ქალები ყველას ვჭირდებით: სულიერებსაც და უსულოებსაც ჩვენ მარტოობა გვსურს. ჰო, ეს გვსურს ქალებს. ხომ გაინტერესებთ ხოლმე, რა სურთ ქალებს, ჰოდა, ჩვენ მარტოობა გვსურს. ხანდახან. ბავშვი ხარ და გდარაჯობს დედა. წამოიზრდები და - მამა, ძმა, ძმის ძმაკაცი, ბიძა და სხვა, ყველა შენი უფროსია. კიდევ ცოტაც და საიდანღაც ჩნდება კაცი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მისი უნდა გახდე და შენც თანხმდები გასხვისებას. მერე გეზრდება მუცელი და ცხრა თვეში სამუდამო პატიმრობას გისჯის ცხოვრება. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა საკუთარი სურვილით ისჯი ტყვეობას და ამ ტყვეობას შვილი და მის მიმართ ზღვარგადასული სიყვარული და პასუხისმგებლობა ჰქვია და შენ ვეღარასდროს იქნები მარტო, მაშინაც კი, როცა შენს შვილთან შეიძლება ათასობით კილომეტრი გაშორებდეს... ზიხარ მაგალითად მაგიდასთან, საუზმობ, ყვავილებიანი ჩაიდნიდან ქაფქაფა ყავას ისხამ, გახუხულ პურს აკნატუნებ, სახლში სიჩუმეა და ხვდები, რომ არ ხარ მარტო. გიყურებს თოკზე გაფენილი სარეცხი, ჭერზე ჩამოკონწიალებული აბლაბუდა, ტახტზე მიგდებული ლეპტოპიდან გახსნილი ფაილი - დასამთავრებელი სამუშაო, სამზარეულოს მაგიდიდან, გასახეხი სტაფილო და ყველაზე საშინელი - პატარა დასაკეცი სარკიდან, შესაღები თმა... ქალები ვერასდროს ვიქნებით მარტო. ვერც შვილიანები, ვერც უშვილოები, იმიტომ, რომ ქალები ყველას ვჭირდებით: სულიერებსაც და უსულოებსაც. უკაცრავად, მრავლობითში რომ ვწერ. შეიძლება თქვენ არ გსურთ მარტოობა. მაგრამ ხანდახან ალბათ თქვენც გსურთ. ეს არის ჩემი სარვამარტო პოსტი.
ნინო თარხნიშვილი