ლუკამ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ იმ სამყაროში იცხოვროს, სადაც ყველას არ შეუძლია შეღწევა ერთხელ, მარიტას გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, შემიყვანა ექთანმა წამლის სუნით გაჟღენთილ თეთრ პალატაში, ჩამომსვა მაღალ საწოლზე და დამტოვა. ვიჯექი საწოლზე და ფეხებს ჰაერში ვაკონწიალებდი, როგორც ბავშვობისას, გამოზრდილ მუცელზე ცისფერი ხალათი მქონდა შემოხვეული. შეშინებულ ორსულ ზღარბს ვგავდი, ექიმების დანახვაზე ეკლები რომ გამომდიოდა. ვიჯექი ტუჩებმოკუმული, უფერული და ველოდებოდი, როდის დადგებოდა შვილის გაჩენის დრო. გვერდით საწოლზე გოგო იწვა, ერთი დღის შვილით. ჩუმად ვაპარებდი მათკენ თვალს და ვცდილობდი გამომეცნო, სახვევებში გამოკრული ერთი დღის ადამიანი ბიჭი იყო თუ გოგო. ბიჭი იყო. ლუკა. დროდადრო იშმუშნებოდა, ნამდვილად სახვევები აწუხებდა, მე ასე გადავწყვიტე... რამდენიმე საათში მარიტაც გაჩნდა. ლუკასგან არაფრით განსხვავებული. ისიც ზუსტად ლუკასნაირად იშმუშნებოდა. ლუკაც ზუსტად მარიტასნაირად ჩხაოდა, როცა შიოდა. მარიტაც ზუსტად ლუკასნაირად კრუტუნებდა, როცა ძუძუს წოვდა და ლუკაც ზუსტად მარიტასნაირად ფართხალებდა, როცა სახვევებს ხსნიდნენ. ლუკამ და მარიტამ ერთ თეთრ პალატაში ერთად იცხოვრეს 6 დღე და ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ლუკა და მარიტა აღარასდროს გადაჰყრიან ერთმანეთს. სულ მგონია, ერთ დღეს, ერთმანეთს რომ გადაეყარნონ ქუჩაში, იქნებ იცნონ კიდეც ერთმანეთი.
ლუკა და მარიტა არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: არიან ტოლები, გამხდრები, წაბლისფერი თმით… უბრალოდ ლუკამ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ იმ სამყაროში იცხოვროს, სადაც ყველას არ შეუძლია შეღწევა. სადაც იქნებ უფრო მეტი ფერია, ვიდრე ჩვენ სამყაროში, სადაც იქნებ ისეთი რამეები ხდება, რისი ღირსიც ჩვენი სამყარო არ არის... რასაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. იქნებ იმიტომ არ გვიყურებენ ისინი თვალებში, რომ მათთვის ნაკლებად საინტერესოები ვართ, იქნებ ამიტომაც არ გველაპარაკებიან. რა ვიცით აბა… იქნებ მარიტამ იცოდეს, ლუკა ხომ მისი პირველი მეგობარი იყო... ხო, მარიტებმა უნდა იცოდნენ, რომ არც ისე ცოტა ლუკა ცხოვრობს ამ დედამიწაზე, რომლებსაც თავიანთი პატარა დედამიწები აქვთ და თუ მათთან იმეგობრებენ, იქნებ ერთ დღეს მარიტები ლუკების სამყაროშიც აღმოჩნდნენ და მერე ჩვენ, უფროსებს გაგვაგებინონ, რა ხდება იქ, მათთან, ჩვენ დიდები, აუტისტებს რომ ვეძახით.
ნინო თარხნიშვილი
ასევე იხილეთ: ჩემი, ანუ აუტისტის კლასელის დედის წერილი