება. არც მაშინ ჰქონდა მისი სიყვარულის უფლება და არც ახლა აქვს. არა, ახლა როგორ არა აქვს, მაგრამ... მაინც არა აქვს. ცალი ფეხით იმ ქვეყანასაა გასული და რა დროს სიყვარულია? ტყუილად რისთვის გაუტეხოს იმ ბიჭს ერთხელ უკვე გატეხილი და ძლივს გამთელებული გული? არ ეყოფა, რაც გაუკეთა? ცოლიც კი არ შეურთავს თურმე. ნუთუ მართლა მაიას გამო დარჩა დაუოჯახებელი? არა, რატომ დარჩა, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა გოჩა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ისე დააბნია მისმა ნახვამ, წესიერად ვერც გამოჰკითხა, რას საქმიანობს.
რატომ არ ურეკავს? მაიას მოეჩვენა, თითქოს ჯერაც არ განელებია მის მიმართ გრძნობები. მაშინ რატომ აყოვნებს? ჰმ, თურმე როგორი სულწასულია! ჯერ ორი დღეც არ გასულა და უკვე ნერვიულობს. ხომ შეჰპირდა, დაგირეკავო, გინახულებო. ჰოდა, დარეკავს, აბა, სად წავა! მთავარია, ერთხელ გაიკვალოს ბილიკი და მერე მის გავლას რაღა უნდა?
იმდენად გადაერთო მასზე ფიქრებში, რომ სულ გადაავიწყდა, ქილერი რომ ჰყავდა დაქირავებული. არც კი გაჰკარებია ინტერნეტს. დღისით გამალებული რომანზე მუშაობდა, საღამოს კი ტელევიზორს მიუჯდებოდა, ტელეფონს გვერდით დაიდებდა და იწვა გასუსული სანუკვარი ზარის მოლოდინში.
საკმარისი იყო, მისი მობილური აწრიპინებულიყო, რომ მოსვენებას კარგავდა. აფორიაქებული მაშინვე ეკრანს მიაჩერდებოდა, გოჩა ხომ არ მირეკავსო. არა, გოჩას ჯერ არ დაურეკავს. ყველამ მოიკითხა, თემომაც, მამა გიორგიმაც, თათიამაც, ხათუნამაც, სხვა თანამშრომლებმაც... მაგრამ არ დაურეკა გოჩამ, ვის ზარსაც სუნთქვაშეკრული ელოდებოდა. თან აშინებდა მასთან ურთიერთობა, თან ელტვოდა... ელტვოდა ფარულად, მხოლოდ ფიქრებში, ისე, ვირტუალურად. რეალურ ცხოვრებაში ამის უფლება უკვე აღარ ჰქონდა. ახლა აღარაფრის უფლება აღარ ჰქონდა. ამის გაფიქრებაზე ეცინებოდა. ასეთ მომენტში ადამიანები ცდილობენ, როგორმე გაილამაზონ დარჩენილი ცხოვრება, ბოლო წუთები, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ კი აისრულონ შესაძლო ოცნებები და სურვილები, თვითონ კი იჯდა ხელებჩამოშვებული, ფრთამოტეხილი ჩიტივით და ისეთ რამეს უკრძალავდა თავის თავს, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ახლა ამ ოცნების რეალობად ქცევა შეეძლო და უარს ამბობდა. ერთი ფილმი გაახსენდა, როგორ აბამს ახალგაზრდა გამყიდველს მისი შეფის ცოლი. ეს ბიჭი მივა სარკესთან და თავის თავს შთააგონებს, რომ თითსაც არ დააკარებს უფროსის გარყვნილ მეუღლეს, მეორე წამს კი კადრებში გაგანია სექსის სცენა ჩნდება. აი, სწორედ მისნაირ დღეში იყო მაიკო. გონება უფრთხოდა გოჩასთან ხელმეორედ შეხვედრას, მასთან დაახლოებას, გული კი არა. ერთს უნდოდა, მაგრამ არ დაუშვებდა ამას, მეორეს კი კიდევაც უნდოდა და კიდევაც დაუშვებდა.
