ასეთ ქალებს ვუსურვებ ისეთ ცხოვრებას, როგორსაც ისინი იმსახურებენ დილაადრიან ადგა დღესაც დეიდაჩემი. ღუმელს ცეცხლი შეუკეთა.
მარტის დასაწყისში მთაში ისევ ყინავს.
უფრო ადრე ადგა იმისი კაცი.
წუხელ მიტოვებული საქმე - ხის ჩორკვნა გააგრძელა.
რომ გამოთლის, მოაჩუქურთმებს, მერე ქალაქში ჩამოიტანს, გაყიდის.
დეიდაჩემის ბიჭს სძინავს ისევ.
დეიდაჩემს ისეთი ჭორფლები აქვს, სხვაზე რომ არასდროს მინახავს.
ახლა დგას ალბათ დეიდაჩემი და ყინულივით ცივ წყალში გარეცხილ შარვლებს ფენს თოკზე.
უკან ეზოში სკებს თოვლი ადევს.
მე არ ვიცი, როგორ უვლის დეიდაჩემი ფუტკარს. მარტის დასაწყისში რა სჭირდებათ ფუტკრებს, სძინავთ თუ ღვიძავთ?
ალბათ შემეძლო დამე-google-ა, და მერე ლამაზი სიტყვებით მომეყოლა თუ როგორ უვლის დეიდაჩემი ფუტკარს, მაგრამ ყალბი იქნებოდა ეს სიტყვები.
მე არც ის ვიცი, დეიდაჩემისნაირ ჭორფლიან კალმახებს მარტის დასაწყისში როგორი კვება სჭირდებათ, როგორი წყალი,
სამაგიეროდ დეიდაჩემმა იცის.
მე ზაფხულობით კალმახების ჭორფლების ყურებით ვერთობი, დეიდაჩემი მათი მოვლით.
არ ვიცი, მარტის დასაწყისში, რას სთესავს დეიდაჩემი, ან სთესავს თუ არა,
მაგრამ იმის მოყვანილი ლობიო, ნიორი და კარტოფილი ბევრი მიჭამია.
დეიდაჩემი მთის სკოლაში ბავშვებს მათემატიკას ასწავლის.
საახალწლოდ თავის ბიჭს ნაძვის ხის ქვეშ "ქინდერს" უდებს - შოკოლადიც არის და სათამაშოც.
ბიჭსაც უხარია. იმან რა იცის, აიპადი და ა.შ.
დეიდაჩემი დედას რომ ურეკავს ტელეფონზე "თურქული ცეკვის" ხმა ისმის სახლში.
უყვება ამბავს, რა ხდება მთაში მარტის დასაწყისში:
რომ ეზოში ნელ-ნელა ია ამოდის,
გოჭებმა დაღალეს,
ძროხა არ იწველის კარგად,
მეექვსე კლასელები წილადებს ვერ იყვანენ...
რომ კაცს თვალში ხის ჩარხვისას ნაფოტი მოხვდა,
რომ წუხელ თავი უსკდებოდა, მაგრამ წნევის აპარატი გაუფუჭდა...
დეიდაჩემი, რომელსაც ბევრი ჭორფლი აყრია, ჩემზე 11 წლით დიდია.
მე და დეიდაჩემი ერთად გავიზარდეთ.
იმასაც ნინო ჰქვია და ის მთაში ცხოვრობს თავის ერთ კაცთან და ერთ ბიჭთან ერთად.
ამ დილით ადგება მისი ბიჭი და მთის იებს მოუთხრის, მუჭში შეიგროვებს და მიუტანს.
ჭორფლიანი ნინო კისერში აკოცებს თითქმის თავის სიმაღლე 11 წლის ბიჭს და რა ვიცი, ან შარვლების ფენას გააგრძელებს,
ან საჭმლის კეთებას,
ან მე მომწერს, 8 მარტს გილოცავო.
ჭორფლიანო ნინო, მიყვარხარ.
ნინო თარხნიშვილი