მე 9 აპრილს 9 წლის ვიყავი... ჩემმა თაობამ ნამდვილი სიკვდილი ძალიან ადრე ნახა. დიდხანს მესიზმრებოდნენ მწკრივში ჩალაგებული დასიებული, დაბერილი, ლურჯი გვამები, ზოგს რომ პირიდან სისხლი სდიოდა. მაშინ ვიცოდი, რომ ამ გვამებიდან რამდენიმე ჩემზე ცოტათი დიდი იყო, 5-6 წლით უფროსი და მარტო ის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემზე ცოტათი დიდი გოგოები მომკვდარიყვნენ. ვერც იმას ვხვდებოდი, რას ნიშნავდა გამოთქმა "ნიჩბებით დახოცეს". ჩემთვის ნიჩბები იმ პერიოდში ჯერ ისევ ფერად, ქვიშის ნიჩბებთან ასოცირდებოდა და ვერაფრით წარმომედგინა, რანაირად შეიძლებოდა ამ ნიჩბებით ადამიანების დახოცვა. რამდენიმე ხნის მერე სახლში გაჩნდა შავი წიგნი თეთრი წარწერით "9 აპრილი". არ მეგულება ოჯახი, სადაც 90-იან წლებში, ეს წიგნი ვიტრინაში არ იდო. როგორც კი თვალს ვიცდენდი, წიგნს სწორედ იმ გვერდებზე ვფურცლავდი, სადაც გვამების შავ-თეთრი ფოტოები იყო დაბეჭდილი და თითოეულს დიდხანს, ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი... ისინი ნამდვილი მკვდრები იყვნენ. ჩემმა თაობამ ძალიან ადრე გავიცანით ნამდვილი მკვდრები.
***
მე 9 აპრილს 9 წლის ვიყავი. მახსოვს სისხამი დილა. ქუჩიდან შემოსული ღრიალი: ”რუსთაველზე ხალხი დახოცეს”. დედას ტუჩები უშრება. ლურჯი ხალათის შეკვრას ცდილობს და ვერ ახერხებს...მეორე კადრი: ვდგავარ აივანზე და გადავყურებ დედას, რომელიც ცდილობს ქუჩაში კანტიკუნტად მოძრავი მანქანების გაჩერებას. მანქანას არავინ უჩერებს. მამა მილიციაში მუშაობს. მამა წუხელ სახლში არ მოსულა. მამა წუხელ რუსთაველზე იყო. მთელი დღე ისე დაღამდა, მამას ამბავი ვერ გავიგეთ. გვიან მოვიდა სახლში. რაღაცნაირი მძაფრი სუნი მოიყოლა. უხმოდ დაწვა და დაიძინა. მამა მოწამლული იყო, მაგრამ ცოცხალი იყო.
ნინო თარხნიშვილი