როგორ იტანჯებოდა. ერთი სული ჰქონდა, ან თათია გამოსულიყო, ან ხათუნა, რომ ამ ორი უახლოესი მეგობრისთვის ყველაფერი მოეყოლა. მოეყოლა, როგორ წავიდა თემოსთან ერთად ფილმის საყურებლად კინოთეატრში და იმავე დღეს, შინ რომ ბრუნდებოდა, როგორ გადაეყარა გოჩას. ამ უკანასკნელზე საათობით შეეძლო ელაპარაკა. ელაპარაკა და არ გაჩერებულიყო. ოღონდ არ იცოდა, ამდენი სალაპარაკო რა ჰქონდა მასზე, მამაკაცზე, რომელთანაც სულ რაღაც ერთი წლის ურთიერთობა აკავშირებდა და მაინც დღემდე ვერ დაივიწყა, მამაკაცი, რომელიც მოჩვენებასავით მაინცდამაინც ახლა გამოეცხადა და სული კიდევ ერთხელ აუფორიაქა.
ისე, კიდევ კარგი, რომ "მაინცდამაინც ახლა" გამოეცხადა და არა მაშინ, როცა ნიკა ცოცხალი იყო. საინტერესოა, მაშინაც ასეთი რეაქცია ექნებოდა? ამ სიხშირით იფიქრებდა მასზე? უღალატებდა ქმარს? ჩუმი შეხვედრებით თავს დაიტანჯავდა? ღმერთმა დაუფაროს, ეს რამ აფიქრებინა! ნიკას ვერავის გამო ვერ უღალატებდა. იმიტომ კი არა, რომ ძალიან უყვარდა. არა, ეს არაფერ შუაში არ იყო. ნიკასთან მისი ურთიერთობა სულაც არ იყო დიდი სიყვარული. უბრალოდ, ოჯახის სიწმინდეს არ შებღალავდა. რადგან ის არგუნა ღმერთმა, ბოლომდე მისად უნდა დარჩენილიყო. ხორციელ ვნებებს დახარბებული არასდროს ყოფილა. ისიც საკითხავია, ახლა რატომ ააღელვა გოჩას ნახვამ. იქნებ მხოლოდ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებამ? მათი ურთიერთობა ხომ პლატონურ სიყვარულს უფრო ჰგავდა? არც სექსი ჰქონიათ და არც ზღვარგადასული ალერსი, ამას არც დაუშვებდა. გოჩა მის თვალში მაშინ მოწიფული მამაკაცის ასოციაციას არ ტოვებდა. იმასაც კი ვერ იხსენებს ახლა, ბიჭს ერთხელ მაინც მისთვის წელზე ხელი მოუხვევია? არა, არასდროს. არც მის მკერდს შეხებია ოდესმე. აბა, ახლა რამ გადარია? სიკვდილის პირას მისულს რა ემართება?
მორჩა, აღარ უნდა ამაზე ფიქრი! უბრალოდ, იმეგობრებენ და ამაზე შეჩერდებიან. მიზეზის მოფიქრება არ გუჭირდება. ეტყვის, რომ უკვე ასაკშია, დიდი შვილი ჰყავს, რა დროს მისი გართობა და სიყვარულია. აბა, იმას ხომ არ გაუმხელს, სიმსივნე მაქვს და რამდენიმე თვეში ამ ქვეყნიდან გავქრებიო?
რაც გაიგო, რომ უკურნებელი სენი სჭირდა, იმ დღიდან სიკვდილს ნატრობდა და აჩქარებდა კიდევაც მოვლენებს, რომ ტკივილების დაწყებამდე გამოსალმებოდა წუთისოფელს, ახლა კი სერიოზულად დაფიქრდა. უნდოდა კი სიკვდილი? არა, აღარ უნდოდა. გოჩა გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.
რა უცნაურად დაიწყო ეს თვე. ზედიზედ წაეწყო ერთმანეთს ყოფილი თაყვანისმცემლების "გამოცხადება", თანაც სხვადასხვა "რანგში" - პირადი ექიმი, პირადი მოძღვარი და... გოჩასთვის რა სტატუსი მიენიჭებინა?
ეს ჯერ არ იცოდა...
გავიდა კიდევ ოთხი დღე და გოჩამ, როგორც იქნა, დარეკა...

მთელი კვირა სხვენზე გაატარა გოჩამ, მაიკოს სახლის მოპირდაპირე კორპუსის სხვენზე. სნაიპერული შაშხანა არ წაუღია, მხოლოდ ბინოკლი გაიყოლა, გაშალა თექის ფარდაგი, ზედ გაწვა და დილიდან საღამომდე "საპატიო ყარაულში" ჩადგა. აკვირდებოდა, ვინ შედიოდა მაიას სახლში, ვინ გამოდიოდა, მის ფანჯრებს თვალს არ აცილებდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ შენიშნა. ორად ორი ქალი ესტუმრა, ერთი - ჩასაფრებიდან მეორე დღეს და მეორე - მეექვსე დღეს. დიდხანს არც ერთი არ დარჩენილა. მაიკომ ისე გამოაცილა ორივე ქუჩამდე, აშკარად იგრძნობოდა, ძალიან ახლობლები უნდა ყოფილიყვნენ. კაცი მის ბინაში არ გაჭაჭანებულა. არც თვითონ გასულა სახლიდან მაინცდამაინც შორს. სულ რამდენიმეჯერ იქვე მდებარე მარკეტს ესტუმრა და მაშინვე შინ დაბრუნდა.
სადარბაზოში შემსვლელ-გამომსვლელს ყველას საგულდაგულოდ აკვირდებოდა, თითოეულ მათგანს სწავლობდა. მეოთხე დღეს ლამის ზეპირად იცოდა, ვინ იყო კორპუსის მუდმივი ბინადარი და ვინ - სტუმარი.
ცოტა არ იყოს, დაიღალა. ასეთი ჩასაფრებების დროს წელი სტკივდებოდა. ერთ ადგილას გაუნძრევლად წოლა, თანაც ცივ ბეტონზე გართხმულს, საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. როცა უფრო ახალგაზრდა იყო, ადვილად იტანდა, მაგრამ წლებს თავისი გაჰქონდა.
არა, ასე არაფერი გამოუვიდა. ყველა ვარიანტში დამკვეთთან უნდა გამოენახა საერთო ენა და მისგან გაეგო, რას ერჩოდა მის სათაყვანებელ ქალს.
ასე გაიარა ერთმა კვირამ. გამორიცხული იყო, ერთი კვირის განმავლობაში რამე არ შეენიშნა, მაიკოს საშიშროება რომ დამუქრებოდა. ისიც უკვირდა გოჩას, რატომ აჭიანურებდა უცნობი დავალების შესრულების დროს. რას ელოდებოდა? იქნებ რამე მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო მაიას ცხოვრებაში და იმ მომენტს ელოდებოდა?
უნდა გაერკვია, როგორმე ყველაფერი უნდა გაერკვია.
ამასობაში ლამის კვირა მიიწურა. ახლაღა გაახსენდა, რომ მაიასთვის ერთხელაც არ დაურეკავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მის გარდა სხვა საფიქრალი აღარაფერი ჰქონდა, ვეღარ მოიფიქრა, რომ დაერეკა და ისე მაინც მოეკითხა. იმდენად იყო თვალთვალით დაკავებული, რომ ამაზე არც უფიქრია.
შუადღეს დაურეკა. მაიკოს მისი ხმის გაგონებაზე შეაკანკალა.
- როგორ ხარ, გოჩა? - ალერსიანად მოიკითხა და იგრძნო, ხმაც როგორ უკანკალებდა.
- კარგად. შენ?
- მეც კარგად. სად დაიკარგე?
- მივლინებაში გამგზავნეს და ვეღარ დაგიკავშირდი, - იცრუა.
- ააა, მეც არა ვთქვი, რა ვაწყენინე, რომ არ მეხმიანება-მეთქი. როდის ჩამოდიხარ?
- უკვე ჩამოვედი, აქ ვარ, თბილისში.
- არ უნდა მესტუმრო? - შეეკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეიკავა.
- რატომაც არა. შენ ოღონდ დამპატიჟე და...
- ჰოდა, დაპატიჟებული ხარ, საღამოს გამოდი, კარგი? გემრიელ რაღაცას ვამზადებ და ერთად ვისადილოთ.
- მშვენიერი აზრია. რით უნდა გამიმასპინძლდე?
- ხინკალი მექნება, - მაიას გაეღიმა.
- მიყვარს ხინკალი.
- ვიცი.
გაახსენდა, სახინკლაოდ რომ დადიოდნენ ლუდის ბარში. გოჩა მაშინ ლუდს არ სვამდა, მაიკო კი უშველებელ კათხას ისე გამოცლიდა, თვალს არ დაახამხამებდა.
- გემრიელი ყველაფერი მიყვარს, - დაამატა გოჩამ.
- მეც.
- ვიცი, - გოჩასაც გაეღიმა.
- ჰოდა, გამოდი. ხაჭაპურსაც გამოგიცხობ... აჭარულს.
- არა, არ გინდა. ხინკალი და ხაჭაპური ერთად ნამეტანი იქნება. აჭარული სხვა დროს იყოს.
- კარგი, მაშინ მე თადარიგს დავიჭერ. რომელ საათზე გელოდო?
- შენ რომელზეც მეტყვი, იმ დროს მოვალ.
- მაშინ... ექვისთვის. შეძლებ?
- შევძლებ რომელია, ექვსზე შენთან დავერჭობი.

ამდენი ხანი სარკის წინ წლებია, არ უტრიალია. ასე ძლიერად არასდროს გასჩენია სურვილი, მაიკო დაჰბრუნებოდა. რა ბედნიერი იქნებოდა, თუ კვლავ ეღირსებოდა მისგან საპასუხო სიყვარულს. თავიდან დაიწყებდა ცხოვრებას, ყველაფერს თავიდან დაიწყებდა. აი, რა კარგი ქნა, ცოლი რომ არ შეირთო. ალბათ გული უგრძნობდა, რომ მაიას კვლავ შეხვდებოდა. ამ ყველაფერში განგების ხელი აშკარად ურევია. რომ არა ის უცნობი, მაიას მოკვლა რომ განუზრახავს, ვერასდროს შეხვდებოდა მას. თანაც, შეხვედრაც არის და შეხვედრაც. მაია სრულიად თავისუფალი ადამიანია, არც ქმარი ჰყავს, არც შვილი უშლის არაფერში ხელს, მარტო ცხოვრობს...
- სადმე მიდიხარ? - კარში დედა გამოჩნდა.
- ჰო, - გულგრილად მიუგო და პერანგის საყელო გაისწორა.
- მაიასთან?
- ჰო, - იმავე ტონით გაიმეორა.
ნინო გატრიალდა. გულს უკლავდა შვილის სიცივე, ვერაფრით ვერ შეძლო მისი კეთილგანწყობის დამსახურება. აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, საიდან მისდგომოდა ვაჟს, რომ როგორმე დაახლოებოდა და ძველი ურთიერთობა აღედგინა.
თავის ოთახში შევიდა, კარადა გამოაღო და თაროებზე რაღაცას ძებნა დაუწყო. როგორც იქნა, იპოვა. სუნამო, ფრანგული სუნამო, რომელიც წლების წინ რეზომ აჩუქა. ახლაც გაუხსნელი ედო. ამას მაიას გაუგზავნის გოჩას ხელით. იმედია, გაუხარდება, თან აგრძნობინებს, რომ ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის. მთავარია, გოჩამ წაიღოს და უარი არ უთხრას.
სასაჩუქრე პარკი მოიძია. ისიც იპოვა. სუნამო შიგ ჩადო და კვლავ შვილის საძინებელს მიაშურა. გოჩა ჯერ ისევ სარკის წინ იდგა და თავის თავს ათვალიერებდა.
- აი, ეს წაუღე ჩემგან და მომიკითხე, - პარკი საწოლზე დადო და გამობრუნდა, პასუხს არ დაელოდა.
გოჩამ ირიბად გახედა საწოლზე დადებულ მომცრო პარკს, ხმა არ ამოუღია. ესიამოვნა დედამისის ყურადღება. მიხვდა, ნინოს რაც აწუხებდა. ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა იგრძნო, ასე რომ ტანჯავდა მშობელს, მაგრამ შეგნებულად როდი იქცეოდა ასე. განვლილმა ცხოვრებამ გულგრილი გახადა, პროფესიამ კი უარესად გააუცხოვა. რომ ეკითხათ, ალბათ ვერც უპასუხებდა, უყვარდა კი ამქვეყნად ვინმე? ამაზე მხოლოდ ახლა დაფიქრდა და პირველი, ვინც გაახსენდა, მაია იყო. ჰო, მაია უყვარდა, გონის დაკარგვამდე უყვარდა. ახლა, როცა ისევ შეხვდა, მიძინებული სიყვარული კვლავ გაუმძაფრდა. დედა? რა თქმა უნდა, დედაც უყვარდა, მაგრამ სითბოს გამოხატვა უჭირდა. საერთოდ უჭირდა ადამიანების მიმართ სითბოს გამოხატვა. ბოლო წლებში მარტოხელა მგელივით ცხოვრობდა, ყველას გაერიყა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.
ახლა მის ცხოვრებას ისევ მიეცა აზრი, ისევ გამონათდა. როგორც იქნა, გაიარა ბნელი გვირაბი და სინათლეც გამოჩნდა. დარწმუნებულია, ახლა აღარ გაუცრუებს მაიკო იმედს და ისე არ მოექცევა, როგორც მაშინ. ამის დიდი იმედი აქვს. ასე რომ არ ყოფილიყო, ასე უცბად სტუმრად არ მიიწვევდა. დაურეკა თუ არა, გამოდიო, დაპატიჟა.
უხაროდა. იმდენად უხაროდა, რომ ეს სიხარული მთელ სივრცეს ავსებდა. აივანზე გავიდა და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. რა წაუღოს? აღარ ახსოვს, მაიკოს რა უყვარდა. უფრო სწორად, ყველაფერი უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულად რა, ვეღარ იხსენებდა.
გადაწყვიტა, ყვავილები მიეტანა. ყვავილები და ნინოს შემოტანილი საჩუქარი. ნეტავ რას ატანს დედა? ცუდი არ იქნება, ამაში დარწმუნებულია, რადგან ნინოს კარგი გემოვნება აქვს.
ოთახში შებრუნდა და პარკში ჩაიხედა. გაეღიმა. სანამ შეამოწმებდა, ასეც იფიქრა - უეჭველად სუნამო იქნებაო.
პარკს ხელი დაავლო და საძინებლიდან გამოსულმა კარი გამოიკეტა.
- მე წავედი, - შერბილებული ტონით უთხრა ტახტზე მოკალათებულ დედას და ჰოლისკენ გაემართა.
- მომიკითხე! - დაადევნა დედამ.
- მოვიკითხავ, - არ გაჩერებულა, ისე უპასუხა და კარი გააღო...

რამდენიმე წამს თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. გოჩას რატომღაც, მაიკო გაფითრებული ეჩვენა. ნუთუ ასე ნერვიულობს?
- ეს შენ და ესეც შენ, - ღიმილით გაუწოდა ჯერ ჭრელი ტიტების თაიგული, მერე კი დედის საჩუქარი.
- რა ამბავია ამდენი რაღაც? - ნაზად გაუღიმა მაიამ და ტიტები დასუნა, - ეს რა არის? - პარკში ჩაიხედა, - ვაიმე, სუნამო! "შანელი"!
- ეს ნინომ გამოგიგზავნა, მე არაფერ შუაში ვარ.
- დაიფიცე! - მაიკოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- შენს თავს გეფიცები, - ისე მიამიტად შესძახა გოჩამ, რომ ქალს თვალზე ცრემლი მოადგა.
მამაკაცი გაწითლდა. მიხვდა, რომ თავი გასცა, იჩქარა, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა. დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ამის თქმა მაინც მოუწევდა.
- კიდევ მე მიფიცებ? - მაიას ხმა წაერთვა და თაიგული მკერდზე მიიხუტა.
- შენ გარდა სხვა საფიცარი არც არასდროს მყოლია, - საბოლოოდ გატყდა გოჩა.
- ნუ ამბობ მაგას. შენ არაჩვეულებრივი დედა გყავს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ.
- დედა დედაა, - მამაკაცმა მზერა აარიდა, ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, - კი ტრიალებს ხინკლის სურნელი ისე...
- ჰო. ამოყრაღა უნდა, მზადაა, - მაიკო მამაკაცის სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლა, ყვავილები და საჩუქარი მაგიდაზე შემოდო და ჩქარი ნაბიჯებით სამზარეულოს მიაშურა.
- შენ სუფრას მიხედე, ყვავილებს მე მოვუვლი, - შინაურულად მიაძახა გოჩამ და თვალით ლარნაკს დაუწყო ძებნა.
მალევე იპოვა. პიანინოს თავზე იდო მალაქიტისფერი მაღალი ვაზა. ჩამოიღო და სააბაზანოში წყლით აავსო. მერე ტიტებს სათითაოდ მოხსნა რეზინი და შიგ ჩაალაგა.
- უი, რატომ მოხსენი რეზინები? უცებ გაიშლება, - შენიშნა ოთახში შემოსულმა მაიკომ და ოთხად გაკეცილი სუფრა ხელების აქნევით მაგიდას კოხტად გადააფარა.
- ყვავილი იმისთვისაა, რომ გაიშალოს, - იხტიბარი არ გაიტეხა გოჩამ და ყვავილებჩალაგებული ლარნაკი კვლავ პიანინოს თავზე შემოდგა.
- რა ლამაზია, მიყვარს ტიტები, - სევდიანი ღიმილი აუამაშდა ქალს ტუჩებზე.
- რომელიც მე შენთვის არასდროს მომიტანია.
- არა უშავს, ახლა ხომ მომიტანე?
- ახლა კი.
- ჰოდა, არც ახლაა გვიან. რა დავლიოთ?
გოჩას დაცეცხლა. როგორი დაუფიქრებელია. ერთი ბოთლი ღვინო ვერ იყიდა? არც გახსენებია.
- დალევა აუცილებელია? - თავი დაიცვა.
- რა ვიცი, ხინკალს უხდება. დიდი მსმელი მე არ ვარ, მაგრამ მაინც. ერთ ჭიქაზე არ ვიტყოდი უარს. წითელიც მაქვს და თეთრიც. რომელი ჯობია?
- ხინკალს წითელი მოუხდება, - დარცხვენილმა გოჩამ კვლავ აარიდა თვალი ქალს და ისე გაბრაზდა თავის თავზე, რომ კბილი კბილს მთელი ძალით დააჭირა.
- იყოს წითელი, - მაიკო კვლავ სამზარეულოში შებრუნდა, მაცივარი გამოაღო და ღვინის ბოთლი გამოიღო.
როგორ უხაროდა ეს ყველაფერი, თითქოს დაფრინავდა. წამში გააწყო სუფრა და ოხშივარადენილი ხინკალი სულ ბოლოს შემოიტანა.
გოჩას ამწუთას ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში, ისე იყო აღგზნებული - თან ბედნიერებისგან, თან ნერვიულობისგან, მაგრამ თავისთვის ძალა უნდა დაეტანებინა, რომ მაიკოს არ სწყენოდა. ერთ-ორ ცალს როგორმე მოერეოდა.
ღვინის ბოთლის გახსნა გაუჭირდა, თითები უკანკალებდა. მაიკო ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს გრძნობდა და ღიმილს ვერ იკავებდა. არც თვითონ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ მამაკაცი რომ იბნეოდა, ეს უფრო ამაგრებდა.
- გაგვიმარჯოს, კეთილი ყოფილიყოს ჩვენი შეხვედრა, - გოჩამ ჭიქა ასწია და ქალს მიუჭახუნა.
- კეთილი ყოფილიყოს, - გაიმეორა მაიკომ და დაამატა, - და შემდეგი შეხვედრების წინ პირობაც.
გოჩამ გამჭოლი მზერა მიაპყრო, თითქოს მის ნათქვამში ქვეტექსტს ეძებდა. იპოვა კიდევაც... მაია ისეთი თვალებით უყურებდა, ყველაფერი ნათელი გახდა. სულ გადაავიწყდა, სადღეგრძელო რომ უნდა დაელია. ჭიქა დადგა, შლეგივით წამოხტა, ქალს მიეჭრა, ზეზე წამოაყენა და გულში ჩაიხუტა.
მაიკოს ბაგეებს ჩუმი კვნესა დასცდა, რომელიც გოჩას ტუჩების შეხებისთანავე სადღაც, გულის სიღრმეში ჩაიხშო.
თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს. არც ხინკალი ახსოვდათ, არც ღვინო. ახლა მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ, მხოლოდ ორნი იყვნენ მთელ გალაქტიკაში, სხვა ყველა და ყველაფერი გაქრა ირგვლივ.
- მიყვარხარ, მაი.
- მეც მიყვარხარ, გოჩა, - მხოლოდ ჩურჩულის ხმა ისმოდა ხინკლის სურნელით გაჟღენთილ ოთახში.
მოულოდნელად უეცრად შექმნილი ინტიმური ატმოსფერო ტელეფონის ზარმა დაარღვია. ორივე შეკრთა. მაიკომ თავი გაითავისუფლა გოჩას მკლავებიდან და საჟურნალე მაგიდიდან მობილური აიღო.
- გისმენთ, - თქვა და მზერა გოჩას მიაპყრო.
გოგა ურეკავდა.
- მაია როგორ ხარ, გენაცვალე?
მაიკო ისე იყო აფორიაქებული, გონს მოსვლას ვერ ახერხებდა.
- საღამო მშვიდობისა, მამა გიორგი, - პირველად მოიხსენია გოგა ასე.
- დაგლოცოს უფალმა. რატომ არ გამოიარე ჩვენკენ?
- ამ დღეებში ვაპირებ... აუცილებლად მოვალ, მამა გიორგი.
- მარტო არ ხარ? - მიუხვდა გოგა, - ასე თუ ოდესმე მომმართავდი, არ მეგონა.
- დიახ, - მაიამ ნერწყვი გადააგორა. ისედაც დაბნეული უარესად დაიბნა, საღად აზროვნების უნარი მთლად დაკარგა.
- კარგი, კარგი. ხელს აღარ შეგიშლი. აუცილებლად მოდი, გელოდები, იცოდე. აი, ხუთშაბათს საღამოს ლოცვაზე მოდი და მერე მე გაგაცილებ, კარგი?
- მოვალ, რა თქმა უნდა.
აღარ ახსოვს, როგორ დაემშვიდობა. ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მიაგდო. გოჩა სკამზე დამჯდარიყო და ერთმანეთში გადახლართულ თითებზე შუბლი დაებჯინა.
- ჩემი მოძღვარი იყო, - თქვა მაიამ.
- მოძღვარი გყავს? - გაუკვირდა გოჩას.
- ჩემი ძველი მეგობარია. სულ ჩამჩიჩინებს, ეკლესიაში იარეო, მე კიდევ ვეღარ ვიცლი საქმეების გადამკიდე. ის კი არ მასვენებს, - დამნაშავის იერით გაიღიმა.
- უნდა მიხვიდე. ეკლესიაში ყველა უნდა დადიოდეს.
- შენ დადიხარ?
- ხანდახან, როცა გამახსენდება.
- ამასობაში ხინკალი გაცივდა.
- ხინკალს არა უშავს, მთავარია, სხვა რამე არ გაცივდეს, - ორაზროვნად მიუგო გოჩამ.
- შენი აზრით, გაცივდება? - აჰყვა მაიაც.
- ეს შენზეა დამოკიდებული. შენ როგორც მოისურვებ, ისე იქნება.
მაიკო დაჯდა. სკამი გოჩასკენ მიაჩოჩა და ჩურჩულით თქვა:
- ჩემი სურვილია, აღარ გაცივდეს.
მამაკაცმა მხარზე ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა.
- კარგი, შევჭამოთ ცოტა, თორემ მგონი, მართლა მომშივდა, - თქვა და ორი ცალი ხინკალი გადაიღო.
მაიკოს მადა უკვე დაეკარგა, მაგრამ ერთი ცალი მაინც გადაიღო.
- რაც მთავარია, არ დაგვილევია, - გოჩამ ჭიქა კვლავ ასწია, - სადღეგრძელოს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ, უსიტყვოდ დავლიოთ, კარგი?
- კარგი, - მაიკომაც წაავლო ჭიქას ხელი, კიდევ ერთხელ მიუჭახუნეს ერთმანეთს და დალიეს. გოჩამ ბოლომდე დაცალა, მაიკომ ოდნავ მოსვა.
- ეს რა არის? ბოლომდე უნდა დალიო.
- არა, ეგრე ვერ გავუთამამდები, არ შ... - კინაღამ წამოსცდა, არ შეიძლება ჩემი დალევაო, მაგრამ მაშინვე გამოასწორა, - არ შემიძლია, გადავეჩვიე დალევას.
- არ გინდა, ცოტა შევთვრეთ?
- რა საჭიროა?
- რა ვიცი... დაძაბულობის მოსახსნელად, - გოჩამ თავი უხერხულად იგრძნო.
- ჩვენ ერთმანეთთან დასაძაბი არაფერი გვაქვს, ყველაფერი ისედაც გარკვეულია, - მაიკომ მაცდურად შეღიმა მამაკაცს.
გოჩას გაეცინა, თავი გააქნია და ღვინო კიდევ ერთხელ ჩამოასხა.
- მე მაინც უნდა დავლიო, შენ გვერდით რომ ვარ, გამბედაობა მაკლია, - ბოლომდე აღიარა თავისი სისუსტე.
- კარგი, დალიე, ამასობაში ერთ ჭიქას როგორმე მეც გამოვცლი.
დალიეს... კიდევ, კიდევ... გოჩას თვალები აუბრჭყვიალდა.
- აი, ახლა კარგად ვარ, - თქვა და ხინკალი პირისკენ გააქანა.
- გაცივდა, ხომ?
- კარგია. რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.
- მართლა? მიხარია, - მაიკო კეკლუცად დაიჭყანა და თავი კვლავ მხარზე მიადო.
- იცი რა? - გოჩამ ხელები ერთმანეთში ჩახლართა და იდაყვები მაგიდაზე ჩამოდო, თან თავით გაეხახუნა მის მხარზე ჩამოდებულ მაიკოს თავს.
- რა?
- ცხოვრებას აზრი მიეცა. ახლა ჩემს ცხოვრებას კოცნის გემო დაჰკრავს.
გოჩა შეირხა, ქალისკენ ოდნავ შებრუნდა. მისი თითები მაიკოს ტუჩებს შეეხნენ... დიდხანს დახეტიალობდნენ მასზე, რათა კარგად შეესწავლათ იგი. შემდეგ ხელმა მის თმაზე გადაინაცვლა, მერე - შუბლზე, ტუჩის კუთხეში მიმალულ ღიმილზე, თვალის უპეებთან განლაგებულ წვრილ-წვრილ ნაოჭებზე, სწორ, ვერტიკალურ ხაზზე, ცხვირს რომ კვეთდა. ეს ქალი საოცარი ქმნილება იყო, ბუნების განსაკუთრებული ქმნილება. ბუნება ხომ ნამდვილი ოსტატია ასეთ სამუშაოებში.
- რას ფიქრობ, მაო? - დაიჩურჩულა გოჩამ და დანისლული მზერა მიაპყრო.
- რას უნდა ვფიქრობდე?
- გამოგვივა რამე?
მაიკომ თვალები დახუჭა და ამოიოხრა.
- თუ არ შეგიძლია, მე სიყვარულს არ გთხოვ, უბრალოდ, იყავი ჩემ გვერდით და...
- და დავივიწყოთ, რას ნიშნავს უბედურება. არა? - წაეშველა ქალი.
- შენთან ახლა, ამ ეტაპზე ყოფნა უფრო ძნელია, ვიდრე ოცნების რომელიმე ზღაპრულ ქვეყანაში, მაგრამ ასე უკეთესად გავაცნობიერებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია... შენ ძალზე ამაღლებული გამხადე, ჩემთვის ეს ზედმეტია, რადგან მე მხოლოდ უბრალო ადამიანი ვარ. სამაგიეროდ, გაღმერთებ.
- გაღმერთება სიყვარულს არ ნიშნავს, გოჩა. შენ დაკარგე ქალი, რომელიც შენთვის ყველაფერს წარმოადგენდა და ახლა ცდილობ, ის დანაკარგი უკან დაიბრუნო.
- ეს ცუდია? არ მაქვს უფლება?
- შენ დღეიდან ყველაფრის უფლება გაქვს, - მაიკომ თვალები მილულა და თავი წრიულად დაატრიალა, მამაკაცის ხელის გარშემო.
გოჩამ მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო. ქალი ხელში აიტატა და საძინებლის კარი ფეხის კვრით შეაღო...

გაგრძელება